|
მოგონება
I
მახსოვს, პირველად სასწავლებელში წასაყვანად რომ მე გამამზადეს. მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში და შინაურად მე გამომცადეს. ჯერ «ანი» მკითხეს და მერე «ნარი», მაგრამ ყველაზე ვუთხარ უარი. რა-კი დარწმუნდნენ არა ვიცოდი, მაშინ-კი ჩუმად გამიღეს კარი და მითხრეს: «რადგან აქ არ ისწავლე, სასწავლებელში წადი, იწვალე, იქ გაჩვენებენ შენს თვალის სეირს, თუ ეს სიცელქე არ მოიშალე».
II
ვხედავდი, მინდვრებს რომ ვშორდებოდი, ნაჩვევ ბაღებსაც ვეთხოვებოდი, - დაღონებული მწარედ ვსტიროდი, მაგრამ არავის ვებრალებოდი... მხოლოდ ეს მახსოვს, - გამომყვა დედა და მითხრა: «შვილო, კმარა, ნუ სტირი, ვინც სახლში დარჩა, რა გააკეთა, ვინ მოიშორა თავიდან ჭირი? გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება, - შრომა და ტანჯვა ნუ გეზარება, თუ შენი შრომა და შენი ტანჯვა სამშობლოს რადმე გამოადგება...
III
«ეცადე ძლიერ და გქონდეს სმენა, - კარგია, შვილო, სწავლის შეძენა, - მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე უფრო, არ დაივიწყო სამშობლო ენა: მერწმუნე, რომა გამოცდილია, - თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია! გეზარებოდეს ყველასთან შური და როცა შეგხვდეს კაცი უძლური, იცოდე, რომ ის შენი ძმა არი, - არ დაუკავო ღვინო და პური...
IV
«გიყვარდეს შენი მოძმე კეთილი და მისთვის მუდამ გეწოდეს გული, - შენს მოძმეთ შორის და შენს მიწაზე გერჩიოს იყო შენ დამარხული: ტანი უსულო და უგრძნობარე თუ გინდ შინ იყოს და თუნდა გარე, მაგრამ როგორღაც, დედაშვილობამ, სანატრელია სამშობლო მხარე».
V
ამ სიტყვებითა დედაც მომშორდა, და ეს მას აქეთ დამამახსოვნდა, - რომ ის ამ სიტყვებს გრძნობით ამბობდა, თვალთაგან ცრემლებს ფრქვევა გაჰქონდა.
|