შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
შვითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფლორცი, ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა. და, ვით აშოღლანს ეტმასნება ქალი ავხორცი არც მე მასვენებს საქართველოს დარდი და ბოღმა: სიტყვა – მზის ნაღმით ნარიყალის ნაშთზე ნატყორცი? შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი , ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა!
ამ ქუჩაბინდში მე მინახავს ძველი ამქარი, ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი, უსტაბაშს ჰშვენის მოფარფარე მზის ყალამქარი და ჰგალობს ზურნა დილის საარს ჰანგღვთაებრივი. დღეს კი ამოტყდა მეყვსეულად გრიგალი-ქარი და სადღა არი ყარაჩოღელთ ლხინი თუ კრივი?... ამ ქუჩაბანდში მე მინახავს ძველი ამქარი, ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი.
ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი, მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად! არ მომწონს რითმა ბესიკისა:”გაზი” თუ “რაზი” რითმა ყოველთვის ხმალში იწვევს აზრს საომრად, მომწონს მაჯამის ამირბარი თეიმურაზი და შოთას სიტყვის ჰარამხანას ვდარაჯობ მარად!... ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი, მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!
მიყვარს თბილისი! ირაკლივით მუდამ მშფოთარი! და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს, ან მსურს მტკვრის ტალღამ ორთაჭალის ხრამს დამაგუბოს და მე არ მინდა სხვა ანდერძი არავითარი; ახლიჩეთ მწვადი... სთქვით ლექსები...აჟღერეთ თარი... რომ საიქიოს საიათნოვა არ წამეჩხუბოს! მიყვარს თბილისი!... ირაკლივით მუდამ მშფოთვარი და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს.
ისედაც მშვიდი უფრი დაცხრა ამაღამ მტკვარი, მხოლოდ მეტეხთან უფრო არი მაინც მშფოთვარე, ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი, ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე. სოღანლუღიდან თათრის ბიჭი მოდენის ვირებს და მემწვანილე ერეკება ცარიელ დროგებს, რომელი ერთი არ დამძრახავს,ან გაიკვირვებს, რომ უკან მივსდევ ჩემს დიდებულ თანამედროვეს. მე რა მაქვს ახლა,რა მექნება ან რა მებადა, ვარ უზრუნველი და ტიტველი მთა შავნაბადა, და თუ მაწუხებს,მხოლოდ ფიქრი გულის დამწველი, რომ აქვე არის მარაბდა და კრწანისის ველი. რომ ყველა ლეკმა და ურჯულომ გული იყარა, რომ კუბოსავით დაცხრილული დგას ნარიყალა. ისედაც მშვიდი სულ დამცხრალა ამაღამ მტკვარი, მხოლოდ მეტეხთან მაინც არის უფრო მშფოთვარე. ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი, ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.
სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა როგორც წერტილი, და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა, რათ სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი, ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რათ დაჰყვებოდა!
ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა, ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით... ცის ბანს ბინდები ჭერეხივით რაზე ეყარა, ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით...
დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილი კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა... საწუთროს წვერზე მზე მოსჩანდა როგორც წერტილი და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა.
ჩაჰკრა ელვამ და ხანძარი ავარდა აშიშინდა მუხის ნედლი რტოები, სადღაც ყეფა მოისმა სადღაც თოფი გავარდა... ვიდექ განმარტოებით. ჩემი ქოხი, ჩემი წნელის ხუხულა, მეცხვარეთა გათელილი ველი, ისევ ელვა, სადღაც დაიგრუხუნა, ჩემს წინ გაჩნდა მკერდდაჭრილი შველი. წამს შეჩერდა, მომანათა თვალები, ცრემლიანი, ცრემლიანი თვალი!.. ავიტაცე, შემოვხვიე მკლავები, გამოვუღე გულის თეთრი კარი... ცამ გვიცინა, განიფანტნენ ნისლები, აჟღურტულდნენ ბალახები სველი, მე და შველი ცეცხლის პირას ვისხედით, მე ვტიროდი, მამშვიდებდა შველი.
ასი წლის მაძღარს,ეცოტავა ასივე წელი, გაჩერდა გული, არ გაჩერდა რატომღაც ხელი, ჰაერში თითქოს უკანასკნელ მუდარას წერდა, ხვეწნით ძარღვები დასწყვეტია ლამის, ერტი წუთი მაცოცხლეო ღმერთო, გეხვეწები კიდევ ერთო წამი...
მივყვები მარტო ამნაირ იღბალს, სადღაც ზის ქალი ცრემლმორეული. ყოველთვის იმის აღნიშვნა მიყვარს, რაც ცისფერია და შორეული. ქარები ისევ ცას დაემუქრა, ატირდებიან თეთრი გედებიც. იქ მივალ, სადაც მუსიკა უკრავს, სადაც ცხოვრობენ სხვა იმედები. ისევ დადგება სურნელი ნისლის, სულს წაიღებენ თეთრი ფიქრები. ამ ყრუ ადგილას ვინმე გაივლის მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები. ჩვეულებრივი მთვარე ამოვა და გაქრებიან თეთრი ფიქრები. ამ ყრუ ადგილას ვინმე სხვა მოვა მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები. და სულის ლანდი ისევ გაჩნდება, და ისევ მოვა დღე შერიგების. ვიცი, ამ კლდეზე ვინმე დაჯდება მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.
დაჰკრა ჟამმა და უკანასკნელი გზის დასასრულიც თითქმის განაღმა, თავს აღარ ვაქნევ როგორც ასკილი, და ყველაფერზე არ ვარ თანახმა. მაგრამ დინებას მაინც მივყვები, თუმც თვალს არ ვხუჭავ კლდეს რომ ვაწყდები და მომჟივიან უკან სიტყვები _ წამოფრენილი ჩემი ბარტყები. მათ ეშინიათ გზიდან აცდენის, (მათ გზაზე ვარდი არვინ დაფინა), მე მათგან ზოგი მაინც გავწვრთენი და მათთან ერთად ცაში დავფრინავ. გასულა დრო და უკანასკნელიც განაღმულია გზის დასასრული, თავს ვეღარ ვაქნევ, როგორც ასკილი, და ვგრძნობ, ნაპირზე ჯერ არგასული, რომ, ცეცხლის რკალით შემოგარსული, ჩემი დროც უკვე არის წასული!..
თუნდაც ჩამიქრონ ყველა სანთლები, შენი ღიმილი სანთლად მენთება, მე შენს ღიმილში ღამეს ვათევდი, თმებიც ამიტომ არ მითეთრდება... შენს გვერდით მხოლოდ ერთსა ვფიქრობდი: არ გავყოლოდი წლების სათვალავს, წლები კი ისე სწრაფად მიჰქროდნენ, - ვერ დავიბრუნე ტრფობით დამთვრალმა.