↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
nia7
მადლობა! გაიხარე=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნია7-ეს შენთვის:side:

ნიკო ლორთქიფანიძე
...და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში
(ამხანაგის ნათქვამიდან)
...იმ ცივ, დაწყევლილ, ნისლიან-ბურუსიან ქვეყანაში დავკარგე სიყმაწვილე, იმედი, სულის სიმშვიდე, თვალების ელვარება, აღტაცება, სიყვარული და სიძულვილი. ლანდივით დავდიოდი მიდამოთა შორის, სადაც ერთხელ ყოველი ბალახი ჩემთვის ამოდიოდა და ყოველი კუკური ნეტარებით მათრობდა. ხეებს ფოთლები უკვე ხუთმეტჯერ გამოეცვალა და ჩემი სურათი სრულიად დავიწყებოდა. წინათ, მათ ჩრდილში რომ შევაფარებდი თავს, ფოთლები საიდუმლოებას მზის სხივებისას ჩამფუჩუნებდა და ჩიტები გულის ნადებს მიჭიკჭიკებდენ. ახლა კი ვეღარ გავიგე მათი საუბარი. შრიალი ღრიალად მეჩვენებოდა და სტვენა ბულბულის - მამლის ყივილად. ერთი მე ვიყავ ყველასათვის უცხო, უსარგებლო. ქრისტე, მართლაც, ჯვარცმული იყო ჩემს გულში.

-----

აღდგომის წინა ღამე დადგა. არავინ მყავდა არც მოსალოცავი, არც სანახავი; არც გასახსენებლად მივეშურებოოდი სადმე. გადავდიოდი ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე; ვშინჯავდი მტვერს; დიდხანს ვაცქერდებოდი ზოგიერთ გამვლელს; შევყურებდი მოწმენდილს ცას და კლაკვნით მიმდინარე რიონს. უმიზნო ხეტიალმა მთაზე ამიყვანა. ძველებურადვე მოღუშული ბარგატის ტაძრის ნანგრევები გადამეღობა წინ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ლიტანიას შეუერთდა ლიტანია ქვეყნად და ცეცხლის წერტილები ორკეცად აციმციმდა. საზარი იყო ჯვარცმული ერის მხიარული ღაღადისი ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის გამო. თვალი მოვერიდე.

გავყევი კედელს. მივარდნილს ადგილს ვიღაცა დაყრდნობოდა ნანგრევს და ლოცულობდა. გულმხურვალი და ჩუმი იყო ლოცვა; სახეს ვერ ვხედავდი მლოცველისას, მაგრამ მთელი სხეულის მოდუნება, ღრმად დახრილი თავი, გრძელი ლონდეთ დაშვებული თმა, ხელები, რომელითაც კედელს მიყრდნობოდა, მიმტკიცებდა მლოცველის ტანჯვას, სასოებას და იმედს. ორიოდე მის სიტყვას მოვკარ ყური:

„ღმერთო, აღადგინე... ღმერთო, მკვდრეთით აღადგინე ერი და მიეც ძალა და სიმხნე!“

მეც ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიადნიტ
მადლობთ.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნია7=ko= =ko=
აქ დესპანზე იყო ერთი ადამიანი,
კარგი ინტელექტით და ლოგიკით,
სამწუხაროდ...აღარ ჩანს კაი ხანი და
სულ იმ ადამიანს მაგონებ..თითქოს მის
სიცარიელეს შენ ავსებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მ გ ე ლ ი

გამოღმა სოფელი ჩოხია,გაღმით საკიდობნაის ხევი.შუაში შავი არაგვი მოდის.
ხეობა ვიწროა,გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს,გამოღმა სოფელში კაცს გული
აუფორიაქდება,იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.
ხოდა ყმუის მგელი.სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.
მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.
---უნდა წავიდე---იძახის გამიხარდა.
---სად?---ეკითხება ცოლი.
---მგელთან.
---გადაირიე კაცო?!
---კი არ გადავირიე,მგელს რაღაც უჭირს და შველას ითხოვს---ამბობს გამიხარდა
და თან ტანსაცმელს იცვამს.
---მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც!---ეუბნება ცოლი.
გამიხარდას თოფი არ მიაქვს.
ის გუმანით ხვდება,რომ მგელს რაღაც უჭირს.გადაივლის არსგვს,აივლის საკიდობნიაის
მთას და მიაგნებს მგელს.
დიდი წიფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.
გამიხარდა მგელს უყურებს.სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.
მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.
გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.
დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.
გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...
მერე?
გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი
სახლის დერეფნიდან მგელი.
ქალო!---გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.
ქალი სახლში შევიდა.
---დამისხი!---თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა,
გამიხარდამ თქვა:
---ყველას გაუმარჯოს,ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!
---აუუუ!---თითქოს გამიხარდას უდასტურებსო,მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც
შორიდან მგლის ყმუილი.
ეგ იყო და ეგ:ეს მოთხრობაც აქ მთავრდება.მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი
მოგესმინათ აქედან ყველას.

გოდერძი ჩოხელი
Nata*
28.04.2007, 21:08
- ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქრო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ამაყი
(მონღოლთა ბატონობის დროიდან)
I
- დედილო!

- ა, შვილო?

- არ ღირს, დედილო, ასე ცხოვრება: ან მოკვდეს კაცი და ან ცოცხალი იყოს!..

- რათა, შვილო, რა მოგივიდა?

- მომწყინდა, დედილო, მომწყინდა! მტერს არ ეშინია და მოყვარე არაფრად მაგდებს. ფუი, ასეთ ცხოვრებას!

- რატომ, შვილო? როგორც სხვა ცხოვრობს, ისე ჩვენც ვაჯახირებთ წუთისოფელს!..

- სხვა, სხვა! სხვა რა ჩემი მაგალითია! კაცს მზესავით უნდა გიყურებდეს ყველა: ხან სასურველი უნდა იყო, - აი, იქნებ გამათბოსო; ხან კი საწყევარი, - ვაი, როდის გადავრჩები ამ კაცსო! - თვარა ძლოკვივით დასრიალობ შენთვის. თუ ვინმე ფეხს წაგკრავს, თვარა ისე, შორს მყოფს არც კი შემოგხედავს.

- მერე რა გინდა?

- ციხეს ავიღებ!..

- გადირიე?

- გადვირიე კი არა, - ავიღებ!..

- მოგკლავენ, შვილო! შენს ელიზბარს ვისღა უტოვებ...

- ჯანი გავარდეს მასაც და მეც.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

- რაღა ამ ციხეს ჩააჟინდი?

- მაგან გამოგვწოვა სისხლი. რაც მაგ წუწკები აქ ჩამოეთესლენ და ციხის კარები თავისთვის მიიხურეს, ტკბილი აღარ ყოფილა არც ძილი და არც მუშაობა!

- ასე ვიყავით მუდამ...

- რას ამბობ, დედილო? ჩვენი ბატონი მკაცრი იყო. რომ მოგვშივდებოდა, ერთ კოდს პურს მაინც ვისესხებდით. კათალიკოზი რომ მოვიდოდა, ეკლესიაში ყველა გავიგონებდით ტკბილ სიტყვას... ეჰ, მისი სიტყვები ახლაც გულს ჩამრჩენია; ბატონის მომღერლების ხმა რა სევდით ჩამგუგუნებდა გულში! ლექსები განა მეც არ მესმოდა? ხატავდნენ ბატონის დარბაზს, განა მეც არ ვხედავდი და თვალი არ ძღებოდა? ეჰ, რა ჩამოვთვალო! ახლა კი ბურდღულებენ რაღაც გაუგებარს... იქნებ კარგიცაა - ღმერთმა იცის! რაც სახიერო იყო, სადღაც წაიღეს - ელიზბარს რაღაი ვაჩვენო!..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- ეჰ, მივდივარ, დედილო. მარტო არ მინდოდა წასვლა - არავინ წამყვა, ამ ჩემს ბოღმას მაინც ამოვიღებ გულიდან! მერე რაც იქნება, იქნება...

* * *
ციხის კარს ვიღაცამ ძალუმად დააკაკუნა.

- ვინ ხარ?

- გააღე!

- ხვალ მოდი!

- ახლა გააღე!

- ვისთან გაქვს საქმე?

- შენთან!

- ვერ გიცნობ!

- გაუღე! ერთია, რას გვიზამს?! - მოისმა მეორე დარაჯის ხმა.

კარის გაღებაზე ახლად შემოსულმა ხმალი შეაბრიალა. ერთი დარაჯთაგანი წაიქცა.

- ეს ერთი! - წაილაპარაკა შემოსულმა.

- ესეც მეორე! - დააყოლა შემოსულმა.

ციხეში ჩოჩქოლი შეიქნა.

- ვიღაც გახელებულა!

- შეკარით!

- ეს მესამე!

- ეს მეოთხე!

- მოკალით! უსათუოდ ბნედანაცემია!

- გახელებულა!

- ეს მეხუთე!

- ერთად მივარდით ოთხივ მხრით და ასწიეთ შუბებზე.

- ესეც მეექვსე... ვაი, მომკლეს!.. ჯანი გამვარდნია. არაფერი წამიგია. მტვრად, არარაობად ვითვლებოდი ქვეყნის თვალში... არაფერი, მტვერი ვიქნები მიწაში. ანაბრე ჩემს საქმეს!..

- ვინაა? - კითხულობდნენ მეციხოვნენი.

- აქაური სოფლელია!

- გადაირია, თუ რა დაემართა?!

- გახელდა - ეტყობა!..

- არც გახელებულა და არც გადარეულა, ჩვენგან განთავისუფლება უნდოდა.

- მერე, ერთი შეგვებრძოლა?..

- კარგია! ხვალ ჩახვალ სოფელში. ას ლიტრა ოქროს მოსთხოვ მამასახლისს: დახოცილთა ჭირისუფალთ უნდა დაურიგოთ. თუ საღამომდე არ მოგცეს, თვით არ შეკრიბოს, შეესიეთ სოფელს. როგორც გსურთ, ისე მოიქეცით! - უფროსს გაეღიმა.

ციხეში ბრძოლა არ გათავებულიყო. სოფელი კი შეიკრიბა. ტოკავდა. სწუხდა.

- საწყალს მოკლავენ!..

- ბედნიერია, გულს მაინც იჯერებს...

- ვაი ჩვენი ბრალი... ჩვენზე იყრიან ჯავრს?!

- მეტიჩარა იყო - და ის არის!

- ვითომ და ასე, - სხვამ კი არ იცის, რომ მონობას თავისუფლება სჯობია!

- წავიდეთ, მივეხმაროთ! - დაიძახა ერთმა ჯმუხმა, მუდამ გაჩუმებულმა ბიჭმა.

- წავიდეთ!

- კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო... გაჩუმდით, ფეხი არ დასძრათ!

- რაღა ეს გვეჭირვებოდა, მაინც დალესილი იყვნენ. ახლა ხომ მიზეზი იშოვეს.

- ჩვენ რა შუაში ვართ?

- რა შუაში ვართ, არ ვიცი, შუაში კი გამოგვჭყლეტენ კოზაკივით, ეს ვიცი.

- ცუდ დღეში ჩავარდით; თავის მოვლა უნდა საქმეს.

- მართალი ხარ, ბერო, შენ გამოცდილი ხარ, გვირჩიე.

II
ოცი წელიწადი გავიდა.

- მამა რომ მოგიკლეს, ხომ იცი?

- ვიცი.

- მისი სახელი რომ უკვდავია, ხომ იცი?

- ვიცი! ვერაფერი გააწყო განსვენებულმა, ტყუილა წააგო თავი.

- სცდები!.. მისი მაგალითია, რომ ახლა ჩვენში ცხოვრობს. იგი გვასულდგმულებს. სურათი ლანდია კაცის, ადამიანს კი გაგონებს.

- მერე რა? სულ მოგონება, მოგონება!

- ჩვენც უნდა მოვიგონოთ.

- ვინ გვყავს დამხმარე?

- ჩვენი ორი სოფლის ახალგაზრდობა. თითო-ოროლა ყოველ კუთხიდან.

- ცოტაა! გაგვწყვეტენ...

- გაგვწყვეტენ - ანდერძად იქნება; ქვეყანას არ დაავიწყდება სიძულვილი. აღარავის ახსოვს მამა-პაპათა გასრესა, დედათა გაუპატიურება, სიმდიდრის წაგლეჯა; ვაჟკაცობა დაიჯარგა. სულით მონანი შევიქენით. აღარავინ ამჩნევს, რომ ციხიდან გამოვიდნენ და ამ სოფლიდან ნელ-ნელა გვასახლებენ ებრაელებივით. სად? ვინ იცის!

- მე არ მჭირდება ბევრი მტკიცება; მაგრამ ყველა შენის აზრით მიდის? იცის, რომ გამარჯვებას ვერ იხილავს, მხოლოდ აზრის მსხვერპლად თავს სწირავს?

- უმრავლესობა კი; ზოგიერთი, - წამხედურობით.

- მოვდივარ.

- ამაში დარწმუნებული ვიყავი... მაგრამ შენს სახლს ცეცხლი უნდა წაუკიდო...

- რისთვის?

- შენი სახლი უფრო ახლოა ციხეზე, ვიდრე სხვისი. ჯარი აქაურობას მოატანს, ვითომ ცეცხლის საქრობად; ნამდვილად კი დასარბევად. მერე იტყვიან, ქვეყანას უბედურებაში ვეწეოდით, დიდი ამაგი მიგვიძღვის მათ წინაშეო. ამიტომ მოვლენ. ნახევარი ყმაწვილკაცობა აქ დაეცემა ჯარს, ნახევარი იქ ციხეში შევარდება, როცა კარს გააღებენ გამოსასვლელად.

- კარგი! მაშ როდის?

- ზეგ.

- მესმის.

- გამარჯობა!

- გაგვიმარჯოს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

სახლი იწვის. ირგვლივ ხალხი ხელჩართული იბრძვის. ერთმანეთს ცეცხლისაკენ ერეკებიან. ხეებიდან ქალები მტერს ადუღებულ წყალს თავს ასხამენ. ჯოჯოხეთის სურათია. უხმო ბრძოლაა კბილის ღრჭენით, თვალებგადმოვარდნილი. უმრავლესობას ეტყობა სიკვდილი შეუღლებია... და ბევრი სურს თან წაიყვანოს მაყრად. ციხის დაკეტა მოასწრეს. ირგვლივ შემოერტყა სოფლელთა ჯარი. გარედან სოფლელები ესვრიან თოფს, ტამბაჩას. ციხიდან გუგუნით მოდის ყუმბარების ხმა. წყდება სოფლელობა, მაგრამ უკან არ იხევს. სიკვდილის ცელი მარდად მუშაობს; სიცოცხლის ფრთებს არავინ ეტანება.

ცეცხლთან გაიმარჯვა ციხის ჯარმა. ისინი მოეხმარნენ ალყაშემორტყმულთ. მტერთა შუა მოემწყვდენ თავისუფლების მაძიებელნი. გაწყდენ სრულიად.

III
გავიდა წელიწადები.

- გვეყო ამდენი მსხვერპლი!..

- მკვდარ სიცოცხეს ცოცხალი სიკვდილი სჯობია!

- რათა ვართ მკვდარი? როგორც სხვები ცხოვრობენ, ისე ჩვენც ვცხოვრობთ.

- რა ცხოვრებაა, როცა ნიჭი სარბიელს ვერ პოულობს, ხელოვნება არ ვითარდება, მეცნიერება არ ჩნდება, ენა იკარგება და ხასიათი ჩვენი ქუცმაცდება. ერის თავისუფლება მშობელია ყოველივე განვითარების, კეთილდღეობის. გალიაში არცერთი ცხოველი არ ცხოვრობს ჩვეულებრივს ხანს, რაც უნდა აჭამო, და ჩვენ კი ნებივრობაზე ვერაფერს ვიტყვით, მგონია.

- კარგი, მაგრამ ვისი იმედი გაქვს?

- მთელი ხალხის...

- გიმტყუნებენ...

- არა! ნამეტანი საგრძნობელი ძარღვები შეუხუთეს ხალხს; ახლა ყველა მიხვდა, ყველა წინ იწევს...

- გაგებული მაქვს.

- მზადება არ შეწყვეტილა უკანასკნელი შეთქმულების დღიდან. პირიქით, იმ დღიდან უფრო მოედო ქვეყანას აზრი განთავისუფლებისა, უფრო გავრცელდა მუშაობა...

- ღმერთმა ქნას, მე კი...

- შენისთანებიც არიან, მაგრამ ცოტანი... შენ არ იქნები ღირსი მომავალი ბედნიერებისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გათავდა ომი. დაღალული, დაქანცული, დაჭრილი, გავერანებული ქვეყნის ჭირისუფალნი მაინც მხიარულნი არიან. ცრემლების და ოფლის ქვეშ ბედის მადლიერი, ჯანსაღი, მომღიმარი სახეები მოჩანს. თავისუფლების ცოცხალ ფერს დაუფარავს დანაკლისის ფერმკრთალი ბუნება.

- ძმებო, ნუ დაივიწყებთ, ვინც პირველმა ვერ მოითმინა და მარტოდ შეებრძოლა მტერს!

- განუსვენოს უფალმა! - გრიალებს ხალხი.

ჯურღმულში, სადაც ხიშტებით დაფლეთილი ცხედარი ოდესღაც უპატიურად ჩააგდეს, ისმის:

- განისვენებს სული ჩემი ნეტართა შორის წალკოტსა ყვავილოვანსა!

წინათ ამოწყვეტილსა და გადამწვარ ორ სოფელს შორის აღმართულია ამაყი ქანდაკება, ნიშანი ერის ძლიერებისა და მტერთაგან განთავისუფლებისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიადნიტ
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.:) დესპანელების სურათები დავათვალიერე, ძალიან ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნია7
მადლობა ჩემო კარგო=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლოცვა
ცოდვილი ვარ, უფალო! ცოდვა მიმიძღვის, უფალო! გულწრფელია, უფალო, მხოლოდ ლოცვა ჩემი; უმანკოა სურვილი ჩემი; ღრმაა ტანჯვა ჩემი; სპეტაკი არს სული ჩემი. ცოდვილი ვარ, უფალო! ცოდვა მიმიძღვის, უფალო! მუხლს ვიყრი შენს წინაშე; ცრემლსა ვღვრი, უფალო, და შემოგღაღადებ. არ მსურს, უფალო, ტანჯვანი შემიმსუბუქო; ცოდვა შემინდო. არა, უფალო: უანგაროა ლოცვა ჩემი და ფაქიზი ვედრება ჩემი. მოვედი წინაშე შენსა, უფალო, რათა გადმოგცე: აღტაცება ჩემი, სიყვარული ჩემი შენდამი; რათა იცოდე, უფალო, თუ როგორ დაუვიწყარ და სანატრელ ხარ ჩემთვის. ამაგდე გენიასა; ნუ გამიკითხავ მოწყალებითა, უფალო, ოღონდ სხივმფენს სახესა შენსა შემახედა; ნუ მომაკლებ სიყვარულსა შენსა, როგორც მე არ შემირყევია სიყვარული შენდამი თვით წამთა ბოროტმოქმედებათა ჩემთა. ვშორდებოდი საუფლოსა შენსა ბოროტად სავლელად, მაგრამ სახე შენი, სიყვარული და თაყვანისცემა შენდამი შეულახველად, წმინდად თანა დამქონდა. მრისხანე ხელი შენი მსჯიდეს, ხოლო გულსა შენსა ვუყვარდე.

აზრსა შეუქმნია სურათი ბილწი, გულსა კი ჰყავდი შენ მანათობლად, ნუგეშად, წყლულთა მალამოდ. ნუ შემინდობ, ოღონდ გიყვარდე. დამსაჯე, ოღონდ ნუ აიღებ ჩემზე ხელს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი,
მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩვენი ჭერამი
იორზე, ვენახში, დიდი ჭერამი გვედგა, - შებუთქვილი, დახუნძლული.

თუ თავდაპირველად იგი ჩემი საყვარელი ხე იყო, მერე იგი მხოლოდ სევდას იწვევდა ჩემში, თან რაღაც ზიზღსაც კი, მერე ისე გაიარა ჩემმა ბავშვობამ, ზედ ერთხელაც აღარ ავსულვარ, აღარც მისი ტოტი დამირხევია. თითქოს უმძრახად ვიყავ ამ ხესთან, გვერდით გავუვლიდი, ზედაც არ შევხედავდი. მერე დაბერდა, გახმა, წაიქცა, არცა მწყენია, თითქოს კიდეც გამიხარდა.

გულში მფიფქავდა ერთი მოგონება, თორემ უმიზეზოდ რად შევიძულებდი ნაადრევი ხილით გამხარებელ ხეს?

მაშინ კახეთის რკინიგზა გაჰყავდათ. გზა ჩვენს ივრის ვენახებზე გადიოდა. მალე დაიწყო ჯოჯოხეთური მუშაობა. მექანიზმები მაშინ არ ჰქონდათ და ხელით ებრძოდნენ სალიანდაგო სათხრელ მიწას. დიდძალი მუშა ტრიალებდა - ქართველები, სომხები, რუსობაც ბევრი იყო. ადგილი დახაშმული, ჰაერი - ბოტორო. ივრის მწვანე ჭაობნარი, ჭყანტობები, ჭანჭრობები, ლიები საწყალ მუშებს უხვად ასაჩუქრებდნენ ციებ-ცხელებით, სიცხე სუნთქვას აგუბებდა, სახეს სწვავდა თონის ალმურივით. მუშას სასმელი წყალიც კი არ ჰქონდა, მღვრიე ივრის გარდა. ავად ხდებოდნენ, იქვე მიწაზე ჭერეხებივით ეყარნენ. პატრონი ვინ იყო? ზედამდეგები, შინამდეგები უყვიროდნენ, აგინებდნენ, ხოლო ქედწაგრეხილი მუშები უსიტყვოდ ასრულებდნენ მათ ბრძანებას.

საღამოობით, სამუშაოს აშვებისას, ახალგაზრდა მუშები ცდილობდნენ ვითომცდა გამხიარულებას, მაგრამ წელმოწყვეტილი, დათუთქული ადამიანის ლხინი ვის გაუგონია? ერთხელ, ორჯერ მოსწევდნენ გარმონს, მაგრამ გულს ხალისი არა ჰქონდა, ხოლო მარჯვენას - ღონე და გარმონი იქვე მიყუჩდებოდა, თითქოს შორიდან ვიღაცამ დაიკვნესაო! სიცხისაგან გათანგულ მუშებს საუბარიც კი ეზარებოდათ.

მათი ერთადერთი იმედი, გახარება და გასართობი ივრის ვენახების ხილი იყო. ჩვენი ვენახიც ხომ ზედ ივრის პირას იდგა!

ვენახები ულეველი ხილით იყო სავსე: ბალი, თუთა, ჭერამი, თაფლა მსხალი, გულაბი, პანტა, ატამი, ვაშლი, კომში, ფშატი... ყურძენი ხომ იყო და იყო! შიგ და შიგ თავკარავიანი კაკლები იდგა, რომლის ტოტებზე ბალერინასავით დახტოდა ყვითელი მოლაღური და „ბიჭო გოგიას“ დაგვძახოდა.

უთვალავი ხეხილი ზედ გზის პირას იდგა ლალ-ზურმუხტისფრად, მაგრამ არც ერთ მუშას არასოდეს უკადრია ხილის მოპარვა. მხოლოდ ფულის შემოძლევა კი იცოდნენ. გლეხებს ეხათრებოდათ ფულის აღება და ისე შესთავაზებდნენ ხოლმე, მაგრამ მუდამ ხომ არ შეიძლებოდა თავაზა? და აი, თითქოს მიწიდან ამოცვივდნენ ჩარჩები, ვაჭრუკანები, დაერივნენ ჩვენს ვენახებს და თვითეული ხე, ძალითა თუ ნებით, შეისყიდეს, რათა მერე ერთი ათად გადაეყიდათ მუშებზე. ერთი ხეც კი აღარ დარჩა სადმე ბავშვების პირის ჩასატკბარუნებლად. როგორც მახსოვს, თითო ხეში ექვს შაურს, ათ შაურს, სამ აბაზს და ასე მანეთამდე იძლეოდნენ, თვითონ კი თუმნობით იგებდნენ.

ხეხილის მსხმოიარობით გახარებული საწყალი ბავშვი მიადგებოდა უხვად დასხმულ ხეს, მაგრამ უეცრივ მოაგონდებოდა სასტიკი სიტყვა „გაყიდულია“ და გველნაკბენივით უკან გამობრუნდებოდა. ასე დაემართათ ჩემს ფეხშიშველა ამხანაგებს - ფიფონას, ბათულას, აგლიას, არსენას. ვინ წაართო ეს თაფლივით ჭერამი?! იმ ვერცხლის ათშაურიანმა, რომელიც მათმა მამებმა ჩაიგდეს დახეული ახალუხის ჯიბეში.

აი, ქურდულად მიიხედ-მოიხედავს ბავშვი, - მერე რა მსხალია?! მსხლებს პირი ჰქონდეთ, ერთმანეთს დასჭამდნენ! მაგრამ დიდედას მუხლდქვეშ გაზრდილებს ქურდობისა ეშინოდათ, თან ყურში ჩასძახოდათ ის სიტყვები, ჩარჩმა რომ დაავედრა მათ მამებს ათშაურიანის მიცემისას.

- აბა, გაბრო, ამ დასხმულ ხეს გაბარებ. ასევე უნდა დამახვედრო, ბავშვებმა არ მომიკრიფონ.

გაბროც მამის სულს დაიფიცავდა, შეჰპირდებოდა პატიოსნებას, მაგრამ რატომ თავისი ქერა ბიჭი ფიფონა არ ეცოდებოდა? ბარემ... მაგრამ ჩარჩის ათი შაური სიღარიბის რომელიღაც ჭუჭრუტანას ამოუვსებდა ბეჩავ გაბროს.

შეიკრა, გაიფიცა ბავშვების წინაშე ივრის ხეხილი. ვის გაეგონა წინათ ხილის აკრძალვა? მთელი ივრის ხილი ხომ ჩვენი იყო. ჩიტებივით დავნავარდობდით ტოტებზე ბალღები, ახლა კი მთელი ივრის ბაღნარები ჩვენთვის შეკრული, მოკვეთილი აღმოჩნდა; ამ მოულოდნელმა რისხვამ დაგვამუნჯა. მეტად მოულოდნელი და შემზარავი იყო. გულზე ჯანღად დაგვედო.

ივრის ბაღნარი კი ისევ ისე შრიალებდა. ჭრელ-ჭრელი ხილი ისევ თვალს გვტაცებდა, ჩვენ კი თითქოს ერთ დღეში დავბერდით; თითქოს ბავშვობა აგვიკრძალეს იმ ხილის აკვეთით და ხილთან ერთად ხომ თვითონ იორიც იკრძალებოდა. რაღა საქმე გვქონდა იორზე, რაღად უნდა ჩავქანებულიყავით სოფლიდან ივრის ჭალებში?

იორი კი ჩვენი ემბაზი და ასპარეზი იყო - საბანაო, სათევზაო, ივრის მორევში ჩაწოლილი კამეჩის გახეშილ კისერზე ჯდომა - დიდი ნეტარება იყო. ერთი სიტყვით, მთელი დღე იორზე ვეყარენით... და აი, ახლა ისე დამუნჯდა იორი, თითქოს შაჰ-აბასი მეორედ შემოგვესია და ბავშვები მთლად გაუჟუჟიაო თუ კევრით გაულეწიაო. მგონი, ჩიტებიც კი აღარ ჭიკჭიკებდნენ ბავშვების ცოდვით.

მე ერთი ვიყავი იმედიანად, მე ხომ მქონდა იორზე საკუთარი ხელუხლებელი ჭერამი? ჰოდა, ჩემს ფეხშიშველა მეგობრებს ჩავიყვანდი ჩვენს ვენახში და ვეტყოდი:

- ადი, ბიჭო, დაარხიე, დაკრიფე, გაიხარე!

და აი, ერთ კვირა დილას, ჩავცვივდით იორზე, - მთელი უბნის ბალღობა მყავდა დაპატიჟებული. ახლა რას გვიზამს ჩარჩის აკრძალვა? ჩემი ხეა და ჩემად შევინახე, ფულზე არ გამიცვლია! მაგრამ, იცით, რა მოხდა?! შორიდანვე დავინახე, ჩვენს ჭერამთან იდგა ჩარჩი მელქო, გოდრებით აკიდებული ცხენი იქვე ეყენა და გულმოდგინედ კრეფდა ჩემს ჭერამს.

თურმე დედაჩემს ჩვენი ჭერამიც გაეყიდა: ცოდონი არიან მეზობლის ბავშვები, რომ მარტო შენ გქონდეს ხილიო! არა უშავს რა, შენც მათთან ერთად იმარხულეო და გადმომცა სამი ვერცხლის აბაზიანი.

- შენი საყვარელი წიგნები იყიდეო!

მე მართლაც ვიყიდე ორიოდე წიგნი, მაგრამ მალე შემძულდნენ ის წიგნებიც და მათი დამწერნიც.

აი,რა მიზეზით იყო, რომ ჩვენი ჭერამი მხოლოდ სევდას და სიძულვილს იწვევდა ჩემში.

იგი სასტიკად მოექცა ჩემს უდარდელ ბავშვობას. მისმა მსხმოიარე ტოტებმა დაჩხვლიტეს, დაკბინეს ჩვენი ბავშვური უზრუნველობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
წვიმა

მაისია, გარეთ წვიმის წვეთების ნელი შრიალი ისმის. ტირის მოწყენილი ფრინველი ქვეყნის ობლობას. მახლობელ ღელესთან წმინდა ფოთლები სცვივა ალვის ხეებს. წყალი მიდის ჩუმი და წყნარი, როგორც ცრემლი. ფოთლები აწყვია ღელესთან, როგორც ცხედარი. ახლო მიწასთან ძინავს მიცვალებულს და კუბოსთან დნება ყვითელი სანთელი. გარეთ წვიმს, ძაღლი ტირის სოფელს. მამლები აღვიძებენ მიდამოს. სოფელი წყალივით ჩუმი, სოფელი მიტოვებული სამარე, მარად ობოლი. თენდება. მიცვალებული მთვარე. განთიადი, მიძინებული სოფელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაჟა-ფშაველა
ია

უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულსავსიანს კლდესა, სურნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავად, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.

განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემითვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელ-ნელა მამცვრევენ პირზე თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთაბუმბულით ჩემს წინ დაგოგავენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიათ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა „წიფლის-ჩიტამ“ ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, - ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება.
გუშინ ცამ იჭექა, ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე - მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, - უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალს კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.

რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.
შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენ წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევ ნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა... მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.

ვაჰმე, რა საბრალო არი
ია, მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლე ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
ია დაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: „ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?!“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბებრები

ხელის გულივით სწორია აზნაური ბეგლარის ფრჩხილის ოდენა ეზო. ნაშუადღევის სიოს ქინძისა, პიტნისა და ომბალოს სუნი ბოსტნიდან მეორე მხარეზე გაშენებულ ვენახში გადააქვს. წნელის ღობე, კვინძები და ყორე გადახლართულია მაყვლით; დაუღლული ღორი ამაოთ ღრუტუნებს - შემოსვლას ვერ ახერხებს. ყავარაყრილი ორსართულიანი პატარა ოდის პალატში იცოხნება ცალი ხარი და ქალბატონი ეკატერინეს უშობელი. ზედა სართულის აივანზე მოსჩანს კედელზე ჩამოკიდებული სასროლი ბადე და მოძველებული კეხი. ოდის წინ ნიგვზის ძირში გაფენილ ჭილოფზე წევს პერანგის ამარა, წაღებგახდილი ბეგლარი. გრძელ სკამზე გულმკერდს იშმუშნის მძინარე ეკატერინე.

დაცხრა მზე. ჩრდილმა მოიკიდა ფეხი. მეზობლებმა ფანჯრები გააღეს. დახურული ოთახიდან ხალხი ჰაერში გამოეფინა.

ეკატერინემ ძილში მოიგერა ბუზი.

- ქალო! - მთქნარებით და ზმორებით წამოიძახა ბეგლარმა და სკამლოგინზე წამოჯდა, - გეყოფა, ბატონო, ამდენი ძილი, დეიხაშმები... ქე შემოუქროლა პატარეი, გაგრილდა ქვეყანა.

ეკატერინე: შენ რა გიჭირს, მიწაზე იწევი; აქანე კი სული კიღამ წამივიდა... ი სიზმარი რომ არ დამსიზმრებოდა, მგონია, შევიშლებოდი... ბუზებიც, რომ უფრო ეტანებიან...

ბეგლარი: რა დაგესიზმრა, ჩემო ეკატერინე?

ეკატერინე: მიხვდი აბა...

ბეგლარი: რა ვიცი, შე ქალო! ანგელოზი დეგესიზმრებოდა, აბა სხვა რა იქნებოდა?

ეკატერინე: (მაცდურად) ანგელოზი კი არა...

ბეგლარი: აბა?

ეკატერინე: (იცინის)... შენ!.. (სიყვარულით) კი არ დამსიზმრებია... ძილში მომაგონდა, რაც წინეთ ვნახე.

ბეგლარი: მითხარი, ჩემო ეკატერინე... (და დაგლეჯილ ჭილოფს სკამისკენ მისწევს; ეკატერინე წამოჯდება სკამზე, შიშველ ფეხს ჭილოფზე დადგამს; ბეგლარი გვერდში მიუჯდება. შავი შარვალი და თეთრი შალის წინდები აცვია).

ეკატერინე: პირველად რომ გევეცანით ერთმანეთს... შენ ოქროსფერი ბოხოხი გეხურა, ლურჯ ახალუხზე წაბლისფერი ჩოხა გეცვა... შავი წუღამესტი სირმებით გქონდა მოქარგული... თეთრ ცხენზე იჯექი და ჭიშკარში ჩამოაჭენე... გახსოვს?

ბეგლარი: როგორ არა!..

ეკატერინე: აჯირითებდით ცხენებს შენ და - აცხონოს ღმერთმა - საწყალი პეტრე...

ბეგლარი: მახსოვს... მახსოვს, როგორ არა. შენი ეშხით არ ვიზოგავდი თავს... კაბა ჭადრაკული გეცვა და ზედატანი სახელო გამოშვებული წითელი; თავი თეთრი პეპლებიანი ბლონდით წაგეკრა... გიხდებოდა აივნის ბირკვილზე დაყრდნობა... გასაფრენ ჩიტსავით შემკრთალი, ყურადღებით გვათვალიერებდი... გახსოვს?

ეკატერინე: რავა არა?! რავა არა?! მაინც ხის ტოტმა, რომ ქუდი გადაგიგდო და შენ გადმოიხარე ასაღებათ... ხუჭუჭი თმა გადმოიყარა... თვალის დაშორება არ მინდოდა და თან შიშით თვალს ვხუჭავდი, ხეს არ დაეტაკოს-მეთქი. ბესარიონმა მერე რომ ლაგამში ხელი გტაცა, ძალი-ძალით, ძლივს ჩამოგახტუნა... ჩემი ბრალი იყო - მე შევეხვეწე... ზევით რომ ამოდი... ნასვამი, ნაჯირითევი... სახე გაგწითლებოდა... ყვითელი შავარშიანი ცხვირსახოცით იწმენდდი შუბლზე ოფლის წვეთებს... როგორ გშვენოდა კოკობი ულვაში, დაკრაკნილი წვერი... რამხელა თვალებს აბრიალებდი! ხანჯალზე რომ ხელს დაიდებდი, ასე ვფიქრობდი - ამიყვანდეს, წამიყვანდეს-მეთქი. გახსოვს?

ბეგლარი: ჰო, ჰო, და შენ წითელ ტუჩებს რომ ჩავაჩერდი, თეთრ კბილებს და შავ-შავ თვალებს, შენი წასვლა ვერ მოვითმინე და, როცა შებრუნდი, ხელი მინდოდა მეტაცნა ტევრათ კოჭებზე ჩამოყრილ ნაწნავებში... პეტრემ ხელი ამიკრა... სხვებმაც შემამჩნიეს... შეიქნა მიწევ-მოწევა, გახსოვს?

ეკატერინე: როგორ არა? მერე მთელ დღეს დამცინოდენ, მაწვალებდენ...

მუსაიფის დროს ბეგლარი ხელს მოხვევს; ეკატერინე თავს გულზე დაადებს: მოგონებათა ბურუსში გახვეულნი ჩუმათ სხედან, და ძნელი გამოსაცნობია, სთვლემენ თუ გაქვავებულან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
წინაპართა აჩრდილნი
უძველეს დროიდან მოკიდებული ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ეს განსხვავება ბუნებისა, რაღა თქმა უნდა, თავის შესაფერ გავლენას მოახდენდა მცხოვრებლებზედაც. ბუნება მხოლოდ საძირკველსა ჰყრის ეროვნული ხასიათისას; ამ ხასიათს ავითარებს, სხვადასხვა თვისებათა და მიდრეკილებათ ანიჭებს ისტორიული გარემოებანი.

ბუნებაზე უფრო უმეტესად განირჩევიან ერთმანეთისაგან ისტორია საქართველოსი და დაღესტნისა. ლეკები მუდამ ცხოვრობდნენ უზარმაზარ მთებში, კარჩაკეტილ და შეუვალ ხეობათა შორის. არა თუ დაუპატიჟებელი მტერი, არამედ სასიამოვნო და სასარგებლო სტუმარიც კი ვერ პოულობდა ამ ღარიბი და მწირი ქვეყნის გზასა და კვალსა.

საქართველო სრულიად სხვაგვარ ქვეყანას წარმოადგენდა! იგი მდებარეობდა დიდ საქვეყნო გზაზე; ამის გამო მსოფლიო ისტორიულ ასპარეზზე არ გამოსულა არც ერთი მძლავრი, შესანიშნავი ერი, რომელიც კი თავის სიცოცხლის ჟამს ასცდენოდა ამ გზასა. ქრისტეს წინადვე ქართველებმა შეჰქმნეს თავიანთი ეროვნული განათლება. ამ განათლებას ქრისტიანობამ წმიდა კაცთმოყვარული მადლი მოჰფინა. ქართველები ძველ დროშივე მტკიცედ დაადგნენ წარმატებისა და განვითარების გზასა. და თუ ერთ ხელში ხშირად ეპყრათ მახვილი, მეორე ხელიდამ არას დროს არ გაუგდიათ წიგნი და ჯვარი ქრისტესი.

ლეკები კი არც ერთხელ არ გამოსულან ველურ, მამაპაპურ მდგომარეობიდან. მერვე საუკუნიდანვე მაჰმადიანობამ იწყო მათ შორის გავრცელება. შემდეგ საუკუნეებში მან მტკიცედ მოიკიდა აქ ფეხი და მთელს დაღესტანში ამაყად ააფრიალა მწვანე დროშა ცოფ მორეულ ფანატიკოსებისა.

ასეთია წარსული ლეკებისა და ქართველებისა. ამგვარ განსხვავებას მეთექვსმეტე საუკუნიდან ზედ დაერთვნენ მძლავრი პოლიტიკური გარემოებანი, რომელთა წყალობით მოხსენებული ერნი, დიდხანს ერთმანეთის გვერდზე მშვიდად მცხოვრებნი, მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს მშიერი მგლებივით დაეტაკნენ ერთმანეთს.

I
ქართველობას მთელს თავის სიცოცხლეში არას დროს არ ჰყოლია ისეთი მოუსვენარი და შემაწუხებელი მტერი, როგორიც იყვნენ მეთვრამეტე საუკუნეში ლეკები. უბედურება იმაში გახლდათ, რომ ეს მტერი საქართველოს გვერდში უდგა, მის მეზობლად ცხოვრობდა; ამის გამო ყოველ წამს შეძლება ჰქონდა განცხადებით, თუ ფარულად გადმოევლო მისი საზღვრები, უეცრად დასცემოდა მის მცხოვრებელთ, აეკლო და დაეხოცნა იგინი.

ამგვარმა მტრობამ უფრო თავი იჩინა მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს. რასაკვირველია, ქართველებიც გულხელდაკრეფილნი არ დახვდნენ დაუპატიჟებელ სტუმარს. ვაჟკაცობით სახელგანთქმული მთიული ქართველები, ფშავ-ხევსურნი და თუშები მამაცურად გადუდგნენ წინ სამშობლოს მტერს. მალე ქართლ-კახეთის მეფენიც ჩაერივნენ ბრძოლაში. მრავალმა ლეკმა საუკუნოდ დახუჭა თვალები საქართველოს ველ-მინდორზე. მრავალს მათგანს აუტირდა დედა, მაგრამ ქართველებს მაინც უფრო მეტი ზარალი მოსდიოდათ ამ განუწყვეტელ ომიანობისაგან, ვიდრე ლეკებსა. საქმე იმაში იყო, რომ საქართველოს გაშლილ ველ-მინდორზე ლეკები ადვილად ახერხებდნენ ნავარდობას, ხოლო ქართველებისათვის თითქმის შეუძლებელი იყო უზარმაზარ მთებსა და დაბურულ ტყეებს შორის მდებარე დაღესტანში შესვლა; ამის გამო, თუმცა ხშირად მარცხდებოდნენ ლეკები, მაგრამ მათი ბუნაგი მუდამ უვნებელი რჩებოდა. იქ ხელახლა იზრდებოდნენ მეომარნი და უფრო მეტის მხნეობით და ბოროტებით მოისწაფოდნენ საქართველოსაკენ. პირველად მათ კახეთის საზღვრებს უწყეს აოხრება, მაგრამ მალე ისე გათამამდნენ, რომ კახეთსაც აღარ სჯერდებოდა მათი ავკაცობა, იწყეს თარეშობა ქართლში: აკლება და აოხრება სოფლებისა, ხოცვა, ჟლეტა და ტყვევნა მცხოვრებელთა. დღესაც გულს უწუხებს ქართველ მამულიშვილს მაშინდელი განადგურებული, დანაცრებული ნასოფლარები!!

ლეკები ხშირად დადიოდნენ დასავლეთისკენ და უღმერთოდ აფუჭებდნენ იმერეთის საზღვრებსაც. მათმა თავგასულობამ იქამდე მიაღწია, რომ მთელი ქართლ-კახეთი გზად და ხიდად გაიკეთეს დაღესტანსა და ოსმალეთს შუა. ყოველივე ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც საქართველოში მეფობდა კაცი, სახელგანთქმული ვაჟკაცობითა, მხნეობითა და მამულის მაღალის სიყვარულითა. მეფე ერეკლეს ხმალი რომ ერთ დღეს დაღესტნის საზღვრებთან პრიალებდა, მეორე დღეს შუა ქართლში სჩეხდა ოსმალ-სპარსელებს. კაცს გაუჭირდება თქმა - როდის და სად ისვენებდა გასაოცარი გმირი მეფე. საუბედუროდ, ერეკლე მეორეს ხანდისხან პოლიტიკური შორსგამსჭვალულობა ატყუებდა. ამის გამო იგი ხშირად მტერსა და მოყვარეს ვერ არჩევდა ერთმანეთისაგან: დაუძინებელი მტერი მის სამშობლოს მოკეთედ ეჩვენებოდა, და მას კი მტრულად შესცქეროდა, რომელთანაც სამშვიდობო მორიგება შესაძლებელიც იყო და სასარგებლოცა. ამიტომ მისმა გასაოცარმა მამაცობამ ბოლოს ჟამს თითქმის უნაყოფოდ ჩაიარა; მისი დიადი ღვაწლი სამშობლო ქვეყნის წყლულს განმკურნებელ მალამოდ ვერ დაედო!..

II
ქართლისა და კახეთის მეფეებმა - თეიმურაზმა და ერეკლემ - ტფილისში მოილაპარაკეს და გადასწყვიტეს გალაშქრება ნუხის ხანის, ჰაჯი ჩალაბის წინააღმდეგ. ეს ჰაჯი ჩალაბი შთამომავლობით სომეხი იყო: ვიღაც ტერტერას შვილი. რა იყო მიზეზი მისი გამაჰმადიანებისა, ამაზედ არა ვიცი რა... სჩანს მხოლოდ ის, რომ იგი კარგი დავაჟკაცებული იყო, როდესაც მაჰმადიან მლოცველებს გაჰყვა მექაში, მიიღო რჯული მაჰმადისა და დაბრუნდა დაღესტანში. თან მოიტანა „ჰაჯის“ (მლოცველი) სახელწოდება. ესეც არ აკმარა თავის გადასხვაფერებას: მან ამ სახელწოდებას მიუმატა „ჩალაბიც“, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველის მაჰმადისაგან შთამომაბლობას. ცხადია, რა გავლენასაც მოახდენდა იგი დაღესტნელ მაჰმადიანებზედ მარტო ამ სახელწოდებითაც კი... ხოლო ჰაჯი ჩალაბს სხვა, მაშინდელ დროში დიდად მოსაწონი და სასარგებლო, თვისებანიც ბლომადა ჰქონდა. იგი იყო მხნე, შორ-გამჭვრეტი, ხერხიანი, ეშმაკი, ვერაგი, ცბიერი და გაიძვერა... მის მოუსვენარ ხასიათს და დიდების მოყვარეობას ცეცხლისა და მახვილის სარწმუნოებამ შესაფერი საგანიც აღმოუჩინა. შეჰკრიბა თავზედ ხელაღებული ავაზაკები და მაჰმადის სადიდებლად იწყო საქრისტიანო კახეთის საზღვრების, საინგილოსი და ნუხის მიდამოების აკლება. ამგვარის მტაცებლობით მალე დიდი ქონება შეიძინა. ამ სიმდიდრით და თავის ცხოვრება-მოქმედებით მთელს დაღესტანში სახელი გაითქვა. ლეკები ხშირად ირჩევდნენ ხოლმე ჰაჯი ჩალაბს თავიანთ ბელადად და ამ დროს ყოველ მის ბრძანებას ყურმოჭრილ ყმასავით ემორჩილებოდნენ. ბოლოს ისე გაძლიერდა, რომ ქალაქი ნუხა და მისი მიდამო ადგილები ხელთ ჩაიგდო. ათასნაირის ხრიკებით, ძალმომრეობით, მოტყუებით და მოსყიდვით გაადიდა, გააფართოვა ეს ადგილები და დასასრულ თავისი თავი ნუხის ხანად გამოაცხადა.

ჰაჯი ჩალაბს გულით უნდოდა საქართველოსთვისაც წაეგლიჯა რომელიმე ნაწილი, უნდოდა ჩვენშიაც გადმოეყო თავისი გაუმაღძარი ხელი, მაგრამ კარგათ იცოდა მეფე ერეკლეს ვაჟკაცობა, მისი ხმლის ძლევამოსილება და ამიტომ მასთან განცხადებით უსიამოვნებას, ფარულ გაიძვერულ მტრობას არჩევდა. ხშირად გროვდებოდნენ ხოლმე მის სამფლობელოში თავზედ ხელაღებული ლეკები და აქედან ჰაჯი ჩალაბის ხელმძღვანელობით ხან ერთ კუთხეს აოხრებდნენ საქართველოსას, ხან მეორეს, ყოველ ამგვარ შემთხვევაში ნადავლის მეათედი ნუხის ხანისა უნდა ყოფილიყო.

თეიმურაზი და ერეკლე კარგათა ხედავდნენ ამ ვერაგი კაცის თვალთმაქცობას, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ დამშვიდება მისი შესაძლებელი იყო; ამის გამო უგზავნიდნენ მეგობრულ წერილებს, ძვირფას საჩუქრებს და სთხოვდნენ მეზობლურ მშვიდობიანობას. ყოველ ამგვარ მოკითხვაზე ჰაჯი ჩალაბისაგან ერთი და იგივე პასუხი მოსდიოდათ მეფეებს: „შეუპოვარი და მხეცთა მსგავსი ლეკები ძალით შემოდიან ჩემს ქვეყანაში, იკლებენ, აოხრებენ მას და შემდეგ აქედან თქვენს სამეფოშიაც გადმოდიანო. მე ამათი მოკავშირე კი არა ვარ, დაუძინებელი მტერი ვარ: სადაც კი მოვასწრობთ, არ ვინდობთ ერთმანეთსაო“.

ამგვარ სიტყვებს წინაპირველად შეცდომაში შეჰყავდა ორივე მეფე. მაგრამ შემდეგ სცნეს ჰაჯი ჩალაბის ფარისევლობა. ცხადათ დაინახეს სიმართლე და განრისხებულთ შეუთვალეს მუქარა. ამ მუქარაზედაც ნუხის ხანმა ჩვეულებრივის ფარისევლურის პატივისცემით და მორჩილებით გასცა პასუხი მეფეებს. ამ ჟამადაც სცდილობდა - მოეტყუებინა და დაემშვიდებინა იგინი. ხოლო თვითონ, ყოველ შემთხვევისთვის, სისწრაფით გაგზავნა მთელს დაღესტანში ერთგული მოლები და მოუწოდა მის მცხოვრებელთ წინააღმდეგ საქართველოს მეფეებისა. ამ უკანასკნელთ ყოველივე ეს დაწვრილებით შეიტყეს და მსწრაფლ გასცეს ბრძანება ლაშქრის შეგროვებისა. მოუწოდეს აგრეთვე თავიანთ მოხარკე ერევნისა და განჯის ხანებს და ხუთი ათასი ჯარით გასწიეს ნუხისაკენ.

III

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი