|
სომხეთი - რუსეთის სამხედრო საწყობი საქართველოს წინააღმდეგ
[ნინო ლურსმანაშვილი, ”ვერსია”] რუსეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიცემის ფაქტი მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი შეიძლება არც გამხდარიყო, რომ არა აზერბაიჯანელების ძალისხმევა, რომლებმაც განგაშის ზარი შემოკრეს და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე, რუსეთის ქმედება სასტიკად დაგმეს. მოგვიანებით, აზერბაიჯანელებმა 800 მილიონად შეფასებული იარაღის სახეობებისა და რაოდენობის დადგენაც მოახერხეს.
სიაში მითითებულია 21 ტანკი - Т-72, 27 - БМП-2, 12 - БТР 70/80, 5 - БРЭМ-2, 4 - ЗСУ 23-4 “Шилка”, სხვადასხვა მარკის რაკეტა “Стрела”, 875 ყუთი ხელყუმბარა Ф-1, РГД5; 1050 ყუთი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა РКГ-3/3 ЕМ, 120 ცალი 40 მმ ყუმბარმტყორცნი ГП-25; 2846 5, 45-მმ АК-74, АКС-74; 1472 - 7, 62 მმ АКМ, АКМС; 103 ღამის ბინოკლი НБ-8; ტროტილის ასაფეთქებლები; სხვადასხვა სახის მინები (ТМ 62 М/П, ОЗМ-72; ПМН); ნაღმმტყორცნები БМ-37; 9 - РСЗО 9К51 БМ-21 ”Град”; 10 - САУ 152-მმ. 1С “Акация”, 14 - САУ 122-მმ. 2 С1 “Гвоздика”, ხუთი 100-m ქვემეხი МТ12р “Рапира”; 210 რაკეტა 3 М9МЗ “Куб” და სხვა შეიარაღება, საბრძოლო მასალები, ტექნიკა და აღჭურვილობა.
800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ფაქტი რუსულმა მაღალჩინოსნებმა უკვე რამდენჯერმე დაადასტურეს და უარყვეს კიდეც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, მათ თავად ვერ გაურკვევიათ, საჭიროა თუ არა ამ ინფორმაციის საჯაროობა, ან რა ფორმით უნდა გაახმაურონ ეს ფაქტი.
თავდაპირველად ითქვა, რომ სომხეთს იარაღი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე რუსული 102-ე ბაზიდან გადაეცა. ეს ინფორმაცია დაადასტურა კიდეც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პეტრუნინმა. მოგვიანებით, ინფორმაცია არაერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა უარყო.
იარაღის გადაცემის დოკუმენტს ხელს აწერს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვ. გოლოვოჩენკო. სიის მოპოვებისთანავე, სატელეფონო საუბარი შედგა სერგეი ლავროვსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვს შორის. ლავროვმა აღნიშნული ფაქტი მას შემდეგაც უარყო, რაც მამედიაროვმა მას მოახსენა, რომ იარაღის ჩამონათვალი, გოლოვჩენკოს ხელმოწერით, ხელთ უპყრია.
ოფიციალური აზერბაიჯანის შემდეგ, განგაშს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ტეხენ. “საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის” ხელმძღვანელმა ალი ბაბაევმა “ვერსიას” რამდენიმე ფაქტი გაუმხილა, რომლის საფუძველზეც ვარაუდობს, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის შემოტანა და მორიგი პროვოკაციების განხორციელება განუზრახავს.
- “ეს მხოლოდ აზერბაიჯანის პრობლემა კი არა, საერთაშორისო სკანდალია. ერთ-ერთ მეომარ მხარეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამად სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი ამ თანხაზე ნაკლებია, გამოდის, ეს ქვეყანა უზარმაზარ სამხედრო საწყობად გადაიქცევა. გარდა ამისა, რუსეთი არის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, რომელიც ვალდებულია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში შუამავლობა გასწიოს”, - აცხადებს ალი ბაბაევი და იმ ფაქტს იხსენებს, როცა ნოემბერში, მედვედევმა მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სწორედ ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით მიიწვია. მეორე დღეს კი, ის ერთ-ერთ მხარეს აიარაღებს.
ალი ბაბაევი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია კავკასიაში გრძელდება და დიდი დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი, რასაც რუსეთი ფარულად ამზადებს. ამის დასტურად, ის ფაქტი მოჰყავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, რომელმაც სომხეთისთვის იარაღის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა, მეორე დღესვე სამსახურიდან დაითხოვეს.
ბაბაევს “გაზპრომის” მაგალითიც მოჰყავს, რომელიც ცოტა ხნის წინ ცდილობდა, აზერბაიჯანი გადაებირებინა და საქართველო ბუნებრივი აირის გარეშე დაეტოვებინა. იგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა კავკასიაში აფეთქების დაწყების სათავედ და ეპიცენტრად სომხეთის ტერიტორია შეიძლება გამოიყენოს. მითუმეტეს, “აგვისტოს ომის დროს იყო ფაქტები, როცა მარნეული-ბოლნისის, ვაზიანისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია სომხეთიდან შემოსული თვითმფრინავებით დაბომბეს”. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მარნეულის რაიონში, სომხეთ-საქართველოს არადელიმიტირებულ და არადემარკირებულ საზღვარზე სომხებმა ზაფხულში სამხედრო ბაზა ააშენეს, ადვილად მივხვდებით, სამხრეთით რა ნაღმი გვაქვს ჩადებული.
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი არ გამორიცხავს, რომ ეთნოკონფლიქტები პირველად სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იფეთქებს. მისი თქმით, სპეციალური ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანელებისა და სომხების “წაკიდებას” დიდი ხანია ცდილობენ: “რუსეთი პირდაპირ უწყობს ხელს სომხეთს, განაგრძოს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია. თუ მან მოახერხა და კავკასიაში დესტაბილიზაცია შემოიტანა, საქართველო ძლიერ დაზარალდება. ყველაფერსYთავი რომ დავანებოთ, პრობლემა შეიქმნება ენერგომატარებლების თვალსაზრისით, რაც ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს”.
რამდენად სახიფათოა სომხეთისთვის გადაცემული ტექნიკა? მამუკა არეშიძეს ეჭვი აქვს, რომ სომხეთისათვის გადაცემული ტანკები ბათუმის ბაზიდან უნდა იყოს გაყვანილი. არეშიძის თქმით, ჩამონათვალში არის ისეთი სახის იარაღიც, რომლებიც საკმაოდ საფრთხის შემცველია. მაგალითად, ანტისაავიაციო ტექნიკა - სხვადასხვა ტიპის “სტრელა”.
“სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გადაცემული მსგავსი ტექნიკა, მოგვიანებით, ჩრდილო კავკასიაში ხვდება ხოლმე და საქართველოს ბრალდება. აქ მთავარი რაოდენობაა - ყველა სახეობის ანტისაავიაციო ტექნიკა 300 ერთეულით არის გადაცემული. ვაფრთხილებ ყველას, ეს იარაღი შემდეგ ჩრდილო კავკასიაში, ე.წ. იატაკქვეშეთში არ აღმოჩნდეს და საქართველოს არ დაბრალდეს. ჩვენ მსგავსი ტექნიკა გვაქვს, მაგრამ ეს რაოდენობა რომ გვქონოდა, აგვისტოს ომის დროს, საჰაერო ბრძოლის შედეგი აბსოლუტურად სხვანაირი იქნებოდა. სხვა მხრივ, მგონია, რომ 800 მილიონი დოლარი გაბერილი თანხაა. არ არის გამორიცხული, ეს იარაღი სომხეთს ვალადაც დასდებოდა.
ვფიქრობ, სერიოზულ თამაშთან გვაქვს საქმე. რომლის წყალობითაც კავკასიაში დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობენ. ყველაფერი შედარებითია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთს აქვს S-300 ტიპის რაკეტები, რომლითაც შეუძლია, ბაქო ერევნიდან მიწასთან გაასწოროს ვიფიქრებთ, რომ ახლახან გადაცემული იარაღის ჩამონათვალში საგანგაშო არაფერია”, - განაცხადა “ვერსიასთან” საუბრისას მამუკა არეშიძემ.
სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი კი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, რუსეთი სომხეთის ტერიტორიაზე საკუთარ ბაზებს აძლიერებს.
- “რეალურად, ესაა რუსული ბაზების მომარაგება. სომხეთს კი, უბრალოდ, იყენებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, თავდასხმის ერთ-ერთი ფრონტი შეიძლება, იყოს სომხეთი. ვიცი, რომ რუსეთი ცდილობდა სომხეთისგან, საჭიროების შემთხვევაში, გიუმრიდან თბილისზე შეტევის განხორციელების ნებართვა მიეღო. ასეთ თანხმობას ოფიციალურად ვერ მიიღებს, რადგან სომხეთი ჩვენი მეზობელია და თანხმობის შემთხვევაში, სერიოზულ სკანდალშიც გაეხვევა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთმა გიუმრის ბაზა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს თბილისზე თავდასასხმელად”, - ირაკლი სესიაშვილი დასძენს, რომ სადახლოსთან ზაფხულში აშენებული ბაზაც ხიფათს შეიცავს.
რატომ აიარაღებს სომხეთს რუსეთი ახლა და რა არის გამოსავალი ალი ბაბაევის აზრით, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, რუსეთს საკუთარი მოსახლეობის კავკასიაში დესტაბილიზაციაზე ყურადღების გადატანა აწყობს. გარდა ამისა, შეიძლება ფიქრობს, რომ სამხრეთ კავკასიელების გათიშვისა და მათზე გაბატონების შემთხვევაში, გარკვეულწილად, ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობის დარეგულირებას შეძლებს.
სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთს მსგავსი ქმედებებისკენ საქართველო-ამერიკის პარტნიორობის ქარტიამ უბიძგა. “ამ დოკუმენტს, წესით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება უნდა მოყვეს, რაც ჩვენთვის იარაღის გადმოცემასაც გულისხმობს. ამიტომ ცდილობს რუსეთი, საქართველოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზად ერთის მხრივ, აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორია გამოიყენოს, მეორეს მხრივ კი, სომხეთის მხრიდან ზურგი ჰქონდეს გამაგრებული”.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, არ არის გასაკვირი, რუსეთი ამ სიტუაციაში აზერბაიჯანის ჩათრევასაც რომ ცდილობს. მას შემდეგ, რაც ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანად ვერ მოგვარდა, დაიწყო გეგმა-2, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობს, აიძულოს აზერბაიჯანი, პრორუსულ ორიენტაციაზე გადავიდეს. რუსეთის ისტერია იმანაც გამოიწვია, რომ მეტი შანსია, სამომავლოდ, აზერბაიჯანი ამერიკისკენ გადაიხაროს.
თუ ჩვენთან ქარტიის გაფორმების შემდეგ, სესიაშვილის ვარაუდი გამართლდა და ამერიკამ საქართველო “მეორე ისრაელად” გადააქცია. აზერბაიჯანთან თანამშრომლობა ამერიკასაც ლოგიკურად აწყობს, რადგან აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დაცვა მხოლოდ საქართველოს წყალობით ვერ მოხერხდება.
“რეალურად, ბრძოლა ორ დიდ ქვეყანას შორის ინტერესებისთვის მიმდინარეობს და რუსეთი ყველა სახით იბრძვის - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად”, - აცხადებს სესიაშვილი და დასძენს, რომ სომხეთის ამერიკული ლობი ცდილობს, სომხებიც დაარწმუნოს, რომ მარტო რუსეთისკენ ყურება არ არგებთ. თუმცა, რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულ სომხეთს რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება და სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის არჩევა გაუჭირდება.
ირაკლი სესიაშვილი სომხეთისთვის 2008 წლის ბოლოს გადაცემული იარაღის ჩამონათვალის ნახვის შემდეგ აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთი სომხეთში ბაზების რაოდენობის გაზრდას აპირებდეს.
სამხედრო ექსპერტის აზრით, სომხეთში ეუთო-ს მონიტორინგის ჩატარება უნდა მოვითხოვოთ: “არსებობს სტამბულის შეთანხმება ევროპაში შეიარაღების შესახებ, რომელიც ადგენს კვოტებს, რეგიონში რომელ ქვეყანას რამდენი იარაღი (მძიმე ტექნიკა) შეიძლება ჰქონდეს. მისი გაფორმების მიზანი იყო, რეგიონში ყველამ იცოდეს, მოწინააღმდეგეს რა სახის და რა რაოდენობის იარაღი აქვს. ამ შეთანხმებიდან რუსეთი გამოვიდა, მაგრამ სომხეთის ტერიტორიაზე მის ბაზაზე მყოფი ტექნიკაც სომხეთის კვოტად ითვლება. სომხეთი კი ხელშეკრულების მონაწილედ რჩება. გამოსავალი იქნება, თუ მოვითხოვთ ეუთო-სგან, ჩატარდეს მონიტორინგი სომხეთში, რომ ადგილი არ ჰქონდეს ჭარბ შეიარაღებას”.
სესიაშვილი განმარტავს, რომ ჭარბი შეიარაღების დაფიქსირების შემთხვევაში, სომხეთს შესაბამისი სანქციები დაუწესდება. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სომხეთს მთიანი ყარაბაღი აქვს ოკუპირებული. ამ ტერიტორიაზე მონიტორინგს კი, აზერბაიჯანთან დავის დასრულებამდე, ვერავინ ჩაატარებს. ასე რომ, სომხეთს შეუძლია, ტექნიკის ის ნაწილი, რაც მის კვოტას აღემატება, ყარაბაღში ნებისმიერ მომენტში გადაისროლოს, თუ რა თქმა უნდა, უკვე არა აქვს იქ დამალული. ისე, სომხეთს მონიტორინგი შეთანხმების ფარგლებში ყოველწლიურად უტარდება, მაგრამ ამას მასთან დაახლოებული საბერძნეთი ატარებს (შეთანხმების თანახმად, ქვეყანას უფლება აქვს, აირჩიოს, ვინ ჩაატარებს მის ტერიტორიაზე მონიტორინგს) და ამიტომაც, ბევრს ამ კვლევების ობიექტურობაში ეჭვი ეპარება.
|