↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ალბათ ყველასათვის დიდი ტკივილი იყო 20 საუკუნის უნიჭიერესი პოეტის ანა კალანდაძის გარდაცვალება.გუშინ ვფიქრობდი რომ არა ანა კალანდაძის პოეზია რითაც ბავშვობიდან აღვიზარდე ასე ძლიერ საქართველო არ მეყვარებოდა!!! დიახაც რომ ქართველმა ერმა მიანიჭა ანას საქართველოს პოეზიის დედოფლის საპატიო სახელი და სამების საკათედრო ტაძარში მთელი საქართველოდან ჩამოსული ხალხის ტალღა არ წყდებოდა რომ უკანასკნელად გამოთხოვებოდნენ ადამიანს რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართული სულის აღძევებას. მშვიდობით ანა, მთაწმინდაზე მიგეგებება ილია, აკაკი, ვაჟა ...და გალაკტიონი თავზე დედოფლის გვირგვინს დაგადგამს.

ალბათ ასე განიცადა საქართველომ შენი გარდაცვალება, ალბათ შენზე დაწერე ასე:

ანა კალანდაძე
* * *

ბაღში ისევ
ტირიფების ლოდინია,
ხანგრძლივი და
უსასრულო ლოდინი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...
მთა კვნესის და
ცაიც გულდაკოდილია,
ჩემო კარგო,
მტკვარიც გულდაკოდილი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...

1945

რამოდენიმე ლექსს კიდევ დავდებ და კიდევ ერთხელ აღტაცებით გადავიკითხოთ ათასჯერ წაკითხული. პოეზია რომელმაც დროს გაუსწრო!

ანა კალანდაძე
* * *

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…

1945

ანა კალანდაძე
ვერ წაიღეს, ვერა!

მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან, -
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა...
ბუბუნებდა კავკასიის მიწა...
სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად...
ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს...
კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა?
გავზარდეო, იტყვის ქართვლის დედა!
ცეცხლმა დაწვა ცა მწვერვალზე დანაფერდი,
მზე რომ გაიდწვერა...
მერე რა, თუ... სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი?
ვერ წაიღეს, ვერა!
ეს კი არა, მას აცვიფრებს მხოლოდ ერთი, -
უტირია ლამაზ ფერაფერას?
პაწაწინავ, მე გავწირე თავი შენთვის,
ჩვენი მიწა ვერ წაიღეს, ვერა!
ფერაფერას თავი მასთან დაუხრია,
მის დაცხრილულ, მის სისხლიან მკერდთან...
ფერაფერა ჩასჩურჩულებს დაჭრილ მხედარს:
დაგდომია მზე შარავანდედად!
მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
უსათუოდ სამადლობელს ღაღადებდა
საქართველოს მადლიანი მიწა...

1946
ანა კალანდაძე
თუთა

ლამის სახლში შემოიჭრეს თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი...

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა.
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.

1945
ანა კალანდაძე
პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...

ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!

მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

1946
ანა კალანდაძე
* * *

ციცინო დადიან-ერისთავის ხსოვნას

ხატთან ანთია სანთელი ორი,
ორივ პაწია და თანასწორი,
სულის მეოხად შენი ერთასი...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
წმინდა სამთავროს...
ალვის სადარო,
დახრილი წამით,
მოყრილი მუხლით ხატის წინ შვენი...
შენ ამბობ:
- იყავნ ნებაი შენი!
მე ვამბობ:
- ამინ!
და... შემოხეთქა ქარმა კარები,
მიმოგირხია ვერცხლის კავები...
ჩაქრა სანთელი, შემოუბერა
და თან წარიღო „მოვედ სუფევა“...
• • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • •
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
ტაძრად სამთავროს...
შენ კი სადა ხარ, ალვის სადარო?

1946

საქართველოო ლამაზო

„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“

1945

ანა კალანდაძე
* * *

გული დაიქანცა,
ესმა ხმა, ვითარცა
ხმაი შენი,
ვალნ...
მწადს მოლხენა, არცა!
ვარდი განიძარცვა,
სული...
მგლოვიარე
არნ!

1945

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მარტოობა

შენ უყურებ მაქმანიან მთვარეს,
მანქანებიც ანათებენ ქუჩას,
დაინახავ თითქოს რაღაც მთავარს,
მაგრამ მაინც არაფერი მოჩანს,
რადგან მაინც ამ კორპუსში სახლობ,
მარტოობა _ უპატრონო ძაღლი
მოდის შენთან, ჩამოჯდება ახლოს
სასთუმალთან და თავს კედელს ახლის _
მარტოობა. თუმცა რაღაც მთავარს
შორს, შორს, მაგრამ მაინც სახე უჩანს
და უყურებ მაქმანიან მთვარეს,
მანქანებიც ანათებენ ქუჩას

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
ვნთქავ ყველა მდევარს,
ვსუნთქავ ყველა ქალს,
თუკი მოვკვდები ამ სწრაფვაში,
ვიქცე წერა-ქვად!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვინ მოიგონა ყვავილების ჩუქება მკვდრებისთვის?
ქვის ხანის სულ პირველმა შეყვარებულმა კაცმა,
რომელსაც,
ჩემი ლეგენდით,
ყნოსვით ნაპოვნი ძალიან ახალგაზრდა ქალი,
ერთ დღეში დაუბერდა და
ყვავილების მდელოზე
მოუკვდა.
პირველი მკვდარი ქალი იყო,
ყვავილები კი, სულ შემთხვევით, მათზე დავარდნილს,
აეკრა მკერდზე – პირველი კაბა.
პირველი მოდა -
ასე ჩაცმული მისცეს მკვდარი წყალს.
და მას შემდეგ, არც არავის წარმოედგინა
უყვავილო მიცვალებული.

ყვავილების თმაში ჩაწვნაც იმ დღეს დაწესდა.
მაინც გკითხავ,
ვინ შეუხამა ზამბახები გარდაცვალებას?
სულ პირველი,
ლიანებისგან დაწნული კუბო აყვავდა ვითომ?

და მიხაკები, მიხაკები ვიღამ გაწირა სამკვდრო გზაზე
თითო მეტრის გამოტოვებით გასრესისათვის?
და ბავშვები? ათი წლის ქვემოთ,
უზარმაზარ გვირგვინებზე ჩაფრენილი პაწაწინა არსებები
დიდი მისიით..
მეც მკლავები მაშინ დამაწყდა,
მიხაკების შენს ქუჩაზე გამოზოგვისას.

სხვა ლეგენდით,
სიკვდილის შავმა
დიდი ოთახი წამებში ისე ჩამოაბნელა,
კედლებზე, ჭერზე,დერეფნებში,
შეშინებულმა ჭირისუფლებმა უცებ აანთეს
სისხლისფერი გლადიოლუსის თაიგულები -
სიკვდილის ჭრელი მაკიაჟი,
შუადღის მზეზე გასახმობი...

ჩემს ლეგენდაში,
ისე მსურდა გავქცეოდი ქვის ხანის
კაბის ტანზე ჩამოცმას,
სიჩქარისაგან
ფერდობებზე ჩამოკიდებულ იელების
ცეცხლა ბუჩქებში გაბლანდული
ჩავილეწე მაინც დაბლობზე
და მძაფრი სუნით მოვიტყუე გარდაცვალება.

იქ კი შენ დამხვდი,
და ტანსაცმელშემოხეულს შემომაცვი
მოყვითალო ქრიზამთემები..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
ვთხოვე -
სანამ სათვალეებს გამიკეთებ, თვალები გამიკეთე,
შიგ ჩამილაგე:
ბოდიში ამდენი წლისთვის,
ბოდიში ამდენი ტყუილისთვის,
ბოდიში ამდენი დაკიდული ტელეფონისთვის,
ბოდიში ამდენი შენი ცრემლისთვის,
ბოდიში ამდენი ჩემი ცრემლისთვის,
ბოდიში ამდენი გადმოდგმული ნაბიჯისთვის,
სივრცე რომ არ შეამცირა...
ჩამილაგე და დამიხუჭე თვალები
ჩაქუჩის და ლურსმნის ხმით...
სათვალეებს, თუ გსურს, ნუღარ გამიკეთებ,
ანგელოზები გამაცილებენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცას ვეხახუნებით
სოფელი კი გვცვითავს.
ომშიც და მშვიდობაშიც
ერთნაირად ვწყდებით.
ფესვებდანაღმული
სისხლიანი მიწა
მჭადივით მოიზილა,
დარჩენილი წლებიც.
მიწას ჩავაღუნე
ხანჯალი და ხიშტი.
დღესაც დაღამდება,
როგორადაც გუშინ.
ვხმები, თითქოს ვიყო
მარჯვენა ქისტის,
მიჭედებული ბუხარზე
ლურსმნით.

ნუ მიწყენთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
(სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი...)
ეკა ბაქრაძე
სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი,
როგორც ნაჭუჭში
კაკლის ლებანი, ეკალში — ზღარბი
და კუ — ბაკანში...
ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული,
ვით პატიმარი ვიწრო საკანში.
ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში,
როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი.
გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნას
ზღვასავით გადავცურავდი.
ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი.
კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი.
წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი და თქაფათქუფით დავიღლებოდი
და ვიქნებოდი სრულიად არსად!
ყველგან და არსად, ყველგან და არსად!..
მაგრამ... ქალი ვარ — ადამის ნეკნი
და სუნთქვა მეკვრის,
აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ, ცოდვით დაცემის პირველი დღიდან მოაქამომდე ბევრი ვიგვემე...
ევა — ეს მე ვარ!
მისატყუარი, სამოთხის ბაღში
ვდგავარ შიშველი...
არ თქვა უარი! ვაი, რომ მერე
მისტერიებით ვეღარ გიშველი...
მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი,
ჟანგმა თოფი და
მიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად,
ამაყი პრინცი — სანდო და კარგი,
ახლა იმ ზღაპრის
დასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში,
ურომლისოდაც არ იქნებოდა,
ვერ ერქმეოდა ალბათ
ზღაპარი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
(საქართველოში...)
ბესიკ ხარანაული
თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
ბრბოში, ქუჩაში, მეტროში, რას ვნახავ მე
მშვენიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
უბედურება რომ კონავს, ყველას, მაძღარს და
მშიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
და
სუნთქვამ ამოიყოლა, ნუთუ შენ აქ ხარ, იესო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მთვარე თმის სარჭია -
მაღლა წევს ღამის ცას -
ჩინური ქაღალდის ფარანი,

და რომც მოვაცილოთ
ცას დეკორაცია,
არ მოისაკლისებს არავინ.

თვალებზე დასმული
მინის საჭრეთლებით
ღამის ქალაქები ელავენ,

ჩვენ ორმა მთვარეს რომ
მხრები მივაჭედოთ,
ამასაც შეამჩნევს ვერავინ.

ჩვენს შორის იმდენი
გზა და ჰაერია -
სხეულის უსაფრთხო კედლებად,

მიმართულება რომ
სულაც აგვერიოს,
ფილტვები არ ჩაგვეკეტება.

ყველგან შეიძლება
შეყუჟვა, დარჩენა -
ჟანგბადის იმდენი ბალიში

და წყვილი თვალია
მაშველად გაჩრილი -
შეგეძლო მშვიდადაც გაგეშვი.

მაგრამ სხვა მაგნიტი -
მძლავრი, ძველებური
განაგებს ყოველგვარ ხეტიალს -

ის, რომ მე შენსკენ ვარ
გამოძევებული -
ჩვენს შორის - ჰაერზე მეტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მიკრობა
ალეკო ცქიტიშვილი
ჩვენ მაკრო მიკრობები
ვართ და ერთმანეთს
კრიალა სხეულებით ვეკრობით.

სიყვარული
არის ორთავიანი დრაკონი _
შენთავიანი მე და
ჩემთავიანი შენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მე მოვიწყინე
მაკა ჯაიანი
ეს მზისქვეშეთი, გასუსული,
ამ ადგილიდან
საბურველს იცლის.
მე მოვიწყინე, ბატონებო,
უკვე დილიდან,
ვეთმობი სიცილს.
ჩამოათეთრა, ჩამოთოვა
აჭრილ ბილიკებს
ნასუნთქი ზეცის,
ვინ მოაბრუნებს,
ვინ ოხერი წაიქილიკებს -
ხელები მეწვის!
როგორ არ ვთიბე გასათიბი,
როგორ არ ვკაფე,
არა დამითმო.
შენ, ნაომარი, დააჩნდები
ღამეს შეფაკლულს,
მუხლებს გაითბობ.
რად არ დასტოვე ჭიუხები,
ქარს რად ვერ ენდე,
გიხმობდი როცა?!
გამომიგლოვდა ოცნებები,
გამივერანდა
ნანდობი ლოცვა.
არცრა მქონია დასაკარგი,
თუ ვერა ვპოვე...
ეშვება მწუხრი.
აბრჭყვიალებულ ფოლიანტებს
გულგრილად ვტოვედ
და აღარ ვწუხვარ.

1994 წელი, თებერვალი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
კარალიოკი
ქარით ილოკვის...
დღე არი როკვის...
_არ დავლიოთ?_კი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
(...და სამყარო პატარავდება...)
ვაჟა ხორნაული
დედა შვილს ელაპარაკება —
სიტყვები გულიდან
ისეთი ნათებით ამოდიან,
თითქოს ახალი
ვარსკვლავები იბადებიან
ახალი ცის გასახარებლად.

დედა შვილს ელაპარაკება
და მწვანე ყურმილი
ფერმკრთალი თითების
სევდიან სითბოში
ისე ფეთქავს,
ვით მაჯა შვილისა.

მათ შორის დიდი მანძილია,
ვინ იცის, რამდენჯერ
გადავლილ-გადმოვლილი
მონატრების მზისფერი ბილიკებით.

დედა შვილს ელაპარაკება
და სამყარო პატარავდება
და, სადაცაა, ბუდედ იქცევა
და იმ ბუდეში ორი გული
უკვდავების წყაროსთან ამოსული
ყვავილივით დაიწყებს ფეთქვას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
დედაჩემის სიმღერა

ამ გაზა...ფხულ-ზე
ქარმონაბერები
მოლ-ზე
იასამფერების
სოლ-სი
ნამღერი ბგერებით
სულ-ზე
მე მოგეფერები!
სულ მზე!
ფერები! ფერები!
ჩვენც ვართ იასამფერები:
ვუხდებით ერთმანეთს და შევეფერებით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
დაწყვეტილი სერპანტინი
ტარიელ ჭანტურია
უფროსების საზიარო
საბავშვო ლექსი

ისე მომხიბლავია
ჩემი მურია —
გეგონება, ძაღლების
დემი მურია!

:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი