რევაზ მინდორაშვილი: ეჭვი არ მეპარებოდა, ჩემპიონი რომ გავხდებოდი
რევაზ მინდორაშვილი: ეჭვი არ მეპარებოდა, ჩემპიონი რომ გავხდებოდი
[ოთარ მაღლაკელიძე ”მსოფლიო სპორტი”]პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში უმთავრეს ფავორიტად უმეტესობა რუსეთის სახელით მოჭიდავე გიორგი კეტოევს მიიჩნევდა. სიმართლე ვთქვათ, ამ უმეტესობაში ბევრი ქართველი გულშემატკივარიც იყო.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ რევაზ მინდორაშვილის გამარჯვებაში კი ასი პროცენტით დარწმუნებული მხოლოდ ერთი კაცი იყო - თავად რევაზ მინდორაშვილი. ოპტიმიზმი მართლაც ჩემპიონობით დაგვირგვინდა და რეზომ დიდი ტურნირების ოქროს მედლების სრული კოლექცია შეკრა.
32 წლის მოჭიდავე უკვე კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, თუმც მისივე სიტყვებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ შორია.
პეკინიდან დაბრუნებული ქართული დელეგაციის დასახვედრად აეროპორტში შეკრებილ ხალხში ყველაზე მეტნი რევაზ მინდორაშვილის თანასოფლელები იყვნენ. რომ გამოველაპარაკეთ, გვითხრეს, რეზოს აეროპორტიდან პირდაპირ კოლაგში წავიყვანთ და ერთი გემრიელადაც აღვნიშნავთ გამარჯვებასო, მაგრამ... გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ოლიმპიური ჩემპიონის სადღეგრძელოებს ჯერაც თავად ოლიმპიური ჩემპიონის დაუსწრებლად ამბობენ. ეს ინტერვიუც, გუშინ თბილისში ჩავწერეთ.
- სოფელში ჯერ ერთხელაც ვერ ჩავედი. თბილისში საქმეები მაქვს და როგორც კი მოვაგვარებ, მაშინვე გავემგზავრები.
ჩინეთიდან დაბრუნებულს ლამის მთელი კოლაგი აეროპორტში დაგხვდა...
- მართლაც უამრავი ხალხი ჩამოვიდა და მათი მოლოცვები თბილისშივე მივიღე. სამწუხაროდ, იმ დღეს კოლაგში დაბრუნება ჩემს გარეშე მოუხდათ.
ადვილი წარმოსადგენია, როგორ გელოდებიან.
- უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მათი და მთლიანად ქართველი გულშემატკივრების გახარება შევძელი.
თუ იცი, კოლაგელები შენს ჭიდაობებს ერთად უყურებდნენ?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. რაც ჩამოვედი ნორმალურად ოჯახის წევრებთანაც არ მისაუბრია. თუმცა წარმომიდგენია, რა ხდებოდა ჩემს სახლში ფინალის დასრულების შემდეგ. ზეიმი აუცილებლად გაგრძელდებოდა.
ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ძალიან ოპტიმისტურად იყავი განწყობილი. რა გაძლევდა ამის საბაბს?
- პირველ რიგში, კარგი მომზადება. ისეთ ფორმაში ვიყავი, ეჭვი არ მეპარებოდა, ჩემპიონი რომ გავხდებოდი.
თუმცა ერთხელ, შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოპტიმიზმმა არ გაგიმართლა და სულაც უმედლოდ დარჩი...
- მაშინ მედალი ცუდი მსაჯობის გამო დავკარგე. საბედნიეროდ, ამჯერად უსამართლობას აღარ გადავყრილვარ.
უშუალოდ ტურნირის მსვლელობისას, როდის დარწმუნდი, ოქროს მედალს რომ ვერავინ შეგეცილებოდა, ნახევარფინალში მთავარი კონკურენტის, გიორგი კეტოევის ძლევის შემდეგ?
- თუ დამიჯერებთ, ტურნირის პირველივე წრიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ შემიშლიდა.
თუმცა, კეტოევს ტურნირის უმთავრეს ფავორიტად არა მარტო რუსები, არამედ ყველა მიიჩნევდა...
- ეგ ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა. ვიცოდი, რომ კეტოევს აუცილებლად მოვუგებდი. ეს მარტო მე ვიცოდი...
რუსეთის ნაკრებს წინასწარ დაგეგმილი ოქრო წაართვი. როგორი რეაქცია ჰქონდათ ნახევარფინალის შემდეგ?
- რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ ყოველივე ეს ჩემთვის სასიამოვნო სანახავი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ფინალის საგზური მე მოვიპოვე. სხვა შემთხვევაში ხომ გეგმა ქართველებს ჩაგვეშლებოდა.
კახა გეწაძისგან გავიგეთ, რომ დამარცხებულ კეტოევს ქართველებისთვის ალალად მიულოცია. პირადად შენც გესაუბრა?
- გიორგი ძალიან კარგი ადამიანია და ბიჭებთან მშვენიერი დამოკიდებულებაც აქვს. მერე რა, რომ რუსეთის სახელით ჭიდაობს. ეს სპორტია და ყველაფერი ხდება. პოლიტიკასთან ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. პირადად არ გვისაუბრია, თუმცა ჩვენებურებთან რომ მივიდა, ეს ნამდვილად ვიცი.
ამბობ, სპორტსა და პოლიტიკას საერთო არაფერი აქვსო. დავიჯერო, იმ მომენტში არ ფიქრობდი, რომ ქართველისგან რუსის ძლევა დამატებითი მუხტი იქნებოდა შენთვის და შენი გულშემატკივრებისთვის?
- ეს, ცხადია, მშვენივრად ვიცოდი, მაგრამ ვცდილობდი, უშუალოდ ჭიდაობის გარდა სხვაზე არაფერზე მეფიქრა. მობილიზებას თუ ვერ მოვახერხებდი, შეიძლებოდა მთელი შრომა წყალში ჩამყროდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, საქართველოში დატრიალებული მოვლენების გამო, ერთხანს ვერც კი წარმომედგინა, თავის ხელში აყვანასა და საჭიდაოდ განწყობას თუ შევძლებდი.
ფინალის პირველი სეტი შენი მეტოქის სასარგებლოთ დასრულდა. ხომ არ ანერვიულდი?
- საბოლოო გამარჯვებისთვის ორი სეტის მოგებაა საჭირო. ძლიერი მოწინააღმდეგე კი მყავდა, მაგრამ შეხვედრის ბედის საჩემოდ შემოტრიალება და ორთაბრძოლის მოგება მოვახერხე.
და საქართველოს ჰიმნიც მოგვასმენინე...
- იმ დაძაბულ პერიოდში მხოლოდ ერთი წუთით გადამავიწყდა ყველა სიმწარე. საქართველოს დროშის აწევას რომ ვუყურებდი და თან ჰიმნს ვუსმენდი, ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულებოდა. დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ კი, ისევ ამოტივტივდა საქართველოში დატრიალებული მოვლენები და სევდა შემომაწვა.
აქამდე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყავი. ახლა კოლექციას ოლიმპიური ოქროც შემატე. თან, უკვე 32 წლის ხარ და კარიერის დასრულებაზე ხომ არ დაფიქრებულხარ?
- სიმართლე გითხრათ, სერიოზულად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ჯერ მაინც არ ვჩქარობ. სხვა თუ არაფერი, სპორტიდან ასე მომენტალურად ჩამოცილება ჯანმრთელობისთვისაც არაა სასარგებლო. მოკლედ, ვნახოთ...
