|
“ფაქტნიუსის” სტუმარია ვასილ მჟავანაძის უმცროსი ქალიშვილი ნინო მჟავანაძე.
- ქალბატონო ნინო, სრულიად შემთხვევით, თუშეთში ყოფნის დროს, გავიგე, რომ 60-იან წლებში თუშეთი დიდი საფრთხის წინაშე ყოფილა. კონკრეტულად, რა ხდებოდა თუშეთთან დაკავშირებით?
- მამაზე პირველი წიგნის გამოშვების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა და ჩემთვის ბევრი უცნობი ფაქტი მიამბო. ახლახან, მესტუმრა ნუგზარ იდოიძე, ეთნოგრაფი, რომელიც თუშეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე მუშაობს. მან შემახვედრა ადამიანები, რომლებიც მამას პირადად იცნობდნენ - შოთა კურდღელაიძე და აშირ აბაშიძე. ბატონი შოთა მამას დროს ახმეტის რაიკავშირის ახალგაზრდა თანამშრომელი ყოფილა, ბატონი აშირი კი სტუდენტი, რომელიც სატყეო-საინჟინროზე სწავლობდა. ორივენი მამას ახლდნენ თუშეთში ყოფნის დროს და ამიტომაც ეს ისტორია უშუალოდ თვითმხილველებისაგან მოვისმინე. ვრცელი ამბავია, მაგრამ მოკლედ გიამბობთ.
1961 წელია და თუშეთის საკითხი ძალიან მწვავედ დამდგარა კრემლში. მოგეხსენებათ, კლიმატი თუშეთში ალპურია - ზამთარი მძიმე, მაშინ არც სინათლე ჰქონდათ. საქონლი - ცხვარი, ძროხა, მაშინდელი კანონებით შეზღუდული რაოდენობით უნდა ჰყოლოდათ. თუშებს გაუჭირდათ ასეთ პირობებში ცხოვრება და იძულებული გახდნენ, ბარში ჩამოსულიყვნენ. ნელ-ნელა იცლებოდა თუშეთი, დაღესტანი კი თუშეთის დაცლას სათავისოდ უყურებდა.
დაღესტნელი პოეტი რაშიდ გამზატოვი ამ დროისათვის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია მოსკოვში, პოპულარულია და ხრუშჩოვის კეთილგანწყობაც მოუპოვებია. გამზატოვი მოსკოვის ერთ-ერთ ლიტერატურულ გამოცემაში აქვეყნებს ლექსს და წერილის - თავისი მიწის სიმცირეზე ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ თუშებს აღარ უნდათ თუშეთში ცხოვრება, ბარში ჩადიან, ჩვენ კი, დაღესტნელები მთის ხალხი ვართ და მიწა არ გვაქვსო.
გამზატოვის ლექსის შემდეგ საქართველოს ცეკაში კრემლიდან ოფიციალური წერილი მოდის - გაეცანით თუშეთის მდგომარეობას და მომახსენეთ. ეს წერილი წინაპირობა უნდა ყოფილიყო იმისა, რათა ხრუშჩოვს თუშეთის მიწა დაღესტანისათვის გადაეცა. სამაგიეროდ, დაღესტნელები, თურმე, საძოვრებს გვპირდებოდნენ ყვარლის გადასწვრივ, კავკასიონის მეორე მხარეს. ერთი სიტყვით, საქმე ძალიან სერიოზულად დადგა.
ამ წერილის შემდეგ, მამა, ალექსი ინაური და გივი ჯავახიშვილი თუშეთში ასულან. თუშები მათ სტუმრობაზე ძალიან საინტერესოდ ჰყვებიან, ბევრი სახალისო კურიოზიც მომხდარა. თუშები, როგორც გადამრჩენელებს, ისე დახვდნენ, თურმე, თბილისიდან ჩასულ ხელმძღვანელობას და ერთ-ერთ უხუცესს, 91 წლის მარკოზა პაპას, უთქვამს: - ერეკლე მეფის შემდე თუშეთში მეფე არ ამოსულაო, რაზეც ბევრი უხალისიათ მასპინძლებსაც და სტუმრებსაც.
ამ ვიზიტის შემდეგ, მამამ იქ საბჭოთა მეურნეობა დაარსა და თუშებისათვის უთქვამს, რამდენიც გინდათ, იმდენი ცხვარ-ძროხა იყოლიეთო. მაშინდელი კანონით, საბჭოთა მეურნების თანმშრომლებს ხელფასები ენიშნებოდათ, კოლმეურნეობები კი გამომუშავებაზე იყვნენ. დაინიშნა სარეისო ვერტმფრენები ომალოში და სანამ სინათლეს გაიყვანდნენ, ოთხი დიზელ-გენერატორი აუტანეს.. მთელი ღამე სინათლე უნდა იყოს, თვითმფრინავი რომ გადმოიფრენს კავკასიონზე, თუშეთი გაჩახჩახებული უნდა ჩანდესო, - უთქვამს მამას.
ამ ვიზიტის შემდეგ, ბარში ჩასული თუშები ისევ მთაში დაბრუნდნენ და თუშეთი შეივსო. ცეკაში კი გადაწყდა, თუშეთისათვის რესპუბლიკური მნიშვნელობის საკურორტო სტატუსი მიანიჭებინათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ კრემლი თავის ნებაზე ვეღარ გადაწყვიტავდა თუშეთის საკითხს. ასე გადაურჩა თუშეთი გასხვისებას.
ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ისევ არ არის სინათლე თუშეთში. სამოქალაქო ომის დროს, 1993-94 წლებში გაიძარცვა სადენები. ზამთრობით თუშები ისევ ბარში ჩამოდიან, ზაფხულობით კი, გენერატორები ააქვთ. არადა, არაჩვეულებრივი ადგილებია, იქ ბევრი ტურისტის მიზიდვა შეიძლება და ამისათვის აუცილებელია მუდმივი დენის წყარო.
- მაშინ თუშეთში სინათლე არ იყო, შემდეგ საქართველოში დიდი ელექტროფიკაცია დაიწყო და ქვეყანა განათდა. ეს მოხდა ენგურჰესის ჩართვის შემდეგ, როდის დაიწყო მისი მშენებლობა?
- როდესაც მამა საქართველოს ცეკას პირველი მდივანი გახდა, პირველი, რაც გეგმაში ჰქონდა, ენგურჰესის მშენებლობა იყო. ბატონი ოთარ ჭითანავა, რომელიც ამ მშენებლობის დაწყებიდან მუშაობდა, მეუბნებოდა: - ვასილ მჟავანაძემ და გივი ჯავახიშვილმა ხრუშჩოვს, შეიძლება ითქვას, დასტყუეს თანხა, რომლითაც ენგურჰესის მშენებლობა უნდა დაეწყოთ. შვილივით უყვარდა ვასილ მჟავანაძეს ეს მშენებლობა, თითქმის სულ იქ იყო. ყველა ინჟინერს და მშენებელს თვითონ არჩევდა და პირადად ეცნობოდა. სწორედ მაშინ გავიცანი ვასილ მჟავანაძეო.
ბატონმა ოთარმა ერთი ეპიზოდიც მიამბო, რაც ძალიან დამახასიათებელია მამასათვის. ერთ დღეს, მამა ენგურჰესზე ჩასულა, უკვე ათი წელია გასული მშენებლობის დაწყებიდან და ადგილობრივ მცხოვრებთ, რომელთაც ადრე მიწურები ჰქონიათ, ირგვლივ ორსართულიანი სახლები აქვთ წამოჭიმული. ვიღაცას მამასათვის უთქვამს, გარშემო დიდი სახლები რომ არის აშენებული, ენგურჰესიდან მოპარული ცემანტითააო. მამას სახლებისათვის გადაუხედავს, სახეზე სიამოვნება დატყობია უპასუხია, ცემენტი ბევრია, ენგურჰესს რომ სჭირდება იმაზე მეტი. ხალხმა სახლები თუ აიშენა, ამაზე კარგი რა უნდა იყოს, კუთხე გალამაზდა, ოჯახები გამრავლდა, საქართველო დამშვენდაო.
ენგურჰესი გრანდიოზული მშენებლობა იყო. 20 წელი შენდებოდა და სწორედ ამ გიგანტის წყალობით განხორციელდა საქართველოში სრული ელექტროფიკაცია.
- ქალბატონი ნინო, რაიმე ეპიზოდს ხომ არ გაიხსენებთ მამას ცხოვრებიდან, კურიოზს, სახასიათო დეტალს?
- მამას ძალიან უყვარდა ფეხით სიარული. მძღოლს, ანდროს ცეკასთან დაიბარებდა, თვითონ კი ფეხით მიდიოდა. იმხანად კალანდაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მამა ძალიან პუნქტუალური იყო და ზუსტად ერთსა და იმავე დროს გადიოდა სახლიდან. ვერაზე, მოგეხსენებათ, ძველი ბინებია და ზოგიერთი ფანჯარა პირდაპირ ქუჩაში, გზის პირზე გამოდის. პირველ სართულზე, თურმე, ერთი ქალი ცხოვრობდა, რომელიც დაინახავდა თუ არა მამას ფანჯარაში, შვილს აღვიძებდა, ადე, შვილო, მჟავანაძე უკვე სამსახურში მიდის, სკოლაში დაგაგვიანდებაო. ყოველ დღე ასე მეორდებოდა და ერთ დღესაც, ჩაიარა მამამ იმ ფანჯარასთან და ქალის ხმა არ მოესმა, გაჩერდა, დააკაკუნა ფანჯარაზე და ბავშვს უთხრა: - ადექი შვილო, სამსახურში მივდივარ, სკოლაში არ დაგაგვიანდეს. ბავშვი წამომხტარა და გაოცებული უყურებდა, თურმე, მამას. საღამოს სამსახურიდან რომ დაბრუნდა, მამამ თვითონ გვიამო ეს ამბავი და ბევრი ვიცინეთ. ასეთი ისტორიები უამრავია.
- ნოსტალგია არ გაქვთ წარსულ დროზე?
- რა თქმა უნდა, არა. ნოსტალგია წარსულზე და გულხელდაკრეფა, კარგს არფერს მოიტანს, მთავარი აწმყოა. ძალიან მძიმე და რთულ დროში ვცხოვრობთ, სწორედ ახლა, ალბათ, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა, ერთ მუშტად შეკვრა. გინდა თუ არა, დღეს ყველანი პოლიტიზირებულები ვართ და ყველაზე მეტად რაც მაღელვებს - არ იყოს ღალატი. არ შეიძლება ამპარტავნობასა და სიხარბეს ქვეყანა გადავაყოლოთ. ერთად უნდა ვიყოთ, მტერი და მოყვარე ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. აი, ეს არის დღეს ყველაზე მთავარი.
- ზოგადად ასეა, მაგრამ უფრო კონკრეტულად, არჩევნები მოდის, პოლიტიკური ციებ-ცხელება იწყება - რადიკალური ოპოზიცია, ლიბერალური ოპოზიცია, ხელისუფლება, ინდეფერენტული ასეთ დროს ვერ დარჩები, თქვენ საით იხრებით?
- ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა და მაქვს ძალიან მყარი პოზიცია - ჩრდილოეთიდან მზე აღარ ამოდის. ის ადამიანები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციად ასაღებენ თავს, ყველას კარგად ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდნენ, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში, როგორ წავიდნენ. მათ სახელებს არ ვაკონკრეტებ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
არც ამ მთავრობის გუნდრუკის მკმეველი გეგონოთ, არავითარ შემთხვევაში. არ შეიძლება განათებულ, გალამაზებულ, დაგვილ და დასუფთავებულ ქალაქში დილით და საღამოს შენი მოქალაქეები ნაგვის ურნებში საჭმელს და ბოთლებს ეძებდნენ და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათხოვარი იდგეს... ეს არ არის ქვეყანაზე ზრუნვა. არ შეიძლება, წამლები ასე ძვირი ღირდეს... მე თვითონ ექიმი ვარ და ვიცი, რაც ხდება სამედიცინო სფეროში. ხელისუფლებამ ვერ გაიგო მთავარი - მთავარი ადამიანია და არა - სასახლეები, გზები და ხიდები. იმას, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ადამიანებისათვის უნდა აკეთებდეს, ყველასათვის განურჩევლად და არა - მხოლოდ მთავრობისათვის და მათი მეხოტბეებისათვის.
ტოტალური უმუშევრობაა, როგორც ჩანს, მთავრობას ამ პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლია.
- თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ასეთ შემთხვევში არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ, მერისა და საკრებულოს თავჯდომარის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებთ?
- არა, ბოიკოტს არავითარ შემთხვევაში არ გამოვუცხადებ. არ დაგიმალავთ და გეტყვით, მე ძალიან დიდ და სერიოზულ პოტენციალს ვხედავ „ქრისტიან-დემოკრატებში“. უძლიერესი გუნდია, აბსოლუტურად ყველა მათი გამოსვლა - საპარლამენტო დებატები იქნება ეს თუ სატელევიზიო, საქმიანია. საუბრობენ ფაქტებით, კონკრეტულად. ზოგიერთებივით ათას რაღაცას არ მიედებ-მოედებიან. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და, მეგობრები ბევრი მყავს, ამას ვხედავთ და შესაბამისად ვაფასებთ.
- გამოდის, არჩევნებში მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს მიცემთ ხმას...
- ამის საფუძველი დაგვანახეს „ქრისტიან-დემოკრატებმა“. მაგალითად, გია ჭანტურია, რამდენჯერმე მოვისმინე მისი გამოსვალა, ლაპარაკობს კონკრეტულად საქმეზე - დენი 5 თეთრი, გაზი - 10 თეთრი, წყალი უფასო. სხვათა შორის, რასაც ბატონი გია ამბობს, აქამდე უნდა განხორციელებულიყო და ეს სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა. ეს არ არის ფანტაზია და წინასაარჩევნო დაპირება, ეს რეალურია. ამის თაობაზე მან ამომწურავად ილაპარაკა ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე „თბილისი მარიოტში“.
ჯერ კიდევ მამას დროიდან, როდესაც ენგურჰესის მშენებლობა დაიწყო, ქართულ ენერგეტიკულ სკოლასაც ჩაეყარა საფუძველი. უძლიერესი კადრები გვყავდა და საუკეთესო პროფესიონალები გაზარდეს. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მათ შორის და ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია. გია ჭანტურიას სახით გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. არც არის გასაკვირი, ჯერ კიდევ როდიდან მუშაობს ამ სფეროში და დეტალურად იცის ყველაფერი. მისი საქმიანობის შედეგები ყველასათვის ცნობილია.
ჩემი აზრით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დასავლეთის მხარდაჭერის ერთ-ერთი მყარი მიზეზი სწორედ, რომ ნავთობსადენები იყო, რომელიც ბატონი ჭანტურიას პროექტებით განხორციელდა. მჯერა, რომ ეს კაცი რასაც ამბობს არჩევნების წინ, იმას გააკეთებს არჩევნების შემდეგ.
რაც შეეხება ინგა გრიგოლიას. ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ მას. პირადად მე დიდი სიმპატიები მქონდა და მაქვს მის მიმართ და ძალიან მინდა საკრებულოს თავჯდომარე გახდეს.
- ისვ წარსულს მინდა დავუბრუნდე, ქალბატონო ნინო, თქვენი პირველი წიგნიდან ვიცი, რომ ბატონი ვასილ მჟავანაძე როკის გვირაბის მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგი იყო...
- დიახ, ეს მოხდა უკვე ბრეჟნევის დროს. ჩრდილო ოსეთის ხალხმა რუსების წაქეზებით როკის გვირაბის გაყვანა მოინდომეს. ეს საკითხი რამდენჯერმე დაისვა მთავრობაში. მამა თავიდანვე წინააღმდეგი ყოფილა და სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა; ეკოლოგიურად საშიშია, დიდი თანხა დაიხარჯება, რომელსაც არანაირი უკუგება არ ექნება... რას აღარ იმიზეზებდა. მხოლოდ მთავარ მიზეზს არ ამბობდა - როკის გვირაბით რუსულად განწყობილი ჩრდილი ოსებისათვის საქართველოში უმოკლესი და უმარტივესი გზის გაკეთება არ უნდოდა. ამის გამო მოსკოვშიც ჩიოდნენ ოსები, მაგრამ მამამ მაინც არ დაანება და როკის გვირაბის მაგივრად ბრეჟნევს ფაბრიკა ააშენებინა ცხინვალში.
მამას პენსიაზე გასვლის შემდეგ, ეს თემა შევარდნაძემ წამოსწია და როკის გვირაბის მშენებლობაც ძალიან სწრაფად დაიწყო.
ესაუბრა მარიკა კახაძე
|