საქართველოს საგარეო სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას
საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც იგი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის მიერ 2008 წლის 15 თებერვალს გავრცელებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით ''რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ს.ლავროვის შეხვედრის შესახებ აფხაზეთის პრეზიდენტ ს.ვ.ბაღაფშთან და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ე.ჯ.კოკოითისთან''.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს შეტყობინების ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ ''კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და აღიარება უდავოდ გასათვალისწინებელი იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციასთან მიმართებით''. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კატეგორიულ პროტესტს და მოითხოვს დაუყოვნებელ განმარტებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აღნიშნული განცხადების კონკრეტული შინაარსის და დატვირთვის შესახებ. გვსურს ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ კოსოვოს, ან ნებისმიერი სხვა თემით სპეკულირების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა შეიყვანს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ღრმა, სერიოზულ და საშიშ ჩიხში, საიდანაც გამოსავლის მოძებნა უაღრესად რთული იქნება''.
''საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს გაოცებას, რომ ასეთი სახის განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს მზადება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრისათვის და რიგი მიმართულებებით რეალურად გამოიკვეთა მხარეებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ქართული მხარე მზად არის დიალოგისა და ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად. მაგრამ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის ეროვნული ინტერესების პატივისცემის და არა ამგვარი ინტერესების ხელყოფის საფუძველზე''.
წყარო : http://rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=24872&pg=1&im=main