↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ლოცვები მოკლე განმარტებებით


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 18 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined14 Apr 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვფიქრობ დამწყებთათვის საინტერესო იქნება

დასაწყისი ლოცვა

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ

როდესაც ამ მოკლე დასაწყის ლოცვაში ვამბობთ სიტყვას "სახელითა' და არა "სახელებითა", ვგულისხმობთ, რომ ღმერთის სამი პირი - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი წარმოადგენს ერთ არსებას. თითოეულ პირს თანაბარი საღმრთო ღირსება აქვს. მათში მეტ-ნაკლებობა არ არსებობს. "ამინ"-და-ვურთავთ ლოცვას, რადგან ის, რაც ითქვა, ჭეშმარიტებაა. ამ ლოცვას ვამბობთ ყოველგვარი საქმის დაწყებისას, ნიშნად იმისა, რომ რასაც ვაკეთებთ - ვაკეთებთ წმ. სამების სადიდებლად.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!

ამ ლოცვით განვადიდებთ, როგორც სრულყოფილ არსებას მანამდე, სანამ სხვა ლოცვებს აღვავლენდეთ მისდამი. ის შეიძლება მოკლედაც წარმოითქვას: "ღმერთს დიდება!" ან "დიდება უფალს". ვამბობთ მაშინ, როდესაც დავასრულებთ რაიმე საქმეს.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო,

რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა;

საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ ჩვენ შორის,

და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენი.

ეს ლოცვა ყოვლადწმიდა სამების მესამე პირის - სულიწმიდის მიმართ აღევლინება და აღებულია იმ საგალობელიდან, რომელიც სულთმოფენობის დღესასწაულზე იგალობება - მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის მოსახსენებლად და განსადიდებლად.

ამ ლოცვაში უფალს ვევედრებით, რომ სულიწმიდა დაამკვიდროს ჩვენში და მოციქულთა მსგავსად განგვწმინდოს და განგვანათლოს. სულიწმიდას მეუფეს ვუწოდებთ, რადგან იგი მსგავსად მამისა და ძისა, არის ჭეშმარიტი უფალი და ღმერთი, გზას ასწავლის მორწმუნეებს. "საუნჯე კეთილთა" არის იმიტომ, რომ ყოველგვარი სიკეთის შესაკრებელს წარმოადგენს.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ

ეს ლოცვა ყოვლადწმიდა სამების სამივე პირს მიემართება
წმიდაო ღმერთო - იგულისხმება მამა ღმერთი
წმიდაო ძლიერო - მივმართავთ ძე ღმრთისას, რადგან მან თავისი ძალით სძლია ჯოჯოხეთს და დათრგუნა ეშმაკი.
წმიდაო უკვდავო - მოვუხმობთ სულიწმიდა ღმერთს, რადგან იგი - მარადიული - მარადიულ სიცოცხლეს და უკვდავებას ანიჭებს ადამიანებს.

სწორედ ამ ლოცვას ეწოდება "სამწმიდაო"-ს ლოცვა, რადგან სამგზის აღევლინება და ასევე - "ანგელოსთა გალობა".

V ს-ში ღმრთისმსახური იმპერატორის თეოდოსი II მეფობისას მიწა იძრა და საშინელი რყევა დიდხანს გაგრძელდა. მოედანზე სალოცავად შეიკრიბა ხალხი და მოულოდნელად უხილავმა ძალამ ერთი პატარა ბიჭი ზეცაში აიტაცა, იქ მან იხილა ღმრთის საყდარი, რომელსაც ანგელოსნი გარსშემორტყმოდნენ და გალობდნენ: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო". მიწაზე უვნებლად დაშვებულმა ბავშმა ასწავლა ეს ლოცვა ხალხს, რომელმაც მას დაამატა სიტყვები: "შეგვიწყალენ ჩვენ" და ამგვარად იგალობა, რის შემდეგაც მიწისძვრები შეწყდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ამ მოკლე ლოცვით ყოვლადწმიდა სამების სამივე პირს განვადიდებთ.

ყოვლად წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან;

მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლირებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.

ეს ლოცვაც ყოვლადწმიდა სამებისადმია მიმართული, მასში ვევედრებით ყოვლადწმიდა სამების სამივე პირს ერთად, შემდეგ კი თითოეულს ცალ-ცალკე, რომ ცოდვათაგან განგვწმინდოს.

"ყოვლადწმიდაო სამებაო" - სწორედ ამგვარად მივმართავთ მას ერთობით: "უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან" - ეს ვედრება უშუალოდ მამა ღმერთს მიემართება; "მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი" - აქ ძე ღმერთს ვთხოვთ შენდობას. "წმიდაო" - მივმართავთ სულიწმიდას, რათა მოგვეახლოს და განკურნოს ჩვენი სულიერი და ხორციელი წყლულები. "სახელისა შენისათვის" - ვამბობთ იმის ნიშნად, რომ უფლისაგან ვითხოვთ არა დამსახურებულ ჯილდოს, არამედ წყალობას, რომელიც მის სახელს განადიდებს.

უმოკლესი ლოცვა "უფალო შეგვიწყალენ" არის სავედრებელი სიტყვები, რომლითაც ღმერთს პატიებას, შენდობას და წყალობას ვევედრებით, ის წარმოითქმის სამჯერ - ყოვლადწმიდა სამების განსადიდებლად, 12-ჯერ - რათა უფალმა დაგვიცვას მთელი დღის მანძილზედა 40-ჯერ - რათა ღმერთმა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოგვაკლოს წყალობა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ნათია, თუ ნებას მომცემ ეკლესიის განყოფილებაში აქ http://eklesia.despani.com/ გადავაკოპირებ შენი სახელით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
დილის ლოცვათა განმარტებანი
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ“ - ამ სიტყვებით ვადასტურებთ ჩვენს რწმენას ერთი სამპიროვანი ღმერთისადმი.

მეზვერის ლოცვა - „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ (ლუკა 18,9-14). განგვაწყობს საკუთარ ცოდვებსა და ნაკლოვანებებზე წუხილისათვის. შევიმეცნებთ ჩვენს ცოდვებს და დახმარებისათვის მივმართავთ მათ, ვისი ლოცვებიც, როგორც ნათელი სხივი, ადის ღმერთთან. სწორედ ამას ნიშნავს დასაწყისი ლოცვა, რომელშიც ვთხოვთ ღმერთს მოწყალებას წმინდა მამათა შუამდგომლობით.

წმინდა ბასილი დიდი (330-379) განასხვავებს ლოცვის ოთხ სახეს: სადიდებელი, სამადლობელი, სინანულისა და თხოვნითი. წმინდანთა მაგალითისამებრ ლოცვით კანონს ვიწყებთ წმინდა სამების დიდებით და მაშინვე აღვავლენთ ლოცვას სულიწმიდისადმი - რათა თავისი მადლით შეგვეწიოს და აკურთხოს ჩვენი ლოცვა. „ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩვენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩვენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა“ (რომ. 8,26), - ამბობს პავლე მოციქული.

სამწინდის კითხვისასაც შეწყალებას ვითხოვთ წმინდა სამებისაგან. ამ ლოცვას შემდეგი ისტორია აქვს: საბერძნეთში V საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. ხალხი ღმერთს ევედრებოდა ხსნას. ერთმა ყმაწვილმა ხილვის დროს მოისმინა ანგელოზების გალობა - „წმიდაო ღმერთო, წმიდა ძლიერო, წმიდაო უკვდავო“. მან ხალხს აუწყა მოსმენილის შესახებ. ყმაწვილთან ერთად ყველამ დაიწყო ანგელოზთა გალობის გამეორება და დაუმატეს მას სიტყვები: „შეგვიწყალენ ჩვენ“. მიწისძვრა შეწყდა.

მოკლე სადიდებელი ჰიმნი წმინდა სამებისადმი - „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, შედგენილია ანტიოქიელი პატრიარქების მელენტისა და ფლაბიანეს (IV ს.) მიერ, წმინდა სამების სამი პირის თანასწორობის დოგმატის განსამტკიცებლად.

ლოცვა წმიდა სამებისადმი ხსნის წმიდა სამების თითოეული პირის მონაწილეობას ადამიანის გადარჩენის საქმეში. სიტყვებით „უფალო, გჳხსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან“ - მიმართავენ მამა ღმერთს, რომელიც ძის სისხლით განგვწმენდს ცოდვათაგან; „მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი“, - ძე ღმერთს, რომელსაც აქვს ძალაუფლება განათავისუფლოს ცოდვებისაგან ჩვენი სულები; „წმიდაო, მოიხილენ და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი“, - სულიწმიდა ღმერთს, რომელიც მოდის ჩვენთან და განგვკურნავს სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან.

წმიდა სამების სახელით სამჯერ წარმოვთქვამთ მოკლე ლოცვას: „უფალო, შეგვიწყალენ“.

სხვა ლოცვებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საუფლო ლოცვას „მამაო ჩვენო“. იგი, როგორც ლოცვის ნიმუში, მოგვცა მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ (მთ. 6,9-13 და ლუკა 11,2-4). ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ ლოცვაში ხედავდნენ „მთელ სახარებას შემოკლებით“ და გაოცებულნი იყვნენ მისი უბრალოებით და სიღრმით.

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ყველაზე უფრო შემჭიდროებული ფორმით განსაზღვრავს ამ ლოცვას, როგორც „ღვთისმეტყველებას“ , უფლის მოწყალებით ადამიანთა ღვთის შვილებად ,ანგელოზების თანაბარ პატივში ყოფნას , საუკუნო ცხოვრებასთან ზიარებას , ადამიანური ბუნების აღდგენას მის პირველყოფილ უცოდველ მდგომარეობაში , დაგმობას ცოდვისა და ბოროტებისა .

თითქოს „ადამიანთა ანგელოზებრივ პატივში ყოფნაზე“ მიუთითებენ წმ. სამების ტროპარები, რომლებიც „მამაო ჩვენოს“ შემდგომ იკითხება, მათში ანგელოზთა საგალობლით ვადიდებთ უფალს. ამ საგალობელზე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: „ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა. და სერაფიმნი დგეს გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს. და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!“ (ესაია 6,1-3).

ვკადნიერდებით ანგელოზთა საგალობელის წარმოთქმით, მაგრამ ამავე დროს ვაცნობიერებთ ჩვენს უღირსებას, ამიტომაც კიდევ და კიდევ გამოვითხოვთ შეწყალებას ადამიანთა მოდგმის ქომაგის, ღვთისმშობლის მეოხებით.

ლოცვით „უფალო, შეგვიწყალენ“ ვამზადებთ სულიერ და ხორციელ ძალებს, მთელს ჩვენს გონებას, გულს და ნებას ღვთის თაყვანსაცემად და ვთხოვთ უფალ იესო ქრისტეს, იმეფოს ჩვენზე.

შემდეგ ლოცვაში ვმადლობთ წმიდა სამებას, რომელმაც მოგვმადლა კიდევ ერთი დღე ჩვენი ცხოვრებისა და ვთხოვთ, მისი წყალობით ამ დღეს ვაკეთოთ ყოველივე მისი სახელის სადიდებლად.

„მოვედით, თაყვანის-ვსცეთ...“ ამ შევრდომას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი ვასრულებთ მეტანიებით.

50-ე ფსალმუნი დაწერილია მეფისა დაა წინასწარმეტყველის დავითის მიერ, მისი ცოდვით დაცემის შემდეგ (იხ. 2 მეფ. 11,12). ამ ფსალმუნში იგი ღრმა, გულწრდელ სინანულს გამოხატავს.

ამ ფსალმუნიდან ეკლესიამ გამოყო ორი ტაეპი: „გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“. ამ სიტყვებს წარმოთქვამს მღვდელი საღმრთო ლიტურგიაზე წმიდა ძღვენის გარდაქმნის წინ. ამ ლოცვებს წარმოთქვამენ მორწმუნეები დიდი მარხვის დროსდა ითხოვენ ლოცვათა მიტევებას და სულის სიწმინდეს. ეს სიტყვები შეადგენენ წმიდა ზიარების კანონის საფუძველს. ისინი შეიძლეაბ წარმოვთქვათ დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

სიმბოლო სარწმუნოებისა - „მრწამსი“ არ არის ლოცვა, მაგრამ შესულია დილის ლოცვებში მართლმადიდებლური ცნობიერები სუფთად შენახვისათვის, ქრისტიანის პირადი რწმენის, როგორც ჭეშმარიტების, აღიარებისათვის, რომელსაც დოგმატი ჰქვია. სარწმუნოების სიმბოლო შედგენილია პირველი (325 წ.) და მეორე (381 წ.) მსოფლიო კრებების მიერ.

ორი შემდეგი ლოცვა უფლისადმი ეკუთვნის ეგვიპტელ მოღვაწეს - ღირს მაკარი დიდს (IV ს.). ცოტათი მაინც თუ ჩავწვდებით მის ღვთიურ სიბრძნეს, ლოცვით შევთხოვთ კაცთმოყვარე მაცხოვარს, „გამოაბრწყინვოს გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი ნათელი“ და ღირს გვყოს ზეციური სასუფევლისა.

შემდეგი ლოცვა შედგენილია ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი მოღვაწის ბასილი დიდის მიერ. ეს ლოცვა გვახსენებს ყოვლისმპყრობელი უფლის სიდიადეს, რომელმაც უწყის ჩვენი ნებსითი და უნებლიე ცოდვები. იგი მოგვიწოდებს სინანულისაკენ. ვთხოვთ უფალს, განგვათავისუფლოს სიზარმაცისაგან - ამ მუდმივი შინაგანი მტრისაგან - და გადაარჩინოს ჩვენი სულები.

ლოცვა ჩვენი სულისა და ხორცის მცველი მფარველი ანგელოზისადმი გვეუბნება, რომ ღვთის ნების გამოცხადებას, ჩვენში ღვთისთვის სათნო წმიდა კეთილი აზრების გამღვიძებლის, მფარველი ანგელოზისაგან ვიღებთ. იგი ღვთის წინაშე არის მოწმე იმისა, თუ როგორ მიიღო ადამიანმა ღვთის გამოცხადება და რამდენად გაუღო გული უფლის მოწოდებას ღვთის მცნებების, სულიერი ცხოვრების ამ ურყევი კანონების, შესრულების შესახებ. ქრისტიანს უნდა ახსოვდეს თავისი მფარველი ანგელოზი, ლოცვით სთხოვდეს შუამდგომლობას ღვთის წინაშე, რათა მიიღოს და შეინარჩუნოს კეთილი საქმეების საკეთებლად საჭირო ძალა და მადლი, ითხოვოს შენდობა მისი შეურაცხმყოფელი ყველა ცოდვისათვის.

მთავარანგელოზის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მოკითხვა ყოველდღიურად აგვავსებს სიხარულით და გვამცნობს რომ ეს დღე - ხარება - არის „საწყისი ჩვენი გადარჩენისა“.

მფარველი ანგელოზის გარდა „მაქუს გარემოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ“ - წმინდანთა, რომელთაც აქვთ ჩვენთვის ლოცვის კადნიერება ღვთის წინაშე. მათგან ყველაზე მახლობელი ჩვენთვის არის წმინდანი, რომლის სახელიც მონიჭებული გვაქვს ნათლობის დღიდან. მისი ტროპარი დღეში ერთხელ მაინც უნდა წავიკითხოთ და, რა თქმა უნდა, ზეპირად უნდა ვიცოდეთ.

ჯვრის ტროპარი გვახსენებს მაცხოვრის მიერ, ჯვარზე გაკვრით, ჩვენს გამოსყიდვას და გვაძლევს ძალას და მადლს ვიტვირთოთ საკუთარი ჯვარი. ტროპარის სიტყვები მორწმუნეებს გულში ჩაგვინერგავს ღვთის მოწყალების იმედს, რომელსაც ჩვენი ლოცვებით მოიღებს ღმერთი ჩვენს სამშობლოზე და მართლმადიდებელ ქრისტიანებზე.

ქრისტიანი ლოცულობს წმიდა მსოფლიო საყოველთაო, სამოციქულო ეკლესიაზე, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქზე, სამშობლოზე, მის მთავრობასა და მხედრობაზე, სულიერ მამაზე, თავის მშობლებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, სულიერ ძმებსა და დებზე, უბედურებაში მყოფებზე, თავის მოძულეებსა და მაჭირვებლებზე და სთხოვს ღმერთს მათთვის დახმარებასა და მათ დაცვას.

აგრეთვე ვლოცულობთ ჩვენგან წასულ იერარქებზე, ღვთის მსახურებზე, მონაზვნებსა და საერო ხალხზე, ვითხოვთ მათთვის ცოდვების მიტევებას და სასუფევლის დამკვიდრებას.

ამ ლოცვებით ქრისტიანეი განიმტკიცებენ ურთიერთსიყვარულს, სულიერ კავშირს და ეხმარებიან ერთმანეთს სულის გადარჩენაში.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
უკუგმა გამოვიდა :smilie: ჯერ ლოცვა უნდა დამედო და მერე განმარტება , აი, ლოცვაც
დილის ლოცვანი
დასაწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

სამწმიდაობის ტროპარნი
აღდგომილი ძილისაგან, შეგივრდებით შენ, სახიერ, ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ, და ბაგენი ჩემნი აღახვენ, გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეყდეულად მსაჯული იგი მოვიდეს, და თითოეულისა საქმენი განშიშვლდნენ, არამედ შიშით ღაღადვყოთ შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

და ლოცვა სამებისადმი
ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, დაარა თანა წარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა. დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

ფსალმუნი 50
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღსდგა მსამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

ლოცვა დიდისა მაკარისა
ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა, არამედ მიხსენ მე განსაცდელისაგან და იყავნ ჩვენს შორის ნება შენი, რათა დაუსჯელად აღვარო პირი ჩემი არაღირსი და ვაქებდე სახელსა შენსა წმიდასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან მრავლითა სიტკბოებითა, და აურაცხელითა მოწყალებითა შენითა მომანიჭე ჩვენ, და სათნო-იყავ თანაწარსვლასა ამას სიგრძესა ღამისასა მშვიდობით თანაწარსვლად, და ყოვლისაგან განსაცდელისა და ბოროტისა დაგვიფარენ. შენ, მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო, მომეც ჩვენ მიწევნად ცისკრისა ლოცვათა, და გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი ნათელი საუნჯეთაგან მეცნიერებისა შენისათა, და ყოფად ყოვლისავე ნებისა შენისა.

ლოცვა ბასილი დიდისა
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ხორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ-ხარ, და ყოველსავე მდაბალთა ხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო, ნათლო თვალთ-შეუდგამო, რომელი მოიაჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ, უკვდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩვენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ ვართ, და გევედრებით, შეიწირე მწიკვლევანთა ამათ ბაგეთა ჩვენთა მიერი ვედრება, და მომიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, საქმითნი, სიტყვითნი, და გონებითნი, ცნობით და უმეცრებითნი, და განმწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულის-სიტყვა კეთილი, და ყოვლისაგან ღამისა ამისა სოფლისაგან ჩვენზედა მომავალისა საცდურისაგან მიხსნენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნად ბრწყინვალესა და განათლებულსა დღესა მას მეორედ მოსვლისა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, მოსვლასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თვითეულსა საქმეთა მათთაებრ, რათა არა განგდებულ ვიქმნეთ უდებებითა, არამედ რათა მღვიძრედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა, მომლოდნელნი წარდგომას სიხარულისა, და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რათა ჩვენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს-ვიქმნეთ დღესასწაულობად ხმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად, და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელისა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა, და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა მფარველი ანგელოსისადმი სამარადისო
წმიდაო ანგელოსო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და როდენი ვსცოდე განვლილსა ამას ღამესა, დამიფარე დღეინდელსა ამას დღესაცა და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.

კონდაკი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ზესთამბძოლისა ჩვენისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა აღვსწერთ ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.

ყოვლად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, მიართვ ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.

მოკითხვა მთავარანგელოსისა მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

ლოცვით მოწოდება წმიდანისა, რომლის სახელიცა გვაქვს
ევედრე ღმერთსა ჩემთვის წმიდაო (სახელი), რამეთუ გულმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის.

ტროპარი ჯვარისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

ლოცვა ცოცხალთათვის
მოიხსენე უფალო, ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცნენ და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლმორწმუნეთა შენთასა, აღსდექ, ამაღლდი ზეცად და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, მოჰხედენ მოწყალებით მვედრებელთა ამათ შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ, მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უხმარისა მონისა შენისა და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოისხენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ ჰყავ და წარმართა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისამდე დაიცვენ, მწვალებელთა გესლოვანება განაქარვენ და მეტყველება მათი ცუდ-ყჰვენ ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი. (მეტანია)

აცოხვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი.

მოიხსენე, უფალო, ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, გარე-შეზღუდენ მპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველი მტერნი და მბრძოლნი მათნი, შთაუთხენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობა წმიდისა ეკლესიისათვის და ყოვლისა ერისა შენისა და მიეც მათ მშვიდობა და დაწყნარება, რათა მყურდოებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხოვრება გვაქუნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვსცხოვრობდეთ. (მეტანია)

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამა ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი, მასწავლელი ჩემი (სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნი მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობაი ჩენი და არავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარისმყოფელთაგან, მონანი შენნი მოისხენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა შენდობითა და ხსნა მოანიჭე მათ. (მეტანია)

აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელი მმძლავრობენ და მყვედრიან მე და ნუ დასჯი მათ უსჯულოებათა მათთა გამო, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელი აქვთ ჩემდა მომართ და შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. (მეტანია)

უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)

ლოცვა გარდაცვალებულთათვის
მოიხსენე, უფალო, სული გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები), და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, და მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება. (3-გზის და მეტანია)

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

--------------------------------------------------------------------------------

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძილად მისვლის ლოცვების განმარტებანი
დაძინების წინ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ლოცვით ემზადებიან დამდეგი ღამისათვის და მომავალი დღისათვის. აჯამებენ განვლილი დღის შედეგებს და, რათა აღარ გაიმეორონ შეცდომები და ცოდვები, სთხოვენ უფალს განამტკიცოს ისინი, რომ ღვთის მცნებებით იცხოვრონ.
ძილად მისვლის ლოცვების ჩვეულებრივი დასაწყისის შემდეგ ითხოვენ ღვთის წყალობას სინანულის ტროპარების კითხვით: „მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ...“
„უფალო, შეგვიწყალენ“-ის თორმეტჯერ წაკითხვის შემდეგ (ამ ლოცვის თორმეტჯერ წაკითხვა დილით და ამდენჯერვე საღამოს ნიშნავს დღე-ღამის ყოველი საათის კურთხევას) იკითხებეა წმიდა სამების თითოეული პირისადმი მიმართული სამი საღამოს ლოცვა.
მამა ღმერთისადმი მიმართულ ლოცვაში წმიდა მაკარი გვასწავლის, ვითხოვოთ განვლილი დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების მიტევება, რათა ღმერთმა ღირსი გაგვხადოს, მშვიდობით გავიაროთ ღამე და შევხვდეთ შემდეგ დღეს.
ლოცვაში ძე ღმერთისადმი ვითხოვთ „უჯერო“ აზრებისაგან განშორებას და შეწყალებას.
გულწრფელად გვინდა მივიღოთ სულიერი ძღვენი, ამიტომ დახმარებისათვის მივმართავთ სულიწმიდას, ცხოვრების მომნიჭებელ ზეცათა მეუფეს. მთელი განვლილი დღე ცოდვებსა და სულიერად არასრულყოფილ საქმეებში გავატარე, - ვეუბნებით ამ ლოცვაში ღმერთს, - ამან ნაღველი წარმოშვა ჩემში, დავკარგე სულის სიმშვიდე, შემიწყალე, რათა ჩემი სინდისი დამშვიდდეს და ვადიდებდე შენს სახელს.
შემდეგ ლოცვაში ღმერთს ცოდვათა შენდობას და წყალობას შევთხოვთ, რათა სათნო ვეყოთ ღმერთს, მშვიდად დავიძინოთ, გავთავისუფლდეთ ბოროტი აზრებისაგან და დილით სამადლობელი ლოცვა აღვავლინოთ უფლის მიმართ.
ლოცვაში მფარველი ანგელოზისადმი ვითხოვთ მფარველობას ჩვენი სულისა და ხორცისადმი და დაცვას ჩვენი მტრის, ეშმაკის თავდასხმისაგან. სწორედ მისი ქომაგობით შეიძლება გავხდეთ ღვთის წყალობის ღირსი.
მლოცველის გულს თანდათან განეშორება სევდა, იგი სხვა სულიერი სიმაღლეზე ადის, როდესაც სინანულის ლოცვების შემდეგ სამადლობელ ლოცვას იწყებს. სწორედ სამადლობელი ჰიმნია ზეციური დედოფლისადმი მიძღვნილი კონდაკი - „ზესთამბრძოლისა... და მოღვაწისა უძლეველისა“... იგი შედგენილია კონსტანტინოპოლის პატრიარქის - სერგის მიერ 626 წელს ბერძნული სახელმწიფოს სპასრთა და ხუნძთა შემოტევისაგან სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ. ამაღლებული საგალობელი „უძლეველი მოღვაწის“ მიმართ შეიტანეს, მაშინ უკვე არსებულ, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დაუჯდომელში. ამ კონდაკით მთავრდება ცისკრის მსახურება ეკლესიაში.
შემდეგ იკითხება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ორი მოკლე ლოცვა. ამ ლოცვებში მთელ იმედებს ყოვლადწმიდა ქალწულზე ვამყარებთ. ვთხოვთ მას მფარველობას და შუამდგომლობას ღვთისადმი.
ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ლოცვებს მოსდევს ღირსი იოანიკე დიდის (+846 წ. ხს. 4 ნოემბერს) მიერ შედგენილი ლოცვა. მან თავისი თითქმის ასწლოვანი ცხოვრების სამოცდაათი წელი ბერულ მოღვაწეობაში გაატარა, ზეპირად იცოდა „დავითნი“ და ყოველი ფსალმუნის თითოეულ მუხლს აბამდა ამ პატარა, მაგრამ საუცხოო ლოცვას - „სასოება ჩემდა მამა...“.
შემდეგ მოდის „ღირს არსი“... და სამი მოკლე ტროპარი, რომლებშიც ვთხოვთ ღმერთს, რათა ჩვენი ბუნებრივი ძილი არ გადავიდეს ფიზიკურ სიკვდილში და არ გარდავიცვალოთ უნანელად (შეუნანებლად).
ბოლო ტროპარი ამ სამთაგან ეძღვნება ღვთისმშობელს, რომელიც გამუდმებით ლოცულობს ჩვენი გადარჩენისათვის.
ამის შემდეგ გადავიწერთ პირჯვარს და ვამბობთ ლოცვას პატიოსანი ჯვრისადმი. მასში გამოვხატავთ მტკიცე რწმენას, რომ ჯვრის ძალით, პირჯვრის გამოსახვით განიდევნებიან ეშმაკები. მაცხოვრის ჯვარს ცხოველმყოფელს ე.ი. სიცოცხლის მომნიჭებელს ვუწოდებთ, რადგანაც იგი მიუწვდომელი და უძლეველი ძალაა. მასზე თვით მაცხოვარი გაეკრა, როგორც მსხვერპლი, თვითონ უცოდველი, ჩვენი ცოდვების მოსატევებლად და ამით გამოგვიხსნა სამუდამო სიკვდილისაგან.
მოკლე ლოცვით თხოვნაში „გვიხსენ, გვილხინე...“, როგორც შვილნი გამოვხატავთ ერთგულებას ზეციური მამისადმი, „რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (მთ. 5,45). მოვუხმობთ რა მაცხოვარს და მის წმინდანებს, ლოცვას ვიწყებთ „მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთათვის“.
ძილის წინ ქრისტიანი ფიქრობს განკითხვის დღეზე, იმაზე, რომ პასუხი უნდა აგოს ყოვლისმყრობელის წინაშე და სინანულს გამოთქვამს თავის ცოდვებზე. დაწვრილებით განიხილავს რა მთელ განვლილ დღეს დილიდან ამ მომენტამდე, შესთხოვს უფალს ამ დღის და მთელი ცხოვრებისეული ცოდვების მიტევებას. წმინდა მამები თავის თხზულებებში გვასწავლიან, რომ სჯობს ვიტიროთ ყოველდღე მთელი ცხოვრების განმავლობაში და ვთხოვდეთ ღმერთს შეწყალებას, ვიდრე მძიმე ცოდვებით დავირთული გავიდეთ ამ ცხოვრებიდან.
ძილად მისვლის წინ, ქრისტიანი ჯვარს გადასახავს საწოლს, ამბობს მოკლე ლოცვას, რომელშიც მიანდობს თავის სულს ღმერთს და ამიტომ იძინებს, როგორც მშობლის ხელში. „ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, მაკურთხე, შემიწყალე და ცხოვრებაჲ საუკუნო მომმადლე, ამინ“.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
***ლოცვა სამშობლოსათვის***

სიყვარულის გაზიარება ჩვენი კეთილი საქმეებით ხდება. ყველა ადამიანს თავისი საქმე აქვს. ზოგი მშენებელია, ზოგი მომღერალი, ზოგიც ჯარისკაცი. ყველაზე დიდი საქმე, რაც თქვენ ერთმანეთს, ჩვენს სამშობლოს შეგიძლიათ გაუკეთოთ, არის ლოცვა.
ლოცვა არის უფლის მოწვევა ჩვენთან. როცა გვინდა, რომ საქმე მარტო ადამიანებმა კი არ ვაკეთოთ, არამედ ღმერთიც ჩვენთან ერთად იყოს. ლოცვას დიდი ძალა აქვს. განა შეიძლება, მშობელი, ჩვენი ზეციერი მამა, ღმერთი არ მიეხმაროს თავის შვილებს კეთილი სურვილების შესრულებაში?
ჩვენ გვწამს, ყველა საქმე, რომელიც ღმერთთან ერთად კეთდება, კარგად სრულდება.
ამიტომ, მოდით ყოველდღე, მარტო საკუთარი თავისთვის, ან მარტომ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის კი არ ვილოცოთ, არამედ ყველასთვის, ვინც ჩვენს სამშობლოში ცხოვრობს. თუკი ლოცვაში იზრუნებთ ერთმანეთზე, საქმეშიც მოახერხებთ ერთმანეთის დახმარებას. ასე მოეფინება სიყვარული არა ერთსა და ორ ადამიანს, არამედ მთელს ჩვენს ქვეყანას, და ასე გახდებით თქვენ დიდი ადამიანები, რადგან დიდ საქმეს, სამშობლოს საქმეს გააკეთებთ.
ასე რომ, ვილოცოთ საქართველოსათვის, მისი ძლიერებისათვის, დაკარგული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის, მშვიდობისათვის
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ლოცვა ყოვლადწმიდისა სამებისადმი,
საქართველოს მთლიანობისათვის,

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.

სამებაო წმიდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა, და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.

სამებაო ყოვლადწმიდაო, მიუწვდომელო და გამოუკვლეველო, რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენ ზედა ცოდვათა ჩვენთათვის, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა, მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ურთიერთმტრობისა, სიძულვილისა და შურისძიებისაგან.

ჰოი, ყოვლადსახიერო და მრავალმოწყალეო უფალო, მოგვმადლე ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა, ნიჭი და ძალი მიტევებისა და ლმობიერებისა, განრინებად საცდურთაგან ბოროტისათა, რათა ჩვენ ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მხევალნი შენნი გარნა შეწევნითა შენითა აღმართულნი და მმადლობელნი შენნი, გიგალობდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ:

წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა.

ამინ!

ხმატკბილად მხმობარეო ორღანო, ოქროისა ნესტო, მდინარე საღმრთოთა სწავლათაო, მვედრელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ლოცვა მოშუღლეთა შერიგებისათვის
გმადლობთ შენ, მეუფეო კაცთმოყვარეო, ხელმწიფეო საუკუნეთაო და მომცემელო ყოვლისა სიკეთისაო, რომელმან დაარღვიე ზღუდენი მტერობისანი და ადამის ძეთა მშვიდობაჲ მოჰმადლე, აწცა მოეც მშვიდობაჲ მონათა შენთა, დაჰნერგე მათ შორის შიში შენი და ურთიერთარს სიყვარული განამტკიცე: დააცხვრე ყოველივე შუღლი, განაგდე საცდურნი ყოვლისა ცილობისაჲ, რამეთუ შენ ხარ მშვიდობაჲ ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონანი ესე შენნი (სახელი) და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ლოცვა სნეულთათვის

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა (სახელი) ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშბელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღ ადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
ლოცვა ერისა და მამულისათვის
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან სიტყჳთა შენითა ყოველივე სიბრძნით ჰქმენ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, და განასრულენ ქმნილებაჲ შენი მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, რომელმან ხატად შენდა და მსგავსად შეჰქმენ კაცი და დაუმორჩილე ყოველივე ქუეშე ჴელთა მისთა და დაადგინე იგი თავად ქმნულთა შენთასა, გამოსახვად უკუდავი იგი მეუფებაჲ და ჴელმწიფებაჲ შენი, რომელი, და-რაჲ-ეცა, არა უგულებელს-ჰყავ, არამედ სიმდიდრითა მოწყალებათა შენთაჲთა და კაცთ-მოყუარებითა განაგე აღდგინებაჲ და ცხორებაჲ მისი, ვიდრე მხოლოდ-შობილისა ძისაცა შენისა მსხუერპლად უბიწოდ განცემაჲ მისისა ცხორებისათვის არა უღირს-იჩინე, და სული შენი ყოვლად-წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი ძისა შენისა მიერ გარდამოუვლინე მათ სიბრძნისა და ძლიერებისა და მადლით განმღრთობისა მომატყუებელად, რომელმან ჟამსა ბაბილონებრისა საცთურისასა ერთ-ჴმა და ერთ-ენა ნათესავისა მიმართ, ბოროტისა მზრახველისა, ჯერ-იჩინე მოვლინებაჲ სულისა შენისა წმიდისაჲ და საღმრთოჲთა მოწყალებითა და ქველისმოქმედებითა შენითა შეურივნენ და დაჰბადენ ენანი თესლად-თესლადთა ნათესავთა და ტომთა და ერთა განსაყოფელად, რაჲთა ყოველი კაცი თჳსისა ნათესავისა ენასა ზედა მიუთხრობდეს საღმრთოსა დიდებასა შენსა და არა თანა-აღერეოდეს სხუათა ენათა, ერთ-ენა ქმნად, მსახურებად ბოროტისა მის პირველისა, რომელმან ტომად-ტომადსა ნათესავსა კეთილ-განსაგებელად განუწესენ მეფენი და მთავარნი, ჴელმწიფენი და წინა-მჯდომარენი, მოურავნი და განმგენი, რაჲთა სცვიდენ და იურვიდენ შენ მიერ მომადლებულითა ენითა მეტყუელსა ერსა და ტომსა, რწმუნებულსა მათდამი, და აღაორძინებდენ და განამდიდრებდენ ამას ყოვლითავე სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა, და განამტკიცებდენ საზღვართა მისთა, რაჲთა არა დასადრგუნველ იქმნეს მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და ჟამსა ზოგადისა შეჭირვებისასა ზედა-ადგენ ჭირვეულთა და ჴელის-აღუპყრობელთა და ძჳრ-ხილულთა, შენ, აწცა, უფალო, მოიხილე მოწყალითა თუალითა შენ მიერ დანერგულსა ვენახსა – ნათესავსა ამას ზედა ჩუენ ქართველთასა, რომელი ძლიერებისა მარჯუენისა შენისაჲთა აღმომორჩებულ არს გარემო საყოფელთა კედარისთა, აღსაარებად სახელსა შენსა წმიდასა და თაყუანისცემად საღმრთოთა სიწმიდეთა შენთა, და აწცა სათნო-იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად მათდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულისა და საღმრთოჲსა გულისხმისყოფისაჲთა, და მოჰმადლენ მათ განმგებელად და მმართებელად მწყემსნი და ჴელმწიფენი ბრძენნი და სახიერნი, რაჲთა არცა ერთი ცხოვარი სამწყსოჲსა თჳსისანი წარწყმიდონ, არამედ იღუწიდენ და ჰფარვიდენ და წარუმართებდენ მათ და კეთილად იპყრობდენ ყოველთა ქუეყანათა მისთა, და მკლავისა შენისა ძლიერებითა შეჰმუსრნენ ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, მომავალნი აღმოფხურად ენისა და ერისა ჩუენისა საყოფელთაგან მისთა, და მოჰმადლენ ძლევაჲ უხილავთაცა მტერთა ზედა და ჴელმწიფებათა ბნელისათა, რაჲთა წინამძღურებითა მათითა შენ მიერ მოგებულმან ერმან საზეპურომან დაიმკჳდროს საუკუნო სუფევაჲ შენ-მიერი და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა შინა მოუკლებელითა დიდებისმეტყუელებითა გაკურთხევდეს, გაქებდეს და გიგალობდეს შენ, ქველისმოქმედსა მაგას სულთა ჩუენთასა, მხოლოდშობილისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და საუკუნეთა შინა საუკუნეთასა, ამენ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
წმიდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზი (+342) ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
წმიდა მოციქულთა სწორი ნინო (IV)

ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, საკვირველთმოქმედი გიორგი (+303)

ტროპარი: ტყევთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
წმიდა დიდმოწამე ბარბარე (+306) ტროპარი:

ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 18 posts ] 
ლოცვები მოკლე განმარტებებით
დესპანი