|
მოყვარე რომ მოყვარეს წაეჩხუბოს, ისეთი სიტყვა არ უნდა უთხრას, რომ შერიგების დროს ნათქვამის შერცხვესო. მოყვარეს და მოყვრის შუა აბრეშუმის ძაფია გაბმული, მტერსა და მტერს შუა - ბაწარიო. მოყვარეს ვაშლი დაუმსხალე, მტერს მსხალიო. მოყვარეს მოყვრული უნდა, მტერს - მტრულიო. მოყვარსა უაუგოსა თუ ეძებ, მარტო დარჩები. მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიღონა. მოჩქარეს მოუგვიანდესო. მოცდა კლიტეა კარისა, უნჯისა სახარჯავისა. მოციქულის მოციქული მატრაკვეცააო. მოცლილი თხილამურია*. მოცლილი კაცი კურდღელს ურმითა სდევსო. მოწადინება - ნახევარი საქმეაო. მოწანწალე ტურასაო ერთხელ გაუთენდებაო. მოხარშულ ქათამს, ქვაბიდან ამოღებისას მარტო მღდვლის ცოლმა მოასწრო დროზე მარილიო. მოხველი, მოსვლა გვიამა, დანახვა შენი პირისა. მოხუცმა სთქვა: რაც მიყვარდა, ის შემძულდაო. მოჯამაგირეს ან პურის კიდობანი უნდა ჰქონდეს ღია, ან არ დადგებაო. მრჩოლელ საქონელს ღმერთი რქას არ მისცემს. მრჩოლელს უკნიდან მოუარე, და მწიხლავს - წინიდანაო. მსგავსი მსგავსა ჰშობს. მსუქანს ყელი გაიგებს, მძიმეს - ხელი. მსხალი პანტას დაადარა. მსხვერპლს აღარ ეთქმის მსხვერპლის სახელი, ოდეს ყოყმანი დაეუფლება. მსხვილ-მსხვილი მენაფოტე მალ-მალ გარბოდა ტყეშია. მსხვილად დამრთავს და წვრილად დამრთავს ერთი ფასი ჰქონდაო. მტერი თუ არ მოკვდებაო, გული ხომ გაუსკდებაო. მტერი კაცსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს. მტერი მოყვრულად მოგექცეს - მოერიდე, თუ მოყვარე მტრულად - შეიყვარე. მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია. მტერი რომ არ გყავდეს, თუ ვინმეს დაპირებულს არ აუსრულებ, მტრად გაიხდიო. მტერი, რომ არ გყავდეს, პირობის გატეხით მტერს ნუ გაიჩენო. მტერმა მტრის ამბავი არ იცის, თორემ რომ იცოდეს, იმასთან ბრძოლა არ გაუძნელდებოდა. მტერს გობითო, მოყვარეს - კოვზითო. მტერს მისი სიმშვიდით ნისკარტი მოსჭრესო. მტერს ხელი ნუ გიკიდნია, მოყვარეს მოეჭიდეო. მტერს - ხმალი, ვაჭარს - თეთრი, წისქვილს - წყალი, გუთანს - ხარი. მტერს ჯოხითაო, მოყვარეს - ბოხჩითაო. მტერსა მტრობა რად ეძრახვის, თუ მოყვარე მტერსა ჰგავდეს? მტერსა შენსა ულოცვიდეო. მტრისა შინა ყოლასა, ლომისა გზასა წოლა სჯობიანო. მტრობა და მეგობრობა ძმები არიან. მტყუანმა ცოლი იმოწმაო. მუდამ რომ ბზუის ფუტკარი, თაფლი მიტომ აქვს ტკბილიო. მუზმუზელას ქვეშ ცხრა მაშხალა ანთიაო. მუკუზანი - ოცი კომლი, ოცდახუთი მოურავი. მულის ტყავი გადმოვარდა - ცხრა რძალი დაიტანაო. მუმლი მითხარ, მუმლის ფრთები, იმის გადავლილი მთები. მუმლო, ფასკუნჯის ალაგი საფრენად რისთვის გწადიან? მუნიანი ცხენი მუნიან ცხენს მონახავსო. მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო. მუნჯის შვილი მარტო ჭრი-ჭრის იძახდაო. მუნჯმა რომ \"ბა\" დაიძახოს - მეტი რაღა გინდაო. მუნჯს ნუ აალაპარაკებ, თორემ ენიანთან უენოს გაგხდისო. მუსულმანმა ერთი ჭიქა ღვინო ნეხვს დაასხა - ააყვავოსო, ყვავმა დალიოს და - ბულბულად იქცესო. მუქთ კუბოში ჩაწვება. მუქთად პურს არავინ აჭმევს, ბანს მაინც დაატკეპნინებს. მუქთი ძმარი შაქარზე უტკბილესიაო. მუშამ იჯავროს სიგრძე დღისა და სიცხე მზისა. მუშას საჭმელი, არა მუშას - არაფერი. მუშკი და სიყვარული არ დაიმალებაო. მუცელი პურს უბრძანებდა: მშიან გვერდით ამომიჯექ. პურმა უთხრა, მაძღარი ვარ, გავიქცევი, გამომიდექ. მუცელი ღმერთად გაუხდიაო. მუცელს აქორებ - ქორია, აღორებ - ღორიაო. მუცელს თუ აჰყე, ხეზე გაგიყვანსო. მუცლის ტკივილის წამალი, ტკივილის დროს მონახე. მქნელი იყო, კარს უკან დაიმალებოდიო. მღვდელი და ექიმი ერთიაო. მღვდელი თუ გაკრიჭო, კარგად გაკრიჭე. მღვდელი რომ წირვას დაიწყებს, მოლოზანს მაშინ მოუნდება ბერტყაო. მღვდელი ჰკითხავდა ერთ კაცს: აღდგომა როდის არისო? მღვდელო, მე რომ შენ ჯიბეში ლობიოსა ვხედავ, აღდგომა თავის დღეში არ მოვაო (ერთმა მღვდელმა ზეპირი თვლა არ იცოდა, დიდმარხვა დადგა თუ არა, დაითვალა ორმოცდა ცხრა ლობიო და ჯიბეში ჩაიყარა. ყოველდღე თითო თითოს აკლებდა ხოლმე. როცა ვინმე ჰკითხავდა, აღდგომა როდის მოვაო, ამოიღებდა ჯიბიდან დანარჩენ ლობიოს, დაითვლიდა და იტყოდა: ამდენი დღის შემდეგაო. ერთხელ ცოლი მიეპარა და ერთი მუჭი ლობიო ჩაუყარა ჯიბეში. მეორე დღეს მრევლი ეკითხება: აღდგომა როდის მოვაო? მღდელმა ითვალა, ითვალა და ვერ დაითვალა ლობიო. შემკითხავმა უპასუხა: მღვდელო, მე რომ შენს ჯიბეში ლობიოსა ვხედავ, აღდგომა თავის დღეში არ მოვაო). მღვდელმა სთქვა, დიაკვანს პური ჰშიაო. მღვდელმა უძაღლო სოფელი ნახა, უჯოხოდ გაიარა. მღვდელს არ უჯეროდნენ და ძაღლს დაუჯერესო (მღვდელმა სთქვა, წვიმსო და არ დაუჯერეს; ძაღლი გაწუწული მოვიდა და დაიჯერეს). მღვდელს პური შიოდა, დიაკვანს - კიდევ უფროო. მღვდელს ჰკითხეს: ქალი გირჩევნია, ქადა, ქათამი თუ ღვინოო? მღვდელმა უპასუხა: ქალმა ქათამი და ქადა მარანში შემოიტანოსო. მღვდლობა მომეც ქვაზე შემსვი, თუ ვერ ვიცხოვრო, ქვის ქვეშ შემსვი. მშვენიერი ხარ ხოხობო, ბოლო რომ გამოგიჩნდება. მშია, მშია, კატა მქვია, რომ გავძღები - როსტომ მქვია. მშიერ დათვს რა ათამაშებს? მშიერი დამლულს (დამშეულს) უბეს უსინჯავსო (ხევს.). მშიერი პურსა აქებდა, უმსა და უმარილოსა. მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო. მშიერს ნამცეცები ვერ გააძღებს. მშრალზე ყოჩაღია. მცირე სოფელში გზირი ხშირად მიდისო. მცონარა ადგა - სახლი დაწვა. მცონარა უქმის ძალზე გახელდებაო. მცხეთას ძაღლმა კაცი დაგლიჯა და ქალაქს მოეკლათო. მძინარეს გველიც ვერ უკბენს. მწარე თუ არა სჭამე, ტკბილის გემოს ვერ გაიგებ. მწევარი რომ კურდღელს მისდევს, კურდღელი ვიღას მისდევსო? - სიკვდილს გაურბისო (თქმა). მწვადი ისე შესწვი, არც მწვადი დასწვა არც შამფური. მწიფე მსხალი ღორსო, მკვახე - მოლოზანსო. მწიფე პანტა ღორისააო. მწიფეს ესროდენ, მკუხე ცვიოდა. მწოლარე დევს, მაწანწალა მელამ აჯობაო. მწყერს ერთხელ ეღირსა ხეზე შეჯდომა და ტოტი მოუტყდაო. მწყერს ხეზე შეჯდომა უმძიმდა, შეჯდა და ქარი აუტყდა. მწყურვალ ეშმაკს წყალზე ჩაიყვანს, არ ასმევს, ისე ამოიყვანს. მჭადი იყიდე ასკანაში, ღვინო - აკეთში, ხარი - სუფსაშიო. მჭადი ჭამამდის, ფაფა კარამდის, პური მთის გადასვლამდე. მჭადმა სთქვა: \"ოცდაოთხი კელევერი მაქვსო\" (გურ.). მჭადში ნახშირს ვერ გამოარჩევს. მჭამელი და არა მქნელი. მჭედელს დანა ენატრებოდა და ფეიქარს ხელსახოციო.
ნაადრევი შვილი - პატრონსა, ნაგვიანევი - ბატონსა. ნაარმი არ გამოდგებაო. ნაბიჭვარსაც მონათვლა უნდაო. ნაბოზარ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო. ნაგავზე ამოსული სოკო დიდი გაიზრდება, მაგრამ მალე წაიქცევა. ნაგვალევსა ჩასცინოდა. ნაგიჟარს წარსული სიგიჟე არ მოაგონო, თორემ კიდევ გაგიჟდებაო. ნადიკვარზე რომ დააცემინო, ზუზუმბორზე ხეირს გეტყვიანო. ნავსის ნაშენ ხიდზე გავლას, წყალმა წამიღოს სჯობიანო. ნავში მჯდომი მენავეს ეჩხუბებოდაო. ნავში ჯდომა და მენავესთან ბრძოლა არ შეიძლებაო. ნათლიდედამ ჩაუხალა ერბო კვერცხი სვინასაო. ყმაწვილს უთხრა: ხიხიაა, მსურს მივართვა ფინასაო. ნათლიავ კოჭლი ცხენით მოვედი და ვერა მოგიტანერაო. - ვერც არას აქედან წაიღებ შენი კოჭლი ცხენითაო. ნათლიავ, შენსას ჩემი მირჩევნიაო, სხვისას შენიო. ნათლიდედის სილამაზე არ არგია სვინასაო, კაცი უნდა უყურებდეს, გადებულ ხიდს წინასაო. ნათლიმამა და სვინაო - ორთავე შეარცხვინაო. ნათლულს ნათლიას სამსახური არ მოსწყინდებაო. ნათქვამია: ვერას ავნებს სიპსა ქვასა ქაცვის წვერიო. ნათხოვარი ათხოვე და სული აცხონე. ნათხოვარი მოგიხდება, ისევ მალე გაგეხდება. ნათხოვარის გამნათხოვრებელი ბრიყვზე უბრიყვესიაო. ნამოყვრი ჭირი ძნელი არისო. ნამუსი არ არის, მეფის ირაკლის სიტყვა აღარ იციო? - ასე ეტყვის ჩერქეზი ჩერქეზს, როდესაც ის შეებაასება რაზედმე და ვერ დააჯერებს. ნართვლევს კოლოტი (რუმბი) შარას ათრიე - ვის რათ უნდაო. ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია. ნატეხს - მოსტეხიანო. ნაფოტის ცქერას ძაღლის ფინთის ცქერა სჯობსო. ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა. ნაღვარევსა ჩასტიროდე, ნაგვალევსა ჩასცინოდე. ნაღველსა შაქრის გემო არასოდეს მიეცემა. ნაყიდს გემო არა აქვსო. ნაცარი იყიდე დიდი გორისა. ნაცარქექია კერის ძირში გახელდაო. ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო. ნაწვენი შემოდგომისა, ნაბარი გაზაფხულისა. ნახევარი შენი ნამოქმედარი, კაცმა \"არამგონიასთვის\" უნდა შეინახოსო. ნახნავი ისეთი უნდა, თვალი ვერ გადაგიწვდესო, გაკეთებულსა ვენახსა ხალიჩა გადაგიწვდესო. ნემსი ჯერ შენ იტაკე და მერე სხვას ატაკეო. ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო. ნემსის ქურდობას, აქლემის ქურდობა სჯობიან. ნემსს, მახათს, მღიჯი არ შემოეკვრის. ნემსში მახათს გამოიყვანსო. ნეტა თხა იყოს, წყვილი მოიგოს. ნეტავი აგურის ნატეხი ლალსა რად შეუდარენით. ნეტავი იმას ვინც მოითმენს, ვაი იმას ვინც ვერა. ნეტავი სიამოვნება მომცა და თუნდ ნაცარი მაფშრუკინაო (ცოლქმარი). ნეტარ შენ ყვავო, დარდი არა გაქვს! - როგორ არა მაქვს! თავი მელამაზება, ცოლი მეჩირქინება, გვერდით რომ მომიჯდება, გული ამომიჯდება, სიცოცხლე მიმწარდება. ნეხვს რამდენსაც გაჰქექ, იმდენი აყროლდებაო. ნიახურმა სთქვა: \"ვაი კბილს, ნეტა მუცელსო\"! ნიკორა გაატყავეს, რატომ დედა არა გყავსო? ნინიავ, ქალაქს მიდიოდი, რა წაიღე, რა მოგქონდაო? ნიორი და ხახვი წაიჩხუბნენ: არა, შენ უფრო ყარხარ და არა შენაო. ბოლოს თითონვე სთქვეს: ჩვენ უფრო ვაყროლებთ ჩვენის ჩხუბით ერთმანეთსო და შერიგდნენ. ნიორი კაცს სძულდა, - ცხვირში სტენიდენო. ნიორის ნაყვა ხაშს მოუხდებაო. ნიორმა რომ პირი დაგწვას, მაშინვე აყროლდებიო. ნიორმა ძმარშიაც კი სამი წელი შეინახა თავის სიმყრალე. ნიორს უთქვამს: ვაი იმ პირსა, საიდანაც მე ჩავალო და ნეტავი იმ მუცელსა, სადაც მე ვიქნებიო. ნისია - სხვისია. ნისიად ნაყიდი ღვინო ორჯერ ათრობსო. ნუ აფურთხებ წყაროში, თორემ კიდევ მოგწყურდებაო. ნუ აჰყვები მაცდურსა, იგი თვითვე მცდარია. ნუ გამიყვან სამართალში. ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა. ნუ დამძრახონ და ნუ შემიბრალონო. ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო. ვინც დასცინის სხვასაო, მოიბრიყვებს თავსაო. ნუ დაუყრი ღორს მარგალიტს. ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა. ნუ ენდობი მოსულსაო, ქალს დაგიტოვს ორსულსაო. ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია. ნუ ერწმუნები შენს ღვიძლსა ძმასა, ერწმუნე მხოლოდ შენს თვალსა. ნუ ენდობი მოგატყუებს, ისარს გესვრის, მშვილდს მალავსა. ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო. ნუ მიენდობი ოქროსა, ნურც ხმალსა და ნურც ვერცხლსა, კარგს რჩევას თავი დაუკარ, არ ნახავ რცხვენისა ცეცხლსა. ნუ მისდევ ლამაზ პეპელას, გაგიფრინდება, წაგივა, არც არას ხორცი გიხორცებს, არც ტყავი ტყავად გაგივა. ნუ მპირდები ცაში წეროს, ხელში მომეც ბეღურაო. ნუ სძღები სხვისა რძითა, ნუ იმოსები სხვისა მატყლითა. ნუგეში თავმოჭრილ მკვდარსაც ეთქმისო. ნურა გინდა ეშმაკისა, ნურც ეშმაკი და ნურც ნაეშმაკარაო. ნურც ეშმაკს დაინახავ, ნურც პირჯვარს დაიწერო. ნურც ისე ტუტუცი იქნები, რომ თავი დააჩაგრინო და ნურც ისე ურცხვი, რომ თავი ჩამოახრჩობინო. ნურც იფიცებ, ნურც აფიცებ. ნურც მგელი მშიერი, და ნურც ბატონის ზიანიო. ო, რა მაისის ორშაბათი გამიცდაო! (გლეხი ყანასა თოხნიდა, ამ დროს მეზობელმა ცოლის სიკვდილის ამბავი მოუტანა. გლეხმა ხელიდან თოხი დააგდო და სთქვა: \"ო, რა მაისის ორშაბათი გამიცდაო!\"). ობლის კვერი ნაცრიანია. ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი - გამდიდრებასო. ობოლი დიდგული რომ არ იყოს, არ შეიძლებაო. ობოლი თუ ნახო სადმე, ღელეში ჩააღრჩვეო. ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო. ობოლს კვერი ემცირებოდა, ისიც შუა გაეყო. ობოლსა ჰკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო. ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო. ოთოთაანთ ქორს უთხრეს (დაცინვით): ჰკარ შინაურსა, თორემ არეული სად წაგივაო (ამ ქორს მინდორში ხოხობს მიუსევდენ, შინ მოვიდოდა და ქათამს ეძგერებოდა). ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს. ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო. ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო. ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო. ორაგული თუ გინდოდესო, ტანიც სველი გინდოდესო. ორბსა ჰკითხეს: რატომ არა ჰფრინავო - ფრთები დამაჭრეს და როგორღა ვიფრინოვო. ორ ბავშვს შუა ძიძა დაიღრჩოვო. ორ ძაღლს ლომის გაქცევაც შეუძლია. ორგულად კაცი პირში მცინარი, არის მტერზე დაუძინარი. ორდღეი სოფელია, ჩვენთვის ყველა ოხერია. ორთითი და ფიწალი, მე ვეღარას ვისწავლი, გამიშვით შინ წავიდე, ოროველას ვისწავლი. ორი ბატონის ყმა ვიყავ, - ხან ერთი მცემდა და ხან მეორე. ორი თავგატეხილი კოდალა ერთმანეთს შესჩიოდაო. ორი კაპეიკი ჩემთვის კარგი მწვანილიაო. ორი კაცი ერთ კაცზე - ლაშქარია. ორი კაცი რომ გეტყვის \"მთვრალი ხარო\", უნდა დაიჯერო. ორი კაცი სოფელია. ორი პურაძვირი კაცი - ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო. ორი სახლი და ერთი ბოძი. ორი ქაჩალი სავარცხლისათვის წაიკიდა. ორი ქოთანი მივადგი ყურიანი და უყურო, ორივ ერთ ბარში გამოდის ფულიანი და უფულო. ორი ყოჩის თავი - ერთ ქვაბში ვერ მოიხარშებაო. ორი შაური მუშასა - მის დღეში არა უშავს-რა. ორი შაურის მუშამა აჯობა მანეთიანსა. ორი ჯამბაზი ერთ თოკზე ვერ ითამაშებს. ორმა კაცმა რომ გითხრას ბრმა ხარო, თვალებზე ხელები დაიფარე და გამობრუნდი. ორმოს სუნი ბადიმს ეცაო. ორმოში დამალულ კაცს კატაც ვერ დასჭყავლებს, მაგრამ ხეზე გასულს ძაღლებიც უყეფენო. ორმოში დამპალი თოკით არ ჩაისვლებაო. ორნი ძმანი ქორწილშიაც არ წავლენ. ორს მომისხი ჰქვიან, ერთს მომგვარე. ორშაბათი რომ გიცდებოდეს, მუცელი მაინც გიძღებოდესო. ორშაბათმა დამაშამათა, სამშაბათმა მათამაშა. ორშაბათს ტანის დამბანი, სამოთხის კარს ვერ იხილავს. ოსმა ასი წლის მერე სისხლი აიღო და კიდევ ამბობდა: რა მეჩქარებოდაო. ოსმა მოსაპარი რომ ვერა ნახა რა, თავისი ქუდი დასდო და ის მოიპარაო. ოსტატი მელა ორთავე ფეხით გაებმება მახეში. ოფიტარას (ლეჩხ. სოფელი) ოცი გლეხი, ოცდა ხუთი ხელოსანი. ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო. ოქრო უხელოა, მაგრამ ყველაფერს აკეთებს. ოქროს მჭედელმა - ოქროს ანგარიშიც იცისო. ოქროს ქალამანი რომ გეცვას, მაინც ქალამანიაო. ოცდა ათი წლის შემდეგ, ვინც ჩონგურზე დაკვრას დაიწყებს, საიქიოს გამოადგება. ოცდა ხუთსა იანვარსა კლიმია სხლავდა ვენახსა. ოცსა ენკენისთვესა ზოგი თესლი უნდა ჩადიოდეს, ზოგი ამოდიოდეს. ოხერს ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიან. ოჯახი გაქებს, ოჯახი გაგინებს. ოჯახი და ორი კაცი, თუ გაჭირდა სამი კაცი, თუ მეოთხეც მოემატა, მასპინძელო, კარში გადი! ოჯახი მსუქანიაო. ოჯახი რომ გაუბედურდება, სახლი - უარესადაო. ოჯახის სიმდიდრე იმით გაიგება, თუ კატა და ძაღლი მსუქანიაო; სოფლის სიმდიდრე იმით იცნობება, თუ იმ სოფლის მამასახლისი და მისი ცხენი მსუქანიაო. ოჯახობა ვისიაო? ვინც მოუვლის მისიაო. პაატავ, ბანი სთქვიო, - ქუსლი მტკივა, ბატონოო! პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია. პატა-პატო, პატით კვერი გამოცხვაო. პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო. პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა. პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო. პატარა კაცმა დიდი გორი გადიარაო. პატარა კაცს გული ყელში უჩრია. პატარა საგზალი გინდ ზურგით, გინდ მუცლითო. პატარა სიტყვა - ლაპარაკში გაიზრდებაო. პატარა ტოროლა დიდ ტოროლას ერეოდა. პატარძალი სტყუოდა (მარცხი მოუვიდა), მაყრებს უწყრებოდაო. პატარძალი ტყუოდაო, ისევ თვითონ ბუოდაო. პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო. პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა, ბაგა მრუდეაო. პატარძალო პატარაო, წყალს მოიტან სხვას არაო, დაჯდები კერის ძირშია, ატანტარებ ენას ძირშია, სულ გამხდარხარ მასხარაო. პატივმა სთქვა: ერთსა ორად კი ვერ გავხდი და ორს კი დავამჯობინებო. პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო. პატივისცემა კარგ კაცისთვის პატივია და ავკაცისთვის - პატიჟი. პატრონი ჩიოდა წანაღებს და მგელი დანაგდებსა. პატრონისა სამსახური არასოდეს არ წახდება. პაწა ძღვენო, სად მიხვალო? - საიდანაც დიდი მოვედიო. პირდაპირ არის ღომზე მარილი. პირველი ბედი ბედია, მეორე მოგონებაა, მესამე - ვირზე ჯდომაა, მეოთხე - გაჭენებაა. პირველი მოგება ეშმაკისაა. პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო. პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა - ძმობაა. პირველი სამოსახლო წყალიაო. პირველი სისხლი უბოროტო ქვეყანაზე კაცმა კაცისა დაღვარაო. პირველი ხელი ეშმაკისაა (ქაღალდის თამაშის წაგების დროს იტყვიან). პირი ღრინს არ მიშვრებაო. პირობა კაცს ცოლს წაართმევსო. პირს მუწუკიც მოერიდება. პირუტყვიც სულიერია (უწყალოდ ცემის დროს იტყვიან). პირში დუმა, ყელში დანა (უკან დანა). პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია. პრანჭია ქალი ვერ გათხოვდაო. პურადი კაცის სასწორი მუდამ წონაში მეტიაო. პურა-ძვირი გულკეთილი არ იქნება. პურა-ძვირი თუ გამხიარულდა, ბედოვლათს გადააჭარბებსო. პურა-ძვირი კაცის მარილი, მეტი წავაო. პური და ღვინო გვალვისაო. პური და ღვინო სტუმარსა, წავა შინ, მოაგონდებაო. პური და ღვინო ძველი სჯობს, ტანისამოსი - ახალი. პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი - ახალიო. პური კლდეს, ღვინო ბოგასა, თვეზი მე მთხოვს ტობასა, თუ გინდა ვაშლი წითელი, გაღმა-გამოღმა წყორძასა თუ გინდა ქალი ლამაზი - ან ფუღა, ან ახტალასა*. პური მეპურეს გამოაცხობინე, ერთი მეტი მიეციო. პურმა სთქვა: მე პირს არ მოვძებნი, თუ თვითონ არ მეძებაო. პურმარილი ქვაზე დასდევ, გამოივლი, იქ დაგხვდება. პურმარილის შენახვა, ქვამაც იცის. პურმარილს ნურც ფეხს ამოჰკრავ, ნურც გაექცევი. პურს გაჭმევ, ბალახს ხომ არ გაძოვებ? პურს პურით გაჭმევო. ჟამის ჭირი ყველას საძულველია. ჟამის ჭირის შეყრას ჯობია, ავი ცოლქმრის შეყრაო. ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო. ჟივჟივი ჩიტებისა კაცს გულს გაუწვრილებს, მერცხლების ჭიკჭიკი კაცს გულს გაუხალისებს. ჟივჟავის ჟლეტა კაცს მოსწყინდება და არა თუ მარტო მტრისაო. ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში. ჟინიანობა და სიმხეცე ორივე ერთია. რა ბუზიცა ბზუის, ყველა თაფლს კი არ აკეთებსო. რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა. რა გინდ მომცეთ, რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ნაბადი. რა გინდა რომ კაცმა მალოს, ჭირმა თავი არ დამალოს. რა დღეს მზე არ ანათებს, ის დღე ღამის დარია. რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო. რა თვალიც გატყუებს, იგი თვალი დაივსოსო. რა კაცი ხარ, რა ოჯახი გაქვს? ერთი ქათამი გყავს, დაგიკრუხდება - დაგიმარხვდება, მოიქცევა და გაგიხსნილდება. რა მთის იმედიც გქონდეს, იმ მთამ დაგღუპოსო. რა ოთოთაანთ ქორსავით დააცხრები ხოლმე. რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა. რა ურემი შეშას ვერ მოიტანს - შეშად იქცევა ის ურემი. რა ქალს წამოსდებს ენაო? რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო. რა ქნას, რომ არა სტიროდეს შავი და ბნელი ქალია, პირდაპირ ჩამოსჯდომია სიკვდილისფერი ქმარია. რა ციხის იმედი გქონდეს, იგი ციხე დაიქცესო. რა წევს, რა კვნესისო. რა ჰქნას კარგმა მონარდემა, თუ დუშაში არ მოუვა. რად კითხულობ, ვისი გამომცხვარია ეს პური? გინდა ურიისა იყოს, თუ გემრიელია სჭამეო. რად მინდა ის თავი მებას, რომ ქვეყნის სასაცილო ვიყოო (მესხ.). რად მინდა ოქროს ლაკანი, შიგ სისხლი ჩამოდიოდეს?! რამაც გაგაჩინა, იმან დაგარჩინა. რამაც დაჰბადა თხაო, იმან დაუგრიხა რქაო. რას მატყუებ სარქისაო, აგრემც ღმერთი გაგზრდისაო. რასაც გაასესხებ, იმას ჩაისესხებ. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები. რასაც ვირი ეწეოდა, ორ იმდენს მისი პატრონი. რასაც იტყვის მეგრელიო, ხელთ არა აქვს იმდენიო. რასაც კბილს დაადგამენ, აყროლდებაო. რასაც მოიგებ, ბოლოს გაიგებ. რასაც სხვისთვის მოინდომებ, შენ თავს გადაგხდებაო. რაღა მორჩა - შუა ტყავებაშიაო. რაც ალხანაო, ის ჩალხანაო. რაც არ გეგონოს, იგი მოხდებოდესო. რაც არ ვშობე - შვილი არ იყო, რაც არ გავზარდე - ყმა. რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო. რაც არ მომიხდება, არ წამიხდებაო. რაც გატკენს, ის მოგარჩენს. რაც გაუვლია დრო ხანთა, ვერ მოეწევი რბენითა. რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდეს. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. რაც ვირი ვიყიდე, ყველა მოშლილი გამომადგაო. რაც თხამ უქნა თრიმლსაო, უქნა თრიმლმა თხის ტყავს. რაც იქროლებს, იმდენს არ ითოვებს. რაც კაცი არა საქმეში არ გესინჯოს, არ გეცადოს, ხვაშიადსა ნუ გაანდობ, რა გინდ მრავალს შეგეცადოს. რაც კაცმა თავის თავს უყო, ქვეყანა მიადგა და იმან ვერ უყო. რაც კაცს ეჯავრება, ღორს ის ეამება. რაც მამა - ის შვილი. რაც მგელმა ცხვარს დააკლო, რაც არა, - მწყემსმა უარესი ქნაო. რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო. რაც მოხდება, ხალხს გადახდება. რაც რომ ავი საქმე ვქენი, ყველა თავზე დამიბრუნდა: ორმო ვთხარე, თვით ჩავვარდი, დამეყარა ქვა და გუნდა. რაც სახელია, ის სახრავი არ არის. რაც სელის დათესვაზე ითქვა, ის ითქვა მოგლეჯაზედაცო. რაც უნდა ჰქნას თვალმა, წარბს ზევით ვერ წავაო. რაც უქნია პაპაშენსა, ნურც შენ დახევ მარმაშებსა. რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო. რაც შევჭამე ის შემრჩა, რაც არა, იქ დამრჩაო. რაც შევჭამე, მე დავგანძეო, რაც არა და - დავკარგეო. რაც ცასა ჰფარავდაო, ქვეყანასა აქცევდაო. რბილად დამიგეს, ხმელად მეძინაო. რგვა და მოყვანა ხილნარს აშენებს, შვილების დაზრდა კაცსა ამშვენებს. რეგვენ კაცს ჭკუა თვალში აქვს. რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია. რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსო. რეგვენმა შვილი დაახრჩო - დაჯდა და იტირაო. რთველში ძაღლსაც მოხსნიან კონკილას. რისა ცნობაც არ იყოო, მისი ფასიც არ იყოო. რკინა იწრთობა ცეცხლითა, კაცი კი გაჭირვებითა. რკინა რკინით დაიჭრება, კაცი - კაცითაო. რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო. როგორ დამიტაშდები, ისე დაგითამაშდები. როგორი ალაგია, იმისთანა ალაბიაო (ებრაელი ჩერქეზმა დაიჭირა, ჯოხი მისცა, ფართალი ამით ამიზომეო, ჩემი ალაბი ეს არისო. ებრაელმა მიუზომა და სთქვა: როგორიც ალაგია - იმისთანა ალაბიაო). როგორი მოდიო? (პატარძალი) - როგორიც დამხვდი - იმისთანაო. როგორი ოქროს საციქველა ხარო, რომ არ გვათხუებო. როგორიც არი ქარხანაო, ისეთი ხარ თარხანაო. როგორც ახალ ტანისამოსს გაუფრთხილდები, ისე გაუფრთხილდი სიახალგაზრდავეს. როგორც გამთხოვი, ისე მომყვანი. როგორც დაიგებ, ისე მოისვენებ. როგორც ვიგემე, ეგრეთაც ვიგვემე. როგორც თვალი შორსაო, ისე გული შორსაო. როგორც პატრონმა გიბრძანოს, ვირი ისე დააბიო. როგორც ძუნწი ოქროთი ვერ გაძღება, ისე სწავლის მწყურვალი - სწავლითაო. როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო. რომელ თვალმაც მოგატყუოს - მოთხარე, გადააგდეო. რომელ თითსაც მოვიჭრი, ყველა მეტკინება. რომელ კაცთანაც ჩხუბი ჩქარ-ჩქარა მოგდის, მას არც უნდა შეურიგდე: ისევ ჩქარა წაგეჩხუბებაო. რომელ კაცსაც ღმერთი წყალობს, ერთიც არ დაუკვნესია. რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო. რომელი ძაღლიც არა ჰკბენს, შორიდან იყეფებაო. რომელი წყალიც დამახრჩობს - ის ჩემთვის ოკეანეა. რომელი ხარიც ვიყიდე, ყველა ფაღარათი გამომადგაო. რომში პაპა ვერ ვნახე და ტფილისში - აბანოვო. როსტომ სთქვა: დედაკაცისა ჭკუა არ მექებისა (არ მეკეთებისა). ცხრა ნაწნავ ჯაჭვით დავაბა, ასწყვეტს და გაიქცევისა (როსტომ დიდი გმირი ყოფილა. სიძლიერით მიწასაც კი უზანზარებია და ცოლის ენას კი მოუტეხნია. როსტომზე ზღაპრებიც არის). როცა არის, ეს თხა მგელის პურიაო. როცა არისო - თხა მგელი არისო. როცა გაძლევენ გამოართვი, როცა გთხოვენ გაეციო. როცა დაგცხება, გაგრილებ, როცა შეგცივა გათბობო. როცა დავკაცდი, ჭკვას მაშინ ავცდი. როცა დაიღალო, მაშინ მიწა ჰყარეო. როცა ვნახავ ალოსაო, მაშინ გავლეწ კალოსაო. როცა ორნი რჯულს განუდგებიან, ერთი სულს განუდგება. როცა პური არ არის, ეს თხა მგელის პურიაო. როცა პურიც ენატრებათ, მწვადზე არ ბაასობენო. როცა შენ სასწავლებელში მიდიოდი, მე ნასწავლი მოვდიოდიო. როცა შენი არ იხარჯვის, სხვისა ლხინსა რა სჯობია? როცა ჩაჰკრა ცოლმა ქვასა, მაშინ ჩახვდა გულის ხმასა. როცა ცოდნით ავსრულდებით, სიტკბოებით დავბერდებით. როცა ჯოხი არა გაქვს, ძაღლს ლუკმა გადაუგდეო. რუისელმა გოგომ სთქვა, თუ ქარელში გამათხოვებენ ხომ კარგი, თუ არა და - ე ურბინისი ხომ აქ არისო. რძალ-დედამთილის ჯიბრითა - სახლი აივსო ნაგვითა. რძალს უთხრეს: \"დედამთილი გემდურისო\" და \"რაზედ მემდურის ის ქოფაკიო\" - \"აი სწორედ ე მაგაზედაო.\" რძალსა და დედამთილს შუა ჩურჩხელა დაიკარგა. რძლის ტყავი ჩამოვარდა, არავინ დაიტანა, მულის ჩამოვარდა - ცხრა რძალი დაიტანა. რწყავს მრწყველი და ჰხედავს ღმერთიო. რწყილს დააწვენს და აქლემს აშობინებს. რწყილს კამეჩად მოგაჩვენებს. რწყილს ნემსი ჰკრეს, მეტიც არ შეეძლოო. რწყილს ტყავს გახდის, რუმბად იხმარს. რწყილს შარშალი (ან ნესტარი) ჰკრეს და ჭირადაც ეყო და ლხინადაცაო. საბაძავი მკვდარი წაწყმენდილიაო. საბრალოს ერთი ფრჩხილი ჰქონდა, ისიც წავარდაო. საბუდარით ამოღებული კვერცხი სჯობს ნაყიდსაო. სად არის ქვეყანა, სად არის სამართალი?! სად ახმეტა, სად წილკანი? სად ბერი ცხენი და სად ჭრელი უნაგირიო. სად ბირი და სად ბირ-ბანდი, სად ნიავაზა ხუცესი. სად ერეკლე, სად თოროზაანთ თეკლე. სად ვკარ და სად გასქდაო (სად დაჰკრა და სად გახეთქაო). სად თხა სძოვს და სად ციკანი?! სად ხარ ღობე დაბალო? სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან. სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი. სადაც გავა-გავაო, თეძოც გავათ გავაო. სადაც გჭამს, იქ არა გფხანს, სადაც გფხანს, იქ არა გჭამსო. სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო. სადაც დედალი ხშირიო, იქანა კვერცხი ძვირიო. სადაც დიდი ამოეტევა, იქ პატარაც ამოეტევა. სადაც ლომის ტოტი ვეღარას სთესავს, მელიას კუდმა უნდა მოიმკასო. სადაც ოქრო იჭრება, ფასიც იქა სძევსო. სადაც სიყვარული არ არის, იქ არც სიხარულია. სადაც სიყვარული და მსჯელობა არის, იქ დარდი არ არის. სადაც ყოჩის თავი გაეტევა, ყოჩის ტანიც გაეტევაო. სადაც შევარდენი ბუდობს, მტრედი ვერ გაიხარებსო. სადაც შენა ხნავ, მე იქ არა ვთესავ. სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე. სადაც ძალა შევაო, სამართალი ბანიდან ავაო. სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო. სადილთ უკან ხილის ჭამა - აზნაურთა წესიაო. სადილს უკან ხილობაო, არის გვარიშვილობაო. სადუღარი ადუღდა, თავის თავი დაღუპა. სავაგლახოზე აიღე, სატიალოზე დააგდეო. სავსე ქვევრზე ბამბის ქულასაც არ დაახლიან. საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო. საითაც გავიქე, იქეთ წავიღე. საკოცნელი პირი საფურთხებლად რად გავიხადოო. სალათის გაკეთება ასე უნდა; პურადმა ზეთი დაასხას, პურაძვირმა ძმარი, ჭკვიანმა მარილი მოაყაროს და გიჟმა აურიოს. სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო. სამ დღემდისინ სამმა იცის, სამ დღეს იქით თემმა იცის. სამართალს ფული სჭრისო. სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო. სამი დღის გოჭი სამი დღის სავალზე წავაო. სამი დღის სიცოცხლისთვის ღაღანიძემ სამი თვის ლეკვი შეჭამა. სამოთხეს ლასტის კარები აქვს, ჯოჯოხეთს - ოქროსიო. სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს - დედ- -მამაო. სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო. სამჭედლო გადაიწვაო - და რაც იმას ბერვა ჰქონდა, ან რატომ აქამდის არ გადაიწვაო. სამხარი სადა ვჭამო და - ბრიყვთანაო. ვახშამიო? - თუ ვერ გაიგოს - ისიც იქვე ჭამეო. სამხედრო ძალაა - ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი - ცოდნა და ენა. სანაგვეზე ვარდი ამოვაო. სანამ ვიყავ, მტერი ვმუსრე, არა ვჭამე ჯავრი მისა. სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება - აღარ გამოაცხობს. სანამ მქონდა ფულები, ვჭამე მოხრაკულები; როცა გამომელია, ჩამოვყარე ყურები. სანამ მღვდელი ჩაიცვამს, ცაც შეიმოსება და სანამ გაიხდის, ცაც გადიყრისო. სანამ ყმაწვილი არ იტირებს, დედა ძუძუს არ მოაწოვებს. სანამ შეხვიდოდე, გამოსვლაზე იფიქრეო. სანამ წკნელი პატარაა, მანამ უნდა მოიგრიხოს. სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები. სანამ ჭკვიანი მოიფიქრებდა, გიჟმა შვილი კიდეც დაასახლა. სანამ ხმალი მოვიდოდა, ენამ სისხლი დაღვარაო. სანამდის გავსძლებ, ვისროლი, მერმე წყალ-გაღმა გავხტები (გურულმა ყაჩაღმა სთქვა: სანამდის გავსძლებ ვისროლი, თუ საქმე გასჭირდა, სათათრეთში გავალო). სანამდის წვერი გაქვს, ულვაშს ხელს ნუ ახლებო. სანახევრო მამული ან მგელსა ან მგელის შვილსა. სანახევრო ფეტვსა ან ჩიტი მოსჭამს ან ჭივჭავიო. სანთელი თავის წინ ვერ ანათებსო. სანთელი ქვეშ არ გაანათებსო. საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო. საპონი ვარცხლის თავ
|