|
როდესაც საქართველოდან უცხოეთში ახალგაზრდები სასწავლებლად მიდიან, მათი ქვეყნიდან წასვლის მთავარი არგუმენტი ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სწავლის დაბალი დონეა და შეუძლებელია არ დავეთანხმოთ მათ მოსაზრებებს. ეს ადამიანები თავიანთ გადაწყვეტილებას ძირითარად საქართველოში სწავლის დაბალი ღირებულებით ხსნიან. ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აზიის ნაკლებად განვითარებული ქვეყნების გარდა საქართველოში სასწავლებლად თურმე ევროპელი სტუდენტებიც კი ჩამოდიან, თუმცა გერმანელ ან ინგლისელ სტუდენტებს ბინის ქირაობის საშუალება გააჩნიათ.
სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში კი ქართველ სტუდენტებთან ერთად ძირითადად ყოფილი საბჭოელი და აზიელი ახალგაზრდები ცხოვრობენ.
ჰირეკუ ანეჯი 22 წლის ინდოელი სტუდენტი გოგონაა, რომელსაც თავის სამშობლოში სწავლაში 50 ათასი დოლარი მოსთხოვეს. ამის გამო იძულებული გახდა თბილისში ჩამოსულიყო და იგი დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია.
ჰირეკუ ანეჯი: - “საქართველოში ჩამოსვალა მას შემდეგ გადავწყვიტე, როდესაც ინტერნეტში ვნახე, რომ ამ ქვეყანაში სწავლა ძალიან იაფი ღირდა. ინდოეთში უმაღლესი განათლება დიდ ფუფუნებად ითვლება და თბილისში აღებული დიპლომიც კი ჩვენთან დიდ რამეს ნიშნავს.
ძალიან მიკვირს ბევრი ქართველი სტუდენტის ქცევა, რომლებიც თითქმის არასოდეს სწავლობენ და არც ლექციებზე დადიან. საქართველოში ჯერჯერობით გაჭირვებაა და სწავლის გადასახადის გადახდა სულაც არაა ადვილი. მე თუ არ ვისწავლე, ინდოეთში არანაირი პერსპექტივა არ მექნება. მეც კი მინდა ყველა ახალგაზრდასავით ვერთობოდე, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ჩემს ქვეყანაში ნორმალური სამსახურის შოვნის ერთადერთი საშუალება ცოდნაა”.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქი სტუდენტი განეზ ერქანი, საქართველოში ჩამოსვლიდან პირველ დღეებს მაინცა და მაინც კარგად არ იხსენებს და აღიარებს, რომ თავიდან ძალიან გაუჭირდა.
განეზ ერქანი: - “ჩემს ქვეყანაში “კაი ბიჭობა” და ასეთი რაღაცეები არ ვიცით. საქართველოში კი, თურმე ყველა ახალგაზრდა ბიჭისათვის აუცილებელი ყოფილა ამის ცოდნა. როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი, ქართული საერთოდ არ ვიცოდი და ქალაქში ჩემს მეგობარ აქინს დავყავდი ხოლმე.
აქინი თბილისში შვიდი წელი ცხოვრობდა და ქართულიც მაშინ ისწავლა. ერთხელაც ვაკეში მივდიოდით და სამმა ახალგაზრდა ბიჭმა გაგვაჩერა და გვითხრეს, თქვენთან საქმე გვაქვს და გვერდზე გავიდეთო. შემეშინდა, მაგრამ ვერ მივხვდი რა უნდოდათ და აქინს მეც გავყევი. მათი საუბრიდან ვერაფერი გავიგე, მაგრამ იმას მივხვდი, რომ ფულს გვთხოვდნენ. სულ ამბობდნენ “კაი ბიჭი” და “ჩემი დედაო”. ბოლოს ჩხუბს მოვერიდეთ და რაც ფული გვქონდა სულ იმათ მივეცით.
ამის მერე გავიგე, რასაც ნიშნავდა ეს კაი ბიჭობა. ქართველებს ძალიან ბევრი კარგი ტრადიცია გაქვთ. შარშან მთიულეთში ვიყავი ექსკურსიაზე და ეგეთი ლამაზი ბუნება და კარგი ხალხი ჯერ არ მინახავს. მაგრამ ახლაც ვერ ვხვდები, რატომაა საჭირო ეს “კაი ბიჭობა” და რატომ იციან მაინცა და მაინც თბილისში და არა საქართველოს სხვა მხარეებში.
განეზ, შენ ალბათ საქართველოს მეორე ქალაქი ქუთაისი არ გინახავს, თორემ თბილისზე ამას არ იტყოდი. - ჩემი ქართველი მეგობრებისაგან ვიცი, რომ ქუთაისშიც იციან ასეთი რაღაცეები, მაგრამ მე იქ სულ ერთხელ ვიყავი, ისიც გავლით. საერთოდ ჩემი დაკვირვებით საქართველოში ცალკეული ადამიანები ან ძალიან პატიოსნები არიან, ან ნამდვილი ყაჩაღები და კრიმინალები.
არიკ სორენიანი ერევნიდან თბილისში ოთხი წლის წინ ჩამოვიდა. პირველი ორი წელი სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტში ისწავლა, მაგრამ მერე ფული აღარ ჰქონდა და იძულებული გახდა აკადემიური აეღო. არიკი მომავალი წლიდან აპირებს სწავლის გაგრძელებას, თუმცა გადაწყვეტილი აქვს, რომ სწავლის ფული წინასწარ მოაგროვის, რომ მერე პრობლემები აღარ შეექმნას.
არიკ სორენიანი: - “საქართველოში სწავლების ხარისხი დღეს უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე სომხეთში. სწავლის საფასური ორივე ქვეყანაში დაახლოებით იგივეა, მაგრამ თუ მართლა გინდა ცოდნის მიღება, თბილისი უფრო კარგი ვარიანტია. თავიდან მოსკოვში მინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემს ოჯახში რომ დავიანგარიშეთ, მოსკოვში მარტო ცხოვრებას სჭირდება ძალიან ბევრი ფული.
თბილისი კარგი ქალაქია და ხალხიც თბილია, მაგრამ თქვენი საჭმელები ვერა და ვერ შევიყვარე. ვფიქრობ, რომ სომხური სამზარეულო უფრო მრავალფეროვანი და გემრიელია. ერთადერთი ქართული საჭმელი რომელიც მართლა ძალიან მომეწონა საცივი არის, მაგრამ საქართველოში მას მხოლოდ დღესასწაულებზე აკეთებენ. რესტორანში კი ან არა აქვთ, ანდა სპეციალურად უნდა გააკეთებინო და ძალიან ძვირს მოგთხოვენ. თბილისში ერევნაზე ძვირია ცხოვრება, მაგრამ კარგი სამსახური თუ იშოვე, არაფერი გაგიჭირდება.”
ინდოელი ზაუ ქეფთირი მეორე წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ამ ხნის მანძილზე მან იმდენი მოახერხა, რომ თბილისში სამუშაოც იშოვა და თბილისში გაზრდილი უკრაინელი საცოლეც ჰყავს.
ზაუ ქეფთირი: “ახლა მე სხვა უცხოელ სტუდენტებთან ერთად საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ. უპრობლემოდ შემიძლია ბინის დაქირავება და უფრო კომფორტულ პირობებში გადასვლა, მაგრამ ფულს ვაგროვებ რადგან ცოლის მოყვანას ვაპირებ და თუ ყველაფერი კარგად ამეწყო, შეიძლება საქართველოშიც კი დავრჩე სამუდამოდ.
ჩემი საცოლე თბილისელია და ინდოეთში ალბათ არ გამომყვება. საქართველო ძალიან მომწონს. ქართველები მეგობრული ხალხია და სანამ ჩემი ბიზნესი ამეწყობოდა, ქართველები თითქმის ყველაფერში მეხმარებოდნენ. ჩემი ქართველი მეგობრები: მახო, გია, ნიკუშა, შესანიშნავი ადამიანები არიან და როცა რამე გამიჭირდება ეგრევე ჩემთან გაჩნდებიან ხოლმე.
თბილისში სამწუხაროდ ისეთი ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებსაც უცხოელები არ მოსწონთ. ბაზრობაზე და უნივერსიტეტშიც ზოგიერთისგან ხშირად მიგვრძვნია ჩემდამი ცუდი განწყობა, მაგრამ მთლიანობაში ქართველები ოქროს ხალხი ხართ და ძალიან მიკვირს, ასეთი ხალხის ქვეყანა ჯერ კიდევ გაჭირვებაში რომ ცხოვრობს.”
|