↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 51 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
უწმიდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია II ქადაგებებიდან

* * *
ეკლესია მარტო ჩვენ, მიწაზე მცხოვრებნი კი არა ვართ, ეკლესიაა, უპირველეს ყოვლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, საქართველოს დედა და დიასახლისი, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ჩვენი მეფეები და პატრიარქები, ყველა ადამიანი, ვინც კი რწმენითა და სიყვარულით წავიდა ამ ქვეყნიდან; ეკლესიაა ათასობით მოწამე და წმიდანი, დიდი მღვაწენი. ესენი ყველანი ჩვენთან ერთად ქმნიან ერთიან ეკლესიას, რომლის თავიც ბრძანდება მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. ამ ეკლესიის დიადი მისიაა თითოეული პიროვნების განახლება და სულიერი ფერისცვალება.

* * *
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მუდამ იყო სხვადასხვა პოლიტიკურ და რელიგიურ ძალთა შეტაკების ასპარეზი, მაგრამ მიუხედავად მრავალი დიდი განსაცდელისა, ქართველი ერი და საქართველოს ეკლესია მუდამ ერთგული იყო მართლმადიდებლობისა. მან თავისი სარწმუნოება საუკუნეების ქარცეცხლში გამოატარა და წმიდად მოიტანა დღევანდელ დღემდე.

* * *
რა იქნებოდა საქართველო წმიდა ნინოს, ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, დავითისა და კონსტანტინეს, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I, ეფრემ ფილოსოფოსის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწის და მრავალთა სხვათა ღვაწლის გარეშე; ვის ეცოდინებოდა დღეს საქართველოს შესახებ, რომ არ გვყოლოდა ბექა ოპიზარი, ბერი დამიანე; წარმოუდგენელია საქართველო მსოფლიოში ტიხრულ-მინანქრული ხატების, სვეტიცხოვლის, ჯვარის, ბოლნისის სიონის გარეშე.

გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაში, ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები.

* * *
საკმარისი არ არის ვთქვათ, რომ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ჩვენი სარწმუნოება უნდა ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

* * *
როგორც დოვლათის მოპოვებას ესაჭიროება ფიზიკური შრომა, ისევე სულიერ ცხოვრებაში სულიერი ღვაწლია აუცილებელი.

* * *
როგორც ღრუბლიან დღეს ადამიანი ვერ ხედავს მზეს და ამბობს, არანაირი მზე არ არსებობსო, ასეა ისიც, ვისი გული და სული დაფარულია ცოდვით. ასეთი ადამიანი ვერც ღმერთს ხედავს და ვერც მის სასწაულს.

* * *
არიან ადამიანები, ვის გულშიც მთელი სამყარო ეტევა: ცოდვილებიცა და მართლებიც. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა გულშიც საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ ეტევიან. გავხსნათ ჩვენი გულები, დავიტიოთ ერთმანეთის სიყვარული. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც მეტად შევიყვარებთ, მით მეტად შეგვიყვარებს უფალი.

* * *
მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.

* * *
ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილ ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ გრძნობებით, თავისუფალნი იქნებიან უკიდურესობისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლიათ წარმართავენ ცხოვრებას.

* * *
თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...

* * *
ჩვენ უპირველესად იმ გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

* * *
როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.


_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
[img width=159 height=250]http://children.iatp.ge/sarcmunoeba/pictures/ilia4.jpg[/img]

უწმიდესი და უნეტარესი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
ილია II


1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა პატარა ირაკლი. იმ დღეს უცნაური რამ მოხდა: ოთახში თეთრი მტრედი შეფრინდა და მთელი დღე დედა-შვილის თავთან იჯდა.

ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია. ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცები იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია ჩვენი პატრიარქი. შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მისი სახელი რომ დარჩენილიყო, შთამომავლებიდან ზოგიერთმა შიოლაშვილის გვარი მიიღო.

პატრიარქი მესამე დღეს - ქრისტეშობას - მონათლეს ვლადიკავკაზის ქართულ ტაძარში და მეფე ერეკლეს პატივად ირაკლი დაარქვეს.

გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში დადიოდა. ამავე დროს, გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია ჰქონდა მოწყობილი. პატრიარქი იგონებს:

„ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმიდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისაგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“.
არქიმანდრიტი ილია

1952 წელს სკოლის დასრულების შემდეგ ირაკლიმ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც სერგიევ პოსადში, მაშინდელ ზაგორსკში, მდებარეობდა. სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. როგორც საუკეთესო სტუდენტი, იგი აკადემიის პირველ კურსზე ჩარიცხეს.

1957 წლის 16 აპრილს, 24 წლის ირაკლი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღკვეცეს და უწოდეს ილია. იმავე წელს მას ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი ბერ-მონაზვნად დაასხეს ხელი.

აკადემიაში სწავლის დროს, მღვდელ-მონაზონმა ილიამ საკანდიდატო შრომა დაწერა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, რისთვისაც მას ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

1960 წელს მღვდელ-მონაზონმა ილიამ მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა. მას საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზეს, რისი წყალობითაც შეეძლო ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორისაგან სხვაგვარი კურთხევა ჰქონდა: სამშობლოში უნდა ემოღვაწა. მღდველ-მონაზონმა ილიამ საპატიო კარიერაზე უარი თქვა, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის ტაძარში დაიწყო მღვდელმსახურება. მალე იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს.

1963 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ მოახერხა საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა, რომელსაც „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ მის პირველ დირექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია.

პატრიარქად კურთხევის დღე


1963 წელს იგი ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ეპარქიას შვიდი წელი წინამძღოლობდა. შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს, სადაც 11 წელი დაჰყო. ამავე დროს იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.

1977 წელს გარდაიცვალა მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი დავით V. გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივი კრება, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩია ილია II, ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა მეოთხე საუკუნეში.

პატრიარქის აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე მოხდა 1977 წლის 25 დეკემბერს მცხეთის სვეტიცხოველის ტაძარში. იმ პერიოდში, კომუნისტების გამოისობით, ეკლესიაში თითქმის არავინ დადიოდა, ტაძარში კანტი-კუნტად იდგნენ მლოცველები. იმ დღეს კი სვეტიცხოვლის ტაძარი მთლიანად გაივსო, პატრიარქის აღსაყდრებაზე მოვიდნენ ინტელიგენცია, ახალგაზრდობა. ეკლესიის ასეთი აშკარა მხარდაჭერა მაშინ პირველი იყო. ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მართლაც, პატრიარქის მოღვაწეობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა.

ამ პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმინდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა: წმიდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე), წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (ექვთიმე თაყაიშვილი), წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (გრიგოლ ფერაძე), წმიდა ცოტნე აღმსარებელი (ცოტნე დადიანი) და მრავალი სხვა, სჯულისა და მამულისათვის თავდადებული მოღვაწე.

1998 წელს მისი უწმინდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია თბილისში გადმოვიდა და დაარსდა თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია. საუკუნეების შემდეგ კვლავ აღსდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები, გიმნაზიები. უმაღლეს სასწავლებლებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, გამოდის მრავალი საეკლესიო ჟურნალ-გაზეთი, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებები, ხუროთმოძღვრების, ქართული გალობის აღდგენისა და შესწავლის ცენტრები. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია“ (FM 105'4 ტალღაზე). საპატრიარქო რეზიდენციაში იმართება სამეცნიერო კონფერენციები, სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად მსჯელობენ ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ძლევაი“, ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, რომელიც გაჭირვებულ ხალხს ეხმარება, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი, გაიხსნა მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანსა და ზესტაფონში, რომელთაც მონასტრები მფარველობენ. აღსდგა და აშენდა ტაძრები, გაიხსნა დედათა და მამათა მონასტრები.

პატრიარქის მიერ დაწერილი
წმიდა სამების ხატი

პატრიარქი წერს ხატებს. მის მიერ მოხატული ფრესკები ამშვენებს ზოგიერთ ტაძარს და საპატრიარქოს. ყოვლადწმიდა სამების ახლადაშენებული ტაძრისათვის კი მან წმიდა სამების შესანიშნავი ხატი დაწერა. მას ეკუთვნის ასევე საგალობლები, რომლებიც წირვა-ლოვის დროს სრულდება.

უწმიდესსა და უნეტარესს ილია II მჭიდრო ურთიერთობა აქვს ფერეიდნელ ქართველებთან, თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეულ ქართველობასთან.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოებით. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. 1997 წელს კი ასეთივე წოდება მიიღო კრეტის აკადემიიდანაც, იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს კი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.


ყოვლადწმიდა სამების
საკათედრო ტაძარი

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ილია II სახელს უკავშირდება არის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა სვეტიცხოვლის ტაძარში 2002 წლის 14 ოქტომბერს. ამ შეთანხმებით განისაზღვრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით, თბილისში, ელიას მთაზე, აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. უფალმა დაადასტურა, რომ მისთვის სათნო იყო ამ ტაძრის აგება: 23 ნოემბერს, ტაძრის კურთხევის დღეს, ეკლესიაში თეთრი მტრედი შეფრინდა, რომელიც საკურთხეველში, სამეუფო საყდარზე ჩამოჯდა და მთელი წირვის მანძილზე არ განძრეულა. თავად უწმიდესი ყოვლადწმიდა სამეფის ტაძარს ასე აფასებს - „ესაა ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი. იგია სიმბოლო ერის მოქცევისა და გაერთიანებისა“.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ტაძარი და საეკლესიო ნივთები

ტაძარი არის ღმერთისადმი განსაკუთრებულად შეწირული შენობა, რომელშიც მორწმუნენი სალოცავად და საიდუმლოებების აღსასრულებლად იკრიბებიან. ტაძარს სხვანაირად ეკლესია ჰქვია, რაც ბერძნულად უფლის სახლს ნიშნავს. ეკლესია ეწოდება ასევე მორწმუნეთა კრებულს. ესაა ქვეყნიური, ანუ მებრძოლი ეკლესია, ხოლო ზეციურ, ანუ მოზეიმე ეკლესიას წმინდანთა და ანგელოზთა დასები წარმოადგენს. ეკლესიის თავია უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ტაძარი გარეგანი შეხედულებით სხვა შენობებისაგან განსხვავდება. ის ან ჯვრის სახით შენდება, ან ხომალდის მსგავსად, ან ვარსკვლავის სახით ან მრგვალად და გუმბათით მთავრდება. გუმბათზე კი აღმართულია ჯვარი, რომელიც სარწმუნოებრივ მახვილს წარმოადგენს.

ტაძარი შიგნიდან იყოფა სამ ნაწილად:

საკურთხეველი
ტაძრის შუა ნაწილი
სტოა (კარიბჭე)


საკურთხეველი ტაძრის უმთავრესი ნაწილია. ის განასახიერებს ზეცას და მდებარეობს აღმოსავლეთით, რადგან აღმოსავლეთის მხარე დაკარგულ სამოთხეს მოასწავებს, ამასთან, ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ აღმოსავლეთიდან მოელიან. საკურთხეველში ოთხი მნიშვნელოვანი ადგილია:

წმიდა ტრაპეზი
მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი - ტრაპეზის უკან
სამკვეთლო
სალარო (სამღვდელო შესამოსლის შესანახი)

წმიდა ტრაპეზი* განასახიერებს ღმერთის ტახტს, რომელზედაც იესო ქრისტე უხილავადაა დაბრძანებული და ასევე მის საფლავს. ტრაპეზი იმიტომ ეწოდება, რომ აქედან სულიერი საზრდო მოგვეწოდება. ის შუა ადგილზეა, შესაფერისი სამოსელითაა შემკობილი და მასზედ სრულდება ზიარების საიდუმლო. ტრაპეზზე აწყვია: ოდიკი, სახარება, წმინდა ჯვარი და სანაწილე.

ოდიკი სელის ან აბრეშუმის ქსოვილია, რომელზედაც კუბოში მწოლარე მაცხოვარია გამოხატული, აგრეთვე ოთხი მახარებელი და წამების იარაღები. ოდიკში წმინდანთა ნაწილებია. ოდიკის გარეშე, რომელიც მღვდელმთავრის მიერ უნდა იყოს ნაკურთხი, წირვის შესრულება არ შეიძლება. წმინდა ნაწილის ჩადება ოდიკში გვახსენებს იმას, რომ პირველი ქრისტიანები შეგროვდებოდნენ მოწამეების საფლავზე და ეზიარებოდნენ (წირვასაც ასრულებდნენ). ოდიკის შესახვეველი გვახსენებს იმ სუდარას, რომელშიც თვით იესო ქრისტე იყო შეხვეული დასაფლავების დროს.

სახარება ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს.

ჯვარი ტრაპეზზე ასევე ნიშნავს ჯვარცმულ და ვნებულ იესო ქრისტეს.

სანაწილე არის ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელი - წმინდა ნაწილების შესანახად, რომელიც გამოიყენება სნეულთა საზიარებლად და პირველშეწირულის წირვისათვის. ის გვახსენებს იესო ქრისტეს საფლავსაც და ძველი აღთქმის კოლოფსაც, რომელშიც ზეციური მანანა ინახებოდა.

მღვდელმთავრის მაღალდასაჯდომელი - მოასწავებს უდიდებულესი მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს ზეციურ ტახტს და მის ჯდომას „მარჯვენით მამისა“.

სამკვეთლო საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილშია მოთავსებული. სამკვეთლო ეწოდება შესაფერისი სამოსელით შემკობილ მაგიდას, რომელზედაც მზადდება პური და ღვინო ზიარებისათვის. სამკვეთლო ერთდროულად იმ გამოკვეთილ კლდესაც გვაგონებს, სადაც მაცხოვარი იშვა და იმ მთასაც (გოლგოთას), სადაც ევნო და ჯვარს ეცვა იგი.

სალარო (ანუ სადიაკონო) - საკურთხევლის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული. აქ ინახავენ სამღვდელო შესამოსელს, საეკლესიო ჭურჭელს და წიგნებს.

სტოა ტაძრის დასავლეთ ნაწილს ეწოდება. აქ წინათ დგებოდნენ ცოდვილნი და კათაკმეველნი (პირნი, რომლებიც მოსანათლად ემზადებოდნენ). აქ სრულდება ლიტია, ანუ პურის კურთხევის ლოცვა.
ტაძრის იმ ნაწილისაგან, სადაც მორწმუნენი დგანან, საკურთხეველი გამოყოფილია კანკელით, ანუ კედლით, რომელზედაც დასვენებულია წმინდა ხატები. საკურთხეველში შესასვლელად კანკელს აქვს სამი კარი. შუა კარს აღსავლის, ანუ სამეუფო კარი ეწოდება, დანარჩენ ორს კი - ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარები. კანკელში ხატები შემდეგნაირადაა განლაგებული: აღსავლის კარებზე დასვენებულია სამებისა და ოთხი მახარებლის (სახარების დამწერთა) ხატები. სამეუფო კარის მარჯვნივ მაცხოვრის, მარცხნივ - ღვთისმშობლის ხატია. მაცხოვრის ხატის მარჯვნივ მოთავსებულია იმ წმინდანის ან დღესასწაულის გამომხატველი ხატი, რომლის სახელზეც არის ნაკურთხი ტაძარი. შემდეგაა ხატები სხვადასხვა წმინდანებისა. აღსავლის კარს ზემოთ ათავსებენ საიდუმლო სერობის ხატს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარებზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ან დიაკონთა - წმინდა სტეფანე პირველმოწამისა და ფილიპეს ხატებს. კანკელის ზემოთ აღმართულია ჯვარი.

შუა ადგილას, სამეუფო კარის პირდაპირ, სადაც დიაკვანი წარმოთქვამს კვერექსებს და კითხულობს სახარებას, ამბიონი ეწოდება. ამბიონი გვახსენებს ლოდს, რომელიც ანგელოზმა ქრისტეს საფლავიდან გადააგორა და მენელსაცხებლზე დედებს მისი აღდგომა ახარა.

ნაპირებზე კლიროსებია, ანუ ადგილები მკითხველებისა (მედავითნეებისა) და მგალობლებისათვის, კლიროსებთან კი დროშები.

ტრაპეზი (ბერძ. - მაგიდა) - ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველში მდგარი ფარჩებით შემოდილი მაგიდა, რომელზეც სრულდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
რომ მიუწვდომელია ღვთაება და რომ არ გვმართებს ძიება და ფუჭად დაშვრომა იმათ შესახებ,
რაც არ გადმოუციათ ჩვენთვის წმინდა წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და მახარებლებს

„ღმერთი არავის უხილავს არასოდეს. მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც არის მამის წიაღში, - მან გამოთქვა“ ამრიგად, უთქმელია და მიუწვდომელია ღვთაება, რადგან „ვერავინ შეიცნობს მამას, თუ არა ძე, ვერც - ძეს, თუ არა მამა“ (მათე ); და წმინდა სულმაც ისევე იცის ის, რაც ღვთისაა, როგორც ადამიანის სულმა იცის ის, რაც მასშია.
პირველი და ნეტარი ბუნების შემდეგ არავის სცოდნია ოდესმე ღმერთი არა მხოლოდ კაცთაგან, არამედ, აგრეთვე, ზექვეყნიურ ძალთაგან და თვით, ვამბობ, ქერუბიმთა და სერაფიმთაგან, თუ არა მას, ვისაც თავად გამოუცხადა მან.
მაინც, არ დაგვტოვა ჩვენ ღმერთმა სრულ უცოდნელობაში, რადგან მის მიერ ბუნებითად არის შთათესილი ყველაში ცოდნა იმისა, რომ არსებობს ღმერთი. თვით შესაქმეც, მისი თანაშემტკიცება და წარმმართველობა საღვთო ბუნების სიდიადეს ქადაგებს. ასევე, პირველად რჯულისა და წინასწარმეტყველთა მიერ, შემდეგ კი თვით მხოლოდშობილი ძის, უფლისა და ღვთის, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერაც, ჩვენთვის საწვდომად, თავისი თავის ცოდნა გააცხადა მან. ამიტომ, რჯულის, წინასწარმეტყველების, მოციქულებისა და მახარებლების მიერ ჩვენდამი გადმოცემულთ შევიწყნარებთ, ვიმეცნებთ და ვეთაყვანებით, არარას ვეძიებთ რა მათ მიღმა, რადგან ღმერთი, რომელიც კეთილია, ყოველგვარ სიკეთეს გვანიჭებს და არ ექვემდებარება იგი არც შურს, არც რამ ვნებას. შური შორსაა საღვთო ბუნებისგან, რომელიც უვნებოა, რადგან მხოლოდ იგია კეთილი. ამიტომ, მან როგორც ყოვლის მცოდნემ და თითოეულისთვის სასარგებლოს წინაგანმჭვრეტმა, რაც გვარგებდა რომ გვცოდნოდა, გამოგვიცხადა, ხოლო რაც არ ძალგვიძდა რომ გვეტვირთა, დაიდუმა. ჩვენც ამათ დავჯერდეთ1. ამათში ვმკვიდრობდეთ და ნუ გადავალთ საუკუნო საზღვრებს, ნურც საღვთო გადმოცემას გარდავხდებით.

გამოსათქმელთა და გამოუთქმელთა, საცოდნელთა და უცოდნელთა შესახებ

ამრიგად, ვინც ღვთის შესახებ თქმას ან სმენას ინებებს, მართებს მას გარკვევით იცოდეს, რომ ღვთისმეტყველებაში და განგებულებაში არც ყოველივე გამოუთქმელია, არც ყოველივე გამოსათქმელი, არც ყოველივე უცოდნელია, არც ყოველივე საცოდნელი. ხოლო სხვა რამ არის „აცოდნელი“ და სხვა რამ - „სათქმელი“, როგორც სხვა არის მეტყველება და სხვა არის მცოდნეობა. ამიტომ, არ არის შესაძლებელი, რომ ბევრი რამ, რასაც ღვთის შესახებ ბუნდოვნად მოვიაზრებთ, ჯეროვნად იქნეს გამოთქმული. შესაბამისად, იძულებული ვართ, რომ ჩვენზე უზემოესთა შესახებ ის ვთქვათ, რაც ჩვენეულია, როგორც, მაგალითად, ვამბობთ ღვთისადმი ძილს, მრისხანებას, უზრუნველობას, ხელებს, ფეხებს და სხვა ამგვართ.
ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, - დაუსაბამო, დაუსრულებელი, საუკუნო, მარადიული, შეუქმნელი, უცვლელი, გარდაუქმნელი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, გარეშემოუწერელი, უსასრულო, მოუაზრებელი, გარეშემოუცველი, მიუწვდომელი, კეთილი, სამართლიანი ყველა ქმნილების შემოქმედი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმხედველი, ყოველთა წინაგანმგები, მეუფლე და მსაჯული, - ეს ვიცით და ვაღიარებთ. აგრეთვე, ვიცით ისიც, რომ ღმერთი ერთია ანუ ერთი არსებაა. რომ სამ გვამოვნებაში შეიცნობა და არსებობს იგი, მამაში, - ვამბობ, - ძეში და წმინდა სულში. რომ მამა, ძე და სულიწმინდა ყოვლითურთ ერთია, გარდა უშობელობისა, შობილობისა და გამომავლობისა. რომ მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და ღმერთი თავისი მოწყალებითი თანალმობით, მამისეული სათნოყოფითა და ყოვლადწმინდა სულის თანამოქმედებით ჩვენი ხსნისათვის უთესლოდ მუცლადღებული, განუხრწნელად იშვა წმინდა ქალწულისა და ღვთისმშობლის მარიამისგან სულიწმინდის მიერ და მისგან (მარიამისგან) სრული კაცი გახდა. ვიცით, რომ თვითვე არის ერთდროულად სრული ღმერთი და სრული კაცი, ორი ბუნებისაგან, ღმრთეებისგან და კაცებისაგან, და - ორ ბუნებაში, რომლებიც არიან გონისმიერნი, მნებებელნი, მოქმედნი, თვითუფლებრივნი, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, სრულნი, შესაბამისად თითოეულის საზღვრისა და რაობისა (ვამბობ ღმრთეებას და კაცებას), ხოლო ვიცით იგი ერთი შედგენილი გვამოვნებით; ვიცით, აგრეთვე, რომ მოშივდა მას და მოსწყურდა, დაიღალა და ჯვარს ეცვა, სიკვდილისა და საფლავის სამდღიანი გამოცდილება მიიღო და ცათაკენ ზეავიდა, საიდანაც მოვიდა ჩვენთან და კვლავ მოვა შემდეგში - ამის მოწმეა საღვთო წერილი და წმინდანთა მთელი მწყობრი.
მაგრამ თუ რა არის ღვთის არსება ან როგორ არის იგი ყოველივეში ან როგორ დაიცარიელა თავისი თავი მხოლოდშობილმა ძემ და ღმერთმა და როგორ გახდა იგი ადამიანი ქალწულებრივ სისხლთაგან, რაჟამს ბუნებისგან ეცხო რამ სხვა წესით შეიქმნა, ან როგორ განვლო მან წყალი დაუსველებელი ფეხით, - ამათ შესახებ უმეცარნი ვართ და არც თქმა ძალგვიძს. ამრიგად, არ არის შესაძლებელი, რომ ღვთის შესახებ რაიმე ვთქვათ ან მოვიაზროთ, გარდა იმისა, რაც ძველი და ახალი აღთქმის საღვთო სიტყვათა მიერ ჩვენდამი ღვთისსახოვნად განცხადებულა ანდა თქმულა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
დასაბუთება, რომ არის ღმერთი

ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, საეჭვო არაა მათთვის, რომლებიც იღებენ წმინდა წერილს (ვამბობ ძველსა და ახალ აღთქმას), არცთუ - ელინთა შორის უმრავლესთათვის, რადგან, როგორც ვთქვით, ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ ბუნებით არის შთათესილი ჩვენში. მაგრამ რადგან უკეთურის ბოროტებამ იმდენად იმძლავრა ადამიანთა ბუნების წინააღმდეგ, რომ ზოგიერთები წარწყმედის უუგუნურეს და ყველა ბოროტებაზე უბოროტეს უფსკრულამდეც კი მიიყვანა, - იმის თქმამდე, რომ არ არის ღმერთი (რომელთა უგუნურებას გვიცხადებს სიწმინდეთმჩენი დავითი, ამბობს რა: „თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი“, ფს. 13,1), - ამიტომ უფლის მოწაფეებმა და მოციქულებმა, ყოვლადწმინდა სულით გაბრძნობილებმა და მისი ძალითა და მადლით ღვთივსასწაულთა აღმსრულებლებმა, საკვირველებათა ბადით მოისათხევლეს ამგვარნი და უცოდნელობის სიღრმიდან ღვთისმცოდნეობის სინათლისკენ ამოიყვანეს ისინი.
მსგავსადვე, მოციქულთა მადლისა და ღირსების მონაცვლეებმა, მწყემსებმა და მოძღვრებმა, მიიღეს რა მათაც სულიწმინდის განმანათლებელი მადლი, საკვირველებათა ძალით და მადლის სიტყვით გაანათლეს დაბნელებულნი და შეცდომილნი მოაქციეს. ხოლო ჩვენ, რომლებსაც არც საკვირველებათა, არც მოძღვრების ნიჭი არ მიგვიღია, რადგან სიამოვნებათა მიმართ ვნებიანობით უღირსვყავით თავი, იმისგან, რაც გადმოგვეცა მადლის მესიტყვეთა მიერ, აწ მცირედს განვიხილავთ ზემოთქმულის შესახებ, მოვუხმობთ რა მამას, ძეს და სულიწმინდას.
ყოველი არსი ან ქმნილია ან უქმნელი. თუ ქმნილია იგი, უეჭველად ცვლადიცაა, რადგან რისი არსებობაც ცვალებადობით დაიწყო, ის უთუოდ ცვალებადობას უნდა დაექვემდებაროს - ან როგორც ხრწნადი ან როგორც არჩევანისებრ გარდაქმნადი. თუ უქმნელია არსი, კანონზომიერების წესის თანახმად, უეჭველად უცვლელიცაა, რადგან რომელთა არსებობაც წინააღმდეგობრივია, მათი რაგვარმყოფობის წესიც, ანუ თვისებებიც, წინააღმდეგობრივია. ამიტომ, ვინ არ დაგვეთანხმება, რომ ყოველი არსი (არა მხოლოდ ისინი, რომლებსაც ჩვენ შევიგრძნობთ, არამედ ანგელოზებიც კი) იცვლება, გარდაიქმნება, და მრავალგვარად მოძრაობს, კერძოდ, გონისმიერნი (ვამბობ ანგელოზებს, სულებს და ეშმაკებს) - ნებაყოფლობითი არჩევანის კვალობაზე სიკეთეში წარმატებით და სიკეთისგან განშორებით, გაძლიერებითად და შესუსტებითად, სხვა დანარჩენი კი - წარმოქმნისა და ხრწნის, ზრდისა და დამცრობის, თვისობრივი ცვლილების, აგრეთვე, ადგილ-ადგილ მოძრაობის მიხედვით.
ამრიგად, ცვალებადი უეჭველად ქმნილიცაა, ხოლო ქმნილი არსი უთუოდ ვინმესგან არის გაჩენილი. თვით გამჩენი შეუქმნელი უნდა იყოს, რადგან თუკი ისიც ქმნილია, უთუოდ ვინმესგან არის შექმნილი, და ასე შემდეგ, ვიდრე არ მივალთ რამ შეუქმნელამდე.
ამრიგად, რადგან შემოქმედი შეუქმნელია, უთუოდ უცვლელიცაა. ამიტომ სხვა რა უნდა იყოს იგი, თუ არა ღმერთი?
თვით ეს შესაქმის თანაშემტკიცება, შენარჩუნება და წარმმართველობა გვასწავლის ჩვენ, რომ არის ღმერთი - ყოველივე ამის შემამყარებელი, შემამტკიცებელი, შემნარჩუნებელი და მარადჟამს წინაგანმგებელი. მართლაც, როგორ მოხდებოდა, რომ საწინააღმდეგო ბუნებანი (ვამბობ ცეცხლისას და წყლისას, ჰაერისას და მიწისას) ერთი ქვეყნიერების შესავსებად ურთიერთს შეუერთდებოდნენ და თან დაუშლელნიც დარჩებოდნენ, ყოვლადძლიერ რამ ძალას რომ არ შემოეკრიბა ისინი და არ დაეცვა მარადჟამს დაუშლელად?
რა არის ის, რამაც განაწესა ციურნი და მიწიერნი, რაც კი რამ არის პაერში და წყალში, უფრო კი ამათზე უწინარესნი. ცა, მიწა, ჰაერი, და ბუნება ცეცხლისა და წყლისა? რამ შეაზავა და დაჰყო ესენი? რა არის ის, რამაც ესენი აამოძრავა და რაც წარმართავს დაუცხრომელ და დაუბრკოლებელ სვლას? განა არა ის, ვინც არის მათი მეხელოვნე, ვინც შთანერგა მათში ნიშატი, რითაც ყოველივე მიემართება და განიგება? მაგრამ ვინ არის მათი მეხელოვნე? განა არა ის, ვინც შექმნა და არსებობაში შემოიყვანა ისინი? შემთხვევითობას როდი განვუკუთვნებთ ამგვარ შემძლეობას. ვთქვათ, შემთხვევითია შექმნა. ვინღა არის განმაწესებელი? თუ გნებავს, ესეც დავუშვათ. მაშინ ვისმიერია იმ ნიშატთა შემნარჩუნებლობა და დამცველობა, რომელთა მიხედვითაც თავდაპირველად მოხდა დაარსება? ცხადია, - იმისმიერი, ვინც სხვა არის და არა შემთხვევითი, ხოლო ეს კი ვინღა იქნება, თუ არა ღმერთი?

იმის შესახებ, თუ რა არის ღმერთი; რომ მიუწვდომელია იგი
ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, ცხადია, ხოლო თუ რა არის იგი არსებითა და ბუნებით, ეს სრულიად მიუწვდომელია და უცოდნელი. თუმცა, უსხეულო რომ არის იგი, ეს ცხადია, რადგან როგორ უნდა იყოს სხეული ის, რაც უსასრულოა, უსაზღვროა, დაუსახველია, შეუხებელია, უხილავია, მარტივია, შეუდგენელია, რამეთუ როგორ იქნება უცვლელი, თუკი შემოსაზღვრულია და ვნებადი? ანდა როგორ იქნება უვნებო ის, რაც სტიქიონებისგან შემდგარა და კვლავ მათდამი უნდა დაიშალოს? შედგენილობა ხომ წინააღმდეგობის სათავეა, წინააღმდეგობა - დაპირისპირებისა, ხოლო დაპირისპირება - დაშლისა, ღვთისათვის კი დაშლა სრულიად უცხოა, რადგან მაშინ როგორღა იქნებოდა შესაძლებელი ღვთისგან ყოველივეს განჭოლვა და აღვსება, როგორც ამას ამბობს წერილი. „ნუთუ მე არ ვავსებ ცას და მიწას, ამბობს უფალი“ (იერ. 23,24)? შეუძლებელია, რომ სხეულმა განჭოლოს სხეულები ისე, რომ არ გაჭრას და არ გაიჭრას, რომ არ შეეწნას და არ დაუპირისპირდეს, როგორც, მაგალითად, სითხეები, რომლებიც შეირევიან და თანაგანზავდებიან.
თუმცა ზოგიერთები ამბობენ უნივთო სხეულს (როგორც ელინ ბრძენთაგან თქმულა მეხუთე სხეული, რაც შეუძლებელია), მაგრამ ხომ უთუოდ მოძრავი უნდა იყოს იგი მსგავსად ცისა (რადგან სწორედ ცა თქვეს მეხუთე სხეულად)? ვინღა არის მისი მამოძრავებელი? ყოველი მოძრავი სხვისგან მოძრაობს, ის კიდევ ვინმესგან, და ასე უსასრულოდ, ვიდრე არ მივაღწევთ რამ უძრავს, რადგან პირველი მამოძრავებელი უძრავია, რაც არის ღმერთი როგორღა შეიძლება რომ ადგილით არ იყოს შემოწერილი ის, რაც მოძრავია?
ამრიგად, მხოლოდ ღვთაებაა უმოძრაო, რომელიც უმოძრაობის გზით ამოძრავებს ყოველივეს. ამიტომ, უსხეულოდ მიიჩნევა ღვთაება. მაგრამ არც ეს წარმოგვიჩენს მის არსებას, ისევე როგორც არც უშობელობა, დაუსაბამობა, გარდაუქმნელობა, უხრწნელება და სხვა დანარჩენი, რაც კი ღვთის ანდა ღვთის არსებობის შესახებ ითქმის. ესენი აღნიშნავს არა იმას, რა არის იგი, არამედ - რა არ არის, ხოლო ვისაც რაიმეს არსების გამოთქმა უნდა, მართებს ის თქვას, თუ რა არის იგი, არათუ - რა არ არის. მაგრამ ღვთის შესახებ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა არის იგი არსებით. ამიტომ, უფრო შესაფერისია, რომ ყველაფრის ჩამოკლების გზით ითქვას მის შესახებ სიტყვა. არსთაგან არაფერია იგი, არათუ როგორც არაარსებული, არამედ როგორც ყველა არსზე უზემოესი და თვით არსებობაზეც კი ზე მყოფი. რადგან თუკი არსთა შესახებაა ცოდნა, ის, რაც ცოდნაზე უზემოესია, უთუოდ არსებაზე უზემოესიც იქნება და, პირიქით, არსებაზე უზემოესი ცოდნაზე უზემოესიც უნდა იყოს.
ამრიგად, უსასრულოა და უწვდომელია ღვთაება. მხოლოდღა ეს არის საწვდომი მასში - უსასრულობა და მიუწვდომლობა, ხოლო ყველაფერი ის რასაც მტკიცებითად ვამბობთ ღვთის შესახებ, გვიცხადებს არა ბუნებას არამედ მას, რაც ბუნების გარშემოა. თუნდაც კეთილი ეწოდოს მას, ანდა მართალი ან ბრძენი ან კიდევ სხვა რამ ამგვარი, არათუ ღვთის ბუნება გამოითქმის ამით, არამედ ის, რაც ბუნების გარშემოა. ამასთან, ზოგი რამ რაც ღვთის შესახებ მტკიცებითად ითქმის, ზეაღმატებითი უკუთქმის შინაარსს შეიცავს. მაგალითად, როდესაც ღვთის შესახებ ვამბობთ „სიბნელეს“, არათუ სიბნელეს ვგულისხმობთ, არამედ იმას, რომ ღმერთი არ არის სინათლე ანუ სინათლეზე უზემოესია იგი. ასევე, როდესაც მის შესახებ ვამბობთ „სინათლეს“, ვამბობთ იმ აზრით, რომ არ არის იგი სიბნელე.

დასაბუთება, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი
ის, რომ არის ღმერთი და რომ მიუწვდომელია მისი არსება, საკმარისად დასაბუთდა. ისიც, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი, უეჭველია მათთვის, რომლებიც ერწმუნებიან საღვთო წერილს. უფალი რჯულდების თავში ამბობსა: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმაც გამოგიყვანე შენ ეგვიპტის მიწიდან. არ იყოს შენთვის სხვა ღმერთები ჩემს გარდა“ კიდევ: „ისმინე ისრაელ! უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთი არის“ აგრეთვე, ესაია წინასწარმეტყველის მიერ ამბობს იგი: „მე ვარ ღმერთი პირველი და მე ვარ ამათ შემდეგ და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ჩემს უწინარეს არ ყოფილა სხვა ღმერთი და არ იქნება არც ჩემს შემდეგ და ჩემს გარდა არ არის“ (ეს. 43,10). ასევე, წმინდა სახარებებშიც ასე ამბობს უფალი მამის მიმართ: „ეს არის საუკუნო ცხოვრება, რომ შეგიცნონ შენ, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი“ . მაგრამ მათ, რომლებიც არ ერწმუნებიან საღვთო წერილს, ასე შევესიტყვებით:
ღვთაება სრულია და უნაკლულოა სიკეთის, სიბრძნის, ძალის მხრივ. დაუსაბამოა იგი, დაუსრულებელია, მარადიულია, გარეშეუწერელია ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყოვლითურთ სრულია. ამიტომ, თუ მრავალ ღმერთს ვიტყვით, აუცილებელია, ამ მრავალში განსხვავება დავინახოთ, რადგან, თუ არაფერი განსხვავებაა მათში, უმალ ერთი ყოფილან და არა მრავალი, ხოლო თუ არის მათში განსხვავება, სადღაა სისრულე? რადგან, თუკი რაიმე მოკლებულია სისრულეს სიკეთის, ძალის, სიბრძნის, ჟამის თუ ადგილის მიხედვით, აღარ ყოფილა იგი ღმერთი. მეორე მხრივ, ყოველმხრიე იგივეობა უმალ ერთს ცხადყოფს და არა მრავალს. ამასთან, თუკი ჩავთვლით, რომ მრავალი ღმერთი არსებობს, როგორ შეუნარჩუნდებათ მათ გარეშეუწერელობა, რადგან სადაც ერთი მათგანი იქნება, არ იქნება იქ მეორე? ასევე, როგორ მოხდება, რომ მრავლისგან წარიმართოს სამყარო ისე, რომ არ დაირღვეს და არ განიხრწნეს იგი, რადგან არსებული განსხვავება დაპირისპირებას მოიტანს და წარმმართველთა შორის წინააღმდეგობა გამოავლენს თავს. თუ იტყვის ვინმე, რომ თითოეული მათგანი ამა თუ იმ ნაწილს უწინამძღვრებს, ვინ იქნება მათი განმაწესებელი და გამანაწილებელი? ღმერთი ხომ უმალ ის იქნებოდა!
ამიტომ, ერთი არის ღმერთი, - სრული, გარეშეუწერელი, ყოველივეს შემქმნელი, შემამტკიცებელი და წარმმართველი, ზესრული და პირველსრული.
ამასთან, ბუნებითი აუცილებლობითაც ერთება არის ორობის სათავე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღვთის სიტყვისა და ძის შესახებ;
ამრიგად, ეს ერთი და მხოლო ღმერთი უსიტყვო არ არის. აქვს მას სიტყვა (ისტყვაში სიმბოლურად ქრისტე იგულისხმება), მაგრამ არა უგვამოვნო, არც არსებობაში დაწყებული, არც დასრულებადი, რადგან არ იყო (ჟამი), როდესაც არ იყო ღვთის სიტყვა. მარადეამს აქვს ღმერთს თავისი სიტყვა, მისგან შობილი, თუმცა არა ჩვენეული სიტყვისებრ უგვამოვნო და ჰაერში გაბნევადი, არამედ გვამოვნებითი, ცოცხალი, სრული. არათუ მის გარეთ გამავალი, არამედ მარადჟამს მასში არსებული. რადგან, სად იქნებოდა იგი, მის გარეთ მყოფი?
ჩვენი ბუნება წარმავალია და ადვილად დაშლადი. ამიტომ, ჩვენი სიტყვაც უგვამოვნოა. მაგრამ ღმერთი მარადმყოფია და სრული, რის გამოც აქვს მას თავისი სატყვა, - სრული და გვამოვნებითი, მარადმყოფი და ცოცხალი ანუ ყოველივე იმის მქონე, რაც მშობელს აქვს. ამასთან, როგორც ჩვენეული სიტყვა გამოდის გონებისგან და არც მთლად უიგივდება გონებას, არც ყოვლითურთ სხვაა, რადგან არის რა გონებისგან, სხვა არის მისგან, მაგრამ, ამასთან, არის რა იმავე გონების საჩინომყოფელი, მისგან ყოვლითურთ განსხვავებული როდია, არამედ ბუნებით ერთია მასთან, მაგრამ მდგომარეობით სხვა არის მისგან, - მსგავსადვე, ღვთის სიტყვაც თავისეული გვამოვნებითობით განეყოფა მას, ვისგანაც გვამოვნება აქვს, მაგრამ რადგანაც თავის თავში ავლენს იგი ყველაფერს იმას, რაც ღვთის შესახებ განიჭვრიტება, ამიტომ ბუნებით იგივეა მასთან. ასე რომ, როგორც მამის მიმართ განიჭვრიტება ყველაფერში სისრულე, ამგვარადვე განიჭვრიტება ეს სისრულე მისგან შობილი სიტყვის მიმართაც.

სულიწმინდის შესახებ;
საჭიროა, რომ სიტყვას სულიც ჰქონდეს. თვით ჩვენეული სიტყვაც არ არის უნაწილო სულისა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სული (სუნთქვა) უცხოა ჩვენი არსებისგან, რადგან ჰაერის მოზიდვა და ამოშვებაა იგი, შევისუნთქავთ რა და ამოვისუნთქავთ სხეულის საარსებოდ, რაც წარმოთქმის დროს სიტყვის ხმა ხდება და თავის თავში ავლენს სიტყვის ძალას. რაც შეეხება საღვთო ბუნებას, მარტივსა და შეუდგენელს, კეთილმსახურებითად უნდა ვაღიარებდეთ, რომ არსებობს ღვთის სული, რადგან სიტყვა ღვთისა ჩვენეულ სიტყვაზე უფრო ნაკლულოვანი არ შეიძლება იყოს. ამასთან, უღვთოება იქნებოდა იმგვარი ფიქრი, რომ ეს სული უცხო რამ არის ღვთისგან და გარედან არის შესული მასში, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია, რომლებიც შედგენილნი ვართ.
ისევე, როგორც ღვთის სიტყვის გაგონებისას წარმოვიდგენთ არა უგვამოვნო სიტყვას, არცთუ სწავლის გზით შეთვისებულს ანდა ხმით წარმოთქმულს, ან კიდევ ჰაერში განბევადსა და დაშლადს, არამედ არსობრივად გვამოვანს, ამრჩეველს, მოქმედს და ყოვლადძლიერს, ასევე, განვისწავლებით რა, რომ ღვთის სული თანამავალია სიტყვისა და მისი მოქმედების ცხადმყოფელი, უგვამოვნო სუნთქვად როდი აღვიქვამთ მას, რადგან მართლაც უბადრუკობამდე დამდაბლდებოდა საღვთო ბუნების სიდიადე, თუ ჩვენეული სულის მსგავსად იქნებოდა გააზრებული მასში არსებული სულიც, არამედ არის იგი არსობრივი ძალა, თვით თავისთავად საკუთარ გვამოვნებაში განჭვრეტილი, მამისგან გამომავალი, სიტყვაში დავანებული და მისი გამაცხადებელი, რომელსაც არც ღვთისგან განშორება შეუძლია, არის რა მასში, და - არც სიტყვისგან, თანამავალია რა მისი; არცთუ უმყოფობად განქარვებადია იგი, არამედ, სიტყვის მსგავსად, გვამოვნებითად მყოფია, ცოცხალია, ამრჩეველია, თვითმოძრავია, მოქმედია, ყოვლითურთ სიკეთის მნებებელია და თავის ყოველ განზრახულობაში განზრახვის თანადროული ძალის მქონეა, არ კი აქვს რა მას არც დასაბამი, არც დასასრული, რადგან არასოდეს დაპკლებია მამას სიტყვა, არცთუ სიტყვას - სული.
ამგვარად, ერთი მხრივ, ბუნებითი ერთობის გამო ელინთა მრავალღმერთიანობის საცთური უჩინარდება, ხოლო მეორე მხრივ, სიტყვის და სულის აღიარებით იუდეველთა მოძღვრება ისპობა, თუმცა ამ ორივე მწვალებლობისგან ნარჩუნდება ის, რაც სასარგებლოა. იუდეველური თვალსაზრისისგან - ბუნების ერთობა, ელინიზმისგან კი - მარტოდენ გვამოვნებათა მიხედვით განყოფა.
თუ შეგვეპაექრება იუდეველი სიტყვისა და სულის აღიარების გამო, საღვთო წერილის მიერ უნდა ვამხილოთ იგი და დავადუმოთ, რადგან, ერთი მხრივ, სიტყვის შესახებ საღვთო დავითი ამბობსა: „უკუნისამდე, უფალო, ჰგიეს შენი სიტყვა ცაში“ (ფს.); კიდევ: „მოავლინა თავისი სიტყვა და განკურნა ისინი“ (ფს.), ხოლო წარმოთქმადი სიტყვა არც მოივლინება, არც უკუნისამდე ჰგიეს იგი; მეორე მხრივ, სულის შესახებ იგივე დავითი ამბობს, გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან“ (ფს), კიდევ: „უფლის სიტყვით ცანი დამყარდნენ და მისი პირის სულით - ყოველი ძალა მათი“ (ფს.); ასევე, იობი ამბობს: „საღვთო სული - შემქმნელი ჩემი, ხოლო მობერვა ყოვლისმპყრობლისა - შემამტკიცებელი ჩემი“ (იობ.). ამგვარი სული, - მოვლენილი, შემქმნელი, დამამყარებელი და შემამტკიცებელი, - არ არის განქარვებადი ორთქლი, ისევე როგორც არც ღვთის პირია სხეულებრივი ნაწილი, რადგან ორივე მათგანი ღვთისმშვენად უნდა გავიაზროთ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
წმინდა სამების შესახებ
ამრიგად, გვწამს ერთი ღმერთი, ერთი დასაბამი - დაუსაბამო, შეუქმნელი, უშობელი, წარუწყმედელი, უკვდავი, საუკუნო, უსასრულო, გარეშეუწერელი, შემოუსაზღვრელი, უსასრულოდ ძლიერი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, წარუდინებელი, უვნებო, უცვლელი, გარდაუქმნელი, უხილავი, წყარო სიკეთისა და სამართლიანობისა, გონისმიერი სინათლე, მიუახლებელი, არარა საზომით შეცნობილი ძალა, მარტოდენ საკუთარი სურვილით განზომილი, რადგან ყოველივე, რაც ნებავს, ძალუძს, არის რა ყველა ხილული და უხილავი ქმნილების შემქმნელი, ყოველივეს შემამტკიცებელი და შემნარჩუნებელი, ყოველივეს წინაგანმგებელი, ყოველივეს მპყრობელი, მოთავე და მეუფე, დაუსრულებელი და უკვდავი მეუფებით, არარა საწინააღმდეგოს არ მქონე, ყოველივეს აღმავსებელი, არვისგან გარეშეცვული, უმალ კი თვით ყოველივეს გარეშემცველი, შემამტკიცებელი და წინასწარმქონე, ყველა არსებამდე შეურყვნელად მიწევნილი და ყოვლის მიღმიერი, ყველა არსებისგან გაშორებული, როგორც ზეარსი და ყოველივეზე ზემყოფი,ზე ღმერთი,ზეკეთილი, ზესრული, ყველა უფლებამოსილებისა და წესის განმსაზღვრელი და ყველა უფლებამოსილებაზე და წესზე ზედაფუძნებული, უზემოესი არსებაზე, სიცოცხლეზე, სიტყვაზე და აზრზე, თვითსინათლე, თვითსიკეთე, თვითსიცოცხლე, თვითარსება, როგორც სხვა არაფრისგან, რაც კი არსებობს, არმქონე არსებობისა. თვით არსთა არსებობის წყაროდ მყოფი, ცოცხალთათვის მიზეზი სიცოცხლისა, სიტყვასთან წილმქონეთათვის - სიტყვისა, და ასე, ყოველივესთვის - ყოველივე სიკეთისაჯღღღიის მცოდნე ვიდრე მათ შექმნამდე. ერთი არსება, ერთი დმრთეება, ერთი ძალა, ერთი ნებელობა, ერთი მოქმედება, ერთი დასაბამი, ერთი ხელმწიფება, ერთი უფლება, ერთი მეუფება სამ სრულ გვამოვნებაში (შეურევლად შეერთებულებში და განუცალკევებლად განყოფილებში, რაც არის სწორედ საკვირველი) ცნობილი და თაყვანცემული ერთი თაყვანისცემით, ყველა მოაზროვნე ქმნილებისგან რწმენილი და მსახურებული, მამა, ძე და წმინდა სული, რომელთა მიმართაც ნათელვიღეთ, რადგან ამგვარად ნათლისცემა ამცნო უფალმა მოციქულებს, უთხრა რა: „ნათელსცემდეთ მათ მამის, ძის და წმინდა სულის მიმართ“ (მათე 25,19).
გვწამს ერთი მამა, ყოველივეს დასაბამი და მიზეზი, არათუ ვინმესგან შობილი, არამედ ის მხოლო უმიზეზოდ და უშობლად მყოფი, შემოქმედი ყოველივესი, მამა მარტოდენ მისი ერთი ბუნებითი ძისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და გამომავლინებელი ყოვლადწმინდა სულისა.
გვწამს ერთი ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მამისგან შობილი უწინარეს ყველა საუკუნისა, სინათლე სინათლისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, შობილი, არა შექმნილი, თანაარსი მამისა, რომლისგანაც შეიქმნა ყოველივე, მას ვამბობთ ყველა საუკუნის უწინარესად, რითაც ცხადვყოფთ, რომ უჟამოა და დაუსაბამო მისი შობა. არათუ არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა ძე ღვთისა, რომელიც არის გამოცისკრება დიდებისა და ხატი მამისეული გვამოვნებისა, ცოცხალი სიბრძნე და ძალა, სიტყვა გვამოვნებითი, არსობრივი და სრული, ცოცხალი ხატი უხილავი ღვთისა, - არამედ მარადჟამს იყო იგი მამასთან და მამაში, მარადიულად და დაუსაბამოდ მისგან ნაშობი. არ ყოფილა ოდესმე მამა, როდესაც არ იყო ძე, არამედ როგორც კი - მამა, მყისვე - ძე, მისგან ნაშობი, რამეთუ ძის გარეშე მამად წოდებულიც არ იქნებოდა იგი, რადგან თუ იქნებოდა ძის არმქონე, ესე იგი მამა არ იქნებოდა და თუ შემდეგში შეიძენდა ძეს, შემდეგში გახდებოდა მამა, არ იქნებოდა რა მამა აქამდე, ანუ შეიცვლებოდა იგი, რადგან არ იქნებოდა რა მამა, მამა გახდებოდა, მაგრამ ეს ყოველგვარ ბოროტმეტყველებაზე უფრო უარესია- შეუძლებელია, რომ ღმერთად ითქვას ის, რაც მოკლებულია ბუნებით მშობელობას, ხოლო მშობელობა - ესაა თავისი თავისგან ანუ საკუთარი არსებისგან ბუნებითად მსგავსის შობა.
ძის შობასთან დაკავშირებით უღვთოებაა თქმა იმისა, რომ ჟამი მესაშუალეობდა და რომ მამის შემდეგ იყო ძის მყოფობა, რადგან მისგან, ესე იგი, მამის ბუნებისგან ვამბობთ ძის შობას და თუ არ ჩავთვლით, რომ დასაბამიდანვე მამასთან თანამყოფობდა მისგან ნაშობი ძე, მამის გვამოვნების ცვალებადობას დავუშვებთ ამით, - რომ მამად არმყოფი შემდეგ გახდა მამა. მართალია, შესაქმე კი მოხდა შემდეგ, მაგრამ - არა ღვთის არსებისგან, არამედ - ღვთის განზრახვითა და ძალით, რაჟამს არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა იგი. ამიტომ, არ უკავშირდება ცვალებადობა საღვთო ბუნებას.
შობა არის მშობლის არსებისგან გამოსვლა შობილისა, - არსობრივად მისი მსგავსისა, შექმნა და დაბადება კი ესაა გარედან, ესე იგი, არა შემოქმედისა და დამბადებლის არსებისგან, გაჩენა შექმნილისა და დაბადებულისა, - სრულიად არამსგავსისა.
ამრიგად, რადგან ღმერთია მხოლო უვნებო, გარდაუქმნელი, უცვლელი და მარადჟამს იგივე, შობაც და ქმნაც უვნებოა მისთვის. ამიტომ, მას, ბუნებით უვნებოსა და წარუდინებელს, როგორც მარტივსა და შეუდგენელს, არ ეთვისება ვნებულებისა და წარდინების განცდა არც შობისას, არც ქმნისას, არცთუ ვინმეს თანაშეწევნას საჭიროებს იგი, არამედ შობა დაუსაბამოა და მარადიული, რადგან ბუნების საქმეა ეს და - საკუთარი არსებისგან გამომყვანი, რათა ცვლილება არ განიცადოს მშობელმა და არ იყოს ღმერთი პირველი და ღმერთი შემდგომი და რომ შემატება არ მიიღოს მან მეორე მხრივ, ღმერთთან დაკავშირებით, შესაქმე - ესაა ნებელობის საქმე და იგი არ არის თანამარადიული ღვთისა. მართლაც, არაბუნებრივია, რომ არარსებობიდან არსებობაში შემოყვანილი თანამარადიული იყოს დაუსაბამოსი და მარადჟამს არსებულისა.
ამიტომ, ისევე როგორც სხვადასხვაგვარად ქმნის ადამიანი და ღმერთი (რადგან ადამიანს არარსებობიდან არაფერი არ შემოჰყავს არსებობაში, არამედ რასაც აკეთებს, წინასწარარსებული ნივთისგან აკეთებს და არა მხოლოდ ინებებს იგი, არამედ წინასწარ მოიაზრებს კიდეც და გონებაშიც წარმოისახავს გასაკეთებელს, შემდეგ კი ხელითაც მუშაობს, შრომასაც და ჯაფასაც თავს იდებს, და მაინც ხშირად ვერც აღწევს მიზანს, არ გამოდის რა ისე საქმე, როგორც მას სურს, ხოლო ღმერთმა მარტოდენ ინება და არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა ყოველივე), ასევე, სხვადასხვაგვარად შობს ღმერთი და ადამიანი. ერთი მხრივ, ღმერთი, არის რა იგი უჟამო, დაუსაბამო, უვნებო, წარუდინებელი, უსხეულო, მხოლო და დაუსრულებელი, შობს უჟამოდ, დაუსაბამოდ, უვნებოდ, წარუდინებლად და შეუწყვილებლად. ამიტომ არც დასაბამი აქვს მის მიუწვდომელ შობას, არც დასასრული, და შობს იგი დაუსაბამოდ, რადგან გარდაუქმნელია, წარუდინებლად - რადგან უვნებოა და უსხეულო, შეუწყვილებლად - კვლავაც უსხეულობის გამო (და იმიტომაც, რომ ერთი მხოლო ღმერთი არსებობს, რომელსაც არ სჭირდება მეორე), დაუსრულებლად და დაუბოლოებლად - რადგან დაუსაბამოა, უჟამოა, დაუსრულებელია და მარადჟამს იგივე, მართლაც, დაუსაბამო დაუსრულებელია, ხოლო მადლით დაუსრულებელი არანაირად. არ არის დაუსაბამო, როგორც, მაგალითად, ანგელოზები.
ამრიგად, მარადმყოფი ღმერთი შობს თავის სიტყვას, სრულს; შობს დაუსაბამოდ და დაუსრულებლად, რათა დროში არ შობდეს ღმერთი, რომელსაც ჟამზე აღმატებული ბუნება და მყოფობა აქვს. ადამიანი, მეორე მხრივ, ცხადია, ამის საწინააღმდეგოდ შობს, ექვემდებარება რა იგი ქმნადობას, ხრწნას, წარდინებას და გამრავლებას, როგორც სხეულით შემოსილი და მამრობისა და მდედრობის ბუნებით მქონე, რადგან საჭიროებს მამრი მდედრის შეწევნას. არამედ მოწყალემც იყოს ის, ვინც ყოვლის მიღმიერია და ყოველგვარ აზროვნებასა და წვდომაზე ზემდებარე.
ამრიგად, წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია ასწავლის ერთობლივად მამას და მხოლოდშობილ ძეს, მისგან ნაშობს უჟამოდ, წარუდინებლად, უვნებოდ და მიუწვდომლად, როგორც ეს უწყის მხოლოდ მან, ყოველთა ღმერთმა.
ისევე, როგორც ერთობლივია ცეცხლი და მისეული სინათლე, და არა ისე, რომ ჯერ - ცეცხლი, შემდეგ კი - სინათლე, არამედ - ერთობლივად, ამასთან, როგორც ცეცხლისგან მარადშობილი სინათლე მარადის არის მასში და არანაირად არ განეყოფა მას, ამგვარადვე იშვება მამისგან ძეც, არანაირად განყოფილი მისგან, არამედ მარადის მასში მყოფი. მაგრამ ცეცხლისგან განუყოფლად შობილ და მარადის მასში მკვიდრ სინათლეს არ აქვს საკუთარი, არაცეცხლისეული გვამოვნება, რადგან იგი ცეცხლის ბუნებითი თვისობრიობაა, მაშინ როცა ღვთის მხოლოდშობილ ძეს, მამისგან შობილს განუყოფლად და განუცალკევებლად და მარადის მასში მკვიდრს, აქვს საკუთარი, არამამისეული გვამოვნება. ამიტომ იგი სიტყვად და გამოცისკრებად ითქმის, რადგან შეწყვილების გარეშე, უვნებოდ, უჟამოდ, წარუდინებლად და განუყოფლად არის ნაშობი მამისგან. ითქმის, აგრეთვე, ძედ და მამისეული გვამოვნების ხატად, რადგან სრულია, გვამოვნებითია და ყოვლითურთ მსგავსია მამისა, უშობელობის გარდა. ითქმის მხოლოდშობილად, რადგან ის, მხოლო, მხოლო მამისგან მხოლოობითად იშვა, რამეთუ არ ჰგავს სხვა შობა ღვთის ძის შობას, არ არსებობს რა ღვთის სხვა ძე. თუმცა სულიწმინდაც მამისგან გამოდის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად. სხვა არის ამ მყოფობის გვარი, აღუქმელი და უცოდნელი, ისევე როგორც - ძის შობა. ამიტომაც, ყოველივე, რაც მამას აქვს, მისია, გარდა უშობელობისა, რაც არ ნიშნავს არსების განსხვავებას, არც ღირსებისას, არამედ მყოფობის გვარს, ისევე როგორც ადამი, რომელიც უშობელია, რადგან შენაქმნია ღვთისა, და სეითი, რომელიც ნაშობია, რადგან ადამის ძეა, და ევა, რომელიც ადამის გვერდიდან არის გამოსული, რადგან არ შობილა იგი, არათუ ბუნებით სხვაობენ ურთიერთისგან, რამეთუ ადამიანები არიან, არამედ - მყოფობის გვარით.
გვმართებს ვიცოდეთ, რომ სიტყვა „აგენეტონ-, შუაში ერთი „ნ“-თი დაწერილი, ნიშნავს შეუქმნელს ანუ არდაბადებულს, ხოლო „აგენნეტონ-, ორი „ნ“-თი, ცხადყოფს არაშობილს. პირველი მნიშვნელობის მიხედვით არსება სხვაობს არსებისგან, რადგან სხვა არის არსება შეუქმნელი, დაუბადებელი ანუ „აგენეტოს“ (შუაში ერთი „ნ“-თი) და სხვაა დაბადებული ანუ „გენეტოს“, ესე იგი, შექმნილი. მეორე მნიშვნელობის მიხედვით არსება არსებისგან არ სხვაობს. მართლაც, ცხოველთა ყოველი სახეობის პირველი წარმომადგენელი უშობელია და არა დაუბადებელი, რადგან შემოქმედის მიერ შეიქმნა, შემოვიდა რა შესაქმეში მისი სიტყვით. ამიტომ არ არის ის შობილი, რადგან არ არსებობდა მასზე წინ მისივე თანასახეობისა სხვა, რომლისგანაც იშვებოდა იგი.
ამიტომ, პირველი მნიშვნელობის მიხედვით, მოზიარეობს წმინდა ღმრთეების სამი ზეღმერთი გვამოვნება, რადგან თანაარსნი და შეუქმნელნი არიან ისინი, მაგრამ მეორე მნიშვნელობის მიხედვით - არანაირად, რადგან მხოლოდ მამაა უშობელი, რომლის არსებობაც სხვა გვამოვნებისგან არ არის. ასევე, მხოლოდ ძეა შობილი, რადგან მამის არსებისგან არის იგი ნაშობი დაუსაბამოდ და უჟამოდ. კიდევ, მხოლოდ სულიწმინდაა გამოსული მამის არსებისგან, არა შობილი, არამედ გამომავალი.
ასე გვასწავლის წერილი, თუმცა შობისა და გამომავლობის გვარი მიუწვდომელი რჩება.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არათუ ჩვენგან არის გადატანილი ნეტარ ღმრთეებაზე მამობის, ძეობისა და გამომავლობის სახელები, არამედ, პირიქით, იქედან არის ჩვენდამი წილბოძებული, როგორც ამბობს საღვთო მოციქული. „ამის გამო მოვიდრეკ ჩემს მუხლებს მამის მიმართ, რომლისგანაც არის ყოველი მამეულობა ცაში და მიწაზე“ (ეფეს. 5,14).
თუ ვამბობთ, რომ მამა დასაბამია ძისა და უფრო დიდია, იმას წარმოვაჩენთ, რომ პირველობს იგი ძეს არა ჟამით, არა ბუნებით (რადგან მის მიერ შექმნა მან საუკუნეები), არცთუ სხვა რამით, არამედ - მიზეზობრივად. ეს ნიშნავს, რომ ძე მამისგან იშვა და არა მამა ძისგან, და რომ მამა ბუნებითად არის მიზეზი ძისა, ისევე როგორც ვამბობთ არა სინათლისგან ცეცხლის გამოსვლას, არამედ უმალ ცეცხლისგან - სინათლისას. ამიტომ, როდესაც გავიგონებთ, რომ მამა დასაბამია ძისა და უფრო დიდია მასზე, მიზეზობრივად უნდა გავიაზროთ ეს და როგორც არ ვამბობთ, რომ სხვა არსებისაა ცეცხლი, სხვისა კი - სინათლე, ამგვარადვე, შეუძლებელია ითქვას, რომ სხვა არსებისაა მამა, სხვისა კი - ძე, არამედ - ერთი და იმავესიასევე, როგორც ვამბობთ, რომ ცეცხლი ნათობს მისგან გამომავალი სინათლის მიერ და არ ვთვლით, რომ ცეცხლისეული სინათლე მისი მომსახურე იარაღია, არამედ - უმალ ბუნებითი ძალა, ამგვარადვე ვამბობთ, რომ ყოველივეს, რასაც მამა აკეთებს, მისი მხოლოდშობილი ძის მიერ აკეთებს, თუმცა არა როგორც მსახურებითი იარაღის მიერ, არამედ როგორც ბუნებითი და გვამოვნებითი ძალის მიერ. ასევე, ვამბობთ, რომ ცეცხლი ანათებს და კიდევ, ვამბობთ, რომ ცეცხლის სინათლე ანათებს. შესაბამისად, „ყოველივეს, რასაც აკეთებს მამა, მსგავსადვე აკეთებს ძეც“ (იოან. 5,19). მაგრამ სინათლე არ ფლობს საკუთარ, არაცეცხლისეულ გვამოვნებას, ხოლო ძე სრული გვამოვნებაა, მამისეული გვამოვნებისგან განუყოფელი, როგორც ეს ზემოთ ცხადვყავით. შეუძლებელიც არის შესაქმეში იმგვარი ხატის პოვნა, რაც თავის თავში უცვლელად წარმოაჩენდა წმინდა სამების გვარს. მართლაც, როგორ შეიძლება, რომ შექმნილმა, შედგენილმა, წარდინებადმა, ცვალებადმა, გარეშეწერილმა, აღნაგობის მქონემ და ხრწნადმა ნათლად ცხადყოს ის, რაც ყოველივე ამისგან თავისუფალია, - ზეარსი საღვთო არსება? აშკარაა, რომ ყოველი ქმნილება ზემოთქმულთაგან უმრავლესს ექვემდებარება და ყოველი მათგანი თავისი ბუნებით ხრწნადობას არის დამორჩილებული.
მსგავსადვე გვწამს ერთი სულიწმინდა, უფალი და ცხოველმყოფელი, მამისაგან გამომავალი და ძეში დავანებული, მამასთან და ძესთან ერთად თაყვანცემული და თანადიდებული, როგორც თანაარსი და თანამარადიული, ღვთისაგანი სული, წრფელი, მეწინამძღვრეობითი, წყარო სიბრძნისა, სიცოცხლისა და განწმენდისა, მამასთან და ძესთან ერთად ღმერთად არსებული და სახელდებული, შეუქმნელი, აღსავსე, ყოვლისმპყრობელობითი შემოქმედი, ყოვლისმოქმედი, ყოვლადძლიერი, უსასრულოდ ძლიერი, მთელი ქმნილების მფლობელი - არათუ ფლობილი, განმაღმრთობელი - არათუ გაღმრთობილი, აღმავსებელი - არათუ აღვსებული, წილხვედრებული1 - არათუ წილმქონე, განმწმენდი - არათუ განწმენდილი, ნუგეშისმცემელი, როგორც ყველა ვედრების შემწყნარებელი, ყოვლითურთ მსგავსი მამისა და ძისა, მამისგან გამომავალი და ძის მიერ წილბოძებული, მთელი შესაქმის მიერ წილმიღებული, თავისი თავის მიერ ყოველივეს შემქმნელი, არსმყოფელი, განმწმენდი და შემამტკიცებელი, გვამოვნებითი, საკუთარ გვამოვნებაში მყოფი, განუყოფელი და განუყრელი მამისა და ძისგან, ყოველივეს მქონე, რაც კი აქვს მამას და ძეს, გარდა უშობელობისა და შობილობისა.
მამა უმიზეზოა და უშობელი, არ არის რა იგი არავისგან. თავისი თავისგან აქვს მას არსებობა, რადგან არათუ სხვისგან აქვს, რაც აქვს, არამედ უმალ თვით არის ბუნებითად დასაბამი და მიზეზი ყოველივესთვის მათი არსებობის რაგვარობისა.
ძე მამისგან არის შობითად, სულიწმინდაც, ისიც, მამისგან არის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად, რომ არის განსხვავება შობასა და გამომავლობას შორის, ეს გვისწავლია, ხოლო თუ რა არის განსხვავების გვარი - არანაირად, თუმცა ერთდროულია მამისგან ძის შობა და წმინდა სულის გამოსვლა.
ამიტომ, ყოველივე, რაც აქვთ ძეს და სულს, მამისგან აქვთ, - თვით არსებობაც, თუ არ არის მამა, არ არის არც ძე, არც სული. და თუ არ აქვს მამას რაიმე, არ აქვს იგი არც ძეს, არც სულს; მამის გამო, ესე იგი, მამის არსებობის გამო არსებობს ძე და სული; მამის გამო აქვთ ძეს და სულს ყოველივვ, რაც აქვთ, ესე იგი, - იმის გამო, რომ მამას აქვს ეს ყოველივე, - გარდა ეშობელობისა, შობისა და გამომავლობისა. მხოლოდ ამ გვამოვნებითი თვისებებით განსხვავდება ურთიერთისგან სამი წმინდა გვამოვნება, რომლებიც განუყოფლად განიყოფებიან საკუთარ გვამოვნებათა ხატოვნებითობით და არა არსებით.
ვამბობთ, რომ თითოეულს ამ სამთაგან სრული გვამოვნება აქვს, რადგან ვცნობთ არა სამი არასრულისგან შედგენილ ერთ სრულ ბუნებას, არამედ - ერთ მარტივ, ზესრულ და პირველსრულ არსებას სამ სრულ გვამოვნებაში. ყოველივე, რაც არასრულთაგან არის შემდგარი, უთუოდ შედგენილია, მაგრამ სრულ გვამოვნებათაგან შეუძლებელია შედგენილობის შექმნა. ამიტომ, არ ვამბობთ, რომ სახე გვამოვნებათაგან არის, არამედ - გვამოვნებებში, ხოლო „არასრულებად“ იმათ ვამბობთ, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ მათგან განსრულებული საქმის სახეს. მაგალითად, ქვა, ძელი და რკინა თითოეულად სრული არის თავის თავში, საკუთარი ბუნების მიხედვით, მაგრამ მათგან განსრულებული შენობის მიმართ თითოეული მათგანი არასრულია, რადგან არცერთი მათგანი არ არის თავისთავად შენობა.
ამრიგად, სრულს ვამბობთ გვამოვნებებს, რომ საღვთო ბუნების შესახებ შედგენილობა არ დავუშვათ, რადგან შედგენილობა განყოფის დასაბამია და კიდევ, ვამბობთ სამ გვამოვნებას ურთიერთში, რომ არ შემოვიტანოთ ღმერთების სიმრავლე და წყება. სამი გვამოვნების მიერ შეუდგენლობას და შეურევლობას ვცნობთ, ხოლო გვამოვნებათა ერთარსების, ურთიერთში მათი არსებობის, აგრეთვე, მათი ნების, მოქმედების, ძალის, ხელმწიფობის და, ასე ვთქვათ, მოძრაობის იგივეობის მიერ - მათ განუყოფლობასა და ერთი ღმერთის არსებობას. ჭეშმარიტად ერთია ღმერთი, - ღმერთი, მისი სიტყვა და სული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
მეგობრებო, მაინტერესებს, იმას რასაც ვდებ, მოსაბეზრებელი ხომ არ არის, ან იქნებ სხვანაირი თემა ჯობია, მაგალითად იგავები ან მამათა მონათხრობები....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცის შესახებ
ცა არის ხილული და უხილავი ქმნილებების გარემომცველობა, რადგან მის შიგნით გარეშეიზღუდებიან და შეისაზღვრებიან ანგელოზების გონისმიერი ძალები და, აგრეთვე, ყოველივე გრძნობადი, რადგან მხოლოდ ღვთაებაა გარეშეუწერელი, რომელიც ყოველივეს აღავსებს, ყოველივეს გარემოიცავს და ყოველივეს შემოსაზღვრავს, როგორც ყოვლის უზემოეს მყოფი და ყოვლის შემოქმედი.
რადგან წვრილმა თქვა „ცა“, აგრეთვე, „ცათა ცა“ და „ცათა ცანი“, როგორც გვსმენია, მთელი ქვეყნიერების დაბადების ჟამს შეიქმნა ცა, რასაც უვარსკვლავო სფეროდ ამბობენ მოსეს დოგმატების მიმთვისებელი გარეშე ბრძენნი.
კიდევ, სამყაროსაც უწოდა ღმერთმა ცა, რომელსაც წყლის შუაში განუჩინა ყოფნა და განაწესა იგი გამმიჯვნელად სამყაროს ზედა წყალსა და სამყაროს ქვედა წყალს შორის. ღვთაებრივი ბასილი ამბობს, რომ ამ სამყაროს ბუნება დაწლობილია, მსგავსად კვამლისა, რადგან ასე ესწავლა მას საღვთო წერილისგან; ზოგი წყლოვანად ამბობს მას, როგორც წყალთა შორის მყოფს, ზოგი - ოთხი სტიქიონისგან ქმნილად, ზოგი კი - მეხუთე სხეულად და ოთხისგან განსხვავებულად.
ზოგიერთების თვალსაზრისით, ცა წრიულად გარემოივლის ყოველივეს, სფეროსებრი არის იგი და ყოველი მხრიდან ყველაზე მაღალ ნაწილს წარმოადგენს, მის მიერ გარემოცული ადგილის შუაგული კი ყველაზე ქვედა ნაწილია.
მსუბუქ და მჩატე სხეულებს ზემო მდებარეობა ხვდათ წილად შემოქმედის მიერ, ხოლო მძიმეებსა და ქვედაზიდულებს - უფრო ქვემორე მხარე, რაც არის შუაგული.
უფრო მსუბუქი და უფრო ზემსწრაფი სტიქიონია ცეცხლი, რომელსაც უშუალოდ ცის შემდეგ დაწესებულად ამბობენ. მას უწოდებენ ეთერს, რომლის შემდეგ, უფრო ქვემოთ, ჰაერს ათავსებენ. წყალი და მიწა, როგორც უფრო მძიმენი და ქვედაზიდულნი, შუაგულში არიან დაკიდებულები.
ასე საპირისპიროდ არიან ისინი: ქვემოთ - წყალი და მიწა (ხოლო წყალი, როგორც მიწაზე უფრო მსუბუქი, მასზე უფრო ადვილმოძრავია), ზემოდან კი, ყოველმხრივ, გარსის მსგავსად, წრიულად - ჰაერი; ჰაერის ირგვლივ, ყოველმხრივ - ეთერი; ხოლო ყოველივეს გარედან, წრიულად - ცა.
ამბობენ, რომ ცა მოძრაობს წრიულად და ერთად ამჭიდროებს შიგთავსს, რომ ამ გზით მყარად და დაურღვევლად შენარჩუნდეს იგი.
შვიდ სარტყელს ამბობენ ცისას, - ერთს მეორეზე უფრო მაღალს. ამბობენ, აგრეთვე, რომ ცის ბუნება ყველაზე უფრო დაწლობილია, მსგავსად კვამლისა, და რომ თითოეულ სარტყელზე თითო ცთომილია. ამიტომ, შვიდი ცთომილი თქვეს მათ: მზე, მთვარე, იუპიტერი, მერკური, მარსი, ვენერა, სატურნი (ისინი ეენერას ხან ცისკრის, ხან მწუხრის მთიებად ამბობენ). ცთომილნი უწოდეს მათ, რადგან ცის საპირისპირო მოძრაობას ასრულებენ ცა და სხვა ვარსკვლავები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობენ და მხოლოდ ესენია, რომლებსაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ აქვთ მოძრაობა. ამას ვიგებთ მთვარისგან, რომელიც ყოველ საღამოს მცირედით უკან იხევს.
ვინც ამბობს, რომ ცა სფეროსებრია, იგი მას მიწისგან თანაბრად დაცილებულად და დაშორებულად წარმოაჩენს ზევიდანაც, გვერდიდანაც და ქვემოდანაც. ამასთან, ვამბობ „ქვემოდან“და „გვერდიდან“, როგორც ეს ჩვენს შეგრძნებაშია, თორემ, კანონზომიერი მსჯელობის შესაბამისად, ცას ყველა მხრიდან ზედა ადგილი უკავია, მიწას კი - ქვედა.
ამბობენ, აგრეთვე, რომ ცა სფეროსებრ წრეს უვლის დედამიწას და, მისი უსწრაფესი მოძრაობისას, მასთან ერთად წრეს შემოივლის მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ამიტომ, როდესაც მიწის ზევით იმყოფება მზე, აქ დღეა, მიწის ქვეშ კი - ღამე. როდესაც მიწის ქვეშ ჩადის მზე, აქ ღამეა, იქ კი - დღე.
სხვებმა ნახევარსფერულად წარმოიდგინეს ცა, თანახმად ღვთისგამომეტყველი დავითისა, რომელიც ამბობს; „ვინც განავრცო ცა, როგორც ტყავი“ , რაც კარავს ცხადყოფს. ნეტარი ესაიაც ამბობს; „ვინც დააფუძნა ცა, როგორც კამარა“ . ასე აქვთ წარმოდგენილი მათ, რადგან როდესაც მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჩადიან, გარეუვლიან ისინი დედამიწას დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ და ამგვარად კვლავ აღმოსავლეთს აღწევენ.
ასე ხდება თუ ისე, ყოველივე საღვთო ბრძანებით არის შექმნილი და დაფუძნებული და ყველაფერს საღვთო ნება და განზრახვა აქვს ურყევ საძირკვლად, რადგან „მან თქვა და დაიბადნენ. მან ბრძანა და შეიქმნენ. დააფუძნა ისინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. განჩინება დადო და არ გაქარწყლდება იგი“ .
ამრიგად, „ცა ცისა“ არის პირველი ცა, რომელიც სამყაროს ზევით მდებარეობს. აჰა - ორი ცა, რადგან სამყაროსაც ცად უწოდა ღმერთმა. საღვთო წერილის ჩვეულებაა, ჰაერსაც ცად უწოდოს, რადგან მასაც ზევით ვხედავთ. წერილი ამბობს; „აკურთხეთ ყველა ფრიველი ცისა“ , ესე იგი - ჰაერისა, რადგან ჰაერია ფრინველთა სავალი ადგილი და არა ცა. აჰა - სამი ცა, რაზეც საღვთო მოციქულმა თქვა. ხოლო თუ გნებავს, რომ შვიდი სარტყელიც შვიდ ცად გაიგო, არაფერი ევნება ამით ჭეშმარიტების სიტყვას. ებრაული ენისთვის დამახასიათებელია ცის მრავლობითად წოდება, როგორც „ცანი“. ამიტომ, როცა უნდა თქმულიყო „ცა ცისა“, ითქვა „ცანი ცათანი“, რაც ნიშნავს „ცის ცას“, ანუ ცას, რომელიც სამყაროს ზემოთაა. ასევე, თქმულია „ცათა ზემო წყალნი“, სადაც „ცანი“ არის ან ჰაერი და სამყარო ან სამყაროს შვიდი სარტყელი ან თვით სამყარო, ებრაულის ჩვეულებისამებრ მრავლობითად სახელდებული, როგორც „ცანი“.
ყოველივე, რაც ქმნისებრია, ბუნებისეული კანონზომიერებით ხრწნას ექვემდებარება, მათ შორის ცანიც, მაგრამ ისინი ღვთის მადლით არიან შემტკიცებულნი და დაცულნი. მხოლოდ ღვთაებაა ბუნებით დაუსაბამო და დაუსრულებელი. ამიტომაც თქმულა; „ისინი მოისპობიან, შენ კი ჰგიე“ , თუმცა მთლიანად როდი გაქრებიან ცანი, რადგან „დაბერდებიან და როგორც გარსამოსი, დაიხვევიან და შეიცვლებიან და იქნება ცა ახალი და მიწა ახალი“ (გამოცხ.
ცა ბევრად უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე დედამიწა. ამიტომ, არ გვმართებს ცის არსების ძიება, რადგან უცოდნელია იგი ჩვენთვის.
ნურავინ დაუშვებს ცათა ან მნათობთა განსულიერებას, რადგან ისინი უსულონი და უგრძნობნი არიან. ამიტომ, თუმცა საღვთო წერილი ამბობს; „ხარობდნენ ცანი და მხიარულობდეს მიწა“ . ამით იგი სიხარულისკენ მოუწოდებს ცაში მყოფ ანგელოზებს და მიწაზე მყოფ ადამიანებს. უწყის წერილმა გაპიროვნება და უსულოთა შესახებ, როგორც სულიერთათვის, სიტყვის თქმა. მაგალითად. „ზღვამ იხილა და გაიქცა, იორდანე მიიქცა უკან“ . აგრეთვე: „რა დაგემართა ზღვაო, რომ გაიქეცი, და - შენ, იორდანე, უკან რომ მიიქეცი?“ (ფს. და მთებსა და ბორცვებს შეკითხვა ეძლევათ, თუ რა მიზეზით ხტიან. ჩვენც გვჩვევია, ასევე, თქმა, რომ „შეიკრიბა ქალაქი“, თუმცა გვსურს აღვნიშნოთ არა შენობები, არამედ ქალაქის მცხოვრებნი. კიდევ, თქმულია; „ცანიც ღვთის დიდებას უთხრობენ“ (ფს. თუმცა ისინი გრძნობადი ყურით მოსასმენ ხმას როდი გამოსცემენ, არამედ თავისი სიდიადით შემოქმედის ძალას წარმოგვიჩენენ ჩვენ, რადგან მათი მშვენების მჭვრეტელნი ვადიდებთ შემოქმედს, როგორც დიდოსტატს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერი ღმერთს შეევედრა, უფალო, მინდა ვნახო, როგორ გადიან სხეულიდან ცოდვილის და მართლის სულებიო. უსაზღვროდ მოწყალე და კცთმოყვარე ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და თავისი განგებით იგი ერთ ქალაქთან მიიყვანა.

თავდაპირველად ბერი ქალაქგარეთ მდებარე მონასტერში გაჩერდა, სადაც ერთი დიდად სახელოვანი და ხალხში სახელგანთქმული, მაგრამ საქმით უვარგისი, მონაზონი სიკვდილს ებრძოდა. ბერმა ნახა, რომ დიდი მწუხარება იყო ირგვლივ. მსხვილ კელაპტრებსა და ლამპრებს ამზადებდნენ. მთელი ქალაქი მისტიროდა და გლოვობდა. ასე მოთქვამდნენ, პურს და წყალსაც კი მისი ლოცვით გვაძლევდა ღმერთიო.

როცა სიკვდილი მოახლოვდა, ბერა, ღმრთის განგებით, დაინახა, რომ გაიღო ჯოჯოხეთის ტარტაროზი, ამოვიდნენ იქედან ცეცხლის ლახვრების მქონე სულები და ზეციდან ხმა მოისმა, წუთითაც არ მომასვენა მაგის სულმა. ნურც თქვენ შეიბრალებთ მაგას. ტანჯეთ და სასტიკად ამოხადეთ სული. ამიერიდან იგი ვეღარასოდეს ნახავს შვებასო. მაშინ ანგელოსმა უწყალოდ ჩასცა პირში ცეცხლის სამპირი ლახვარი, კარგახანს ტანჯა თავის გვამშივე და მერეღა ამოხადა საშინელი სისასტიკით მისი უბადრუკი სული. ეს რომ ბერმა იხილა, შეძრწუნდა. იგი განცვიფრებული ტიროდა და ამბობდა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს „ნამდვილვე სიკუდილი ცოდჳლთა ბოროტ არს“.

ამის შემდეგ ბერი ქალაქში შევიდა და სრულიად განსხვავებული რამ იხილა. ქუჩაში უპატრონო მომაკვდავი კაცი იწვა და არავინ აქცევდა ყურადღებას. იმ დღეს ბერი მასთან დარჩა და როცა სნეულის სიკვდილის ჟამმა მოიწია, დაინახა ზეციურ ძალთა მთავარნი - მიქაელ და გაბრიელი, რომლებიც მისი სულის გასაყვანად მისულიყვნენ. ერთი მარჯვნივ ედგა მომაკვდავს, მეორე მარცხნივ და მის სულს ტკბილად სთხოვდნენ, რომ მათ გაჰყოლოდა. სულს კი არ უნდოდა ხორცის დატოვება. ბოლოს მიქაელ მთავარანგელოსმა გაბრიელს უთხრა, დროა, მიიბარო სული და წავიყვანოთო, მაგრამ გაბრიელ მთავარანგელოსმა მიუგო, ჩვენი მეუფისაგან ნაბრძანები გვაქვს, რომ უმტკივნეულოდ გავიყვანოთ და არ ვაიძულოთო. მაშინ მიქაელ მთავარანგელოსმა თავისი მშვენიერი ხმით შეჰღაღადა ღმერთს, უფალო ძალთაო, რა ვუყოთ ამ კაცის სულს, რომელსაც არ უნდა ამოსვლაო. ზეციდან ხმა მოისმა, მე გამოგიგზავნით დავითს თავისი ქნარით და ანგელოსებით. ისინი ერთხმად უგალობებენ მას. საამო ხმები დაატკბობს და სიხარულით გამოვა მისი სული. ასე, ყოველგვარი პატივით მოიყვანეთ იგი ჩემთან და ნურაფრით აიძულებთო.

მართლაც, მაშინვე გამოჩნდა დავითი და მგალობელი ანგელოსები. ისინი გარშემოერტყნენ იმ სანატრელ სულს, იწყეს მისი ქება და საოცრად ტკბილხმოვანი, სასიამოვნო გალობა. ამან სიამოვნებით და საზეიმო განწყობით აღავსო მისი სული და სიხარულით შეუფრინდა ხელში მიქაელ მთავარანგელოსს. ამგვარი აღუწერელი დიდებით, უსაზღვრო ბრწყინვალებით, საკვირველი ქებით აიყვანეს ზეცაში მისი ყოვლად სანატრელი სული,. რომელსაც დედამიწიდან ზეცამდე ეგებებოდნენ ანგელოსთა დასები და ამხნევებდნენ სიტყვებით, გიხაროდენ სულო, მართალო!.. შედი შენი უფლის სიხარულში, რადგან მიგელის იქ სიმართლის გვირგვინიო. ასეთი დიდებით და პატივით აიყვანეს იგი ყოველთა მეუფესთან. სწორედ ასეთ შემთხვევაზე ამბობს დავით წინასწარმეტყველი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ფს. 115.15).

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთ ბერს ეშმაკი ნათლის ანგელოზად ეჩვენა და უთხრა: მე ანგელოზი გაბრიელი ვარ, ღმერთმა მომავლინა შენთან. ბერმა უთხრა: მე ცოდვილი და უღირსი ვარ, ვინმე სხვასთან მიგავლენდა. როგორც კი ბერის დიდი სიმდაბლე იხილა, ეშმაკი იმწამსვე გაუჩინარდა.

ღირსი არსენი დიდი ისეთი თავმდაბალი და მორჩილი იყო და იმდენად არ ემყარებოდა თავის გონებას, რომ ყოველთვის ეძიებდა რაიმე ესწავლა, უსწავლელ ადამიანთაგანაც კი.
ერთხელ ეს მოსაგრე ესაუბრებოდა ეგვიპტიდან ჩამოსულ ერთ ხუცესს, რჩევა-დარიგებას სთხოვდა, როგორ უკეთესად განედევნა გულიდან ღვთისთვის არასათნო აზრები. ერთმა სხვა მოსაგრემ მოისმინა მათი საუბარი, გაუკვირდა და არსენის ჰკითხა: „ნუთუ შენ, რომელმაც ბერძნული და ლათინური ენები იცი, რჩევას იღებ უსწავლელისაგან?“
„მე ვიცი ბერძნული და ლათინური ენები, - მიუგო ღირსმა მამამ, - მაგრამ დღემდე ვერ ვისწავლე ანბანი, რომელიც ამ უბრალო ადამიანმა ასე მტკიცედ იცის“.
ამით არსენი დიდმა გამოამჟღავნა თავმდაბლობა, რომელიც ყველა სათნოების სათავეა, ისევე, როგორც ანბანი არის ყველა წიგნის სათავე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოება, რომელიც შეადგენს ქრისტიანული ღვთისმსახურების არსებით ნაწილს არის ისეთი წმიდა მოქმედება, რომლის საშუალებითაც, იესო ქრისტეს სიტყვების საფუძველზე, მორწმუნე ადამიანის სულს ხილული გრძნობითი ნიშნების სახით გადაეცემა უხილავი მადლი უფლისა. ადამიანს, როგორც სულიერ-გრძნობიერ არსებას შეუძლია შეიცნოს უხილავი ღმერთი მხოლოდ გრძნობად საფარველებში და სახეებში და მით უფრო ადვილად და მტკიცეთ დარწმუნდეს სულიერი საგნების სინამდვილეში, ვიდრე განსაზღვრული ნიშნები, რომელთა სახითაც მას ისინი წარმოდგენილი აქვს. ხილული ნიშნები ანუ საშუალებები მღვდელმოქმედებაში ან საიდუმლოებებში, აუცილებელია მხოლოდ ადამიანისათვის, ხოლო ღვთის მადლს ადამიანზე ზემოქმედებისათვის არ სჭირდება არავითარი საშუალება. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: "თუ ჩვენ ვიქნებოდით უსხეულონი, მაშინ ქრისტეც გვაცნობებდა სულიერ ძღვენს უსხეულოდ. მაგრამ რადგანაც ჩვენი სული შეერთებულია სხეულთან, მაშინ სულიერი გვეცნობება ჩვენ გრძნობითი სახეებით”. ამის მიხედვით ადამიანს სჭირდება ხილული საშუალებანი, რათა მათი საშულებით მიიღოს უხილავი ძალა უფლისა.
ღვთაებრივი მოქმედება ხილული ნიშნის გარეშე იქნებოდა მხოლოდ სულიერი და არა საიდუმლო. ხილულსა და უხილავში ე. ი. ღვთის მოქმედებებსა და გარეგან სახეებში, რომლებიც ღვთისაგან არის დაწესებული, ეკლესიის გაგებით არის საიდუმლოთა განმასხვავებელი თვისება, ამიტომაც ყველა საიდუმლო სრულდება ჯვრის გამოსახვით და ხელის დადებით, როგორც მადლის გადაცემის ნიშანი.
ქრისტეს ეკლესია შეიცავს შვიდ საიდუმლოს. სვიმეონ თესალონიკელი (თავი 33) ამბობს: "შვიდია სული წმიდის ძღვენი: შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმიერება, სიბრძნე, როგორც ამბობს ისაია წინასწარმეტყველი: დაივანებს მასზე სული უფლისა, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და შიშისა...” და შვიდია ეკლესიის საიდუმლოც, რომელიც სრულდება სულიწმიდის მიერ. ესენია: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთისცხება.”ყველა ამ საიდუმლოს მოქმედება და ნაყოფი მოკლედ ასე გამოიხატება: წმიდა ნათლისღება განსწმენდს სხეულს და განანათლებს სულს; მირონცხება განამტკიცებს რწმენაში; საღმრთო ზიარებით შემოდის ჩვენში ქრისტე; სინანული არის ზეცად ამაღლება და ცოდვათაგან განდგომა; მღვდლობა გვანიჭებს სულიერ ძალაუფლებას; ქორწინება უფალთან აკურთხებს მეუღლეობრივ კავშირს, ზეთისცხება გვამზადებს ზეციური სასუფევლისათვის.
საიდუმლოთა ცნობილი რიცხვის მიღება ან უარყოფა ნიშნავს სახარების ნაწილის, იესო ქრისტეს საქმეებისა და სწავლების მიღებასა და უარყოფას. სული წმიდის ნიჭთა შვიდი რიცხვი სახეა შვიდი ცეცხლოვანი ლამპრისა, რომელიც ანთია ღვთის ტახტის წინაშე: `და ტახტის წინ ენთო შვიდი ლამპარი ცეცხლისა, რომლებიც არიან ღმერთის შვიდი სული” (იოან.), და სახეა: `შვიდრქოვანი და შვიდთვალიანი კრავისა, რომელნიც არიან შვიდი სული ღმრთისა მთელს დედამიწაზე მოვლენილნი"(ისია ).
ამ საიდუმლოებებით ჩვენ ვიბადებით, ვსუთქავთ, ვსაზრდოობთ, ვაგრძელებთ ჩვენს შთამომავლობას, ვიწმინდებით, ვმრავლდებით და ვიკურნებით.

მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოთა შემსრულებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სასულიერო პირი, მღვდელი, რომელიც დადგენილია კანონიერი გზით კანონიერი მღვდელმთავრისაგან. ქრისტეს ეკლესიის მოძღვარი, რომელზედაც გარდამოვიდა მღვდლობის მადლი წარმოადგენს ეპისკოპოსისაგან მინდობილი მრევლის სულიერ მამას. ღვთისმსახურების დროს ის ყოველ თავის ასამაღლებელში ამოწმებს, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა და ყველაფერი, რაც აღესრულება ეკლესიის საიდუმლოებებში, აღესრულება უფლის ძალითა და ძალაუფლებით.
წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: `დამოწმება შეუძლებელია, თუ სული წმიდის ძალა არ განამტკიცებს მოწმის სულს. მისი ზემოქმედების გარეშე შეუძლებელია იყო მოწმე. ჭეშმარიტების ყოველი მოამბე არის ღვთის მოწმე” წმიდა წერილის მიხედვით, სულიერი (I კორინთელთა) ნიშნავს სული წმიდით გაბრწყინებულს და ზნეობრივად გაცისკროვნებულს (I კორ; გალატელთA). აქედან სულიერი მამა - არის მოძღვარი, ღვთაებრივი ჭეშმარიტების მატარებელი, რომლის შესახებაც ის მოწმობს თავისი მსახურებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნათლისღების საიდუმლო
მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდ საიდუმლოთაგან ნათლობას უჭირავს პირველი ადგილი, ვინაიდან ის ადამიანისათვის წარმოადგენს ერთგვარ კარს ეკლესიაში შესასვლელად. მაცხოვრის თქმით: “უკეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა” ; “რომელსა რწმენეს და ნათელ იღოს, ცხონდეს, ხოლო რომელსა არა რწმენეს, დაისაჯოს” ; “ხოლო პეტრე რქუა მათ: “შეინანეთ და ნათელ იღეთ კაცად კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისათა იესო ქრისტესითა მისატევებლად ცოდვათა და მიიღეთ ნიჭი სულისა წმინდისა” .
ნათლობა ამავე დროს წარმოადგენს სხვა საიდუმლოთა შესავალ კარსაც, რომელნიც სრულდებიან მხოლოდ ეკლესიაში. ნათლობის ქვეშ იგულისხმება ისეთი საიდუმლო, როდესაც წინაპართა მემკვიდრეობითი ცოდვებით დაბადებული ადამიანი, ხელახლად იბადება წყლითა და სულით და თანდაყოლილი ადამიანისეული ცოდვებისაგან განიწმინდება ღვთიური მადლით და გარდაიქმნება ახალ ადამიანად. ასეთი გარდაქმნა მოცემულია ძველ აღთქმის წიგნებში (იეზეკ. 36,25-26). ამ მონაკვეთიდან და სხვა მრავალი ადგილებიდან ნათელია, რომ წყლით ნათლობა დაწესებული იყო ღვთის ნებით. თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ოცდაათი წლისა მოინათლა მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელის მიერ. სული წმიდა გადმოვიდა მასზე და ზეციდან მოისმა ხმა მამა ღმერთისა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ”.
ნათლობის საიდუმლო ახალ აღთქმაში დაწესებულია თვით უფალ იესო ქრისტესაგან. ერთ-ერთ თავის გამოცხადებაში მოწაფეების წინაშე აღდგომილი ქრისტე ეუბნება მათ: “მოგეცათ თქვენ ყოველი ხელმწიფება ზეცასა და ქვეყანაზე. წარვედით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველნი რაოდენი გამცენ თქუენ” .
ამის შემდეგ ხალხის ნათლობას ახდენდნენ იესო ქრისტეს წმიდა მოციქულები. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში არ იყო მკაცრი თანმიმდევრობა ნათლობის აღსრულების დროს, არ იყო აგრეთვე დიდი დრო კათაკმეველის მომზადებისათვის.
ადამიანი სამჯერ იბადება. პირველი არის ხორციელი დაბადება - ანუ წარმოქმნა არარსობიდან არსებობაში, მეორე არის ცუდი არსობიდან გარდაქმნა უკეთეს მდგომარეობაში ნათლისღების საშუალებით და მესამე - აღდგომა მკვდრეთით. წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი ამბობს: “წმიდა წერილი მიგვანიშნებს სამჯერ დაბადებას, სახელდობრ: ხორციელად შობას, ნათლისღების ემბაზიდან შობას და მკვდრეთით შობას - ანუ აღდგომას. პირველი ამათგან არის ღამეული, მონური და ვნებიანი შობა; მეორე არის დღიური, თავისუფალი. იგი ამარცხებს ვნებას და მოიკვეთს ყოველგვარ ბიწს, რომელიც წარმოიშობა ხორციელი შობისაგან, ხოლო მესამე არის ყველაზე საშინელი და წამიერი, რომელიც აერთიანებს ყველა სულდგმულს თვალის დახამხამებაში. ყველა ამ შობას ქრისტემ პატივი სცა თავისი მოქმედებითა და მაგალითით: ერთს პატივი სცა სიცოცხლის პირველი შებერვით, მეორე აკურთხა თავისი ხორცშესხმით და ნათლობით, და ბოლოს მესამე განასახიერა აღდგომით, რომელიც თვითონ წინასწარ დასახა”. სვიმეონ თესალონიკელი უწოდებს რა ნათლობას მეორე დაბადებას ამბობს შემდეგს: ნათლობა ადამიანს განაახლებს სულით, იმიტომ რომ ჩვენ გავანადგურეთ პირველი უვნებელი დაბადება და ახლა, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან (ფსალმ. 50).
ნათლობა წყალში ქრისტეს სახელით ნიშნავს დაფლვას ქრისტესთან და მასთან ერთად აღდგომას. როგორც მაცხოვარმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის ქვეშ ასევე ჩვენ წყალში პირველი შთასვლით განვასახიერეთ პირველი დღე, ხოლო შთაფლვით პირველი ღამე და ასე შემდეგ.
მღვდელი ამ საიდუმლოს შესრულების დროს ასრულებს ღვთის უდიდეს საქმეს - ადამიანის დაბადებას. ნათლიას მიჰყავს მოსანათლი წმიდა ემბაზთან და ამით ის ამოწმებს რომ კათაკმეველი თავისი ნებით ინათლება და ყველაფერი ეს სრულდება მოწმეების თანდასწრებით. პირველ რიგში ღვთის თანდასწრებით, შემდეგ სასულიერო პირისა და მორწმუნეთა თანდასწრებით, განსაკუთრებით კი ანგელოზთა თანდასწრებით.

სასულიერო პირი ნათლობის დროს სულს შეუბერავს სამჯერ კათაკმეველს და განსადევნის მისგან არაწმიდა სულს და უმზადებს ადგილს სული წმიდას. ახლა ის ისევ სამჯერ შეუბერავს სულს წყალს და მიანიჭებს მას მადლს. ამით ის ბაძავს ღმერთს სამყაროს შექმნის დროს.
ნათელღებულთათვის ზეთის ცხება მსგავსია მეფეთა, მღვდელთა და წინასწარმეტყველთა ცხებისა. ზეთით ცხებულ იქნა თვით უფალი იესო ქრისტეც. ზეთის ცხება ხდება იმისათვის, რომ ეშმაკი ვეღარ შეძლებს დაგვიპყროს ჩვენ ცოდვის სიკვდილით. ზეთის ცხება არის ღვთისწყალობა. ძველ აღქმაში წარღვნის დროს მტრედმა მოიტანა ზეთისხილის რტო. ამ დროს განასახიერებდა ნათლობას, მტრედი სული წმიდას, ზეთისხილის რტო კი აღნიშნავს ღვთის უკიდეგანო წყალობას.
მღვდელი ზეთს ცხებს შემდეგი სიტყვებით: იცხებს ზეთსა სიხარულისასა მონა ღვთისა... სიხარული არის ერთ-ერთი ნაყოფი სული წმინდისა, ამიტომაც ზეთი არის სახე ამ სიხარულისა სული წმიდაში. ბასილი დიდი ამბობს: “სამართლიანად იწოდება სული წმიდა სიხარულის ზეთად, როცა ერთი იმ ნაყოფთაგანი, რომელსაც ის წარმოშობს ჩვენს სულში არის სიხარული. ასეთი სიხარულის ზეთით იცხება მოსანათლი მხოლოდ იმიტომ, რომ აღიძრას ის მომავალი ქრისტიანული თავდადებისათვის”.
სვიმეონ თესალონიკელი ამბობს, რომ როცა კათაკმეველი ინათლება უნდა იყოს მთლიანად შიშველი, როგორიც დაიბადა და როგორიც იყო ის შექმნილი. მაგრამ მაშინ მას გააჩნდა სიწმინდის ღვთაებრივი სამოსელი და შიშველი მას არ რცხვენოდა, ხოლო ახლა დაიბადა რა შიშველი, ატარებს სხეულზე დანაშაულის სირცხვილს. წმიდა წყალში შთასვლით ის განთავისუფლდება ამ სირცხვილისაგან.
ყველა საიდუმლოებებში და ყველა კურთხევებში სასულიერო პირები იყენებენ ვნებითი სახის ფორმას მესამე პირში და არ ამბობენ: ვნათლავ, ზეთსა ვცხებ, რათა ამით არ აჩვენონ რომ ეს საიდუმლო ან სხვა კურთხევა ხდება არა თავიანთი ძალით, არამედ ღვთის ძალითა და მოქმედებით. აგრეთვე ამ ფორმით ნაჩვენებია თვით კათაკმეველის სურვილი, რომ ის ინათლება არა ვინმეს ძალდატანებით, არამედ თავისი ნებით. სახელითა ნიშნავს ღვთის ერთობას, მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისათა - კი სამი განუყოფელი და შეურევნელი ღვთაებრივი პირის აღიარებას. სამჯერ წყალში შთასვლა და ამოსვლა განასახიერებს მაცხოვრის სამდღე დაფლვასა და აღდგომას.
სვიმეონ თესალონიკელი ამბობს, რომ ახალნათელღებული ამოდის ჩვენი სულიერი დედის - ემბაზიდან სრულიად განწმენდილი. როგორც უფალი დაიბადა ქალწულისაგან, ასევე ჩვენც ვიბადებით წმიდა ემბაზიდან. როგორც ქალწულის მუცელმა და სისხლმა სული წმინდის ძალით შექმნეს ღვთის სხეულის, ასევე ემბაზის სუფთა წყლითა და ღვთაებრივი სულით ჩვენც ახლად დავიბადენით.
ყოველ მოსანათლ ადამიანს - ყრმასა და მოზრდილს სჭირდება ნათლია. ეკლესიის სწავლებით ნათლია შეიძლება იყოს მორწმუნე ადამიანი მართლმადიდებელი აღმსარებლობისა, რომელსაც გათვიცნობიერებული აქვს ქრისტიანული სწავლება, წმიდა წერილი, ეკლესიის სწავლებები. ეკლესიის წესების მიხედვით აუცილებელია ერთი ნათლია: მამაკაცისათვის მამაკაცი და დედაკაცისათვის დედაკაცი. ეს წესი მომდინარეობს უძველესი დროიდანვე. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების მიხედვით ნათლიები არ შეიძლება იყვნენ ბავშვები (ბიჭები 15 წლამდე, გოგონები 13 წლამდე), რადგან მათ ჯერ კარგად არ იციან მართლმადიდებლური სარწმუნოება;

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Jun 2007
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
პეტრე პავლობას გილოცავთ მრავალს დაესწარით იხარეთ და იბედნიერეთ

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 51 posts ] 
დესპანი