↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართველი წმინდანები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 21 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ღირსი ალექსი მღდელ-მონაზონი (შუშანია) (+1923); წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს, სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.
ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღდელ-მონაზონი 16 წლისï იყო. ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა. შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და, ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღმრთისმოსავი. ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.
ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: \"რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას?\" უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: \"ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: \"ღმერთი! \" კვლავ გაისმა ხმა: \"მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.\" ამის შემდეგ ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.
ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ. შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ მონაზვნად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი. ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერული მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.
განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღმრთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და ბოლოს, აღესრულა. თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.
დაახლოებით 1885 წელს ალექსი დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღმთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღდელმონაზვნად.
1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.
1891 წელს ალექსი ბერმა სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის.
1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა. მიუხედავად მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს. წერდა ლექსებს, წერილობით ამხნევებდა მის მრევლს და ამხელდა იმ დროს გავრცელებულ ათეისტურ და მატერიალურ ცრუ მსოფლმხედველობას. ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა. გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქòმმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქიმოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ. ქრისტესმოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
წმიდა ბარბარეს ცხოვრება
უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.

გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებპდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოებით და სურდა გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ.

ერთხელ, როდესაც მისი არსება მოიცვა განსაკუთრებით ძლიერმა სურვილმა შემოქმედის ხილვისა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“.

კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც „შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17, 27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ქალწულმა კი მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“.

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.

ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.

ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.

ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ“. ამის შემდეგ მშენებნლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“.

რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.

დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო: „ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა“. „გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად“. ...„ მე მნებავს მოქცევაჲ შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ“.

დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.

დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.

მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა.

მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა.

მიუგო მას ბარბარემ: „არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“.

მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, ბრძანა ქალწული ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.

შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“.

სიხარულით აღივსო წმიდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.

მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.

ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: „ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა“.

მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაჲთა არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე“.

მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.

შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.

ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.

მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.

წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.

დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.

ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო“.

დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი.

ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.

წამებულის წმიდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.

დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს).

დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

1921 წ. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის უმალ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში - საფრანგეთში წავიდა. მთავრობამ გადაწყვიტა, არავისთვის დაენებებინა საქართველოს სამუზეუმო ნივთები, ძვირფასეულობა, ქართველი ხალხის ეს დიდი შემოქმედების ნაყოფი. განძეულობის მეთვალყურეს ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. განძეულობა გატანილი იქნა საფრანგეთში. 1921 წლიდან 1945 წლამდე ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და ღირსებით ასრულებდა განძის მეთვალყურის მოვალეობას

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
ღმერთი არის სიყვარული. ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ვისწავლოთ.

ჭეშმარიტი სიყვარული ჭეშმარიტი სიმდაბლიდან მოიპოვება.

P.S. უდიდესი სიმდაბლის და სიყვარულის მქონე გაბრიელ ბერი,

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
გილოცავთ წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს

წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღამაშენებელი
XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მალიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, ააოხრა სომხეთი და, მეფე გიორგი II ცალკეული გამარჯვებების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. შეშინებულმა ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა ურჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა.

ერთ დროს ქრისტესმოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა... „ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა“. აღდგომის დღეს „მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქუეყანა საფუძვლითურთ“. საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია.

ასეთი გაჭირვებისა და უბედურების ჟამს „იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან და თჳთ სამოეცდამეცხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“. საქართველოს იმედად და პატრონად მოევლინა განსწავლული, ბრძნადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელისაღმპყრობელი, ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, მახვილი მესიისა - წმიდა დავით აღმაშენებელი.

1089 წელს გიორგი II უარი თქვა მეფობის პატივსა და სიმძიმეზე და თავის 16 წლის „მარტოშობილ ძეს... დაადგა გჳრგჳნი მეფობისა“. „თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას“ ... უფალმა წყალობითა და ჭეშმარიტებით შემოსა მოწყალე და გლახაკთა მფარველი მეფე. „უზესთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა“. წინ იყო ბრძოლების, შრომის, აღმშენებლობის, მოღვაწეობის 36 წლიანი გზა.

უპირველეს ყოვლისა, დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარზე, აზნაურები შემოიკრიბა და მათთან ერთად შეუდგა ერის შეკრებას.

გავიდა ოთხი წელი. მოკვდა სულთანი მელიქ-შაჰი. ლიპარიტ ბაღვაშმა, რომელიც პირველ ხანებში ერთგულად ედგა მეფეს გვერდით, „იწყო მამურ-პაპურთა კუალთა სლვა... დაღათუ ქრისტიანე იყო სახითა, გარნა ორგულება და სიძულვილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა... დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა.“

მეფემ მისი მობრუნება განიზრახა და რამდენიმე ხნით შეიპყრო. კლდეკარის ერისთავმა მტკიცე ფიცი და ერთგულების პირობა დადო. მეფემ შეუნდო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ „კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“, კვლავ შეიპყრო, ორი წელიწადი საპყრობილეში ამყოფა, შემდეგ კი პატივაყრილი საბერძნეთს გაგზავნა. ასევე წარმატებით დათრგუნა დავითმა სხვა ურჩი დიდებულებიც, რადგან იცოდა, რომ ძლიერი სახელმწიფოს აუცილებელი ქვაკუთხედი შინაგანი მშვიდობა და ერთობა იყო.

ამასობაში იერუსალიმი და ანტიოქია ჯვაროსნებმა აიღეს. ამით ისარგებლა დავით მეფემ და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი

ღვთივგანბრძნობილმა მეფემ თავისი გონიერი მზერა ეკლესიას მიაპყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება „ღვთისმოყვარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა“ „სანახებთა ქართლისათა, მახლობელად ორთა საეპისკოპოსოთა - რუისისა და ურბნისისა“. კრებამ აღადგინა და გააძლიერა ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებელი სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში. „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე (კათოლიკე - საყოველთაოს ნიშნავს) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება“, - ვკითხულობთ ამ კრების ძეგლისწერაში.

დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს სრულ გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიჰმართა. თურქები და მოღალატე ფეოდალები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდნენ. ღვთის წყალობას მინდობილი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, მეომრებს ლომივით შეუძახებდა, გრიგალივით დაჰქროდა. სამი ცხენი მოუკლეს მას ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა საკვირველი გამარჯვებით.

რამოდენიმე წელი ქვეყნის შიდა პოლიტიკის რეფორმას და აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ განწმენდას.

თურქთა სულთანმა მუჰამედმა 100 ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, დავით მეფე ათას ხუთასი კაცით თრიალეთისკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო მხედრობა. „შეწევნითა ღმრთისაჲთა იძლია ბანაკი თურქთა“. თავზარდაცემული მომხდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განიდევნა.

სიმდიდრით და დიდებით აივსო სამეფო. იმავე წელს დავითმა თავისი ასული კატაჲ ბერძენთა იმპერატორს ალექსი კომნენს მისცა რძლად, მეორე ასული კი შირვანს გაგზავნა დედოფლად, „რათა ვითარცა ორნი მნათობნი - ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდნენ სფეროთა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი“.

„ომნი საკვირველნი“ გრძელდებოდა, წმიდა მეფე ახალ-ახალი დიდებით იმოსებოდა. სწორუპოვარ მამას გვერდით ედგა ღირსეული შვილი, „სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნითა უმჯობეს მამისა“ - დემეტრე (შემდგომში - ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, (ხს. 23 მაისს). უფლისწულმა შირვანი დალაშქრა, ქალაძორი აიღო და დიდძალი ალაფითა და ტყვეებით დაბრუნდა მამასთან.

შემდგომ წელიწადს ლორე და აგარანი შემოიერთა საქართველომ.

მიხედავად წარმატებებისა, დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ ძლევამოსილ, მაგრამ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდებოდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. ბრძენმა მეფემ განიზრახა ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. ის კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნების და მხნეობის ამბავი. მისი მეუღლე, გურანდუხტ დედოფალიც ხომ ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო. ათრაქამ სიხარულით მიიღო სახელოვანი სიძის წინადადება. ყივჩაღთა მშვიდობიანი გზის უზრუნველსაყოფად მეფე და მისი აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი ოსეთს წავიდნენ. ოსეთში გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, „აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა“. დამწუხრებულმა მეფემ 40 დღიანი გლოვა გამოაცხადა მთელ სამეფოში.

დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა 40000-იანი არმია. ამას 5000 ქართველიც მიუმატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო 45000 კაცისაგან შემდგარი სპა.

დავითმა საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქების ნავარდობას ბოლო მოუღო. წმიდანი მეფე დღითი-დღე ამტკიცებდა, ჰკრავდა და აძლიერებდა ქვეყანას. მტრები ვერ ბედავდნენ ღვთივკურთხეულ მეფესთან შებმას. „ესევითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი“ სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში. გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ და ასე აუწყეს ამიერკავკასიაში მიდინარე ამბები. სულთანმა არაბთა მეფეს დურბეიზს უხმო, მისცა თავისი ძე მალიქი, 600000-იანი არმია შეკრიბა და საქართველოსკენ დაიძრა.

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. უშიშარმა მეფემ წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.

ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ...“

უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა“.

პირველსავე ბრძოლაში მტერმა დიდი ზარალი ნახა. ბაღდადის მმართველი ილ-ღაზი მძიმედ დაიჭრა, სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი ჩამოგლიჯეს და შემდგომ დიდგორთან მოპოვებული გამარჯვების პატივსაცემად ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირეს.

დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.

მომდევნო, 1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელმა და 400 წლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა. უფალი შეეწეოდა ღვთის მადიდებელ მეფეს.

ჯერ კიდევ 1106 წელს დაიწყო დავით მეფემ თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გვირგვინის - გელათის მონასტრის მშენებლობა. „მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაჲ გარდაართხა ტაძარი ყოვლადწმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა“. ეს ტაძარი ყველა დანარჩენზე მშვენიერი იყო. დავითმა მას დიდძალი განძი და ომებში მოპოვებული ნადავლი შესწირა, ამასთანავე „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთათ სადაცთა ესმა მიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერთა და ჴორციელითა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძია, მოიყვანნა და დაამკჳდრნა მას შინა“. ასე დაედო საფუძველი უმაღლეს სასწავლებელს - გელათის აკადემიას, აქ მოღვაწეობდნენ: იოანე პეტრიწი, თეოფილე ხუცეს-მონაზონი, იოანე ტარიჭის ძე, არსენ იყალთოელი. მართლსარწმუნოებისა და სიბრძნის კერა იქცა „ყოველისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინად“.

დავითის მზრუნველი ხელი დაეტყო საქართველოს საზღვრებს გარეთ წმიდა ადგილებში მრავალ არსებულ ქართულ სავანეებს.

კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ამხნევებდა მათ, მამასავით ეპყრობოდა. დავითს ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად. როცა დაცარიელდებოდა, სიხარულით აღივსებოდა, თუ დღის ბოლომდე ყველაფერს ვერ გასცემდა, მწუხარედ იტყოდა: „დღესა ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა“.

განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, ჯორებით და აქლემებით დაატარებდა ბიბლიოთეკას. როცა კითხვით დაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა. დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: „წინდაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარსათხავად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოსა წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა“.

წმიდა დავით აღმაშენებლის საფლავი

საოცარი მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო. მისი „გალობანი სინანულისანი“ თავისი ღრმა სულიერებით უტოლდება ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს. ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ყველაზე ძლევამოსილმა და ყველაზე მართალმა შთამომავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით მოიხსენა ყველა ცოდვა, ნებსით თუ უნებლიედ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოველისმპყრობელ მსაჯულს: „ჟამი რაჲ წუხილთა და ავთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, შუებანი უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრა, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“

1125 წელს, როცა „დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა“ წარმართვაზე ფიქრობდა, ანდერძი დაწერა ღვთივგვირგვინოსანმა მეფემ, თავისი ხელით დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, დაადგა გვირგვინი, მახვილი შემოარტყა წელზე და „დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერებით“. თვითონ კი 53 წლის ასაკში აღესრულა „სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; საყვარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტნტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის“ (არსენ ბერი).

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მიერვე აგებული და სამეფო საძვალედ დადგენილი გელათის მონასტრის შემოსასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე“.სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღამაშენებელი
XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მალიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, ააოხრა სომხეთი და, მეფე გიორგი II ცალკეული გამარჯვებების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. შეშინებულმა ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა ურჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა.

ერთ დროს ქრისტესმოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა... „ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა“. აღდგომის დღეს „მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქუეყანა საფუძვლითურთ“. საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია.

ასეთი გაჭირვებისა და უბედურების ჟამს „იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან და თჳთ სამოეცდამეცხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“. საქართველოს იმედად და პატრონად მოევლინა განსწავლული, ბრძნადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელისაღმპყრობელი, ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, მახვილი მესიისა - წმიდა დავით აღმაშენებელი.

1089 წელს გიორგი II უარი თქვა მეფობის პატივსა და სიმძიმეზე და თავის 16 წლის „მარტოშობილ ძეს... დაადგა გჳრგჳნი მეფობისა“. „თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას“ ... უფალმა წყალობითა და ჭეშმარიტებით შემოსა მოწყალე და გლახაკთა მფარველი მეფე. „უზესთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა“. წინ იყო ბრძოლების, შრომის, აღმშენებლობის, მოღვაწეობის 36 წლიანი გზა.

უპირველეს ყოვლისა, დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარზე, აზნაურები შემოიკრიბა და მათთან ერთად შეუდგა ერის შეკრებას.

გავიდა ოთხი წელი. მოკვდა სულთანი მელიქ-შაჰი. ლიპარიტ ბაღვაშმა, რომელიც პირველ ხანებში ერთგულად ედგა მეფეს გვერდით, „იწყო მამურ-პაპურთა კუალთა სლვა... დაღათუ ქრისტიანე იყო სახითა, გარნა ორგულება და სიძულვილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა... დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა.“

მეფემ მისი მობრუნება განიზრახა და რამდენიმე ხნით შეიპყრო. კლდეკარის ერისთავმა მტკიცე ფიცი და ერთგულების პირობა დადო. მეფემ შეუნდო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ „კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“, კვლავ შეიპყრო, ორი წელიწადი საპყრობილეში ამყოფა, შემდეგ კი პატივაყრილი საბერძნეთს გაგზავნა. ასევე წარმატებით დათრგუნა დავითმა სხვა ურჩი დიდებულებიც, რადგან იცოდა, რომ ძლიერი სახელმწიფოს აუცილებელი ქვაკუთხედი შინაგანი მშვიდობა და ერთობა იყო.

ამასობაში იერუსალიმი და ანტიოქია ჯვაროსნებმა აიღეს. ამით ისარგებლა დავით მეფემ და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი

ღვთივგანბრძნობილმა მეფემ თავისი გონიერი მზერა ეკლესიას მიაპყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება „ღვთისმოყვარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა“ „სანახებთა ქართლისათა, მახლობელად ორთა საეპისკოპოსოთა - რუისისა და ურბნისისა“. კრებამ აღადგინა და გააძლიერა ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებელი სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში. „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე (კათოლიკე - საყოველთაოს ნიშნავს) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება“, - ვკითხულობთ ამ კრების ძეგლისწერაში.

დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს სრულ გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიჰმართა. თურქები და მოღალატე ფეოდალები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდნენ. ღვთის წყალობას მინდობილი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, მეომრებს ლომივით შეუძახებდა, გრიგალივით დაჰქროდა. სამი ცხენი მოუკლეს მას ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა საკვირველი გამარჯვებით.

რამოდენიმე წელი ქვეყნის შიდა პოლიტიკის რეფორმას და აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ განწმენდას.

თურქთა სულთანმა მუჰამედმა 100 ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, დავით მეფე ათას ხუთასი კაცით თრიალეთისკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო მხედრობა. „შეწევნითა ღმრთისაჲთა იძლია ბანაკი თურქთა“. თავზარდაცემული მომხდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განიდევნა.

სიმდიდრით და დიდებით აივსო სამეფო. იმავე წელს დავითმა თავისი ასული კატაჲ ბერძენთა იმპერატორს ალექსი კომნენს მისცა რძლად, მეორე ასული კი შირვანს გაგზავნა დედოფლად, „რათა ვითარცა ორნი მნათობნი - ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდნენ სფეროთა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი“.

„ომნი საკვირველნი“ გრძელდებოდა, წმიდა მეფე ახალ-ახალი დიდებით იმოსებოდა. სწორუპოვარ მამას გვერდით ედგა ღირსეული შვილი, „სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნითა უმჯობეს მამისა“ - დემეტრე (შემდგომში - ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, (ხს. 23 მაისს). უფლისწულმა შირვანი დალაშქრა, ქალაძორი აიღო და დიდძალი ალაფითა და ტყვეებით დაბრუნდა მამასთან.

შემდგომ წელიწადს ლორე და აგარანი შემოიერთა საქართველომ.

მიხედავად წარმატებებისა, დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ ძლევამოსილ, მაგრამ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდებოდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. ბრძენმა მეფემ განიზრახა ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. ის კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნების და მხნეობის ამბავი. მისი მეუღლე, გურანდუხტ დედოფალიც ხომ ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო. ათრაქამ სიხარულით მიიღო სახელოვანი სიძის წინადადება. ყივჩაღთა მშვიდობიანი გზის უზრუნველსაყოფად მეფე და მისი აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი ოსეთს წავიდნენ. ოსეთში გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, „აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა“. დამწუხრებულმა მეფემ 40 დღიანი გლოვა გამოაცხადა მთელ სამეფოში.

დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა 40000-იანი არმია. ამას 5000 ქართველიც მიუმატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო 45000 კაცისაგან შემდგარი სპა.

დავითმა საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქების ნავარდობას ბოლო მოუღო. წმიდანი მეფე დღითი-დღე ამტკიცებდა, ჰკრავდა და აძლიერებდა ქვეყანას. მტრები ვერ ბედავდნენ ღვთივკურთხეულ მეფესთან შებმას. „ესევითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი“ სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში. გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ და ასე აუწყეს ამიერკავკასიაში მიდინარე ამბები. სულთანმა არაბთა მეფეს დურბეიზს უხმო, მისცა თავისი ძე მალიქი, 600000-იანი არმია შეკრიბა და საქართველოსკენ დაიძრა.

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. უშიშარმა მეფემ წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.

ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ...“

უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა“.

პირველსავე ბრძოლაში მტერმა დიდი ზარალი ნახა. ბაღდადის მმართველი ილ-ღაზი მძიმედ დაიჭრა, სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი ჩამოგლიჯეს და შემდგომ დიდგორთან მოპოვებული გამარჯვების პატივსაცემად ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირეს.

დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.

მომდევნო, 1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელმა და 400 წლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა. უფალი შეეწეოდა ღვთის მადიდებელ მეფეს.

ჯერ კიდევ 1106 წელს დაიწყო დავით მეფემ თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გვირგვინის - გელათის მონასტრის მშენებლობა. „მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაჲ გარდაართხა ტაძარი ყოვლადწმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა“. ეს ტაძარი ყველა დანარჩენზე მშვენიერი იყო. დავითმა მას დიდძალი განძი და ომებში მოპოვებული ნადავლი შესწირა, ამასთანავე „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთათ სადაცთა ესმა მიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერთა და ჴორციელითა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძია, მოიყვანნა და დაამკჳდრნა მას შინა“. ასე დაედო საფუძველი უმაღლეს სასწავლებელს - გელათის აკადემიას, აქ მოღვაწეობდნენ: იოანე პეტრიწი, თეოფილე ხუცეს-მონაზონი, იოანე ტარიჭის ძე, არსენ იყალთოელი. მართლსარწმუნოებისა და სიბრძნის კერა იქცა „ყოველისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინად“.

დავითის მზრუნველი ხელი დაეტყო საქართველოს საზღვრებს გარეთ წმიდა ადგილებში მრავალ არსებულ ქართულ სავანეებს.

კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ამხნევებდა მათ, მამასავით ეპყრობოდა. დავითს ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად. როცა დაცარიელდებოდა, სიხარულით აღივსებოდა, თუ დღის ბოლომდე ყველაფერს ვერ გასცემდა, მწუხარედ იტყოდა: „დღესა ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა“.

განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, ჯორებით და აქლემებით დაატარებდა ბიბლიოთეკას. როცა კითხვით დაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა. დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: „წინდაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარსათხავად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოსა წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა“.

წმიდა დავით აღმაშენებლის საფლავი

საოცარი მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო.
მისი „გალობანი სინანულისანი“ თავისი ღრმა სულიერებით უტოლდება
ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს. ქართველ მეფეთა შორის
ყველაზე უშიშარმა, ყველაზე ძლევამოსილმა და ყველაზე მართალმა შთამომავლობას
დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით მოიხსენა ყველა ცოდვა,
ნებსით თუ უნებლიედ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოველისმპყრობელ მსაჯულს:
„ჟამი რაჲ წუხილთა და ავთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, შუებანი უქმ იქმნნენ,
ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრა, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე,
მსაჯულო ჩემო!“

1125 წელს, როცა „დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა“ წარმართვაზე ფიქრობდა,
ანდერძი დაწერა ღვთივგვირგვინოსანმა მეფემ, თავისი ხელით დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე,
დაადგა გვირგვინი, მახვილი შემოარტყა წელზე და „დაულოცა ცხოვრება წარმართებული
და განგრძობა დღეთა ბედნიერებით“. თვითონ კი 53 წლის ასაკში აღესრულა „სახელგანთქმულ,
ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე,
ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ,
ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე,
ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის;
საყვარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის;
სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტნტინე თჳთმპყრობელთა შორის;
სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის“ (არსენ ბერი).

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მიერვე აგებული და სამეფო საძვალედ დადგენილი
გელათის მონასტრის შემოსასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის
უკანასკნელი სურვილი: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს:
აქა დავემკვიდრო მე“.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 21 posts ] 
ქართველი წმინდანები
დესპანი