|
სტროფები გ. ორბელიანის “სადღEგრძელოდან”
ძმანო, აღვავსოთ ფიალა წინაპართ მოსახსენებლად, რომელთა დაჰსდვეს სიცოცხლე მამულის ასამაღლებლად, რომელთა სახე დიდების სხივს მოგვფენს გასამხნევებლად, რომელთა სული მაღალი ჩვენც მიგვიზიდებს ცად მაღლად!
შენ, ჰე, ფარნაოზ, ჰქმენ ერთ-მთავრობა, შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი, შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა და ერთობისა წესი და ძალი!
ქრისტეს ნათელით განათლებული, მეფე მირიან ჰბრწყინავს გვირგვინით, ჯვარისა ძალით გარე-მორტყმული, შეჰმუსრავს კერპთა მათის ბომონით!
ესე არს გმირი ის გორგ-ასლანი, რომლის შეხედვით სპარსელნი ჰთრთოდნენ, მისწვდნენ სადაც მის ძლიერნი მკლავნი, მტერთა შელეწდნენ და შემუსვრიდენ!
დავით ჰსთქვი: „იყავნ ქალაქნი!“ და აღმოცენდნენ ქალაქნი! განჰვლე უდაბნო ოხერი, - სავსე დაბებით შეჰქმენი! დაჰკარ წერაქვი, - და აღჩნდნენ ტაძარნი, ტურფად ნაშენნი! მუნ შენთან ღმერთსა ჰმადლობენ გალობით შენნი ივერნი!
ვითარცა ღმერთა მშვენიერების, ქველ-მოქმედების, სახიერების, ვით მტრედი მადლის მშვიდი და წყნარი ეგრეთ მშვენებით მოვალს თამარი!
თამარის დროშა გაშალეს, შეკრბა დიდუბეს ლაშქარი: კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით, ფშავ-ხევსურს ჰშვენის აბჯარი, მკლავით ძლიერით ქართლელი, ვით ციხე-ბურჯი მაგარი, ოსი ფეხ-მარდი, მთიული ბრძოლაში შეუპოვარი!
დრონი იცვალნენ... იხილეთ ქეთევან ნაზად აღზრდილი, მამულისათვის იტანჯვის, სარწმუნოების დამცველი, ხორც-დაგლეჯილი შანგებით, მკერდზედა ცეცხლ-ანთებული, სულის სიმაღლეს გვიმტკიცებს ზეცად დიდებით აღმსვლელი!
ნათელ გვირგვინით მოსჩანან კახეთის მხსნელნი გმირები ელისბარ, შალვა, ბიძინა მტარვლისგან დატანჯულები!.. ტარიგად შესაწირავათ მახვილით განგმირულები, ღმერთს ავედრებენ მამულსა მათ უკანასკნელ სიტყვები!
აჰა, სჯულისა წიგნითა ვახტანგ სვე-დამწარებული. სწავლის მოყვარე, მფარველი, გონება ამაღლებული! უცხოსა ცის ქვეშ მარტოობს მისი საფლავი ობოლი, დაუტირავი ჩვენთაგან, ჩვენთვის კი დამიწებული! გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება! თქვენთა სახელთა ამაყად წარმოსთქვამს შთამომავლობა! თქვენთა საქმეთა მოთხრობით მოხუცს ცრემლ-მოედინება, მხნეობით აღტაცებული ჭაბუკი ხმალსა მიჰსწვდება!
ჰე, მამულო სასურველო, ვინ გახსენოს, რომ მის გული არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი? ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დასთხიოს თვისი სისხლი. არ დააკლას თავი თვისი, შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი! ვინ არ შევჰსტრფით მას ადგილს, სად აღგვეხილნეს პირველ თვალნი?
სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა? ერი - გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?! შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა, იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა!..
სოფელი იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა, თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერა რას არგებს მამულსა! მის სადიდებლად ჩვენც შევჰხვდეთ უშიშრად ათასს მახვილსა, და მოვჰკვდეთ, თუკი სიკვდილით ვადიდებთ მისსა სახელსა!
რა არის ჩვენი სიცოცხლე, თუ არა საქმე კეთილი? თუ არ აღვადგენთ დაცემულს, არ ვექმნეთ ნუგეშ-მცემელი? თუ არა ვჰსდევნით ბოროტსა, მართლის არა ვართ მფარველი? სხვის კვნესა თუ არ გვაწუხებს, სხვისი არ გვესმის ტკივილი?
მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანის-ცემა ღირსებას: ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარის-შვილობას! კაცი ის არის, ვინ არის ზეგარდმო მადლით ცხებული; მის მხოლოდ ღვაწლი არს კეთილ, მით მხარე დამშვენებული!
მეგობრობასა წმიდასა შევჰსწიროთ სრულად რაც გვაქვნდეს! დავლიოთ მისთვის ფიალა და აღთქმა არა გვავიწყდეს... ვიყვნეთ ცოცხალნი მეგობრად და ვინცა ომში დაეცეს, ცრემლნი, კურთხევა მეგობართ თან გავაყოლოთ სამარეს!
მაშ, აბა, ძმანო, გულის სატრფოსთვის ფიალა სავსე შევსვათ წყურვილით! ვისურვოთ, რომელ მის ცრემლი ჭმუნვის გაშრეს, ვით ღვინო, ამა ფიალით! შვებისა დღენი მისთვის არ შეჰსწყდეს, არ ვნახოთ იგი ჭმუნვისა ღრუბლით! ახ, სატრფოს ხილვის დღე რომ აღმოჰსჩნდეს, ენა გვემუნჯის მეტ სიხარულით!
ვიშ, ამ დილასა, ამ ჰაერს, ბუნების განმაცხოველსა, გულისა ჭმუნვის გამქარველს, სიცოცხლის დამატკბობელსა!.. ღმერთო, ვინ მიჰწვდეს შენგან ქმნილს, მისს ფერ უთვალავს შვენებას? სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!..
ამ შვენიერსა დილასა, კაცს რად ჰსურს სისხლი კაცისა?
|