დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073 ― გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ომში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

უფლისწულობა
დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქავეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამასი იძილებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 ძე გაემეფებინა. თავად ის ფაქტი, რომ დავითი 16 წლისა იწყებს სახელმწიფოს მართვას, მეურვის გარეშე, მეტყველებს მის კარგ განათლებაზე, სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე.
მეფობა
დავითი 16 წლისა გამეფდა. მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. დავით IV-მ დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა
სახელისუფლო
დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიან ფეოდალებს. 1093 მან შეიპყრო გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში, მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ როცა დარწმუნდა მის ხელახალ ღალატში, 1094 კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.
საეკლესიო
საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენთში \"ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ\". სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართ-უხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04). ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.
ეკონომიკური
დავით IV-მ დიდი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას სააჯო კარს.
სამხედრო
საშინაო საქმეების მოწესრიგების შემდეგ დავითIV-მ განაახლა თურქ-სელჩუკებთან ბრძოლა. 1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 ― რუსთავი, 1117 ― გიში, 1118 ― ლორე. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები. ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაკტიკა. ამასთან, 1118-20 ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაყთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი ― ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ― \"მონა-სპა\".
სამხედრო კამპანია
1099 დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავით IV შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103 აიღო ზედაზენი. 1104 საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების ― არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.
მოხარკე ქვეყნების დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო თურქ-სელჩუკთათვის და სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა ლაშქრობა მოაწყო საქართველოს მეფის ჰერეთ-კახეთიდან განსადევნად. 1104 ერწუხთან ბრძოლაში საქართველოს მხედრობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოუჩენია ომში დავით IV-ს.
1121 აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. ამ ომის გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისაგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით IV-მ თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს.
დავით IV-ის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შირვანისთვისაც. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივი ბრძოლის შედეგად შირვანი გათავისუფლდა სელჩუკი დამპყრობლებისაგან. 1124 დავით IV-მ შირვანი თავის გავლენას დაუმორჩილა. 1123 დავით IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღო ანისიც.
აღმშენებლობა
გელათი

დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.
დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა ― გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.
დავით IV-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.
დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები \"გალობანი სინანულისანი\", რომელშიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. \"გალობანი სინანულისანი\" ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზ. რეზონანს იძენს.
დავით IV-ის ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. ქვეყნის სიძლიერისა და ცენტრალიზაციის შენარჩუნებას მეფე შინაკლასობრივი მტრების (ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიანები) დათრგუნვისა და მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებდა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.

ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში 1118,
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ლაშქრის გაძლიერებას. საქართველოს გაერთიანებისა და თურქ-სელჩუკთა განდევნისათვის ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა 1116 წლისათვის დიდ წარმატებას მიაღწია: შემოიერთა კახეთი, ლორე, გიში, რუსთავი, სამშვილდე და სხვა ქალაქები. სელჩუკთა ხელში რჩებოდა თბილისი, დმანისი და რამდენიმე ციხე, ბრძოლებით დასუსტებულ ქართველ ლაშქარს უძნელდებოდა თურქთა განდევნა და დავით აღმაშენებელმა უცხოეთიდან დამხმარე ძალის მოწვევა გადაწყვიტა. ასეთ ძალად მან მიიჩნია ყივჩაყები, რომელთა მხედრობაც განთქმული, მობილური და ადვილად შესანახი იყო.
დავითი, როგორც ჩანს, ადრევე სარგებლობდა ყივჩაყთა დახმარებით. მისი მეორე ცოლი იყო ყივჩაყთა მთავრის (ხანის) ათრაქა შარაღანის ძის ასული. 1115 კიევის მთავრის ვლადიმირ მონომახის მიერ დამარცხებული ყივჩაყები ჩრდილოეთ კავკასიაში იდგნენ. დავითმა მათთან ელჩობა გაგზავნა და საქართველოში გადმოსახლება და მის სამსახურში ჩადგომა შესთავაზა. თანხმობის მიღების შემდეგ დავით IV მწიგნობართუხუცეს გიორგი ჭყონდიდელთან ერთად ყივჩაყებთან გაემგზავრა, ისინი ოსებთან შეარიგა, საქართველო - ჩრდილოეთ კავკასიის გზაზე ციხეებში თავისი ჯარი ჩააყენა და 1118 წელს 40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოიყვანა, მისცა ცხენები და იარაღი, დასებად დაჰყო, სპასალარები დაუნიშნა და შესაფერ (\"მარჯვე\") ადგილებში - სანაპიროებში (ჰერეთი, ქვემო ქართლი, ჩრდილოეთ სომხეთო) დააყენა. მათგან ერთდროულად 40 ათასი მოლაშქრე გამოდიოდა. ყივჩაყები ძირითადად მოსაზღვრე სახელმწიფოთა რბევით ირჩენდნენ თავს. საქართველოს ლაშქრობებში მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ნაწილი გაქრისტიანდა.
XII-XIV საუკუნეებში საქართველოში ხშირად ჩანან სხვა, \"ახალი\" დაქირავებული ყივჩაყებიც (გიორგი III-ისა და თამარის დროს, XIII საუკუნის 20-იან წლებში, 1300-1308), ცენტრალური ხელისუფლება ყივჩაყებს იყენებდა ფეოდალური ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგ., დემნა ბატონიშვილის აჯანყების (1177) და გიორგი რუსის გამოსვლის დროს (1191). ამის გამო გაქრისტიანებულ ყივჩაყთა (\"ნაყივჩაყართა\") ნაწილი ქვეყნის საგამგებლო აპარატში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდა. საქართველოში მყოფ ყივჩაყთა მასა XIII საუკუნის 30-იან წლებში მონღოლთა ლაშქარს შეერია.
დიდგორის ბრძოლა
ქართულ-სელჯუკური ომების ნაწილი
თარიღი: 21 აგვისტო 1121
მდებარეობა: დიდგორი
შედეგი: საქართველოს გამარჯვება
მხარეები
თურქი სელჯუკები საქართველო
მეთაურები
ილგაზი დავით აღმაშენებელი
სიძლიერე
150,000-600,000 56,000
XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1099 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.
ჩრდილოეთში, საქართველოს სახით, ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება, მაშინ როდესაც დასავლეთით ახლად შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკებისათვის. საინტერესოა, რომ ამ დროს მცირე აზიაში ძალთა მყიფე თანაფარდობა სუფევდა, რადგან არც მუსლიმანებს, არც ჯვაროსნებს შორის ერთობა, ერთიანი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. მაგრამ, როდესაც სხვადასხვა სელჩუკ და არაბებს სახელმწიფოებს შორის გაერთიანება შედგა, მისი პირველი დარტყმა საქართველოს წინააგმდეგ მიიმართა. როგორც ჩანს სულთან მაჰმუდ II-სა და მის მოკავშირეებს სურდათ სწრაფი იერიშით დაემარცხებინათ, გაენადგურებინათ დავით IV, რათა ჩრდილოეთიდან დაცულებს შეერთებული ძალები ჯვაროსნების წინააღმდეგ მიემართათ