შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ხატია (ქართული) \" დახატული \", ე. ი. \" ძალიან ლამაზი \" (შეადარეთ გამოთქმა \" კალმით ნახატი \"). ეს სახელი ჰქვია ნოდარ დუმბაძის რომანს \" მე ვხედავ მზეს \" ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირს.
ზურაბ - ქართულში დამკვიდრებული ფორმაა სპარსული სახელისა (სურხაბ||სუხრაბ), რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც \" წითელი წყალი \", მაგრამ ძველად ის ნიშნავდა აგრეთვე წითლად მოელვარე ძვირფას ქვას – ლალს. სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა უნდა ედოს საფუძვლად ადამიანის სახელს. ზურაბი ერქვა ლეგენდარული ირანელი გმირის როსტომის ვაჟს. იგი ჩვენში ფართოდ გავრცელდა \" შაჰ-ნამეს \" სხვა გმირთა სახელების მსგავსად. მისი კნინობითი ფორმებია: ზურაბა, ზურა, ზურია, ზურიკო. აქედანაა გვარები: ზურაბიშვილი, ზურაბაშვილი, ზურაშვილი, ზურიკაშვილი, ზურაბიანი, ზურაბაული.
აგრაფინა (ლათინური) \" აგრიპას კუთვნილი \", \" აგრიპასი \". აგრიპა რომაული საგვარეულო სახელია, თავის მხრივ უკავშირდება ბერძნულს და ნიშნავს \" ფეხებით წინ დაბადებულს \". ამ სახელს დაერთვის ‘ინ’ სუფიქსი, რომელიც მნიშვნელობით უახლოვდება ქართულ იან-ს (დავითიანი, ვაჩნაძიანი და სხვ.).
ალა - ახალი ნასესხები სახელია, რომლის ეტიმოლოგია საეჭვოა: ზოგი გერმანულიდან მომდინარედ თვლის, მნიშვნელობის დაუდგენლად, ზოგი ბერძნულს უკავშირებს ( \" გაცვლილის \", \" სანაცვლოდ მიღებულის \" მნიშვნელობით).
ანა (ძველი ებრაული) \" სასურველი \", \" სანდომიანი \", \" საამო \". ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): \" იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი \" (DE ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი.
ავთანდილ - მნიშვნელობის მხრივ უკავშირდება არაბულ-ირანულ ენებს, ნიშნავს \" სამშობლოს გულს \", \" სამშობლოს რწმენას \" ან \" სარწმუნოების კერას \". საკუთარი სახელის მნიშვნელობა მიღებული აქვს ქართულში. პირველად გვხვდება \" ვეფხისტყაოსნის \" ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელად, რის გამოც დიდად პოპულარულია. მისი მოფერებითი ფორმაა ავთო. არის გვარი ავთანდილაშვილი.
აკაკი (ბერძნული) \" არ-ავი \", ე. ი. \" უბოროტო \", \" უზაკველი \", \" კეთილი \". ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახელია ამჟამად საქართველოში, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი დიდი პოეტის აკაკი წერეთლის პოპულარობამ. მისი შემოკლებული, საალერსო ფორმებია: აკა, აკი, აკო, კაკო, კაკუნა. აკაკი (აკაკის ხე) მცენარესაც ჰქვია. იმავე ძირისგანაა ნაწარმოები აგრეთვე მეორე მცენარის სახელი –აკაცია.
ალექსანდრე (ბერძნული) \" მცველი ვაჟკაცი \", \" მამაცი მცველი \" (კომპოზიტია, რომლის ნაწილებიც ცალ-ცალკე გვხვდება საკუთარ სახელად: ალეკო - \" მცველი \", ანდრე - \" მამაცი \". გვხვდება ქალის სახელიც – ალექსანდრა). ამ სახელით ცნობილია არაერთი მოწამე – ქალიც და კაციც. აქედანაა გვარი ალექსანდრია. საალერსო ფორმებია: ალე, ალიკო, ალიოშა, სანდრო, საშა.
ალუდა – გვხვდება მთის კილოებში. ამ სახელს ატარებდა ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პოემის გმირი – ალუდა ქეთელაური. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი ეტიმოლოგიურად ლუდს უკავშირდება და ჩვენში შემოსულია ოსურიდან ან სკვითურიდან (ვ. აბაევი, მ. ანდრონიკაშვილი), მაგრამ ეს მოსაზრება საეჭვო ჩანს. ალუდა დაკავშირებული უნდა იყოს ცნობილ აღმოსავლურ სახელთან ალადინ-თან, რომლის ამოსავალი ფორმაა ალაუდინ და არაბულად ნიშნავს \" რწმენის სიმაღლეს \". თავდაპირველად ეს იყო მუსულმანური ქვეყნების მმართველთა ტიტული, რომელიც XIV-XV საუკუნეებიდან შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა და ვაჭრებმა დაისაკუთრეს. ბოლოს იგი საკუთარ სახელად იქცა და ფართოდ გავრცელდა, განსაკუთრებით შუა აზიისა და ვოლგისპირეთის თურქულენოვან ხალხებში, რომელთა ენების ფონეტიკურ კანონზომიერებათა მიხედვით გაჩნდა ნაირფერი ვარიანტები: ალოუდინ, ალოვუტდინ, ალოვადინ, ალოვიდინ... ამ ფორმათა შეკვეცისა და გაქართულების შედეგია ალუდა, ალადა, ალადო, რომლებიც საფუძვლად უძევს ქართულ გვარებს: ალუდაური, ალადაშვილი, ალადოშვილი.
ამირან – ქართული ხალხური ეპოსის გმირის სახელია, რომელსაც ქართულში მნიშვნელობის დამაჯერებელი ახსნა არ მოეპოვება. შეიძლება კავშირი ჰქონდეს არაბულთან, სადაც ამირ ( \" წინამძღვარი \") და ალი ( \" მაღალი \") ცალ-ცალკეც და ერთადაც გვხვდება საკუთარ სახელებად. ამირ შედის აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელის შემადგენლობაში, რომლებიც ამჟამად ქართულში პიროვნულ სახელებად აღარ გვხვდება, მაგრამ დაცულია გვარებში: ამირასლანაშვილი, ამირბეგიშვილი, ამირგულაშვილი, ამირხანაშვილი, ამირჯანაშვილი. ცალკე ამირ-ისაგან ნაწარმოებია გვარი ამირიძე. ამირან დარეჯანისძე კლასიკური ხანის ქართული საგმირო-სარაინდო ეპოსის \" ამირანდარეჯანიანის \" მთავარი გმირია.
არმაზ - სახელია ძველი ქართული ღვთაებისა, რომლის კერპი, აღმართული ქართველი მეფის მიერ, იდგა მცხეთის ახლოს. წარმოშობით ზოგი მას უკავშირებს ხეთური მთვარის ღვთაების სახელს _ არმას, ზოგი ძველი ირანული უზენაესი ღვთაების სახელს _ აჰურა-მაზდას.