შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
არჩილ (ირანული) \" სწორი \", \" წრფელი \", \" მართალი \", \" ნათელი \", \" მადლმოსილი \". ერთ-ერთი უძველესი და ძალზე გავრცელებული სახელია, რომელიც ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება. ცნობილია ქართლის ერისმთავარი არჩილი (VIII ს.), რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ეწამა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კარგად არის ცნობილი აგრეთვე მეფე-პოეტი არჩილი (1647-1713 წწ.).
ბაბალე (ბერძნული) \" უცხოელი \", \" არაბერძენი \". ბერძნულსა და ზოგ სხვა ენაში გვხვდება როგორც ქალის, ისე ვაჟის სახელად. ამ სახელით ცნობილია რამდენიმე წმინდანი. მრავალ ენაში ეს სიტყვა ნასესხებია საზოგადო სახელის მნიშველობითაც ( \" ბარბაროსი \", რუსული варвар). ქართულში ქალის სახელად ბერძნულიდან ნასესხები პირველადი ფორმაა ბარბარე, მისი დისიმილაციით მიღებულია ბარბალე, რ-ს დაკარგვით – ბაბალე, შემოკლებით - ბაბი. გვხვდება აგრეთვე ნაირფეროვანი საალერსო ფორმები: ბაბე, ბაბული, ბაბულია, ბაბუცი, ბაბუცა. ამავე სახელის რუსული გზით შემოსული ფორმებია: ვარვარა, ვარა, ვარიჩკა. ზოგი მკვლევარის აზრით, ეს სახელი უკავშირდება არა ბერძნულს, არმედ შუმერული ქალღმერთის სახელს.
ბაბილინა (ლათინური) \" ბაბილოსი \". ვაჟის სახელს ბაბილოს, რომელიც წარმოშობით სირიულია და \" აჯანყებულს \" ნიშნავს, დართული აქვს ლათინური სუფიქსი ინ(ა) და ქცეულია ქალის სახელად (შეადარეთ აგრაფინა, ანგელინა). საალერსო ფორმებია: ბაბი, ბაბილა.
ბაია - როგორც ჩანს, ქართული მინდვრის ყვავილის სახელია ქცეული ქალის სახელად (შეადარეთ: ია, ვარდო, ენძელა...). ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობისა უნდა იყოს.
გურანდუხტ (სპარსული) \" გურამის (გვარამის) ასული \". საქართველოს სამეფო კარზე ძველთაგანვე ძალიან გავრცელებული სახელი იყო. ეს სახელი ერქვა, მაგალითად: ვახტანგ გორგასლის დას, დავით აღმაშენებლის მეუღლეს და ბევრ სხვას.
გაგი, გაგა - გვხვდება ძველ ქართულ დოკუმენტებში, მნიშვნელობა აუხსნელია (შდრ. კაკი). ამავე სახელის ვარიანტებია: გაგანა, გაგნა. ამათგან წარმოქმნილი გვარებია: გაგაძე, გაგანიძე, გაგნიძე, გაგიშვილი, გაგეიშვილი, გაგანაშვილი, გაგნაშვილი, გაგნიაშვილი.
გალაქტიონ (ბერძნული) “ რძისა “, “ რძიანი “. ქრისტეს ერთ-ერთი მოწამის სახელია. ამავე ბერძნული სიტყვიდანაა ნაწარმოები ასტრონომიული ტერმინი გალაქტიკა ( “ რძის გზა “). ბერძნული კტ კომპლექსი ქართულად ქტ-თი გადმოიცემა. ეს წესი დაცული არ არის მხოლოდ დიდი ქართველი პოეტის სახელში – გალაკტიონ (ტაბიძე).
გელა (ქართული) მიღებულია მგელა-საგან, ე.ი. ეკუთვნის ცხოველთა სახელებისაგან ნაწარმოებ პიროვნულ სახელებს. ძველად მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო: მგელია, მგელიკა, მგელუკა... მ-ს დაკარგვით: გელია, გელიკა, გელუკა და ა.შ. მათგან ნაწარმოებია გვარები: მგელაძე, გელაძე, მგელაშვილი, გელაშვილი, მგელიაშვილი, გელიაშვილი, გელეიშვილი, გელიკაშვილი, გელიტაშვილი, გელუკაშვილი, გელუტაშვილი, გელავა, გელოვანი და სხვ. ამ გვართაგან ზოგი ისტორიულ დოკუმენტებში დასტურდება საკმაოდ ადრეული პერიოდიდან, სახელდობრ, გელოვანი – XIII ს-დან, გელაძე – XIV ს-დან, გელიანი – XIV-XV საუკუნეთა მიჯნიდან და სხვ.
გენადი (ბერძნული) “ კეთილშობილი “. მისი შემოკლებული ფორმაა გენო, ამავე ძირს შეიცავენ სახელები გერმო-გენ, ევ-გენი. გაიხსენეთ აგრეთვე სამეცნიერო ტერმინები: გენეალოგია - “ წარმოშობა “, გენეტიკა - “ მეცნიერება ჯიშთა გამოყვანის შესახებ “.
გია, გიგა, გიგი (გიგია, გიგუცა), გიგო, გიგილო, გიგლა, გიგოლი – ქართული სახელებია, მიჩნეული გიორგი-ს ან გრიგოლ-ის შემოკლებულ ფორმებად, თუმცა წარმოშობით ზოგი მათგანი მაინც დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს და ახლა კვლავ იბრუნებს ოფიციალური სახელის უფლებას. ამ სახელებისაგან ნაწარმოებია მრავალი ქართული გვარი: გიგაშვილი, გიგოშვილი, გიგოლაშვილი, გიგიაძე, გიგუცაძე და ა.შ.
გოჩა (ქართული) ქართული ენის ზოგი დიალექტის მიხედვით გოჩა ნიშნავს “ ბერიკაცს “ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ გერონტი, ფირან), ზოგი დიალექტის მიხედვით - “ პატარას “ (შეადარეთ ტოპონიმები: დიდი ჯიხაიში და გოჩა ჯიხაიში). გოჩა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ერთ-ერთი მოთხრობის მთავარ გმირს – ხევისბერს. ამ სახელისაგან არის წარმოქმნილი გვარები: გოჩაშვილი, გოჩავა, გოჩუა. მოფერებითი ფორმებია: გოჩია, გოჩიტა, გოჩელა, საიდანაც მიღებულია გვარები: გოჩიაშვილი, გოჩიტაშვილი, გოჩელაშვილი, გოჩელეიშვილი, გოჩოლაშვილი, გოჩალეიშვილი.