|
რატომ გტირიმე
რატომ ვტირი ლოცვისას. შუაღამეს. თმაგაშლილი. რატომ დგება ჯერ წელი, შემდეგ მკერდი, ბოლოს მხრები, ძილში. თითქოს სული ამომართვეს. რატომ გტირიმე. უფალო. შემიწყალე. არაფერი გამეგება შენი. არაფერი დამეჯერება. რატომ გთხოვ ამ ადამიანების გადარჩენას და გითვლი სახელებს: ნიცა, გიორგი, ეკატერინე, დავითი, ანნა. თითქოს ჯიბეში ქრთამს გიტენიდე. ერთო, კაცო, გაღმერთებულო. შენი, ალბათ, კაცებს უფრო შურთ. მინდა ძალა გესესხო მუჭით. როგორც მარილი. დაგიბრუნებ. როგორც კი. ბოლოს დაგიბრუნებ. შვინდას რქებზე ავუნთებ სანთლებს და ასე მოვალთ, ოღონდ ბოლოს. სიბერეში ფუტკრებს მოვუვლი - სხვას ვეღარაფერს შეგპირდები. დღეს, დღეს რატომ ვტირიმე უფალო. რადგან რასაც ხელი შევახე, გავაქვავე? ამ ძებნის დღეს, სიზმარში გეკითხები, შენ ხარ? იქნებ ეს ხარ, რომელიც ფეთქავ ყელთან, საფეთქელთან, გულთან, მაჯებზე. ეს ხარ, ჩემი მკვდარი მეგობრის თავთან ანთებული კანდელი. ახლაც და ადრეც მეცნობოდი, მეცნობი, შენ ხარ ვისაც გხედავდი, როცა ვცვლიდით მე და ის ღერ მარიხუანას. რა ადვილი იყო მაშინ, როცა არ გვჭირდებოდი, გვეგონა, გვეტენებოდი, მაშინ, როცა ყველას ყოფნიდი, ჩვენ გვეკიდე უფალო ახლა კი, როცა თავად არ მყოფნი, მინის ფერადი ნამსხვრევებით ვაწყობ შენს სახეს, ხელისგული რომ ჩამოგისვა, გადამაწერ ალბათ ჩემს ცოდვებს. შხამი როგორ შევუშხაპუნე ადამიანებს, როცა ისინი წვეთოვანით მყავდა ძარღვებზე მიერთებული. უფალო, კიდევ ერთი სიმღერა შენ - გიყვები, ასეთი უთევზოა ჩემი ბადე. მუხლამდე წყალში - ვისვრი და მოჰყვება მხოლოდ თბილი, სისხლიანი გულები. ასე ურითმოდ, არითმიის ფონზე გიყვები უფალო, შენც ხომ იყავი ადამიანი? რა ძნელია ვთქვა: ჩვენ აქ ვერ ვიტანთ ერთმანეთს! ვერ ვიტანთ ერთმანეთს! მაგრამ თბილად ვიღიმით ვირტუალური „სმაილიკებით“ ვკავდებით სექსით პირად მიმოწერაში, ადგომაც აღარ გვჭირდება თავლებსა და ფარდულებში სიყვარული დამთავრებულია. კი არ გწერ, გტირიმე უფალო, რადგან მახსოვს ახლაც, არამშობლიურ არხზე გადის ეროტიკული კინო, სადაც გეი არის უბედური და ის ხანდახან გითხოვს შენ როგორც პოპკორნს. უფალო, ასე მიყვარხარ მე, და ასეთია დღეს ჩემი ვარჯიში ლოცვაში. და გტირიმე, რადგან ნელ-ნელა ვხვდები რა ფერისაა ჩვენი დაფარული ორგანოები და რა მძიმეა ჩვენი სულები.
|