შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი... კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი, კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი, კლდეებზე იპოვე ძილი! სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე, რაც მოსახდენია, ჰქენი! არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად, გლოვაა ეს წუთისოფელი. ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს: _ იყო გოდერძი ჩოხელი! ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი, სუნთქვას რომ გაატან ნიავს, ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი, კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს. კლდეებში შენს ძვალ-რბილს რომ ვერვინ იპოვის, კუბო რომ არავის მიაქვს, შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი... სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია. _ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო! _ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!
უღელტეხილი ბევრად ადრე დაიწყო, უფალო, ვიდრე მასზე შევდგი ფეხი... და ეს მერამდენე საუკუნეა, რაც მე და შვილი ჩემი, მშობელი ჩემი, ახლობლები, ძვირფასი ადამიანები, ცოცხლებიცა და გარდაცვლილებიც, ისინიც კი, რომლებიც აწი უნდა დაიბადონ, ყველანი ერთად, მივაბიჯებთ ამ უღელტეხილზე, მივაბიჯებთ უხმოდ. თოვს და ყინავს... როგორ დაიღალა სხეული და როგორ მოიქანცა სული, გულისცემაც გაქრა თითქოს სადღაც, არადა მივაბიჯებთ და მივაბიჯებთ ჯიუტად და ერთგულად, გზას კი არ უჩანს ბოლო... შენ უშველე ყველა დევნილს, შენ დაიფარე ყველა გაჭირვებული, მამავ ჩვენო, ნათელო დიადო, რწმენავ... – დაახლოებით ასე ვესაუბრებოდი ღმერთს ორი ოქტომბრის, ალბათ ყველაზე საშინელ ღამეს საკენ-ჭუბერის უღელტეხილის უმაღლეს მონაკვეთში, სწორედ იმ ღამეს, როდესაც ჩემს თვალწინ და ჩემს ხელებში რამდენიმე ადამიანმა ჩიტივით დალია სული.
საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისაგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია.
მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდუვალობის ძალით სათითაოდ დავატუსაღე და შევუდექი მათ ულმობელ განკითხვას. გაუჩინარდა გლუვი გველაძუა, ნაირფრად აელვარებული ხატება მათი. შეწყდა მათი მოუსვენარი, საყვედურით აღსავსე სისინი. მოისვენა სხეულმა, და სადღაც, გონებაში აკიაფდა სიმშვიდის მომფენი კანდელი სულისმიერი.
სარკმლის დამხანჯლავი სინათლე შთენილა მარტოოდენ ერთადერთი, ჩაუფერფლავ სურვილად. ცის ნაფლეთები მარადისობის ლურჯი იებივით მოსდგომიან ცხაურის ვიწრო სამზერებს. თვალბუდეები ძლივსღა ამაგრებენ ამოსავარდნად გამზადებულ, უსასრულობის მირაჟივით დატყვევებულ თვალებს. შორს, კაბადონზე, იალქანივით ლაპლაპებს სივრცეში მონავარდე მტრედი. უცნაურად ენამჭევრობს იგი, როცა ფერმწერის სიმსუბუქით ჰაერში ავლებს იდუმალ ხაზებს. ნეტა თუ ფიქრობს, ამ ფარულ ნიშნებს აღმოუჩინოს სადმე წამკითხველი. ამაოდ, რადგან ისტორიის სათავეებთან აღმართული გასაოცარი სახე კალხასისა ჩვენმა აკადემიურმა საუკუნემ ანაქრონიზმად, ბალღობისჟამინდელი „უმეცარი“ კაცობირობის მონაჩმახად მიიჩნია, როგორც ყოველივე მითოლოგიური.
რაოდენი თავისუფლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანყოფის სურვილი. თავისუფლება დიახაც ჰგულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობს მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ, უსპეტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭდონ მისი კელდები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი. შენ სივრცეებში გასწავლეს ფრენა, მზემ ოქროს ცვარში ამოავლო საშურველი სითეთრე შენი სხეულისა. მიწამდე დაჰყვინთავ და წამისყოფაზე უმალ დიდებული მნათობის კალთასთან ნებიერად ამოჰყვინთავ ფირუზოვან თვალსაწიერის მეუფევ, მაგრამ ვერ მომატყუებს ეგ შენი თავდავიწყებამდე დაუცხრომელი ნავარდი. არამც და არამც შენ არა ხარ თავისუფლება, არამედ მარტოოდენ სიმბოლო ხარ თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ, შეგრძნებათათვის, ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება ენერგიულ ფიქრებში, დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისაკენ. დავიწყების უფსკრულიდან მოუხმობს გარდასულ სახეებს, აწ განვლილ ცხოვრებისეულ შემთხვევებს, ნაფიქრ-ნაგრძნობსა თუ წარმოსახვაში აელვარებულ სურათ-ხატებს. ხელახლა აცოცხლებს, ახლებურად წარმოგვიჩენს მტერსა და მოყვარეს და შენში ჰბადებს ახალ თვალს, თვალს მსაჯულს, შენივე სიღრმისაკენ მიქცეულს, რომელიც დაწვრილებით გამოიწვლილავს მთელს შენ წარსულს, შენს ნამოქმედარს, ნათქვამს, გულისნადებსა თუ ნააზრევს, ადამიანებისამი მიმართებას, პირუთვნელობის იქცეველი სასწორით ასწონის ყოველივეს, ნაწევარებს გაამთლიანებს, მიზეზებიდან გამოიყვანს შედეგებს და შედეგებიდან კვლავ მიგაბრუნებს მიზეზებისაკენ, რითაც გასწავლის კითხვას დრო-ჟამისეულ კანონებში არეკლილი ბედისწერის წიგნისას. დრო-ჟამისეულ მდინარებაში გასწავლის ნავარდს, ისე, ვით შენ დანავრდობ, საოცარო ფრინველო, უკიდეგანო სივრცეში, სინანულის საკურთხეველთან განბანილს, სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს, საკუთარ თავს, საკუთარ ჭეშმარიტ არსს გაპოვნინებს, სიქველის საწყისსა და უჟამობის სამანებს მიგაახლებს და მაშინ, ამ ახალი სიმაღლიდან განახლებული სულითა და შემართებით გააცნობიერებ და გადააფასებ ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას და ისეთ უმნიშვნელო გასაჭირსაც, როგორიცაა პატიმრობა, ოთხკედელშუა გამომწყვდევა, გიხსნის და, რაც მთავარია, დასაბამს აძლევს შენში ახალ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, შინაგანი თავისუფლების შუქით გასხივოსნებულს.
მაშ ასე, სივრცეების პატარა ბინადარო, შენ მხოლოდ მშვენიერი სიმბოლო ხარ იმ თავისუფლების, ამ ბნელ საკანში რომ იწყო აღმოცენება. ოდესღაც მტრედისფერი დაარქვეს რიჟრაჟს, როცა კაცობრიული ცხოვრების გარიჟრაჟზე პატრიარქთა დიდმა წინაპარმა ნოემ წარღვნისეულ სტიქიათა დაცხრომისას გამოგტყორცნა კიდობანიდან, როგორც მაცნე გადარჩენილი კაცობრიობის ახალ საფეხურზე აღზევებისა, და შენ მაშინ ცნობიერების გარიჟრაჟის სიმბოლოს იქეცი. სპეტაკზე უსპეტაკესად გიხილა ზეცით გარდამოსული იორდანეზე წინამორბედმან უფლისამან და ნათლისმცემელმა, როცა ლაჟვარდოვანი სიწმინდის მისაღებად მოიწიფა კაცობრიული გონი, და ამ ახალი განწმენდილი ცნობიერების სიმბოლოდაც შენ შეიქმენ. ცნობიერება მიგვაახლებს ჭეშმარიტებას, ხოლო ჭეშმარიტება თავისუფლების ძალუმი ფრთებით გვაუნჯებს. ანგელოსის ორი ფრთა ფრესკაზე მაღალი ცნობიერების ხატია, ხოლო ქერუბიმის ექვსი ფრთა - ხატი განუსაზღვრელად უფრო მაღალი ცნობიერებისა. და ვინ უნდა გაგიმართოს მზერა შენ, უფალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველივეს აღავსებ მადლითა შენითა. ეს შენ მოგვივლინე სულიწმიდის ხატად ელვარე ნიმბით მოსილი პატარა მტრედი, სხეულისმიერი საკნის წიაღში რომ აღგვინთებს ცნობიერების კანდელს და გვაზიარებს ანგელოსურ ბუნებას შენსას, უკვდავებისა და თავისუფლების საწინდარს. ჭეშმარიტად არსებობს შენგან დადგენილი ცით დედამიწამდე დამავალი და მიწით ზეცამდე აღმავალი ანგელოსური კიბე ცნობიერების ხარისხებისა, შენგან რჩეული ერის ნუგეშად რომ იხილა ოდესღაც ბიბლიურმა იაკობმა. შენა ხარ, მტრედო, ხატი ცნობიერების ამ სიმაღლეთა ერთიანობისა. ვიმზერ სივრცეში შენს დაუსრულებელ ნავარდს, როგორც ჩემი სულის პროექციას გარე სამყაროში და ვტკბები მშვენიერი სიმბოლოთი, რომლის ჭეშმარიტმა არსმა ჩემშივე იწყო აღმოცენება.
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე. როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ, როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს, როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება, როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები... გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა. გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა. ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი. ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით. რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე. ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი. ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს. მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი: _ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი. _ ღმერთის ნებაა! იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა. იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად. შეეთვისა და განეთვისა: ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას... იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში... დავიბადე! აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში: _ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ! მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით. ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს. მე შენ გეძებდი. გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას: _ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს. შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ! შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე. მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით. უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა: ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით. ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი. ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი. მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს... და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე. . შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე. როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ, როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს, როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ, როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები, გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე. მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა... გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. მე რომ ჩამომძახებენ: _ მიწა ხარ და მიწად იქეც! _ მიწა ხარ და მიწად იქეც! აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა. შემინახე, დედაო მიწავ!
- გუშინღამ მაჭარი თუხთუხებდა, მეშინია ქვევრი არ იყოს გახეთქილი, შვილო.
შვილიშვილმა ქვევრთან ჩაიმუხლა, სარქველზე დარჩენილი მიწა გადაბერტყა, მერე ნაპირები შემოიწმინდა. პაპამ ახალა სარქველი, ორშიმო მოიმარჯვა. დიდხანს იხედებოდა შიგნით, შემდეგ თავი გასწია და შვილიშვილს ჩაახედა.
- გახეთქილა, - თქვა ჯემალმა.
- ჰო, - დაუდასტურა პაპამ.
შვილიშვილი: ასე იცის, პაპა, მაჭარმა?
პაპა: ზოგჯერ ჰო, ზოგჯერ არა.
შვილიშვილი: ზოგჯერ რატომ?
პაპა: იმიტომ, რომ ზოგჯერ ქვევრის კედელი თხელია.
შვილიშვილი: მერე?
პაპა: მერე, მაჭარი კი ზედმეტად მდუღარე.
შვილიშვილი: ზოგჯერ კი?
პაპა: ზოგჯერ კი ქვევრის კედელი სქელია, მაჭარიც ნაკლებად მდუღარე.
შვილიშვილი: მერე?
პაპა: მაშინ არ სკდება.
შვილიშვილი: პაპავ, ეგ ქვევრი აღარ ვარგა?
პაპა: ქვევრი არა, მაჭარი კი, რაც დარჩა, უფრო კარგი ღვინო დადგება.
მოხუცმა ნიჩაბს წამოავლო ხელი და ახალი ორმოს თხრა დაიწყო. პაპა-შვილიშვილმა საღამომდე იმუშავეს. საღამოხანს ეზოდან მთელი, უფრო პატარა ქვევრი შემოათრიეს და ორმოში ჩააგდეს. გამზადებულ ჭურჭელში გადაიღო მოხუცმა გახეთქილში დარჩენილი მაჭარი. პატარა ქვევრი უცებ გაივსო. რაც დარჩა, პაპამ კოკაში ჩაასხა, მერე შვილიშვილი პურზე გაგზავნა, თვითონ კი მჟავე ამოიღო.
ცოტა დალიეს.
პაპამ ყალიონი გააბოლა.
კიდევ დალიეს.
ჯემალი ოდნავ შეთვრა.
- რამდენი წლისა ხარ, ბიჭო? - გადააწოდა მოხუცმა.
- თვრამეტისა, პაპავ.
მოხუცმა კიდევ მოქაჩა, მერე კეფა მოიქექა.
- ჯერ მაჭარი ხარ, შვილო, - უთხრა და კეფა ისევ მოიქექა.
თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთიციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ. დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს! თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც. ღმერთო, თუ გული მექნებოდა Mმთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა. ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ სძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახვებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას. ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები. ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი \"მიყვარხარ\", თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი... ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდლი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა \"ვწუხვარ\", \"მაპატიე\", \"გეთაყვა\", \'\"გმადლობთ\" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.\" თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი. და თუ ამას არასოდეს არ გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე... დაიწყე შენი ოცნებების ახდენა. ახლა სწორედ ეს მომენტია.

1909 წლის იმ ადრიანი შემოდგომის დილით ავს¬ტრია-უნგრეთის არმიის საინჟინრო ჯარების კაპიტანმა, მისმა კეთილშობილებამ, ბატონმა პეტარ ფონ ვიტკოვიჩმა სამხედრო საყვირის ხმაზე თავისი ლოგინის ნაცვლად ვიღაცის უცხო სულში გაიღვიძა. ერთი შეხედვით, ეს სული ფართო იყო, ცუდად განიავებული და გვარიანად დაბალჭერიანი, მოკლედ, ჩვეულებრივი სული იყო, მაგრამ, ამასთან, უეჭველია, სხვისი. განათება აქ ცოტა უკეთესი იყო, ვიდრე წინაში, კაპიტან ფონ ვიტკოვიჩის საკუთარ სულში, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, კაპიტანი სულაც არ იყო დარწმუ¬ნებული, ამ სხვის სულში უცბად შვერილს ან კედელს რომ არ მიეჯახებოდა. თუმცა ბატონი კაპიტანი მიიჩ¬ნევ¬და, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, თავის დროზე შეაბიჯო მეხუთე ათეულ წელში, ახლა თავს მაინც უხერხულად გრძნობდა. ბუნებრივია, მაშინვე შენიშნა ცვლილება, რასაც ვერ იტყვი მის მხლებელ სამხედროფორმიან, შაშხანებიან ორ მამა¬კაცზე, რომლებიც ვერაფერს ამჩნევდნენ. ზუსტად ასე ვერ შენიშნეს ცვლილებები სამხედრო პროკუ¬რორმა, ბატონმა პოდპოლკოვნიმა კოხმა, გამომძიებელმა, მაიორმა ფონ პალანსკიმ, რომელსაც კაპიტან ფონ ვიტკოვიჩის დაკითხვებზე უწინდებურად ეწყებოდა სულის ხუთვის შემოტევები. ყოველთვის, როდესაც გამოძიების ქვეშ მყოფი თავის ჭეშმარიტ სახელებს არქმევდა იმ მოვლენებს, პირებს და საგნებს, პროცესს რომ უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების სი¬ფხიზ¬ლის ესოდენ მოდუნების მიუხედავად, ანდა, იქნებ, სწორედ ამის წყალობითაც, კაპიტან ფონ ვიტკოვიჩის საქმე სულ უფრო მეტად იხლართებოდა. გარდა იმისა, რომ სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი (უცხო სახელმწიფოს, კერძოდ, სერბეთის სამეფოს სამხედრო წრეებთან კონტაქტისათვის) და ძალიან მალე მატარებ¬ლით გადაიყვანდნენ ვენიდან პეტროვარადინში, იმ ადგილას, სადაც სასჯელის მოხდა მოუწევდა, ახლა სხვის სულთან დაკავშირებული დამატებითი უხერ¬ხულობებიც შეექმნა. ამასთან, უხერხულობა, სულ ცოტა, ორი იყო. უპირველესად, თავს უსვამდა შეკი¬თხვას — რისი უფლებაც, ბუნებრივია, ჰქონდა, — სად არის მისი საკუთარი სული და რა სჭირს მას იმ დროს, როცა თვითონ, გრძელი წვრილი ჯაჭვით დაბორკილი, ორი ბადრაგის თანხლებით სხვისი სულის გავლით (რომელიც ახლა მას გადაეცა) პეტროვარადინისკენ მიემართება. ამ უცხო სულში თავს სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა (და ახლა ამაში საეჭვოც აღარაფერი რჩებოდა). არ იცოდა, ამ სულში გზა როგორ გაეგნო. წარმოდგენა არ ჰქონდა, არსებობს თუ არა სამხედრო კომპასი, რომელიც სხვის სულში გადაადგილებისას ორიენტირებისთვის არის განკუთვნილი. ამ ფიქრებისგან შემკრთალმა ბატონმა კაპიტანმა ფონ ვიტკოვიჩმა უცბად ვაგონის ფანჯრის მინაზე საკუთარი სახის ანარეკლში თავისი მამის დაღლილი თვალები დაინახა და იმავ წამს შეკითხვაც დაებადა: მაინც რა ხდება ამ სულის პატრონის თავს, სულისა, რომელიც ახლა მისი კომპეტენციის სფეროში აღ¬მოჩნდა? რას საქმიანობს, ვინ არის, სად ცხოვრობს ის და როდის გამოაძევეს საკუთარი სულიდან, რომელიც მერე სხვას გადასცეს? ყველაზე უსიამოვნო კი ის იყო, რომ ბატონ კაპიტანს წარმოდგენაც არ შეეძლო — ამ სხვის სულს, რომლის ფსკერზეც ახლა თავისი ციხის მკბენარებიანად მატარებლით მგზავ¬რობს, როგორი რეაქცია ექნება მის ჩვევებსა და ახლან¬დელი, ახალი ყოფის არცთუ მარტივ დეტალებზე. უცნობი იყო, მაგალითად, როგორი დამოკიდე¬ბულება ექნება ამ სულს მისი ქრონიკული კბილის ტკივილის ან იმ ფაქტის მიმართ, რომ იძულებულია, დროდადრო ნახშირზე შეწვას და ჭამოს ციხის თაგვები? ამ დროს ბატონ კაპიტანს ფიქრი ვიღაცის მაღალ¬ტემბრიანმა ხმამ გააწყვეტინა, რომელიც მატარებელში მის ზურგს უკან ისე სევდიანად ამღერდა, როგორც სუფთად დაბანილ თმებს შორის. და, თითქოს ამ ხმას გამოეპასუხაო, ბატონ კაპიტან ფონ ვიტკოვიჩს კბილის ტკივილმა უმატა, სხვისი სული კი, ამჟამად მისთვის ბოძებული, ყველა სიმით აჟღერდა. ასე შეიტყო ბატონმა კაპიტანმა, რომ ეს სული მუსიკალურია, რასაც ვე¬რაფრით იტყოდით მის საკუთარზე... და მაშინ მისმა კეთილშობილებამ, კაპიტანმა ფონ ვიტკოვიჩმა გადა¬წყვიტა, გაერკვია, მაინც რას წარმოადგენს ეს ახალი სული; მოეჩხრიკა მისი უცნობი კუნჭულები, რომლებიც, უეჭველია, ექნებოდა და რომლებიც კაპიტნისთვის, ბუნებრივია, საერთოდ უცხო იყო და აი, ჯაჭვშებმული, ვაგონის სკამზე მჯდომი, მის დათვალიერებას შეუდგა. სხვის სულში გადაადგილება რომ დაიწყო (არსები¬თად ბრმად, მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი შესაძ¬ლო საშუალებით), ბატონი კაპიტანი ფონ ვიტკოვიჩი ფანჯარას წააწყდა. უჩვეულებრივესი ფანჯარა („ვახ, ვახ, სულს, როგორც ჩანს, შეიძლება ფანჯრები ჰქონ¬დეს“, გაიფიქრა და ფანჯარაში გაიხედა). იქითა მხარეს არაფერი იყო. აბსოლუტურად არაფერი. ოღონდ თვითონ ფანჯარას, სხვის სულში გაჭრილს, სულ ახალი დანიშნულება ჰქონდა, ისეთი, როგორიც კაპიტან ფონ ვიტკოვიჩის ცხოვრებაში არც ერთ სხვა ფანჯარას არ ჰქონია. ეს, უბრალოდ, ფანჯრის ჩარჩო კი არ იყო, ჯვრის ფორმის ხის ალათით, შუაში კი საკეტით (ანუ სახელურით) — ფანჯარა წარმოადგენდა ბატონ ფონ ვიტკოვიჩის და საერთოდ, დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის დროისა და ცხოვრების ახსნა-განმარტებას. გაუსის თანამედროვემ, XVIII ასწლეულის ცნობილმა ფიზიკოსმა ათანასიე სტოიკოვიჩმა ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ იცოდა, რომ არსებობს არა ერთი მარადისობა, არამედ ორი და იგივე მშვენივრად უწყოდა კაპიტანმა ფონ ვიტკოვიჩმაც, რადგან ფიზიკა სამხედრო სასწავლებლის პროგრამაში შედიოდა. ახლა ეს ორი მარადისობა ფანჯრის ჩარჩოს ცენტრალური შვეული თამასით იყო წარმოდგენილი. დრო კი ჰო¬რიზონტალურით. მარადისობისა და დროის გადაკვე¬თის ადგილი აღინიშნებოდა სახელურით, ანუ ფანჯრის საკეტით. აქ იყო საიდუმლო, იმავე ცხოვრების გასა¬ღები. ზუსტად აქ, ფიქრობდა ბატონი ფონ ვიტკოვიჩი, რადგან სწორედ სამყაროს ამ ნაწილში ისწავლა დრომ გაჩერება. შეიძლება ზუსტად აქ საქმე გვაქვს რომელი¬ღაც მოთვინიერებულ დროსთან. ცხოვრება მხოლოდ ისეთ დროშია შესაძლებელი, რომელიც წამით შეჩერდა და შეუძლებელია მაშინ, როცა ის მოუთვინიერებელი მიედინება. თუ შევიმეცნებთ, რომ მარადისობა გარდამოდის ჩვენზე, როგორც ღვთის წყალობა, როგორც ნათლის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც არ ბერდება (ასე მიიჩ¬ნევ¬დნენ ბიზანტიელი ბერები), ხოლო დრო გამოდინ¬დება სატანისგან, რომელიც ტაძრის მარცხნივ არის, მაშინ ნათელი გახდება, რომ განსაზღვრულ ადგილას უნდა არსებობდეს მარადისობა და დროის ოქროს კვეთი. ჯვრის იმ ადგილზე, სადაც ერთმანეთს კვეთენ დრო და მარადისობა, დრო წამით შეჩერდება იმისთვის, რომ მარადისობამ აკურთხოს... და ეს წამია აწმყო. აწმყოს ფარგლებს გარეთ — როგორც წარსულ, ისე მომავალ დროში — სიცოცხლე არ არის, არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება. მაშ, ასე, ჩვენ აქ ვიმყოფებით, რადგან სამყაროს ამ ნაწილში დრო ჩერდება და სწორედ ამით ხდის შესაძ¬ლებელს ჩვენს სიცოცხლეს. ალბათ, დასაშვებია, წარმოვიდგინოთ დროც, რომელსაც არა აქვს შესაძ¬ლებლობა, გადაიკვეთოს მარადისობასთან და აქედან გამომდინარე, შესაძლებლობა — შეჩერდეს. ამიტომაც მას არ აქვს აწმყო, რის გამოც უნაყოფოა. ჩვენ არ შეგ¬ვიძლია სამყაროს ასეთ ნაწილში ყოფნა, რამდენადაც ჩვენი უმთავრესი განმასხვავებელი თვისება სიცო¬ცხლეა, რაც შეეხება სიკვდილებს, მათ ძალუძთ, ისრი¬ალონ დროის ღერძზე — როგორც ზევით, ისე ქვევითაც. ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ კითხვაზე: „საიდან ჩნდება დრო?“, პასუხი ასეთია: დრო სიკვ¬დი¬ლის¬გან მოდის, რადგან იქამდე, ვიდრე არსებობს სიკვდილი, იარსებებს დროც. როცა სიკვდილი გაქრება, გაქრება დროც. ასე რომ, სიკვდილი ობობას, ძაფის მქსოვლის, მსგავსად ქსოვს ჩვენს დროს. იმიტომ, რომ თუ სიცოცხლე იქ არის, სადაც დრო შეჩერებულია აწმყოს მომენტში, არ იძვრის, სიკვდილი იმ ნაწილში გვე¬ცხა¬დება, რომელშიც დრო მიედინება. ესე იგი, დრო სიკვდილის გავლით მიედინება და ჩერდება სიცო¬ცხლე¬ში. ზუსტად იმ წერტილში, სადაც სულის ფანჯრის ალა¬თის ჯვარედინზე გადაიკვეთება მარადისობა და დრო...
თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთიციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ. დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს! თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც. ღმერთო, თუ გული მექნებოდა Mმთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა. ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ სძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახვებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას. ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები. ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი \"მიყვარხარ\", თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი... ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდლი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა \"ვწუხვარ\", \"მაპატიე\", \"გეთაყვა\", \'\"გმადლობთ\" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.\" თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი. და თუ ამას არასოდეს არ გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე... დაიწყე შენი ოცნებების ახდენა. ახლა სწორედ ეს მომენტია.
ვკვდებით არაა!... გაბრიელას სიკვდილის არ სჯეროდა. მოკვდაო, ვინმეზე ეტყოდნენ და სიცილისგან აღარ იყო. სატირალში და პანაშვიდში არ აჭაჭანებდნენ, აბა, როგორია ჭირისუფალს რომ დაუჟინებ, ცოცხალია შენი მიცვალებულიო. _ რას ჰქვია არ ვკვდებით, აგერ ჟორჟიკა რომ ჩავდეთ მიწაში, არ მომკვდარა? _ არა, არ მომკვდარა ჟორჟიკა, არა. _ მა სად არის? _ მიწაშია, მიწაში. _ ცხრა ძმა ხერხეულიძეებიც ცოცხლები იქნებიან, ჰა? _ ცოცხლები არიან, ცოცხლები. _ სად არიან ცოცხლები, მიწაში? _ გულში, გულში, მაგათ ვენაცვალე, მაგათა _ გაბრიელა გულზე ხელს დაირტყავდა თვალებგაბრწყინებული, _ ცხრავე აქ არის. _ ვიწროდ იქნებიან მანდ? _ რადა კაცო, ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო, არ გაგიგიათ, განა საიქიო ადამიანის გულზე ფართოა?! _ არც მერე დაიხოცებიან? _ მერე რაღა დახოცავთ, წავიდა მტერი. _ არც შენ მოკვდები? _ მოვკვდები, არა!.. გაბრიელა ანდაზად ჰყავდა სოფელს, გაბრიელასავით უკვდავი ჰგონია თავიო; გაბრიელა სააქაოს ვახშმობს, საიქიოს სადილობსო; გაბრიელ, პერანგი გაიძრე, ბიჭოო... ეს პერანგი გაიძრე კიდევ ცალკე ამბავი იყო. ტბა ჰქონდა სოფელს, პატარა, მაგრამ კაი ღრმა. ვიღაცას ეთქვა გაბრიელასთვის, აქ ეკლესიაა ჩაძირულიო. მას შემდეგ შიშველი აღარ შესულა წყალში, სხვები თუ ტბასთან იხდიდნენ, ეს პირიქით იცმევდა ხოლმე. გამოვიდოდა საღამოს პირს ყანიდან თუ ვენახიდან, მუხლებამდე აკაპიწებულ შარვალს ჩამოუშვებდა, პერანგს ჩაიცვამდა, პირჯვარს გადაიწერდა და შეცურავდა ჩუმად. რაღა გაბრიელა და რაღა ქეთო ბებოო... ასეც იტყოდნენ ხოლმე. ოღონდ ქეთო ბებო დიდი წიოკა ვინმე იყო. თუკი გაგიგებდა, ვერ გაასწრებდი. ქურდების ეშინოდა ქოთოს. წასაღები არაფერი ებადა, მაგრამ მოხუცი ხომ წუწურაქი ხდება და ქეთოს ახალგაზრდობაშიც ორი კოვზი ერთდროულად არასდროს დაუდვია მაგიდაზე. მაგის ღამის ძილი ვინმეს ენახა, ან სიცილით მოკვდებოდა ან ტირილით. ჯერ ხომ ტანგაუხდელი იწვა გაუშლელ ლოგინზე, მერე თუ სახლში რამე მჭრელი იყო ყველაფერი გვერდით ელაგა: ლომიო, ნაჯახიო, წალდიო... ტაშტით წყალიც ჰქონდა მომარაგებული, ქურდისთვის თავზე რომ დაესხა. ზაფხულში წყალი თბებოდა და ცივის ჩასამატებლად ღამე ორჯერ წამოიწევდა ხოლმე. ჟღრიალებდა კაბაზე ასხმული დანა-წალდი, ისეთი ზანზარი იდგა, მეზობლები ყოველ მის ლოგინში გადაბრუნებას ითვლიდნენ. ერთხელ ძაღლიც ჩამოუყვანეს მწყემსებმა, ღამეებს რომ აუთოებ, საბანქვეშ დაიძინე, აწი ეს გიდარაჯებსო. მეცხვარე ნაგაზი იყო, ბეხვერა. იწვა თავისთვის წინკარში. წააგულიანებდა ქეთო, წაკრავდა წიხლს, გადაწვებოდა ახლა სხვაგან. ქოთქოთებდა ხოლმე გულმოსული: `გენაცვათ, ბატკანი უფრო დაიყეფებდა... ამის მომყვანმაც უნდა თქვას, ძაღლი მივუყვანეო. განა, რასაც კუდი არ უსწორდება, ყველა ძაღლია...?!~ ქეთო ავი და შარი კი გახლდათ, მაგრამ სოფელში სიტყვაზე მაინც არავინ მოსდევდა. შვილმკდარი დედა იყო და ეხათრებოდათ ხოლმე. თან განა მარტო ერთი, რამდენიც გავაჩინე ყველამ გამასწრო საიქიოშიო: ალექსანდრემო, ვალერამო, ჭუტამო, _ იტყოდა ხოლმე, _ ყველა ჩემს წინ წავიდაო. გაბრიელამ უთხრა ერთხელ, წავიდნენ არაო... და მას შემდეგ ვერ იტანდა გაბრიელას, ეგ ჯოჯოხეთის გოგირდი ეგა, ცაში რომ ვარსკვლავებს ითვლის და საიქიოში მიცვალებულებს, მაგის სიკვდილსაც უნდა დაველოდო, ზალაში იატაკს ავყრი და კუბოს შევუკრავო... შემოდგომაზე მაჩვი იყო თუ სინდიოფალა, რაღაც პატარა ცხოველი კი შემოეჩვია ქეთოს სახლს. ღამე მოვარდებოდა ხოლმე და აფხაკუნდებოდა ფანჯრებთან. წამოფახფახდებოდა ქეთოც თავისი აბჯარ-იარაღით, გადააქცევდა წყალს ეზოში და ატეხავდა ყვირილს: ეცი ძაღლო, ეცი, რას მომჩერებიხარ... ქურდი დაიჭირე, ქურდი... ფუი, შენს მომყვანს... არიქა, ალექსანდრე, ჩქარა, ჩქარა... ვალერი, ჭიშკარში ჩადექი, არ გაგასწროს... ჭუტა, შვილო, თოფი გამოიტა, თოფი... ამ გაწამაწიაში დაათენდა რამდენჯერმე, შემდეგ დაზამთრდა თუ სხვის ეზოს შეეჩვია სინდიოფალა, სიმშვიდე კი ჩამოვარდა ქეთოსას. მაგრამ მარტში ძაღლი მოუკვდა და ახლა ამან გააფაციცა დედაბერი, ქურდებმა ნემსი გადააყლაპეს, ჩემს სახლში შემოპარვას აპირებენო. იმ პერიოდში იყო, მეზობელი თევდორე გვიან ღამით რომ მიადგა ღვინის სასესხებლად. ძუნწ ქეთოს ვინ რას ესესხებოდა, მაგრამ სულ რომ არ ელოდა ისე მძახალი მოუვიდა სტუმრად. გამოლეული ჰქონდა ყველას ღვინო, აღდგომისთვის ინახავდნენ რამდენიმე ლიტრს. თევდორეს ფიქრით, მარტოხელა ქალს, უკაცო ოჯახში ერთი დოქი სასმელი მაინც უნდა შემორჩებოდა და ამ ანგარიშით გადავიდა ქეთოსკენ. დაძახებაც არ უცლია, ჭიშკრის ჭრიალზევე ფანჯარასთან დადგა მასპინძელი. მიითრია ტაშტი და ატეხა ისევ განგაში: ალექსანდრე, ჩქარა, ჩქარა... ჩქარა, ვალერი... ჭუტა, ძაღლი ფრთხილად ახსენი ყელი არ გამოგღადროს... იმ სიცივეში გაწუწული და დოქცარიელი რომ დაბრუნდა თევდორე, მაშინ თქვა სწორედ, რაღა ქეთო ბებო და რაღა გაბრიელაო. თან ტანსაცმელს იხდიდა საჩქაროდ, გაოგნებული მძახალის წინ. პირში ვინ გაუბედავდა, მაგრამ ზურგს უკანაც არ სიამოვნებდა ქეთო ბებოს გაბრიელასთან შედარება. უფრო ამოიჩემა, სადაც სიტყვა მოიტანდა და არ მოიტანდა ყველგან იქადნებოდა ხოლმე _ ერთი, ტელევიზორი გამიფუჭდა, ხელოსანი მომაძებნინეთ, სანამ გაბრიელა არ მოკვდება არც მე უნდა მოვკდე, წინ უნდა გავიმძღვანო პატარძლის ცხენივითა... საათიც რომ გეკითხა, მაშინაც გეტყოდა, ჯერ გაბრიელა და მერე მეო. ჩემი სამი შვილის სულს ვფიცავარო, დააყოლებდა ხოლმე. ხო როგორი ძუნწი იყო, მაგრამ წამლებში არ ენანებოდა ფული. ეს რაუმატინიო, კორვალოლიო, ენაფხაშიო... იჭყიპებოდა გაბრიელას ჯინაზე. გამოიტანდა აივანზე ჯორკოს, დაადებდა ერთ პატარა და მეორე კიდევ უფრო პატარა ბალიშს, დააჯდებოდა ზედ და ნაყავდა ვალერიანის ფესვებს. ამ დროს მეზობლის კატები სულ ერთიანად მასთან მოგროვდებოდნენ ხოლმე. თვითონაც მიერულებოდა ვალერიანის სუნით გაბრუებულს, ჩამოკეცავდა თავს და ეძინა ასე, ქვით ხელში, კატებით გარშემორტყმულს.
***
ქეთოს მეპურე იოსებაც ჰყავდა გადამტერებული. მისგან სამ დღეში ერთხელ ყიდულობდა ერთ ლავაშს და იმასაც სამი დღის მერე ჭამდა, დაობებულს, ობმა ფული იცისო. ერთმანეთზე წუწურაქები იყვნენ მეპურეც და ქეთოც, ერთი ხომ რვაასგრამიანის ნაცვლად, ექვსასგრამიან პურებს აცხობდა, მეორე კიდევ ისე არ წაიღებდა სახლში ლავაშს, სასწორზე არ ჰქონოდა აწონილი. სასწორს თან ატარებდა ქეთო, ჩამოაცვამდა ყუას კაუჭზე, გაიკეთებდა ორმაგლინზიან სათვალეებს და მიაშტერდებოდა ყურადღებით. ისე გაუწვრილა იოსებას გული, რომ ერთ რვაასგრამიანს მართლაც ამზადებდა ქეთოსთვის, თუ იმ დღეს არ გამოჩნდებოდა, სახლში მიჰქონდა ხოლმე. ამის გამო, ხშირად იოსებას ოჯახი მხოლოდ გვიან ღამითღა ჭამდა პურს, დილით არ გაატანდა შვილებს, იქნებ ქეთო არ მოვიდეს და რვაასგრამიანი დაგვრჩებაო. ის კი არა, ხანდახან კერძადაც პური მიჰქონდა სახლში. მიუჯდებოდა მაგიდას, დაგლიჯავდა ლავაშს, ჩამოურიგებდა ოჯახობას თეფშებზე და ცალკე ქარხნის პურს დაჭრიდა, თონე ჭამეთ, ქარხნის მიაყოლეთო. სულ აყალ-მაყალში იყვნენ იოსება და ქეთო. სულ მატყუებ, არ გატყუებ ისმოდა მაგათი ვაჭრობისას. ქეთო არ დაენახა და თუნდაც მზე არ ამოსულიყო იმ დღეს იოსებასთვის. თავის თონეს რომ გააღებდა, ცომის მოზელვასაც ამ სიტყვებით იწყებდა ხოლმე, ქეთო _ იქა, ფქვილი _ აქაო. კიდევ უცხო და გაქექილი ხალხი არ უყვარდა იოსებას. ზარად დაამახსოვდა ის დღე, შვილმა ცოლი რომ შეირთო. დგას იოსება თონეში, ქეთო_იქა, ფქვილი_აქას ღიღინებს და უმცროსმა გოგომ ახარა, ჯაბამ ცოლი მოიყვანა, ერთი ლტოლვილი სოფიკოო. ჯერ რძალი რად უნდოდა იოსებას და ახლა კიდევ ლტოლვილი. მეგრელების ისედაც ეშინოდა, პა, პა, პა, პა... ისე მოგატყუებენ, იქით მადლობელი დარჩებიო. მართალიც გამოდგა. ბევრი არ ალაპარაკა რძალმა იოსება, ერთი-ორჯერ გასინჯა პურს შეტანებული პური და გამოუცხადა ქმარს: _ ახლა ან დაჭკვიანდით, ან საიდანაც მოვსულვარ იქით წავალ, ან სულაც იმის იქით. იმის იქით არა, მაგრამ იქვე გვერდზე კი აიშენეს პატარა სახლი, ცოტა იოსებას მოუხდა წელში გაწყვეტა, უფრო გოგოს მშობლებმა გზავნეს ფული და მერე თვითონაც მოყვნენ იმ ფულს. ერთი, შვილთან უნდოდათ ყოფნა და მეორეც, ისეთ ადგილს ეძებდნენ, თვითმფრინავის ჭაჭანება რომ არ იქნებოდა. ხო ყველას რაღაცა ეჯავრება და თვითმფრინავებს კიდევ სოფიკოს მამა ვერ იტანდა. თავისი თვალით ჰქონდა ნანახი, როგორ აფეთქდა ერთ-ერთი მათგანი სოხუმში და როგორ ცვიოდნენ აღრიალებული მგზავრები შუაზე გადახსნილი სალონიდან. ხშირად ამბობდა, ვინც ამ ამბავს შეესწრო შემდეგ ყველა კიბოთი და ლეიკოზით გარდაიცვალაო. თვითონ არც ერთი არ სჭირდა, მაგრამ ბედის ირონიით, მთავრობამ აეროპირტის დასახლებაში გამოუყო ბინა. პირველად რომ დაიძინეს იმ ბინაში და შუაღამისას თვითმფრინავმა გადაუშხუილათ თავზე, საცვლების ამარა დაიწყო კაცმა სირბილი. მთელი ოჯახი უკან დასდევდა და აწყნარებდა. დიდი ფოეფოე ქალი იყო სოფიკოს დედაც, რუსულად ლაპარაკობდა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არ იხდიდა სოფლის გზებზე. თქვენ ის უნდა გენახათ, კოდორის ხეობას შიფონის კაბით რომ მოუყვებოდაო, კისკისებდა ხოლმე სოფიკო, კვდებოდა სიცილით. _ შენახული მაქვს ეგ კაბა, დაბრუნება რომ იქნება, ისევ უნდა ჩავიცვა და წავიდე, _ ნიშნისმოგებით იტყოდა ხოლმე დედამისი და თორმეტი წლის წინანდელ კაბას ყოველ ზაფხულს ამზიურებდა, ჩრჩილს რომ არ შეეჭამა. ამ ქალმა ლამის ქეთო დაავიწყა იოსებას. რამდენი დაბრუნებას გაიგონებდა, იმდენი დაფეთდებოდა ხოლმე. ომის ეშინოდა, ისე, ისე რომ მეტი არ შეიძლება. _ დაგავიწყდათ, ხან ფქვილი რომ არ გვქონდა და ხან წყალი პურის მოსაზელად, რა დაბრუნება რის დაბრუნება, ნეტა, სადაცა ვართ იქ დავეტიოთ, _ ამბობდა და თან რძალს მიჩერებოდა მუცელზე, _ ჯერ ბავშვი არ დამანახოთ, მაგის რჩენის თავი არა მაქვს. ვერ ხედავთ, რა დროა, აბა, ამ დროს კაცი მიენდობა და ბავშვს გააჩენს?! მაგრამ ვინ უსმენდა იოსებას. სულ მატულობდა და მატულობდა ბავშვების ტანსაცმელი შიფონის კაბის გვერდით. სოფიკოც ომისგან იყო შეშინებული, აჩენდა და აჩენდა შვილებს. _ ერთი რომ გავაჩინო და მოკვდეს? აგერ ჩვენს გვერდით ყუმბარა რომ მოხვდა სახლს, სამი კუბო გაიტანეს ერთად. ოჯახში იმდენი უნდა იყოს, სააქაოსაც ეყოს და საიქიოსაც, _ იტყოდა ხოლმე ყოველ ორსულობაზე. ხუთი ბავშვი გააჩინა საბოლოოდ. ორივე ეზოში ყურთასმენა აღარ იყო მაგათი ჭყივილისგან. კიდევ ერთი `გასართობი~ ჰქონდათ სოფიკოსიანებს. სამ თვეში ერთხელ რამდენიმე გვერდიან წერილს წერდნენ და ავტობუსს ატანდნენ თბილისში, იქიდან ნაცნობს ეს წერილი აფხაზეთში, სოფიკოს დეიდასთან მიჰქონდა. დეიდა აფხაზზე იყო გათხოვილი. ომის დროს მთელი ოჯახი რომ აყარეს, მათ დასაცავად თითიც არ გაუნძრევია. სამაგიეროდ, რაღაც სასწაულად გადარჩენილები თბილისში რომ ჩამოვიდნენ, სოფიკოს დედამ პირველი რაც ქნა ის იყო, რომ დას წერილი მისწერა, ბავშვები გზაში დამეღუპაო, გაემწარებინა უნდოდა. იმანაც პასუხი შემოუთვალა, მერე მე რაო. რას ჰქვია, რაო და ატყდა წერილების გაგზავნა-გამოგზავნა. აქეთ ერთი და არ ჩერდებოდა, იქით _ მეორე. ორი წლის წინ ქმრის ხელით საკუთარი `გარდაცვალებაც~ აცნობა და მერე უკვე სოფიკოს მამის სახელზე მოდიოდა წერილები, ჩემთვის დაგეჯერებინათ, ცოლიც ცოცხალი გეყოლებოდა და შვილებიცო. კიდევ კარგა ხანს გაერთობოდნენ, ყველასათვის მოულოდნელად აფხაზზე გათხოვილი დეიდა თავზე რომ არ დადგომოდათ. სოფიკო ხუთი ბავშვის სარეცხს რეცხავდა ეზოში, უცხო ქალმა ჭიშკრიდან მათი გვარი რომ დაიძახა. აიღო თავი ტაშტზე დახრილმა, ქაფიანი ხელებით გამოწია საკეტი, დედას ჰგავდა იმით იცნო დეიდა. _ აქ არ ცხოვრობს, მაგ გვარის არავინ, _ უთხრა ჩუმად. _ სიძეა ჩემი, გავიკითხე თბილისში და აქ მომასწავლეს. _ ამ სოფელში მაგ გვარის არა მგონია, ვინმე იყოს. _ ქვრივი კაცია, შვილებიც მკვდარი ჰყავს, დევნილია... _ ...? _ მენახა მინდოდა, ვიფიქრე... _ იქით სოფელში ხომ არ იქნება, გაღმა? დაფიქრდა ქალი, გადავალო, ჩაილაპარაკა. წყალი სთხოვა სოფიკოს. ერთ-ერთმა ბავშმა მოუტანა ჭიქით. _ ყველა შენია? _ ჩემია. _ ცხელა თქვენთან, ზღვაზე არ დაგყავს ხოლმე? _ აქ არ არის ზღვა. _ თუ დაიბრუნებთ აფხაზეთს, ჩამოდით ჩემთან, მარტო ვცხოვრობ დიდ სახლში, არ შემაწუხებთ. _ მადლობა! მისამართი დაუტოვა და გასვლისას წვრილად გამოკითხა, მეორე სოფელში რომელი გზა მიდიოდა. მიასწავლა სოფიკომ. სახლში რომ შევიდა, გათეთრებული იყო დედამისი, დაჯდა ესეც, მართლა მკვდრებს ჰგავდნენ იმ წუთას. ჩაიც აღარ დაულევიათ ისე დაიძინა ყველამ ცალ-ცალკე.
***
რაღა ქეთო ბებო და რაღა გაბრიელაო და მეორე სატკივარად გაბრიელა გამოუჩნდა იოსებას. მის ეზოსთან წანწალს მოუხშირა ბოლო დროს. მანამდე სოფელში ხმა დადიოდა, გაბრიელას სახლს ერთი ჯადო აგური აქვს, იმას თუ ცოტას ჩამოაფშვნი და წყალში გარეულს დალევ, დიდი კაცის გულს მოიგებო. ამის გამო იყო გაბრიელასთან მისული სტუმრები სკამზე დაჯდომის მაგიერ კედლებზე იყვნენ აკრულნი, ზურგით ამოწმებდნენ, რომელიმე აგური ხომ არ ყანყალებდა. მაგრამ გაბრიელასთან იმდენი აგური იყო მოფამფალებული, რომ იმის ფშვნით და სმით მთელ სოფელს ფაღარათი გაუჩნდა. გადაეკიდნენ და მიაჭიჭინდნენ, გვითხარი სად მალავ მაგ აგურსო, მაგრამ არ ამბობდა გაბრიელა არაფერს. ის კი შეამჩნიეს, იოსებას ეზოში რომ დაძვრებოდა ღამღამობით და გაჰყვნენ ერთხელაც უკან. აგურს არა, მაგრამ იოსებას გოგოსთან ჩახუტებულს მართლაც გადააწყდნენ ეზოში. ეძინათ ორივეს. ისე დაადგა ნახევარი სოფელი თავზე და ისე გაბრუნდა უკან, არაფერი გაუგიათ. ჰა, სად ჰქონია გაბრიელას აგურიო, ზანტად ჰკითხა ცოლმა ერთ-ერთ მაძიებელს, გვინ ღამე სახლში რომ მივიდა. _ გაბრიელას სად რა ჰქონია, ეგ იოსებას გოგოს უნდა ჰკითხო. _ იოსებას გოგო რა შუაშიაო ვითომ? _ იმისთანა შუაშია, რომ იმის იქით მამალი აღარ ყივის, _ ჩაიხითხითა ქმარმა, თავისკენ ჩამოიჩოჩა ნახევრადმძინარე ცოლი. მამალი ყიოდა_არ ყიოდა ერთია, მაგრამ გაბრიელა მართლა წერას იყო ატანილი. გადავიდოდა ყოველ ღამე თონის იქით და ეგრევე მოფარებულში უცდიდა იოსებას უმცროსი. ჩაკოცნიდა გოგო, ჩაეხვეოდა, გაბრიელ, პერანგი გაიძრე, ბიჭოო _ ჩასჩურჩულებდა ტკბილად, ტკბილად და დაუსვამდა მერე ხელს იმ უპერანგო ზურგზე. ხერხემალი აეწვებოდა ხოლმე გაბრიელას. გაისუსებოდნენ ქეთო ბებოს კატებივით. ნეტა, მართლა სადმე ახლოს იყოს ის აგური, დავფშვნიდი, დავლევდი, წმინდა გიორგის ვთხოვდი, თან წავეყვანეთო, ნატრობდა ხოლმე გაბრიელა, ნეტარებისგან ხმაწართმეული. მერე ხომ მოვკვდებოდით, _ ყოველ ჯერზე შეიცხადებდა იოსებას ქალი. მოვკვდებოდით არაა, _ იცინოდა გაბრიელა, ჩაიხუტებდა მამამისის თონესავით გახურებულ გოგოს და თვითონაც ისე შეეკვრებოდა სუნთქვა, თითქოს იონასავით ვეშაპის მუცელში იჯდა სამი დღე. ვინ თქვა, რიცხვი არა აქვს ვარსკვლავებსო, გადათვლილი ჰქონდათ მთელი ზეცა, სულ იცოდნენ, რომელი როდის ამოდიოდა, რომელი როდის ჩადიოდა. ზედ აცვიოდათ მომწყდარი ვარსკვლავები, ერთხელაც არ მოუფიქრებიათ, რამე ჩავუთქვათო...
***
ერთი მოზვერივით ცხვარი ჰყავდა იოსებას. ბავშვები იყვნენ მაშინ მისი გოგო-ბიჭი, ბატკანი რომ მოუყვანეს. დაკვლა ენანებოდა და იმხელა გახდა, შემთხვევით რომ წამოდებოდი, გადაგაყირავებდა. რაც თავი ახსოვდათ ბავშვებს ეს ცხვარიც სულ სადღაც ება ეზოში. ება და იცოხნებოდა, თორემ ცოტა თვალში გამოუხედავს შეიძლება ღრუბელიც ჰგონებოდა. რამდენი წლის იყო, აღარც ახსოვდათ უკვე. სოფელში იცინოდნენ კიდეც, თუ რჩევა გინდა, იოსებას ცხვართან უნდა მიხვიდე, მაგაზე უხუცესი აღარავინ დაიარებაო. საშველი რომ დააყენა და დაკლა იოსებამ, იმხელა ტყავი დარჩა ცხვარს, ერთი ხიდან მეორემდე გაჭიმეს გასაშრობად. ახლაც ამ ტყავს გამოიტანდა ხოლმე იოსებას გოგო, ხან ზედ იწვნენ და ხან ზედ ეფარათ, მაინც თავიდან ფეხებამდე წვდებოდა ორივეს. ფიქრობდა იოსებას გოგო. რაზე ფიქრობო, ჰკითხავდა გაბრიელა და ვერ პასუხობდა ვერასოდეს. გაბრიელაც სულ ზევით იყო აშტერებული. იწვა გულაღმა, იგრიხავდა თითზე მატყლს და ფიქრობდა, ფიქრობდა... თან თითქოს თავისი ნებით კი არა, ეს სოფელგადაძოვილი ბებერი ტყავი აიძულებდა ფიქრს. თითქოს კარნახობდა რაღაცას, ზრდიდა ორივეს, როგორც დღენაკლული ამირანი გამოზარდეს ხბოს ტყავში. ისედაც თავისებური ფიქრის იყო გაბრიელა, ხელახლა აწყობდა და ალაგებდა ქვეყანას. ღამეებს ჭოტივით უძალიანდებოდა, წამოყოფდა ხოლმე თავს ლოგინიდან და დაიძახებდა: აქა ვარ, აქააა... მიჩვეულები იყვნენ სოფელში მაგის წამოძახილებს. ღამეს აფრთხობდა ასე გაბრიელა, უღმერთოა ღამეო, იტყოდა ხოლმე. _ აი, ღმერთი ხომ სინათლეა, სინათლე მზისგან მოდის, ღამე და სიბნელე კი არაფრისგან, მიზეზი მაგას არა აქვს და დასაბამი. სხივმა რომ დილით ქათმები დააღვიძოს, იმხელა მზე ცაში გამოკიდებულა და ცეცხლი უკიდია, სიბნელელისთვის კი როდის რა გარჯილა სამყაროში. აბა სხვა რა იცი, მაგის გარდა წარმომავლობა არ ჰქონდეს და მაინც არსებობდეს, _ ასე ამბობდა ხოლმე გაბრიელა. ასე დააწყო თავის გუნებაში ღამის და დღის ამბავი. ეშინოდა თან ღამის, იმიტომ ეშინოდა, რომ მიხვდა, სადაც არაფერი არ არის იქ არის ღამე. რომ არ იყოს არაფერი, არც მზე, არც დედამიწა, არც ეს ცა, ზუსტად იოსებას ეზოს სიფართეზე როა გამოჭრილი და ღმერთო შენ მიშველე, ღმერთიც რომ არ იყოს, სიბნელე მაინც ხომ იქნება, აბა მაშინ იქნება სწორედ, უფსკერო და არაფრით განათებული, უზარმაზარ, არსად დაწყებულ და არსად დასრულებულ სივრცეში, უადამიანო, უყველაფრო, მთელ სიგძე-სიგანეზე გადაჭიმული უკუნეთი... წარმოიდგენდა ხოლმე ხანდახან ამას გაბრიელა და ეშინოდა, ჯოჯოხეთიც კი ჯობია ამას, იქ ხალხი მაინცაა და ეშმაკების თვალები მაინც ანათებსო. დაფიქრდებოდა ხოლმე და ამ დროს ისე შორეულად ეჩვენებოდა უამრავი და უსხეულო მზით განათებული სასუფეველი, რომ ლამისაა ეტირა უილაჯობისგან. ამიტომაც წამოვარდებოდა ხოლმე ბნელ ღამეში და აქა ვარო, აყრუებდა ქვეყანას. იცოდა, სანამ ერთი ციცინათელა მაინც დაფოფხავს და სანამ ჰაერი ადამიანის ხმას ატარებს, არ დაბნელდება. _ გაბრიელ, ბიჭოო... _ ჰა, რა იყო? _ მითხარი რამე, ღამის მეშინია. _ რისი გეშინია, ხომ გითხარი, არ არსებობს ღამე-მეთქი? _ რო ღამდება ხოლმე? _ ღამდება არა! დაიხვევდა ისევ ცხვრის მატყლს თითებზე, ახლა სხვა ფიქრი აეკრობოდა ხელისგულს. მეორე ცხოვრებას თელავდა იოსებას ვერძი. აბა, ვის გაუგია, ცხვარი თხუთმეტი წელი გებას ეზოში, შეეჩვია სიცოცხლეს.
***
იმ ხანობას იყო, ქეთო ბებო ჩავარდა ლოგინად. მეზობლებს მისი რკინა-ჟესტის ხმა შემოაკლდათ და შეაკითხეს სახლში. სააქაო პირი აღარ უჩანდა ქეთოს, თავის ხარა-ხურიანად იწვა და თვალებსღა ატრიალებდა საცოდავად. ცოტა რომ მოასულიერეს, ჯერ გაბრიელაო, ამოიხავლა. ჩაიქნიეს მეზობლებმა ხელი, ხან ერთი ყარაულობდა, ხან _ მეორე. სოფლის ექიმის ვარაუდით, სამ დღეზე მეტი არ უნდა ეცოცხლა ქეთოს, მაგრამ კაი ორი კვირის მერეც აცეცებდა თვალებს. ხანდახან მონდომებული წამოიწევდა, გაბრიელა ხომ არ მომკვდარაო, იკითხავდა. გაუქნევდნენ თავს და მიესვენებოდა ისევ კრუსუნით. უყურეს, უყურეს დედაკაცებმა და ძალიან რომ შეღონდნენ ქეთოს ღამის ქოთნების ზიდვით, გაიწეწეს თმები: _ ვაიმე, გაბრიელა მოუკლავს იოსებას, ვაიმეე... _ ვაიი... აბა, არ მოვკვდებიო, ბიჭოოო... _ .... ჯერ უნდოდ იყურებოდა ქეთო, მერე რომ მოუმატეს და მოუმატეს კივილს, წამოჯდა ისევ. _ მართლა ჩაძაღლდა? _ მართლააა... _ მორჩით ერთი ღნავილს, _ გაწყრა ქეთო და მერე საზეიმოდ დაასრულა. _ რახან გაბრიელა მოკვდა, სულ სიმღერით და ცეკვა-თამაშით დამმარხეთ. იცოდეთ, თუ არ გიმღერიათ, თქვენს შვილებს წავიყოლებ სათითაოდ. თქვენები შემეცოდება, ჩემი სამი დამიმარხავს?! და უკვე საბოლოოდ მიესვენა... ქეთოს დაკრძალვაზე ამბავი იყო, ხალხი პირდაფჩენილი დარჩა. აუგეს წესი, გაიდეს კუბო მხარზე და ჭიშკარში რომ გამოდიოდნენ, გაჩერდნენ ფეხარეულები. _ ჰა, ახლა ვინ დაიწყებს? _ დაიწყე, ქალო, შენ კარგი ხმა გაქვს. _ შენ დაიწყე, თუ კარგია. _ აღარ გადარჩებით, ჩამოგვაწყდა მხრები, _ კუბოს ქვეშიდან გამოიღრინა ერთმა. მეტი რაღა ჩარა იყო და დაიწყეს: `გადავალ, გადავფრინდებიიი ბახტრიონს გალავანზედააა”... თან დაიძრნენ კიდეც. კაი შორი იყო სასაფლაომდე, ისე შევიდნენ ეშხში, ერთმანეთს უჭრიდნენ შაირებს. სამ ხმაზე ნაკლებში არ უმღერიათ არც ერთი. ვიღაცას ქეთოს ტაშტი წამოეყოლებინა, ჩასატანებლად, გადმოაპირქვავა და დასცხო დიმპიტაური. ახლა ჩამოუარეს კიდეც წინ და უკან, ზოგი თავში მიხტოდა, ზოგმა ბოლოში ჩაბუქნა. სასაფლაოზე რომ მივიდნენ და კუბო დადეს, იმის ილაჯიც აღარ ჰქონდათ, ლურსმანი ჩაერჭოთ სახურავზე. პირდაპირ მოამხეს, მეორედ მოსვლისას უფრო იოლად ამოვაო... ზუსტად იმ დღეს იყო ვიღაც უცხოელი ჩამოვიდა სოფელში. კი არ ჩამოვიდა, გზა აერია უბედურს. იმ უღრანში ინგლისური აბა საიდან და სანამ ვინმეს რამე გააგებინა კი მოადგა ჯერ პროცესიას და მერე იოსებას თონეს. კაი დაღამებული იყო უკვე, სოფიკოს რომ შესჩიოდა, აზერბაიჯანში მივდივარ და მგონი კი დავიკარგეო. შემოიპატიჟა სოფიკომ სახლში, ღობის გადმოღმიდან რას გააგებინებდა საით არის აზერბაიჯანი. მოუტანა ჩაი, დაელაპარაკა. ენას არ აჩერებდა უცხოელი, გალაღდა ინგლისურის ბაიბურში მყოფის დანახვაზე. თან გაოცებული იყო, ანსამბლი შემხვდა გზაში, მაგრამ კუბო რაღად უნდოდათ ვერ გავიგეო. _ ეგ, ქეთო ბებო დავმარხეთ, _ გაიცინა სოფიკომ, გამოუცვალა სტუმარს თეფში. ჯერ პირი დააღო უცხოელმა. მერე გაიფიქრა, ალბათ ასეთი წესი აქვთ, მე ვინ მეკითხება, სადღაციდან ჩამოვხეტიალებულვარო... ისედაც რცხვენოდა, ორბილიკიან ქვეყანაში გზა რომ აერია ამხელა კაცს. _ რითი გარდაიცვალა ქალბატონი? _ იკითხა, რამე რომ ეკითხა იმიტომ. _ გაბრიელას სიკვდილის ამბავი რომ უთხრეს იმან მოკლა. _ გაბრიელა? _ გაბრიელა ჩემი მულის საყვარელია, მამამთილი ეძებს და ვერ პოულობს, სადღაცას იმალებიან ორივე. მკვდარი იმალებაო? მაინცდამაინც ცხელი არ იყო ჩაი, მაინც კინაღამ დაიხრჩო უცხო. ეს რა ქვეყანაში მოხვდა. რუკაზე თითქოს ყველაფერი წესრიგშია. გაივლი საბერძნეთს, თურქეთს, საქართველოს და ჩახვალ აზერბაიჯანში. არავის უთქვამს, თურქეთის საბაჟოს რომ გამოცდები, ეგრევე საიქიო იწყებაო, იჯდა ახლა პირგამეხებული. სოფიკო კი პირიქით გამხიარულდა გაბრიელასა და მულის გახსენებაზე. უნდა გენახათ იოსებამ რა ამბავი შექმნა, ისეთი მტვრის ბუღი დააყენა, სულ ყვავები და კაჭკაჭები დაქსოვა ჰაერშიო. მერე დაჯდა და იმასღა იძახდა, სადაც უნდათ იქ წასულან, მაგრამ ცხვრის ტყავი რომ აუწაპნავთ, უკან დააბრუნონო. ამ ტყავზე ბჟირდებოდა სწორედ სოფიკო: _ ან იმათ რას მიჰქონდათ კაი ოქროს საწმისივით, ან ეს რას არ ეშვება, მართლა საწმისს არ გამოვდევნებივართ ქართველები ასეთი თავის გადაკვლით. ახლა ის გაუკვირდა სტუმარს ქართველებს რატომ უნდა ედევნათ ოქროს საწმისისთვის. აუხსნა სოფიკომ, ჩვენი იყო, ის კოლხეთი ახლა ეს ქვეყანააო. ლამის გაბრაზდა უცხო, რაღა დროს ის ქვეყანა იყო, როდინდელ ამბავს ყვებოდა ეს გოგო. _ ის არის, ის. აქ არის, _ უმტკიცებდა სოფიკო, დაბეჯითებით უქნევდა თავს. _ რას ამბობთ, ქალბატონო, ის ქვეყანა ანტიკურ სამყაროში არსებობდა, აქ როგორ იქნება? _ თავისას იმეორებდა უცხოელი და ამ დროს უცებ დაფთხა სინათლე ოთახში. ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა. მოეჩვენა, რომ უკვე აღარ სუნთქავს, უკვე საკუთარ არსებასაც ვეღარ აღიქვამს... გავიდა წამი, ორი... წუთი და უცებ ამ განწირული სიშავის შუაგულში ვიღაცამ მთელი ხმით იღრიალა: _აქა ვაააარ!...
დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.
მოკვდა უცხოეთში.
- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.
ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:
- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.
- ბატონებო, გული, გული, სადღაა?
გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებუ; ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?