მე დავბრუნდები!
მე გარინდებული ვიჯექი ბუხართან და ვფიქრობდი.ხმელი ტოტების წკაპა-წკუპი სულაც არ მიშლიდა ხელს.ნარინჯისფერი ალი ნარნარით ცეკვავდა აგიზგიზებულ ნაკვერცხლებზე.გარეთ წვიმდა,ქარი სისინებდა და ფოთოლშემოძარცვულ ხეებს ერთმანეთს ალაწუნებდა.
მე კი ვფიქრობდი...
ნეტავ სად დავუშვი შეცდომა?იქნებ ჩემი ბრალი სულაც არ იყო.თუმცა ძალიან გვეადვილება ადამიანებს საკუთარი შეცდომების სხვებზე გადაბრალება.მაინც რა უნდა მექნა?ცოტაც და ალბათ გული გამისკდებოდა.მე ,კარგი,ჯანდაბას ჩემი თავი,მაგრამ ისინი?
...მაშინაც ზუსტად ასე ციოდა,უფრო სწორად,ყინავდა.ძველისძველი ნავთის ლამპა ძალაგამოლეული მოხუცივით ბჟუტავდა.სადაც იყო მინავლდებოდა,ჩაქრებოდა.გულის საშინელ აჩქარებას ვგრძნობდი.ნეტავ როდემდე უნდა გაგრძელდეს?--ვინ იცის მერამდენედ ვეკითხებოდი საკუთარ თავს.გაფაციცებით შევყურებდი მტვრიან ბუხარს,სიცივისგან ჩემსავით რომ კანკალებდა.
მერე ისევ სუსტი ტირილი განმეორდა.მერამდენედ უნდა ვაჭამო რძეგამომშრალი ძუძუ?ჩაქუჩივით დაიწყო ჩემმა გულმა კაკუნი.ისევ გაყინული ჩაი მოვწრუპე და პურის ნამცეცებს ძებნა დავუწყე.მაშინღა გამახსენდა,რომ დღეს უკანასკნელი ხორბლის ფაფა მოვხარშე.მაშ, რა იქნება ხვალ,ზეგ?...
ახლაც,ქარის გაბოროტებულ ზუზუნში,ის სუსტი კრუსუსნი მელანდება,გარეთ ისევ ცივა.ისევ ისე გამალებით მიძგერს გული.ცეცხლის ალი ლამის ბუხრიდან გამოძვრეს და მომელამუნოს.
მე კი ვფიქრობ...
ვიცი რომ ახლა ბუხარში ასეთივე ცეცხლი გიზგიზებს,დაპურებულები თბილ ლოგინში მშვიდი ძილით ფშვინავენ,სიცოცხლით ხარობენ და ერთმანეთი უყვართ.
ჰმ,მაშ რა მაქვს საფიქრალი?
ვიცი,რომ ყოველ დღე სევდამორეული თვალებით შორეულ გზას გამოჰყურებენ და.. მე მელოდებიან...
ძალიან მაგარია ყოჩაღ.