ჩხიკვთა ქორწილი
ვაჟა-ფშაველა
[img width=250 height=137]http://children.iatp.ge/mcerloba/motxrobebi/images/chxikvta_qorcili/nefe_dedofali_mifrinavs.gif[/img]
ეს ამბავი დიდს, შავს, დაბურულს ტყეში მოჰხდა, სოფლებსა და ქალაქებზე დიდად მოშორებით. რა ამბავიაო? იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზე მოგახსენებთ. ჩხიკვი ზაქარა იწერდა ჯვარს ლამაზს, სიტურფით განთქმულს და მეტისმეტად ეშმაკს ჩხიკვს ქეთევანზე. ამ ორ ახალგაზრდა ფრინველს ჯვარსა სწერდა მცხოვანი ჩხიკვი თომა.
თომამ გულმოდგინედ აღაპყრო თვალნი ზეცად და წარმოთქვა: „აკურთხე, უფალო, გვირგვინი ამათი, შთაუნერგე ამათ ერთმანეთის სიყვარული და ერთგულება, განამრავლენ ესენი, ვითარცა წყალში თევზნი, ცაში ვარსკვლავნი, ჰქმენ შეუბღალავი სარეცელი მონისა შენისა ზაქარიასი და მხევლისა შენისა ქეთევანისა. ამინ“. სთქვა რა ეს, ორივეს ტურფა ყვავილების გვირგვინი დაადგა თავზე. „ამინ!“ „ამინ!“ – გაისმა გრგვინვით ხმა აქეთ-იქიდან. ამას იძახდნენ სტუმრად მოწვეულნი ფრინველნი: ჩხიკვნი, ქერონები, წიპრიები, ნიბლიები, კაკბები, გნოლები, ღობემძვრალები, ბოლოცეცხლები, ჭივჭავნი, კოდალები, გვრიტნი, მტრედნი და სხვანი მრავალნი. ტევა აღარ იყო, იმოდენა სტუმრებს მოეყარათ თავი. საქეიფოდ შვენიერი ადგილი ამოერჩიათ: ერთი ტაფობი ხშირყვავილიანი, ბალახით დაფენილი და უზარმაზარი ხეებით დაჩრდილული. ყვავილებსაც უხაროდათ, ისინიც ქორწილში იყვნენ დაპატიჟებულნი. იქვე ცივი, ანკარა წყალი გამოდიოდა. სუფრა გრძლად იყო დაფენილი და ზედ ათასნაირი საჭმელები და ხილეულობა ელაგა. რა ჯურის ჭიას და ბუზს იტყვით, აქ არ მოეტანათ, - ბალახთა თესლი ათასნაირი...
ნეფე-დედოფალი მიიწვიეს ყვავილებით დაფენილს ტახტზე და წვეულნიც წამოსხდნენ მწკრივად. გაიმართა დიდი სმეულობა და ჭმეულობა. ათასნაირი სასმელები ისმეოდა: კახური ლალისფერი ღვინო წყალივით მოდიოდა სუფრაზე... ყველამ ადღეგრძელა ნეფე-დედოფალი და ყველამაც ძღვენი მიართვა..................იქვე კოდალა მჯდარიყო ერთ ყუნჭზე ფუღუროში და იმან „მრავალჟამიერი“ დაიძახა.
- შენ, ეი, მყვირალავ, ღვინოს კი არა სვამ, შვილონიავ, და რა იქნება? ღვინო დალიე, და! – შეუძახეს კოდალას ერთხმად ფრინველთა.
- მოიცათ, კაცებო, ცოტა ხანი დამაცადეთ, ღმერთი გადღეგრძელებსთ; აქ ერთი კაი მსუქანი ჭია ვიპოვნე, ის მინდა გამოვთხარო და მერე, რამდენიც გინდა, ღვინო მასვით, ფიქრი აღარა მაქვს, გულდამსვიდებით ვიქნები, - მიუგო მათ კოდალამ და თან ნისკარტით დაუწყო ფუტურო ხეს ჩიჩქნა. ყველამ თვალი კოდალას მიაპყრო.
- აბა, შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ, - მისძახოდნენ კოდალას ფრინველნი: - თუ არ გამოგიყვანია, ვაი შენს ტყავს, პურს აღარ გაჭმევთ, იცოდე.
კარგა ხანს გაუდიოდა ფუტურო ხეზე კოდალას ნისკარტს და ფეხებს ფხაკუნი და არც ტყუილად: კოდალამ გამოათრია ერთი კარგი მოგრძო ჭია, გველის ჭარის (გველის წანაყარი ტყავი) მსგავსი, და ნისკარტით მიართო ნეფე-დედოფალს.
- გაუმარჯოს ნეფეს და დედოფალს! – დაიყვირა კოდალამ მაღალის ხმით, - კამპანიასაც გაუმარჯოს, ურა!
- გაუმარჯოს, გაუმარჯოს! ურა! ყოჩაღ, კოდალა! ბარაქალა, რომ არც თავი შეირცხვინე და არც ჩვენ, - ჰყვიროდნენ ფრინველნი. თამადამ „საკარგყმო“, რადგანაც ვაჟკაცობა გამოიჩინა კოდალამ, ღვინით სავსე ჯიხვი მიაწოდა; იმანაც სულუქცევრად გადაჰკრა და გადაუგდო თამადას ცარიელი ჯიხვი. თამადად იგივე მოძღვარი ჩხიკვი თომა ამოეჩიათ.

- პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ, სიმღერას არ იტყვიანო, - სთქვა ყვავმა და თავის მშვენიერის ხმით შემოსძახა სუფრული. ყვავს მისცეს აქეთ-იქიდან ბანი და გაძლიერდა მღერა ისე, რომ ტყეს ჭახჭახი გაჰქონდა. მთა-ბარი ზანზარებდა. ყვავილები სიცილით იხოცებოდნენ. აქვე ახლოს ერთ თაგუნიასა ჰქონდა სორო. ხმაურობაზე საღერღელი აეშალა და გამოიხედა სოროდან გარეთ. დიდხანს უცქირა ფრინველთა ნადიმს, შექცევას, ჰხედავდა მსუქანს, ნოყიერ საჭმელებს, ფერად-ფერადს, ნაირ-ნაირს და ხარბად ჰყლაპავდა ნერწყვს ნერწყვზედ. ითმინა დიდხანს და ვეღარ მოითმინა: რაც მომივა მომივაო, სთქვა; მიცუნცულდა ახლოს, ისკუპა და პირდაპირ ნეფე-დედოფლის წინ თხილიანს სუფრაზე დასკუპდა.
- ვინც მოვიდეს, გაუმარჯოს! გაუმარჯოს წრუწუნას! – გაისმა საერთო ხმა ფრინველთა, - ჰოი, შენი ჭირიმე, რო დაგვხედე, ბიჭო! – ეუბნებოდნენ თაგვს შეზარხოშებულნი ფრინველნი.
- გაგიმარჯოთ, გაგიმარჯოთ, გენაცვალეთ, იცოცხლეთ და იხარეთ, მუდამაც ლხინი და კაი საქმე ნუ მოგიშალოსთ უფალმა დამბადებელმა, - ამბობდა თაგვი და თან ერთს გულიანს თხილს ჩასციებოდა, კბილით აკნაწუნებდა ნელ-ნელა.
- ღვინო მიართვით წრუწუნას, ღვინო, - დაიძახა თამადამ, - მაგას ჩვენოდნობამდის ბევრი აკლია.
- ღვინოს არ გიახლებით, გენაცვალეთ, თხილი ჩემის თვალის სინათლესაც მირჩევნია, თქვენ გაატარეთ დროება; მე თხილს ვაკნაწუნებ, არაფერი მიშავს.
- არ გიახლებით, რა სიტყვის პასუხია! ჰა, დალიე, თორემ თავზე დაგასხამთ ღვინოს, უთხრა შეტევით თამადამ თაგვს და ჯიხვი კოდალას მიაწოდა. კოდალამ ჩამოართო თომას ჯიხვი და მიუჯდა წრუწუნას ახლოს.
- დალიე, ე, ძმობილო, ქორწილია, განა ის ხომ არ არის! თხილი აკნაწუნო, რა ბრძანებაა! ჰაი, თუ აკნაწუნებ შენცა, ჰა, ჩამომართვი ჯიხვი-მეთქი, - უთხრა კოდალამ და თან ჯიხვი მიაწოდა.
- ვერ დავლევ, თუ ძმა ხარ, თავი დამანებე, არ შემიძლიან და რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, - მიუგო მას თაგვმა და პირი მოარიდა.

- დაასხით, თავზე დაასხით მაგ ვირიშვილს, მაგას! – დაიყვირა თამადამ, - მაშ, ნეფე-დედოფალი არ უნდა ადღეგრძელო, შე ბრიყვო, შენა?!
- ჩემს დღეში ღვინო არ მისვამს, კაცებო, ეხლა უნდა დამაჩვიოთ ღვინის სმასა? როგორ იქნება, რა ახირებაა მაინც და მაინც?! პატიოსანი, დარბაისელი ხალხი ბრძანდებით. აი, ნეფე-დედოფლის სადღეგრძელოდ ერთს სოკოს გიახლებით.
- დაალეინე, დაალეინე მაგ რაზბონიკს, მაგას, ძალით უნდა დალიოს, არ შაიძლება. აქ რისთვის მოეთრეოდა, თუ ღვინოს არა სვამდა, დაალეინე, დაალეინე, - ისმოდა ფრინველთა ხმა.
კოდალამ დასტაცა წრუწუნას ცალის ხელით კისერში, მეორე ხელით პირში მიაგება ღვინით სავსე ჯიხვი და დაუწყო ძალათი სმევა.
- შენი ნება თუ იქნება, კი ვიცი, არ მიირთმევ, ვაჟბატონო, მაგრამ აქ თამადის ნებაა. უყურებ ამოდენა დუნიას, ერთი არ არის, ღვინოს არ სვამდეს. ერთი შენ გამოსჩნდი აქ ახირებული. ჰა, გაუბედე, გაუბედე, ცოდო არ არის დედის რძესავით ღვინოს პირს არიდებდე, შე უჯიშოვ, შენა?
თაგვმა რის წვალებით ჩაყლაპა რამდენიმე წვეთი და თან წრუწუნებდა, ეტყობოდა, არ ესიამოვნებოდა ღვინო.
- გაუბედე, წრუწუნავ, გაუბედე! აბა და ჰა! ემანგრე, მანგრე! ა, ყოჩაღ, ბიჭო! – დაჰკიჟინებდნენ თაგუნას ფრინველნი.
თაგუნამ დაიწკიპა, დაიჭიმა ყელის ძაფები, შეებრძოლა ღვინოს და გადაჰკრა, დასცა.ა. ხოლო ხავერდის ქულაჯაზე გადაესხა ცოტაოდენი ღვინო.
- ქულაჯაზე ნუ მასხამ ღვინოს, ე, ჩერჩეტო, განა შენს ხაჩანის ფაფანაკსა ჰგავს, რომ აგრე ბრიყვად ექცევი?! – შეუტია კოდალას. მერე ღრმად ამოიხვნეშა. სულ უკანასკნელი ყლაპიღა აკლდა და დაიყვირა: გაუმარჯოს ნეფეს და დედოფალს! გაუმარჯოს, ეჯიბო შენს ნეფეს!..
- გაუმარჯოს! გაუმარჯოს! მოცალა! მოცალაო! – ისმოდა აღტაცებული ხმა.
წრუწუნას მალე მოედო ღვინო და მოჰყვა ბაიათებს. ისე მღეროდა, რომ წრიპინით ყველას ყურები გამოუჭედა. მერე ცეკვაც დაიწყო. ხალხს სიცილით ჰხოცავდა. იმას კაჭკაჭი აჰყვა და დავლურს უვლიდნენ ორივენი. ყვავებს მუცლები ხელით ეჭირათ, იმდენს იცინოდნენ ამ სურათის მნახველნი.
- უჰ, დავიღალეო, - სთქვა ბოლოს თაგვმა; მართლაც პირზე და გულ-მკერდზე ხვითქი გადასდიოდა: იქვე სუფრის ახლოს წამოწვა. გამობურთული ფაშვი ზეცას მიაპყრო და ისე ქშინავდა.
