ჩემი აღმართი (ი. გრიშაშვილი )
ახლა შენ ჩემთან აღარ დადიხარ,
ამბობ, შორს ცხოვრობ, აღმართი მღალავს!
შენ რიოში ხარ, როგორც სადიხა
და ჩვენს სიყვარულს არ უხდი ღალას.
როცა გიყვარდი, ვგავდი ია-ვარდს,
მე არ ვიცოდი, რა იყო დარდი.
ლექსად ვფანტავდი, ფერთა ნიაღვარს,
როცა გიყვარდი, როცა გიყვარდი...
როცა გიყვარდი, ჩემი ხარფუხი
შენს შესახვედრად ფეხზე დგებოდა
და სუბსარქისის მკაცრი ქარბუქი,
უნაზეს სიოდ გეჩვენებოდა.
როცა გიყვარდი, ბევრჯერ შევაქეთ
ჩვენი ტუჩების შირაზის ვარდი.
ჩემი აღმართი მიგაჩნდა ვაკედ,
როცა გიყვარდი, როცა გიყვარდი...

მეჩეთი, ხარფუხი, 1905 წელი.