|
ეჰ, როდის აიკუწება წიბონი გველეშაპისა? ვაი, მამულო, ნაჭირნახულევო, სისხლით შეღებილო, აკლებულო, დამწვარო, ტყვექმნილო, იავარქმნილო, ვაი, ძნელბედო, ვაი, მამულო, გამესამედებულო! - იმარხება საქართველო, იმარხება ქრისტეს კუნძული!
- ღმერთო, შენი მაქვს იმედი! ფეხზე ააყენე ჩვენი მამული, ჩვენი შემფერხებელი ისტორია, მოგვეც განახლების ძალთა ღონიერება! ღმერთო, შენ დაამხე ჩვენი მტერი ქართველთყლაპია!
- აღსდექ საქართველოვ!
მაგრამ უეცრივ მოიღუშებოდა მისი შავი და მკაცრი სახე.
- შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი! რაღა ამოიყვანს?
- რამ შეგადარდა, ჩორეხო?
- რათ დაჩუმებულა საქართველოს წიაღი, რათ? მესხია რას იგვიანებს? - გმინავდა ჩორეხი.
- პატარა ერი ვართ! ეჰ, რაც მკლავზე სისხლი დაგვდენია! სულ სისხლმა იავდრა ჩვენს მიწაზე! აი, ეს მარწყვიც კი ჩვენი წინაპრების სისხლის წვეთია, - იტყოდა ჩორეხი, როცა მარწყვს მოსწყვეტდა.
- ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა! საქმე საჭირო, საქმე! - და თვალებში რომ სევდას შეგვატყობდა, გაგვამხნევებდა: - ისევ დაისხავს ჩვენი ვენახი. ისევ დაგვებადება რუსთაველი, აღმაშენებელი, თამარი! ნუ გეშინიათ!
აღარ არის ჩორეხი - სამშობლოს ბედით მუდამ მჭმუნვარე, ჭირნანახი, სევდით გულდაღამებული, მხოლოდ წარსულის ტრფიალი, კეთილშობილი, თუმც უღვაწი კაცი, მაინც დიდი მოწადინე და სევდით ნაჯაფარი...
გულჭირიანს და ფესვმოკვეთილს ღრმა ძილით სძინავს თავის შავ სევდასთან ერთად...
მის გარშემო აღარ ტრიალებდა ეჭვები და ჭორები.
რატომღაც მგონია, რომ ჩორეხი არ არის მკვდარი; და რომ სადღაც, შავს ტყეში თუ ძველ ნანგრევში არის შეხიზნული! თითქოს მისი ხმაც კი მომესმის მკაფიოდ; ხან ბინდისას ვხედავ შარაგზაზე აჩქარებით მიმავალს, თმადაბურდულს, აქეთ-იქით თვალის მაძგერებელს.
და ისევ ისე წრიალებს ჩემს ფიქრებში წარსულზე პირაკვამლებული, ჩანაცრული, მწირი ჩორეხი, სამშობლოს დარდით მოავადე.
ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული...
და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი...
|