გათენებულა ახალი წელი,
და მორიდებით და როგორც მუდამ,
ვწერ და ვერ ვგზავნი მოლოცვის წერილს
და ქაღალდს ვკუმშავ თოვლისფერ გუნდად.
და მინდა შორით ვესროლო თეთრად,
გასახსენებლად უცოდველ ყრმობის,
უფოსტოდ,ჩუმად მოვიდეს შენთან,
როგორც ზეციდან ფიფქები მოდის.
მაგრამ სადღაა ჯიქური ძალა,
რომ მოგაწვდინო ნაფიქრი გუნდად?
მარტოდენ ნატვრა,მარტოდენ კრძალვა,
ჩამგუბებია საწვიმარ ღრუბლად.
არადა...მინდა გაიგო წრფელად
მიზეზი ჩემი უძილო თრთოლვის,
მინდა,მესხურო მხურვალე ცრემლად,
დამადნო,როგორც ბაბუა თოვლის.
არადა,რა ვქნა,მოდი,მიშველე,
მუ მაწანწალებ კარიდან კარად,
თორემ უქუდო და ფეხშიშველი
გამოვიქცევი,მოვყვები ბარათს.
და ჩემს მაგიერ ფურცელი გეტყვის
და მორიდებით და როგორც მუდამ,
ვწერ და ვერ ვგზავნი მოლოცვის წერილს
და ქაღალდს ვკუმშავ თოვლისფერ გუნდად.
