|
დაბრუნება პირველი ქართველი, რომელმაც მოახერხა საქართველომდე მოეღწია, იყო ზემო მარტყოფელი იოთამ ონიკაშვილი, რომელიც 1871 წელს ჩამოვიდა და დასახლდა საგარეჯოში. სამწუხაროდ, იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
უფლის განგებით, თბილისში დეკანოზ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის საოჯახო არქივში აღმოჩნდა ისტორიული ფოტოსურათი, სადაც დეკანოზის ოჯახთან ერთად გადაღებულია ფერეიდნელი ქართველები. როგორც ცნობილია, 1901 წელს საქართველოს ეწვია ორი მამულიშვილი - ყოლამ-ჰოსეინ ონიკაშვილი (ფოტოზე მარჯვნიდან პირველი) და ყოლამ-რეზა ხუციშვილი (ფოტოზე მარცხნიდან პირველი).
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კანონმდებლობის თანახმად ყოველი ერის წარმომადგენელს უფლება აქვს თავის სამშობლოში დაბრუნდეს, სწორედ ამ კანონით ისარგებლეს ფერედინელი ქართველების რამდენიმე ოჯახმა 1967 წელს და განცხადება შეიტანეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მათთვის უფლება მიეცათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, პარალელურად განცხადება ჰქონდათ შეტანილი თეირანში არსებულ საბჭოთა კავშირის საელჩოში. და დაიწყო "ბრძოლა" ირანის მთავრობასა და ამ ხალხს შორის, რომელმაც ხუთ წელიწადს გასტანა სანამ დადგებოა ნანატრი 1972 წელი. ეს იყო ტანჯვის, წამების, აბუჩად აგდების, ცემის წლები, რამდენი რამ გადახდა 12 ფერეიდნელ ოჯახს, სანამ საქართველოს საზღვრებს მოაღწევდნენ. ბოლოს როცა მათი ცემის ფაქტები დააფიქსირა საბჭოთა კავშირის საელჩომ და პარალელურად მათი განცხადებებიც დააკმაყოფილეს, უკვე რიგი გაუჩნდა მათდამი ირანის უშიშროებას. 100 ოჯახის განცხადება იყო შესული ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ზეწოლას ყველამ ვერ გაუძლო და განცხადებები უკან გამოიტანეს.
ბატონი ვახტანგ ონიკაშვილი გვიამბობს: "მახსენდება, როგორ გადიოდა ზამთარში მამა 14 კილომეტრს ფეხით ფერეიდანში საბუთებზე, ისინი კი უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, ერთი კვირის შემდეგ მოდი და მაშინ გეტყვით პასუხსო. ასე დაატარებდნენ მთელი ზამთარი, რომ როგორმე სულიერად გაეტეხათ. და აი, დადგა ნანატრი 1972 წლის ივნისი, მოვდივართ მატარებლით, უკვე შემოვედით ჯულფის საზღვარზე. ირანის მატარებლიდან უნდა გადავჯდეთ საბჭოთა კავშირის მატარებელში. ამ თორმეტი ოჯახიდან არავის წარმოდგენა არ გვქონდა, თუ როგორ დაგვხვდებოდა დედა სამშობლო, ის ხომ ჩვენ მხოლოდ ცისარტყელის ზღაპრიდან ვიცოდით. დიდები გვეუბნებოდნენ, ვინც ცისარტყელის ქვეშ გაძვრება, საქართველოში აღმოჩნდებაო. ჩვენც, ბავშვები, მთელი დღე დაუღალავად მივრბოდით. და აი, მატარებელი ბოლო ბაქანზე გაჩერდა, ჩამოვედით ყველანი, ვხედავთ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით დგას მეორე მატარებელი და უამრავ ხალხს მოუყრია თავი, ჩვენებმა დაუძახეს, ქართველები ხართო, გვიპასუხეს, კი თქვენიანები ვართ და გელოდებით, სადა ხართ აქამდეო. ჩვენებმა უთხრეს მოვდიოდითო.
როგორ, 300 წელი სულ მოდიოდითო?
კი, მოვდიოდითო.
ჯერ ოცნებით მოვდიოდითო, მერე ფიქრით მოვდიოდითო, ბოლოს საქმით მოვდიოდით, და აი, თქვენამდე მოვაღწიეთო და გადავეხვიეთ ერთმანეთს. ნახევარი საათი ერთმანეთს ვეფერებოდით და ვკოცნიდით. სიხარულისაგან ყველა ტიროდა, მომსვლელიც და დამხვდურიც. ეს რაღაც საოცრება იყო, გვიყურებდნენ სპარსელები და მათაც თვალებზე ცრემლი მოადგათ. და აი, კახეთი, გურჯაანის რაიონი, საქართველოში ვარდობის თვეა. მთელი კახეთი აღმოსავლეთისკენ იყურება, ავტობუსებს ელოდება, რომელმაც მათ ქართველები უნდა ჩამოყვანოს ირანიდან, გზები გადაკეტილია, მთელი კახეთის მოსახლეობა გარეთ არის გამოსული ვარდებით ხელში, და ხალხის სიხარულს საზღვარი არა აქვს. ბავშვები ხელიდან ხელში გადავყავდით და ასე მივდიოდით ფეხით. მე ასეთი ლამაზი საქართველო არ მენახა".
სამ-სამი ოჯახი გაანაწილეს თითო სოფელში.
შაშიანში - ონიკაშვილი რამანა, იოსელიანი ალექსანდრე, ბათუაშვილი კოლია.
ვაზისუბანში - ონიკაშვილი რეზო, ონიკაშვილი კოლია, ბათუაშვილი ფირუზი.
ახაშენში - ბათუაშვილი კოლია, ფანიაშვილი მამუკა, აბრამიშვილი ჰოსეინა, ბათუაშვილი ალი.
ჩუმლაყში - ბათუაშვილი მემედი, ბათუაშვილი დავითი, ბათუაშვილი ჯავადი.
საგარეჯოში - მიქელაძე რეზო, ასლანიშვილი ისკანდერი.
რამდენიმე წლის შემდეგ ახალი ნაკადი ჩამოვიდა. ესენი იყვნენ: გუგუნაშვილი კოლია, ბათუაშვილი ალიკა და მისი ძმა, ფანიაშვილი ალიკა და სხვები. ჩამოთვლილიდან ყველა ოჯახი მრავალშვილიანი იყო, რომლებმაც უკვე აქ ახალ შტოს ჩაუყარეს საფუძველი და ახალი ოჯახები შექმნეს.
ჩამოსული ქართველები, კახეთის სხვადასხვა სოფლებში ჩაასახლეს, მისცეს მიწები, საქონელი, საყოფაცხოვრებო საგნები და სხვა. ბავშვები გაანაწილეს ქართულ სკოლებში და ისინიც შეუდგნენ საქართველოში ცხოვრებას. ხალხის ნაკადი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მთელი წელი არ წყდებოდა. საქართველო და ქართული ოჯახები მუდამ მხარში ედგნენ ფერეიდნელებს, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ავთო სვიმონიშვილი თავისი ოჯახით, გუგული ბერიძე, მარიკა ბარათაშვილი, გურამ პატარაია და სხვა მრავალი, რომლებიც ახლაც აგრძელებენ ფერედინელებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობას და ყველგან დაეძებენ ყველგან ბედუკუღმართობის დროს გადახვეწილ თანამოძმეს, რომ აგრძნობინონ, რომ ისინი მის გვერდით არიან.
საგარეჯოს რაიონის სოფელ მარტყოფის მკვიდრნი სათუთად უფრთხილდებიან ყველაფერს, რაც ფერეიდანის მარტყოფს საქართველოს მარტყოფის მოსახლეობასთან აკავშირებს, რადგან საერთო აქვთ: ფუძე, დედა-ენა და ყოფა-ცხოვრების წესიც.
|