|
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მის ოთახში,მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო, გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა... -ნეტა, მობილური თუ მაინც მაქვს დატენილი?!-გაიფიქრა კაცმა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.-კიდევ კარგი,-სიამოვნებით ჩაეღიმა და ისევ ცხელი ყავა მოსვა.-ამის დალევას რამე მაგარი მაინც დამელია,-გაიფიქრა მაგრამ ადგომა დაეზარა.სიგარეტს მოუკიდა...სიგარეტის კვამლი და ყავის სურნელი ერთმანეთს შეერია..უყვარს ეს არომატი... -სად არიან ამდენ ხანს?!-საათს დახედა. ხუთი სრულდებოდა.მალე გათენდება.. -ამ უცხო სახლში, ამ უცხო ხალხთან როგორ დამტოვეს ამდენ ხანს?!-ბრაზი მოერია. ალბათ მეასედ გაიმეორა მობილურზე აკრეფილი ნომერი. -ისევ გამორთულია,.. ალბათ რაღაც მოხდა..ამდენ ხანს უნდა მოსულიყვნენ...ნეტა მალე გათენდეს ,რაღაცას მაინც მოვიფიქრებ.. ღამე ნელ-ნელა ნებდებოდა დილას...გაზაფხულის ლამაზი დილა თენდებოდა...კაცმა ფანჯარა გამოაღო.გრილი ნიავი მოელაქუცა უძილო სახეზე.ესიამოვნა...ფანჯრის წინ აყვავებულ ვაშლის ხეს ორი ჩიტი დასტრიალებდა ჟღურტულით და საოცარი არომატით გაბრუებულები ულამაზესად გალობდნენ, ალბათ სიყვარულზე... ...სიყვარული...სიყვარული...ნინი...ბავშვი..გააჟრიალა. მობილური გახსნა, ნინის ნომერი აკრიფა..., მაგრამ არ დარეკა, დახურა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. -ალბათ სძინავთ,შეიძლება ნინის არც სძინავს და ისევ მელოდება...მე რა ღირსი ვარ ლოდინის,ან სიყვარულის,მე ცხოველი ვარ, წამლით გაჟღენთილი ცხოველი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია,..არა , ცხოველთან მე რა მოსატანი ვარ?! მაპატიეთ ცხოველებო, ჩემს თავს რომ შეგადარეთ..-.გული შეეკუმშა და ისევ გააჟრჟოლა.-ამხელა კაცი ვარ და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე...ისევ აკრიფა ასჯერ აკრეფილი ნომერი,..ისევ გამორთულია..არა, ნამდვილად რაღაც ხდება.. ოთახის კარი გამოაღო და სასტუმრო ოთახში გავიდა.სიჩუმე იყო.მასპინძლებს ისევ ეძინათ...სამზარეულოში შევიდა, ჩაიდანი დაადგა და პირზე ცივი წყალი შეისხა...ესიამოვნა...ცხელი ყავაც ესიამოვნა, ოთახში შეიტანა და ისევ სიგარეტს მოუკიდა. -ორი ღერიღა დამრჩა, მესამე პაჩკაა...კარგია, ვერეფერს იტყვი...თუ ნახევარ საათში არ მოვიდნენ წავალ და მოვძებნი...ნომერი ისევ გათიშული იყო... "დიდი მადლობა მასპინძლობისთვის,სასწრაფოდ უნდა წავიდე, აღარ გაგაღვიძეთ,შეხვედრამდე"-ფურცელი სამზარეულოს მაგიდაზე დატოვა და კარი ფრთხილად გაიხურა... -საით წავიდე?!-უძილობოსგან და ნერვიულობისგან ცოტა შესცივდა. მანქანაში გათბობა ჩართო . ასე იდგა ერთხანს...მერე მანქანა მოატრიალა და იმ გზას გაჰყვა საიდანაც სავარაუდოდ უნდა მოსულიყვნენ ბიჭები... შორიდანვე მოჰკრა თვალი გზაზე გაჩერებულ მანქანებს..პოლიცია..სასწრაფო...ნეტა რა მოხდა.. მანქანა შორიახლოს გააჩერა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა შეკრებილ ხალხს... შავი აუდი ამოჰყავდათ ხრამიდან...გული შეეკუმშა.-რა მოხდა?-იკითხა უმისამართოდ. -ბიჭები გადაცვივდნენ. საწყლები...ოთხივე დაიღუპა-მიიღო პასუხად. გული ისევ შეეკუმშა... -ასე იცის ბიძია წამალმა,ასე..-მოესმა გვერდიდან. უაზროდ მიაშტერდა ულვაშა კაცს... -რა წამალმა?! შენ რა იცი?!-საიდანღაც ამოუვიდა ხრიალივით ხმა. -დახედე და ნახავ,-ხელით ანიშნა ულვაშამ. კაცმა თავი მიატრიალა...ახლაღა დაინახა მიწაზე სამი ზეწარგადაფარებული სხეული.. სამია, სხვები არიან...თითქოს ესიამოვნა კიდეც.. -სამივე დაიღუპა? -ოთხივე,-გაუსწორა ულვაშამ,-ერთი უკვე წაიყვანეს... ...კაცი გაოგნებული ჩაშტერებოდა ლევანის უსიცოცხლო სახეს...აუუ,მიშკა...სანდრო..აუუუ..არაადამიანურმა ბღავილმა გამოაფხიზლა,საიდან ამოუვიდა ნეტა ეს ხმა?!.. თბილისამდე როგორ ჩავიდა ვერც გაიგო. ახლაღა დააფიქსირა-საჭესთან ულვაშა იჯდა. -რამეს ხომ არ დალევ,ცოტას დაგამშვიდებს,-შორიდან ჩაესმა ხმა.თავი გააქნია, -არა სახლში მინდა... კარი ნინიმ გაუღო.ნამტირალები და უძილო ლურჯი თვალები შეანათა. -მიყვარხარ, ნინი,მიყვარხარ სიგიჟემდე,.. შენ და ბავშვი...სიგიჟემდე მიყვარხართ... გამწარებული კოცნიდა და თან ტიროდა, თავის ცხოვრებაში პირველად ტიროდა, მაგრამ ცრემლების არ სცხვენოდა, პირიქით,სიამოვნებდა კიდეც...-მიყვარხართ სიცოცხლეზე მეტად...მაპატიე, ნინი, თუ შეგიძლია მაპატიე..ეს აღარასოდეს განმეორდება...გუშინდელი ღამე იქნება შენთვის უკანასკნელი უძილო ღამე...გპირდები...მაპატიე...მიყვარხარ...
|