|
ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური შემაჯამებელი მოხსენებიიდან პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ საიტზე გავრცელდა
ყველა ციხეში!
14 თებერვალი 2006
ბევრი თქვენგანი და თვენი ახლობელი გამხდარა დანაშაულის მსხვერპლი. ხშირად, ჯიბის ქურდებს, ყაჩაღებს იჭერენ, რამდენიმე დღეში უშვებენ და ისევ ქუჩაში, ჩვენი საზოგადოების გვერდით არიან. ამიერიდან ასე აღარ იქნება! ვაცხადებ ახალ კანონპროექტს ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც ბინის და
ქუჩის ძარცვაზე, ჯიბგირობასა და ნარკოტიკების შენახვაზე გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს. ამ დანაშაულებებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს - ყველა ციხეში! ეს ჩვენი საზოგადოებისთვის დამღუპველი სენია. ჰუმანურობის ნიადაგზე, ვერანაირი მოსამართლე ვერავის ვეღარ გაუშვებს. ამისათვის 3000 კაციან საგამოძიებო იზოლატორს ვაშენებთ, მზად ვართ ბანდიტებს პირობები შევუქმნათ, ოღონდ მოგვშორდნენ. ნულოვანი მოთმენა ყველანაირი, თუნდაც წვრილმანი დანაშაულის მიმართ! დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ ნარკომანიის წინააღმდეგ. თქვენ იცით თუ რა უბედურებაა ეს, თქვენ იცით, რომ ნარკოტიკების მთავარი გზა ავღანეთიდან საქართველოზე გადის. ჩვენთან შემოსავლები გაიზარდა - რამდენჯერმე გაიზარდა ახალგაზრდების შემოსავალი და რამდენჯერმე შემცირდა ნარკოტიკების ფასი, ნარკოტიკი დაღეს პურზე უფრო ადვილი საშოვნია. უნდა მოხდეს ნარკოლოგიური დიაგნოსტიკის მოდერნიზაცია. მომავალი 4 თვის განმავლობაში ყველა სახელმწიფო მოხელეს ნარკოლოგიური შემოწმება მკაცრად უნდა ჩაუტარდეს და არა ისეთი როგორსაც ამას ლეჟავა აკეთებდა. არც ერთ სახელმწიფო აპარატში არც ერთი ნარკომანი აღარ იმუშავებს, საზოგადოებას უფლება აქვს, რომ სახელმწიფო აპარატში საღად მოაზროვნე ხალხი ჰყავდეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აშენებს სკოლებს, საავადმყოფოებს, ამბულატორიებს, შადრევნებსაც კი, და ამავე დროს, აშენებს ახალ ციხეებსაც. ჩვენ სახელმწიფო ვართ, სახელმწიფომ კი იცის, როგორ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა, როგორ განავითაროს საგანმანათლებლო სისტემა და შესაძლებლობები და იცის როგორ უნდა დასაჯოს ის, ვინც ამ მოქალაქეებს განვითარებაში ხელს უშლის.
|