|
მოთხრობა არის წმ. მარკოზ ეგვიპტელზედ, რომ იგი 30 წელიწადს კარში გამოუსვლელად ჩაკეტილი იჯდა თავის სენაკში, მასთან ხშირად მიდიოდა სოფლის მღვდელი წმ.ზიარებით. ეშმაკმა გაივლო გულში შეეცდინა წმინდა მოხუცი. მან შთააგონა ბნედიანს კაცს წასულიყო წმ. მარკოზთან, ვითომდა სალოცავად. იგიც მივიდა მოხუცთან და ეშმაკისვე შთაგონებით წამოიძახა: ,,მამაო! შენი მოძღვარი ძლიერ ცოდვილი კაცია _ აუკრძალე შენთან სიარულიო". წმ მარკოზმა მიუგო : ,,შვილო! მაშინ, როდესაც ცუდს საქმეს და სიბილწეს ყველა თავიდგან იშორებს, შენ იგინი ჩემთან შემოგაქვსო. საღმრთო წერილში სწერია: ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ." გინდ დიდი ცოდვილიც იყოს იგი მოძღვარი, მაინც აცხოვნებს მას უფალი, რადგანაც ნათქვამია:_,,ულოცვიდეთ ერთი ერთსა, რათა განიკურნეთ." შემდეგ ამისა წმ. მოხუცი შეევედრა ღმერთსა, განედევნა ამ კაცისგან ბოროტი სული და განკურნებული გაგზავნა. ხოლო როდესაც მისი მოძღვარი ჩვეულებრივ მოვიდა მასთან, წმ.მოხუცმა იგი დიდის სიხარულით მიიღო, და ღმერთმა, იხილია რა წმ .მოხუცის მტკიცე სარწმუნოება და სულგრძელობა, მოუვლინა მას სასწაული: როდესაც მოძღვარი წარდგა წმინდა ტრაპეზის წინაშე, მოხუცმა შენიშნა, რომ ციდგან ჩამოვიდა ანგელოზი ღვთისა, დაადო მან ხელი მოძღვარს, რის შემდეგ იგი (მოძღვარი) გარდაიქცა თითქმის ცეცხლის ბოძად. წმ. მარკოზი დიდად განაცვიფრებული უცქერდა ამ მოჩვენებას. უცებ მოესმა ხმა ,,კაცო! რას გიკვირს ეგე? თუ კი ქვეყნიური მეფე უკრძალავს თავის ხელ-ქვეითთ, ანუ მოსამსახურეთ, რომ უწმინდურნი და უსუფთაონი არ მივიდნენ მასთან, რამდენად უფრო აღუკრძალავს ზეციური მეფე? ნუ თუ იგი არ განწმენდს თვით მოსამსახურეთ, წარდგომილი წინაშე მის წმიდისა ტრაპეზისა?" ასე, სრულებით არ უნდა ვცდებოდეთ იმით, თუ ვინცობაა ჩვენს მღვდელს აქვს რაიმე კაცობრიული სისუსტე და ზნე-ცოდვები, კიდეც რომ იყვნენ ეს სისუსტეები მეტად დიდი. მხოლოდ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, ისე ,როგორც წესია. ჩვენი საქმე არ არის , თუ რამდენად ცოდვილია მღვდელი. იგი თავის ცოდვებისთვის თვითონვე აგებს პასუხს ღვთის წინაშე. მას არ უჭირს ჩვენი სამართალი და განსჯა. იგი თვითონ წარდგება თავის მოსამართლესთან.ხოლო რაც არ უნდა სისუსტეებს ამჟღავნებდეს,იგი არასოდეს ცუდ საქმეზეად არ დაგვაყენებს. წმინდა ტიხონი ზადონელი ამბობს: ,,შენ არ მისცემ ღვთის წინაშე პასუხს იმაზედ, რომ მოძღვარი ცუდათა სცხოვრობს და არ ასრულებს, რასაც სხვას ასწავლის. რა შენი საქმე, თუ იგი ცუდათა სცხოვრობს? შენ უყურე და აღასრულე მხოლოდ ის, რასაც იგი გასწავლის, როგორც იგი დაგარიგებს."
|