3G_3გოგო.....
თაკო გაჩეჩილაძე
პირველად სცენაზე ფერიების კონკურსზე გამოჩდა, მაშინ თაკო გაჩეჩილაძე 8 წლის იყო და ტიტულიც მოიპოვა. მან ჯილდო როგორც ყველაზე მუსიკალურმა ფერიამ დაიმსახურა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი თაკო სტუდია «ბასტი-ბუბუს» სოლისტი გახდა.
მონაწილეობდა საბავშვო შოუ პროგრამებში. საერთაშორისო კონკურსის «ბროლის ნაძვის» ლაურეატი კი 11 წლის ასაკში გახდა. ამის შემდეგ მონაწილეობა კიდევ ერთ კონკურსში უკვე მოსკოვში მიიღო და «ხრუსტალნაია ნოტას» ლაურეატი გახდა. ამავე წელს რუსეთის ტელეარხმა «რენ ტივი»-მ საახალწლო მუსიკალურ გადაცემაში თაკო როგორც წლის აღმოჩენა აღიარა.
2001 წელს უკრაინაში გამართულ კონკურსზე «მორე დრუზეი» თაკომ პირველი ადგილი დაიმსახურა. ერთი წლის შემდეგ კი «სლავიანსკი ბაზარის» გამარჯვებული გახდა.
თაკოს ბელორუსიაშიც პირველი ადგილი მიანიჭეს. ამავე წელს მიიწვიეს კრემლში, სადაც მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ბასილაიას საიუბილეო კონცერტში. Mმონაწილეობა აქვს მიღებული ბიძინა კვერნაძის და რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებით საღამოებში.
თაკო მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში, მათ შორის არის «საჩუქარი» და ქართული კულტურის დღეები კაიროში. სატელევიზიო ფესტივალებზე «მანა 94» და «მანა 95» კი მაყურებლის წინაშე როგორც ყველაზე პატარა მონაწილე წარდგა.
თაკომ მეგობრებთან ერთად 2002 წელს და 2007 წელს იმოგზაურა იაპონიაში, სადაც რამდენიმე კონცერტი გამართა. მონაწილეობს ყველა დიდ კონცერტში, რომელიც იმართება თბილისში. მაყურებლის წინაშე გამოდის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზეც, რომელიც ტრადიციულად იმართება.
2004 წელს გამოიცა თაკოს პირველი ალბომი.
2005-2006 წელს თაკო მუსიკალურმა პროდიუსერმა ზაზა ლაფერაშვილმა და კომპოზიტორმა ქრისტიან ლორიმ მიიწვიეს გერმანიაში, სადაც მომღერალმა რამდენიმე ახალი სიმღერა ჩაწერა, ასევე ჰქონდა საკონცერტო გამოსვლები ბერლინში, მიუნხენში, ნოიბურგში და ინგოლშტატში.
მუსიკალურ ფესტივალზე «პატრინოტი 2007» თაკო დაჯილდოვდა როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული სიმღერის შემსრულებელი.
24 წლის მომღერალს მიღებული აქვს ღირსების მედალი.
ქრისტინე იმედაძე
თავიდან მომღერლობაზე არ ოცნებობდა, კარიერას ბალეტს უკავშირებდა. პირველად საბალეტო ილეთების შესწავლა 5 წლის ასაკიდან დაიწყო, შემდეგ სუხიშვილების სტუდიაში მივიდა და სწორედ იქ აღმოაჩინეს მისი საბალეტო ნიჭი. ამის მერე ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარა, პირველი მიწვევა კი უცხოეთიდან 13 წლის ასაკში მიიღო და სწავლა მონაკოს პრინცესა გრეისის სახელობის საბალეტო აკადემიაში გააგრძელა.
თბილისში დაბრუნებულმა კი გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი პროფესია შეეძინა, რომელიც ისევ სცენას უკავშირდებოდა და სიმღერა გადაწყვიტა. პარალელურად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.
23 წლის ქრისტინეს კიდევ ერთი პროფესია აქვს - ჟურნალისტია. მას ტელერადიო ჟურნალისტის სპეციალობის საბოლოო დაუფლებამდე ერთი წელი დარჩა.
შვიდწლედი აქვს დამთავრებული ფორტეპიანოს განხრით, კარგად საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად.
პირველი კლიპი 16 წლის ასაკში გადაიღო. სულ ოთხი კლიპი აქვს გადაღებული. მონაწილეობდა პროექტში «ოთხი გოგო». გარდა ამისა, მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსში. 2002 წელს იყო იურმალას კონკურსანტი. ნათამაშები აქვს რამდენიმე როლი თეატრშიც. გადაღებულია სერიალებში. წერს სიმღერებისთვის ტექსტებს. მომღერალს მიღებული აქვს ღირსების მედალი. ჰყავს მეუღლე და შვილი ტაისია.
ნინი ბადურაშვილი
უყვარს კითხვა, მოგზაურობა, თხილამურებზე სრიალი და ცურვა. 22 წლის ნინი ბადურაშვილი ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე მეგობრებთან ერთად ქრისტინე იმედაძესთან და თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად მონაწილეობს.
პირველად სცენაზე 5 წლის გამოჩნდა. მაშინ «ბასტი-ბუბუს» სოლისტი იყო. სტუდიაში ნინი ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა. ამ პერიოდში ის არაერთ კონცერტში მონაწილეობდა. პროფესიად კი მსახიობობა არჩია. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი კინოსა და დრამის განხრით.
ნინი გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორის არის «თბილისი ჩემი სახლია» და «კიდევ ერთი ქართული ისტორია», ასევე სერიალებში «ძილის წინ» და «ცხელი ძაღლი».
«არასოდეს მყვარებია ასე», «ჩუმად მინატრე», «მხოლოდ შენთვის», «ფსოუს წყალი», «4 გოგო» - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიმღერების, რომლის მიხედვითაც ნინი ბადურაშვილს კლიპები აქვს გადაღებული. გამოშვებული აქვს ერთი სოლო ალბომიც.
მონაწილეობს თბილისში გამართულ ყველა დიდ კონცერტში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, რომელთა შორის არის ღირსების ორდენი.
