ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე.მე ჩემთვის ვზივარ მარტო,მოწყენით,ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ.
ცეცხლი გიზგიზებს და ბუხრის ჩაყლაპვას ლამობს.ალაგ-ალაგ ენას გამოყოფს.ეშმაკეულივით ატკაცუნდება ბებერი მუხისგან დარჩენილი ნაკვერჩხალი.
ფანჯრიდან მთვარის ნათელი მოჩანს.თეთრად ირეკლავს თოვლზე ნაკვალევს.გაყინულია.მიწამ მიანდო ვარსკვლავებს ბედისწერა.
აღარ მოთოვს.
მოწყენა გაამძაფრა ძველი წერილების სიყვითლემ.მოგონებები მორეკა ახლოს.სევდას გაუხსნა გზა და გულში ხელის ფათური დაიწყო.
თვალი გაიპარა გაცრეცილი ქაღალდისაკენ,რომელშიც იბრძვის ძლიერი გრძნობა.
"...როგორა ხარ ჩემო მონატრებულო....
რაც დამტოვე უფრო მიყვარხარ.ვერ იგებ არა?პასუხი ერთია:ხან ჩემი ხარ და ხან შენი;უფრო ხშირად-შენი!
...მონატრება უფრო ტკივილიანია,იმდენად ტკივილიანი,რომ თავდავიწყებით შემიყვარდი...
წარმოსახვამ სინამდვილედ გადაქცევა ისურვა და ასე მგონია შენს სუნთვას ვგრძნობ.ძლიერია ჩვენი სიყვარული.ცხოვრებასთან ჭიდილმა ვერაფერი დაგვაკლო,როგორებიც ვიყავით,ისეთები დავრჩით-შმაგად აფეთქებული სიყვარულის პირისპირ.
...ვიცი მაშინ გული გატკინე,მაგრამ შენ ჩემი სიყვარული ხარ!
სიმარტოვით მომივიდა.ბოროტი ყოფილა სიმარტოე...
...მძაფრად შეგიგრძნობ-ახლა შენ ჩემთან ხარ!!!..."
......თოვლის ფიფქივით ფარფატაა ადამიანის სიცოცხლე,მსუბუქად ეშვება ციდან,მიამიტურად მიენდობა "დედა" მიწას.მის გაშლილ ხელის გულზე ნავარდობს,მერე გულში ჩაეკონება და ბებერი მუხისგან დარჩენილი ნაცარივით გადაიქცევა.
