|
ტანაყრილი, ფაფარაშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული, შემოიჭრა და სილამაზით, იმედით გულანთებული ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მხარეს ლეჩხუმს მივაშურე სადაც ბაბუა მელოდება, ვიცი მთელი ღამით უძინარი იქნება და კისერი ჭისკრისაკენ მოქცეული ექნება, ლოდინით დაღლილი თვალებში რომ ჩავხედავ ისეთი შეგრძნებაა თითქოს ღმერთი მოგჩერებია. სოფელი ორხვი, ტვიშთან ახლოსაა, უმშვენიერესი სოფელი რაც კი ცხოვრებაში მინახავს, ნისლში გახვეული ხვამლი გადმოჰყურებს და გონის მთა უძველესი ღვთისმშობლის ეკლესიით რომელიც სამწუხაროდ ნახევრად დანგრეულია მაგრამ რომის კოლიზეუმს მირჩევნია სილამაზით. როGორც იქნა ძველი პაზის ავტობუსით ჩავაღწიე ტვიშამდე და რიონზე ბონდის ხიდით გავედი უფრო მალე რომ მივსულიყავი ბაბუა რა თქმა უნდა ჭიშკართან შემეგება, სახლში რა გააჩერებდა და გულში ჩამიკრა, თვალიდან სიხარულის ცრემლები გადმოუგორდა... გამეღვიძა. რეალობამ დამრთგუნა, ორხვის ნაცვლად ნიუ ჯერსში რეალობასთან ადაპტაცია გამიჭირდა და თვალები დავხუჭე, ისევ ფიქრს გავყევი იქეთ სადაც ჩემი სული მექაჩებოდა. სოფელი ორხვი... აი აქ დაიბადა ბაბუა, პედაგოგი განთქმული თამადა და ადამიანი რომელსაც შეეძლო ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა მეცნიერივით, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა. აი აქ გავატარე ყოველი ზაფხული ჩემს ცხოვრებაში. ბაბუა ხომ ყოველგვარ სურვილს მისრულებდა, ერთად ავუყვებოდით გონის მთასდა ზევიდან გადმოვხედავდით ამღერებულ რიონს, ხანაც არწივებს დამანახებდა ხვამლის მთას რომ დატრიალებენ. განსაკუთრებით ხის დარგვა უყვარს ბაბუას ბავშვობიდან მოყოლებული ყოველ წელიწადს ათ ძირს ხეს მაინც მარგვევინებდა ხან ეზოში, ხანაც ტყეში. მთელი ეზო ხეხილით ისე ქონდა გადახუნძლული მთელ სანათესაოს ყოფნიდა. ჩემთვის ყველაზე ლამაზ ვაშლებს შეარჩევდა და ცალკე შეინახავდა , კამპოტებიც ცალკე ჰონდა ბაბუას ყველანაირ კამპოტს აკეთებდა შვილიშვილებს ესიამოვნებათო, თავად არა სვამდა. ჭურ მარანი იყო მისი ნაქები და არასოდეს ღვინოს შაქარს არ დააყრიდა, ქრისტეს სისხლიაო ასე ეუბნებოდა ყველას. სოფელი უყვარდა, ბუნება, მთები და ვერსად ერთი კვირით ვერ მიდიოდა თუნდაც დასასვენებლად ისე მოენატრებოდა ბებერი ხვამლი .მეუღლე ადრეულ ასაკში გამოეცალა ხელიდან მაგრამ 4 შვილი და რვა შვილიშვილი აჩუქა საქართველოს.
არც გონის მთაზე ამყვება ბაბუა, არც სათევზაოდ, არც მის კოლექციას (ლიტერატურულ ჟურნალ ცისკრის ყველა ნომერი ჰქონდა ) დამათვალიერებინებს, ვეღარც ვინმეს თვალებში დავინახავ ღმერთს. ზამთარს გაყვა ბაბუა, ჩუმად მიიცვალა გაზაფხულის დასაწყისს. ბაბუ მაპატიე არდაბრუნება და ის მოლოდინის ოთხი წელი რომელმაც ასე გაგტეხა.
ტანაყრილი, ფაფარაშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული ... სიცოცხლე გრძელდება, ჩემთვის კი რაღაც დამთავრდა და გულში ჩაწყდა ის რაც ყველაზე მეტად ალამაზებდა ჩემს ცხოვრებას.=tavfx=
|