შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს, შემოჩვეულ სევდას წვიმის ცვარი შლიდეს. იფარვდეს შინდი შეციებულ ჩიტებს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. არა ვგავდეთ დიდებს, გიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს. მთელი ღამე თბილი , ხშირი წვიმით წვიმდეს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს.
მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ ხელში აგიყვან მკლავების ტალღით და დაგაძინებ. ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით მყუდრო ნაპირზე ამოვა მზე და ერთი შეხედვით გამოგაღვიძებ.
ასე უყვარდათ საქართველოში ეს იყო ადრე, როცა მყვირალობისას ირმები რქებით კაფავდნენ ტყეებს. როცა პატარძლის კაბიდან იკერებოდა დროშები, როცა ავგაროზად ქალის ნაწნავი მიჰქონდათ სალაშქროდ გამზადებულ რაინდებს, როცა მხატვრები ცას ახატავდნენ აუხდენელ ოცნებებს, როცა... სადღაც უტყვ ქორონიკონში საუკუნეთა დასაბამი იმზირებოდა. კავკასიონის ქედზე ასულიყო წარმართი ასული, თავთუხისფერი ფრთები მოეკვეცა და მზისათვის შეეწირა. ჯიქის თვალებით გადაჰყურებდა გასათიბ ყანას, რომელსაც დარბაზივით ფართოდ გაშლილი ვაჟის ბეჭები შესჭიდებოდნენ და ისე აჭვსილიყვნენ, რომ ცელი საჭიროც კი აღარ იყო, უფრო მეტიც, თავთავები თავად ნებდებოდნენ მოახლოებულ თავბრუდამხვევ სიძლიერეს და მაშინ პირველად ინატრა ქალმა: \"ვერცხლისა თასადმც მაქცია, რო ღვინით აგევსებოდი, დაფერილი მქნა წითლადა, ამსვამდი, შაგერგებოდი, ან შენი ნამგლის ყანა მქნა რო ფხაზე შაგეჭრებოდი.\" ....იქნებ ასეთები იყვნენ ადამ და ევა საქართველოში. რამდენიმე საუკუნის მერე კი აუცილებლად იღიღინებდა სანადიროდ გამოსული ორბისმუხლა ვაჟი-\"თვალი მიჭირავს შენზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა, ნეტავი გამაგებინა შენ რა გული გაქვს ჩემზედა?\" და დროც გავიდოდა... ვიღაც ღვთისმშობლის თვალებს მიწიერი ქალღმერთისას დაამგვანებდა რათა მერე ეთქვა: \"ქალაუ, ისეთი თეთრი ხარ, როგორც საყდარი კირიო.\" იმ სანატრელ საუკუნეში კი რუსთაველი, ჩემი რუსთაველი იღაღადებდა, ყველა საუკუნის სათქმელს, ყველა შლეგი მიჯნურს გულისნადებს, ის ამოხეთქავდა ასე: \"ვთქვი მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო, გამოსადეგი ენათა. იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა.\" ასე უყვარდათ მაშინ, იმ ცეცხლოვან საუკუნეში და უამრავი ტარიელი უჩვენებდა \"საქმეებს საგმიროებს\" თავის ნესტან დარეჯანს. ეჰ, ასეთი სიყვარული გაათენებდა ალბათ საქართველოში ყოველ ღამეს, ასეთი სიყვარული აანათებდა განთიადს. მერე ქუჩებში იხეტიალებდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი, ხორბლისფერი ფიროსმანი, გაყიდდა თავის ყველა ნახატს და ქალს, რომელიც რამდენჯერმე ენახა, დილას ათი ურემი სისხლისფერი ვარდებით მიულოცავდა და ჩვეულებრივ დღეს დღესასწაულად უქცევდა. ნიკორწმინდის კედელს მიყრდნობილი დიდი გალაქტიონი სევდიანად იჩურჩულებდა: \"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი\"... რაინდი ირაკლი კოსტავა კი ცის გუმბათს შესძახებდა: \"როცა თვალწინ მაქვს შენი ხატება მე შენ მიყვარხარ, ყველა კედელზე დაიხატება მე შენ მიყვარხარ.\" უყვარდათ მაშინ, როცა მთაში ვაჟებს თეთრი თოქალთოები ეცვათ, ხოლო ქალწულებს მკერდზე დილის ნამი ებნიათ მძივად, როცა თითებზე ინთებდნენ სანთელს და თვითონ სულიც და თითებიც სანთლები იყვნენ... ასე უყვარდათ საქართველოში მაშინ!!!
გამოღმით ნე ვარ,გაღმა-შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა გაკოცო,მაკოცო, შენს სახეს ვხედავ მღიმარეს. მაგრამ ვერსაით გადმოველ ამ სატიალო მდინარეს. მეც უნავო ვარ,შენაცა, ცურვა არ ვიცით,ვტირითა, მეშველიც არვინ გვიჩნდება არც ციდან,არცა ძირითა, შენ მე მომელი,მე შენა გაცინებული პირითა ................ ვაჟა
ერთი პატარა გოგო მიყვარდა, როგორც იყო და არა იყო რა, მისმა ალერსმა გადამიყოლა, მისმა ფერებამ გადამიყოლა. როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი, ყველას უამბო თურმე სულელმა, ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით, მე მამტყუნებდა მერე სუყველა. პატარას კარგი დედა ჰყოლია, თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია, მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა, დედამისს გული არა ჰქონია. ერთი პატარა გოგო მიყვარდა, ერთი პატარა, ჩია გოგონა, ჩემი ოცნების ციცინათელა, ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა