|
ვკვდებით არაა!... გაბრიელას სიკვდილის არ სჯეროდა. მოკვდაო, ვინმეზე ეტყოდნენ და სიცილისგან აღარ იყო. სატირალში და პანაშვიდში არ აჭაჭანებდნენ, აბა, როგორია ჭირისუფალს რომ დაუჟინებ, ცოცხალია შენი მიცვალებულიო. _ რას ჰქვია არ ვკვდებით, აგერ ჟორჟიკა რომ ჩავდეთ მიწაში, არ მომკვდარა? _ არა, არ მომკვდარა ჟორჟიკა, არა. _ მა სად არის? _ მიწაშია, მიწაში. _ ცხრა ძმა ხერხეულიძეებიც ცოცხლები იქნებიან, ჰა? _ ცოცხლები არიან, ცოცხლები. _ სად არიან ცოცხლები, მიწაში? _ გულში, გულში, მაგათ ვენაცვალე, მაგათა _ გაბრიელა გულზე ხელს დაირტყავდა თვალებგაბრწყინებული, _ ცხრავე აქ არის. _ ვიწროდ იქნებიან მანდ? _ რადა კაცო, ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო, არ გაგიგიათ, განა საიქიო ადამიანის გულზე ფართოა?! _ არც მერე დაიხოცებიან? _ მერე რაღა დახოცავთ, წავიდა მტერი. _ არც შენ მოკვდები? _ მოვკვდები, არა!.. გაბრიელა ანდაზად ჰყავდა სოფელს, გაბრიელასავით უკვდავი ჰგონია თავიო; გაბრიელა სააქაოს ვახშმობს, საიქიოს სადილობსო; გაბრიელ, პერანგი გაიძრე, ბიჭოო... ეს პერანგი გაიძრე კიდევ ცალკე ამბავი იყო. ტბა ჰქონდა სოფელს, პატარა, მაგრამ კაი ღრმა. ვიღაცას ეთქვა გაბრიელასთვის, აქ ეკლესიაა ჩაძირულიო. მას შემდეგ შიშველი აღარ შესულა წყალში, სხვები თუ ტბასთან იხდიდნენ, ეს პირიქით იცმევდა ხოლმე. გამოვიდოდა საღამოს პირს ყანიდან თუ ვენახიდან, მუხლებამდე აკაპიწებულ შარვალს ჩამოუშვებდა, პერანგს ჩაიცვამდა, პირჯვარს გადაიწერდა და შეცურავდა ჩუმად. რაღა გაბრიელა და რაღა ქეთო ბებოო... ასეც იტყოდნენ ხოლმე. ოღონდ ქეთო ბებო დიდი წიოკა ვინმე იყო. თუკი გაგიგებდა, ვერ გაასწრებდი. ქურდების ეშინოდა ქოთოს. წასაღები არაფერი ებადა, მაგრამ მოხუცი ხომ წუწურაქი ხდება და ქეთოს ახალგაზრდობაშიც ორი კოვზი ერთდროულად არასდროს დაუდვია მაგიდაზე. მაგის ღამის ძილი ვინმეს ენახა, ან სიცილით მოკვდებოდა ან ტირილით. ჯერ ხომ ტანგაუხდელი იწვა გაუშლელ ლოგინზე, მერე თუ სახლში რამე მჭრელი იყო ყველაფერი გვერდით ელაგა: ლომიო, ნაჯახიო, წალდიო... ტაშტით წყალიც ჰქონდა მომარაგებული, ქურდისთვის თავზე რომ დაესხა. ზაფხულში წყალი თბებოდა და ცივის ჩასამატებლად ღამე ორჯერ წამოიწევდა ხოლმე. ჟღრიალებდა კაბაზე ასხმული დანა-წალდი, ისეთი ზანზარი იდგა, მეზობლები ყოველ მის ლოგინში გადაბრუნებას ითვლიდნენ. ერთხელ ძაღლიც ჩამოუყვანეს მწყემსებმა, ღამეებს რომ აუთოებ, საბანქვეშ დაიძინე, აწი ეს გიდარაჯებსო. მეცხვარე ნაგაზი იყო, ბეხვერა. იწვა თავისთვის წინკარში. წააგულიანებდა ქეთო, წაკრავდა წიხლს, გადაწვებოდა ახლა სხვაგან. ქოთქოთებდა ხოლმე გულმოსული: `გენაცვათ, ბატკანი უფრო დაიყეფებდა... ამის მომყვანმაც უნდა თქვას, ძაღლი მივუყვანეო. განა, რასაც კუდი არ უსწორდება, ყველა ძაღლია...?!~ ქეთო ავი და შარი კი გახლდათ, მაგრამ სოფელში სიტყვაზე მაინც არავინ მოსდევდა. შვილმკდარი დედა იყო და ეხათრებოდათ ხოლმე. თან განა მარტო ერთი, რამდენიც გავაჩინე ყველამ გამასწრო საიქიოშიო: ალექსანდრემო, ვალერამო, ჭუტამო, _ იტყოდა ხოლმე, _ ყველა ჩემს წინ წავიდაო. გაბრიელამ უთხრა ერთხელ, წავიდნენ არაო... და მას შემდეგ ვერ იტანდა გაბრიელას, ეგ ჯოჯოხეთის გოგირდი ეგა, ცაში რომ ვარსკვლავებს ითვლის და საიქიოში მიცვალებულებს, მაგის სიკვდილსაც უნდა დაველოდო, ზალაში იატაკს ავყრი და კუბოს შევუკრავო... შემოდგომაზე მაჩვი იყო თუ სინდიოფალა, რაღაც პატარა ცხოველი კი შემოეჩვია ქეთოს სახლს. ღამე მოვარდებოდა ხოლმე და აფხაკუნდებოდა ფანჯრებთან. წამოფახფახდებოდა ქეთოც თავისი აბჯარ-იარაღით, გადააქცევდა წყალს ეზოში და ატეხავდა ყვირილს: ეცი ძაღლო, ეცი, რას მომჩერებიხარ... ქურდი დაიჭირე, ქურდი... ფუი, შენს მომყვანს... არიქა, ალექსანდრე, ჩქარა, ჩქარა... ვალერი, ჭიშკარში ჩადექი, არ გაგასწროს... ჭუტა, შვილო, თოფი გამოიტა, თოფი... ამ გაწამაწიაში დაათენდა რამდენჯერმე, შემდეგ დაზამთრდა თუ სხვის ეზოს შეეჩვია სინდიოფალა, სიმშვიდე კი ჩამოვარდა ქეთოსას. მაგრამ მარტში ძაღლი მოუკვდა და ახლა ამან გააფაციცა დედაბერი, ქურდებმა ნემსი გადააყლაპეს, ჩემს სახლში შემოპარვას აპირებენო. იმ პერიოდში იყო, მეზობელი თევდორე გვიან ღამით რომ მიადგა ღვინის სასესხებლად. ძუნწ ქეთოს ვინ რას ესესხებოდა, მაგრამ სულ რომ არ ელოდა ისე მძახალი მოუვიდა სტუმრად. გამოლეული ჰქონდა ყველას ღვინო, აღდგომისთვის ინახავდნენ რამდენიმე ლიტრს. თევდორეს ფიქრით, მარტოხელა ქალს, უკაცო ოჯახში ერთი დოქი სასმელი მაინც უნდა შემორჩებოდა და ამ ანგარიშით გადავიდა ქეთოსკენ. დაძახებაც არ უცლია, ჭიშკრის ჭრიალზევე ფანჯარასთან დადგა მასპინძელი. მიითრია ტაშტი და ატეხა ისევ განგაში: ალექსანდრე, ჩქარა, ჩქარა... ჩქარა, ვალერი... ჭუტა, ძაღლი ფრთხილად ახსენი ყელი არ გამოგღადროს... იმ სიცივეში გაწუწული და დოქცარიელი რომ დაბრუნდა თევდორე, მაშინ თქვა სწორედ, რაღა ქეთო ბებო და რაღა გაბრიელაო. თან ტანსაცმელს იხდიდა საჩქაროდ, გაოგნებული მძახალის წინ. პირში ვინ გაუბედავდა, მაგრამ ზურგს უკანაც არ სიამოვნებდა ქეთო ბებოს გაბრიელასთან შედარება. უფრო ამოიჩემა, სადაც სიტყვა მოიტანდა და არ მოიტანდა ყველგან იქადნებოდა ხოლმე _ ერთი, ტელევიზორი გამიფუჭდა, ხელოსანი მომაძებნინეთ, სანამ გაბრიელა არ მოკვდება არც მე უნდა მოვკდე, წინ უნდა გავიმძღვანო პატარძლის ცხენივითა... საათიც რომ გეკითხა, მაშინაც გეტყოდა, ჯერ გაბრიელა და მერე მეო. ჩემი სამი შვილის სულს ვფიცავარო, დააყოლებდა ხოლმე. ხო როგორი ძუნწი იყო, მაგრამ წამლებში არ ენანებოდა ფული. ეს რაუმატინიო, კორვალოლიო, ენაფხაშიო... იჭყიპებოდა გაბრიელას ჯინაზე. გამოიტანდა აივანზე ჯორკოს, დაადებდა ერთ პატარა და მეორე კიდევ უფრო პატარა ბალიშს, დააჯდებოდა ზედ და ნაყავდა ვალერიანის ფესვებს. ამ დროს მეზობლის კატები სულ ერთიანად მასთან მოგროვდებოდნენ ხოლმე. თვითონაც მიერულებოდა ვალერიანის სუნით გაბრუებულს, ჩამოკეცავდა თავს და ეძინა ასე, ქვით ხელში, კატებით გარშემორტყმულს.
***
ქეთოს მეპურე იოსებაც ჰყავდა გადამტერებული. მისგან სამ დღეში ერთხელ ყიდულობდა ერთ ლავაშს და იმასაც სამი დღის მერე ჭამდა, დაობებულს, ობმა ფული იცისო. ერთმანეთზე წუწურაქები იყვნენ მეპურეც და ქეთოც, ერთი ხომ რვაასგრამიანის ნაცვლად, ექვსასგრამიან პურებს აცხობდა, მეორე კიდევ ისე არ წაიღებდა სახლში ლავაშს, სასწორზე არ ჰქონოდა აწონილი. სასწორს თან ატარებდა ქეთო, ჩამოაცვამდა ყუას კაუჭზე, გაიკეთებდა ორმაგლინზიან სათვალეებს და მიაშტერდებოდა ყურადღებით. ისე გაუწვრილა იოსებას გული, რომ ერთ რვაასგრამიანს მართლაც ამზადებდა ქეთოსთვის, თუ იმ დღეს არ გამოჩნდებოდა, სახლში მიჰქონდა ხოლმე. ამის გამო, ხშირად იოსებას ოჯახი მხოლოდ გვიან ღამითღა ჭამდა პურს, დილით არ გაატანდა შვილებს, იქნებ ქეთო არ მოვიდეს და რვაასგრამიანი დაგვრჩებაო. ის კი არა, ხანდახან კერძადაც პური მიჰქონდა სახლში. მიუჯდებოდა მაგიდას, დაგლიჯავდა ლავაშს, ჩამოურიგებდა ოჯახობას თეფშებზე და ცალკე ქარხნის პურს დაჭრიდა, თონე ჭამეთ, ქარხნის მიაყოლეთო. სულ აყალ-მაყალში იყვნენ იოსება და ქეთო. სულ მატყუებ, არ გატყუებ ისმოდა მაგათი ვაჭრობისას. ქეთო არ დაენახა და თუნდაც მზე არ ამოსულიყო იმ დღეს იოსებასთვის. თავის თონეს რომ გააღებდა, ცომის მოზელვასაც ამ სიტყვებით იწყებდა ხოლმე, ქეთო _ იქა, ფქვილი _ აქაო. კიდევ უცხო და გაქექილი ხალხი არ უყვარდა იოსებას. ზარად დაამახსოვდა ის დღე, შვილმა ცოლი რომ შეირთო. დგას იოსება თონეში, ქეთო_იქა, ფქვილი_აქას ღიღინებს და უმცროსმა გოგომ ახარა, ჯაბამ ცოლი მოიყვანა, ერთი ლტოლვილი სოფიკოო. ჯერ რძალი რად უნდოდა იოსებას და ახლა კიდევ ლტოლვილი. მეგრელების ისედაც ეშინოდა, პა, პა, პა, პა... ისე მოგატყუებენ, იქით მადლობელი დარჩებიო. მართალიც გამოდგა. ბევრი არ ალაპარაკა რძალმა იოსება, ერთი-ორჯერ გასინჯა პურს შეტანებული პური და გამოუცხადა ქმარს: _ ახლა ან დაჭკვიანდით, ან საიდანაც მოვსულვარ იქით წავალ, ან სულაც იმის იქით. იმის იქით არა, მაგრამ იქვე გვერდზე კი აიშენეს პატარა სახლი, ცოტა იოსებას მოუხდა წელში გაწყვეტა, უფრო გოგოს მშობლებმა გზავნეს ფული და მერე თვითონაც მოყვნენ იმ ფულს. ერთი, შვილთან უნდოდათ ყოფნა და მეორეც, ისეთ ადგილს ეძებდნენ, თვითმფრინავის ჭაჭანება რომ არ იქნებოდა. ხო ყველას რაღაცა ეჯავრება და თვითმფრინავებს კიდევ სოფიკოს მამა ვერ იტანდა. თავისი თვალით ჰქონდა ნანახი, როგორ აფეთქდა ერთ-ერთი მათგანი სოხუმში და როგორ ცვიოდნენ აღრიალებული მგზავრები შუაზე გადახსნილი სალონიდან. ხშირად ამბობდა, ვინც ამ ამბავს შეესწრო შემდეგ ყველა კიბოთი და ლეიკოზით გარდაიცვალაო. თვითონ არც ერთი არ სჭირდა, მაგრამ ბედის ირონიით, მთავრობამ აეროპირტის დასახლებაში გამოუყო ბინა. პირველად რომ დაიძინეს იმ ბინაში და შუაღამისას თვითმფრინავმა გადაუშხუილათ თავზე, საცვლების ამარა დაიწყო კაცმა სირბილი. მთელი ოჯახი უკან დასდევდა და აწყნარებდა. დიდი ფოეფოე ქალი იყო სოფიკოს დედაც, რუსულად ლაპარაკობდა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არ იხდიდა სოფლის გზებზე. თქვენ ის უნდა გენახათ, კოდორის ხეობას შიფონის კაბით რომ მოუყვებოდაო, კისკისებდა ხოლმე სოფიკო, კვდებოდა სიცილით. _ შენახული მაქვს ეგ კაბა, დაბრუნება რომ იქნება, ისევ უნდა ჩავიცვა და წავიდე, _ ნიშნისმოგებით იტყოდა ხოლმე დედამისი და თორმეტი წლის წინანდელ კაბას ყოველ ზაფხულს ამზიურებდა, ჩრჩილს რომ არ შეეჭამა. ამ ქალმა ლამის ქეთო დაავიწყა იოსებას. რამდენი დაბრუნებას გაიგონებდა, იმდენი დაფეთდებოდა ხოლმე. ომის ეშინოდა, ისე, ისე რომ მეტი არ შეიძლება. _ დაგავიწყდათ, ხან ფქვილი რომ არ გვქონდა და ხან წყალი პურის მოსაზელად, რა დაბრუნება რის დაბრუნება, ნეტა, სადაცა ვართ იქ დავეტიოთ, _ ამბობდა და თან რძალს მიჩერებოდა მუცელზე, _ ჯერ ბავშვი არ დამანახოთ, მაგის რჩენის თავი არა მაქვს. ვერ ხედავთ, რა დროა, აბა, ამ დროს კაცი მიენდობა და ბავშვს გააჩენს?! მაგრამ ვინ უსმენდა იოსებას. სულ მატულობდა და მატულობდა ბავშვების ტანსაცმელი შიფონის კაბის გვერდით. სოფიკოც ომისგან იყო შეშინებული, აჩენდა და აჩენდა შვილებს. _ ერთი რომ გავაჩინო და მოკვდეს? აგერ ჩვენს გვერდით ყუმბარა რომ მოხვდა სახლს, სამი კუბო გაიტანეს ერთად. ოჯახში იმდენი უნდა იყოს, სააქაოსაც ეყოს და საიქიოსაც, _ იტყოდა ხოლმე ყოველ ორსულობაზე. ხუთი ბავშვი გააჩინა საბოლოოდ. ორივე ეზოში ყურთასმენა აღარ იყო მაგათი ჭყივილისგან. კიდევ ერთი `გასართობი~ ჰქონდათ სოფიკოსიანებს. სამ თვეში ერთხელ რამდენიმე გვერდიან წერილს წერდნენ და ავტობუსს ატანდნენ თბილისში, იქიდან ნაცნობს ეს წერილი აფხაზეთში, სოფიკოს დეიდასთან მიჰქონდა. დეიდა აფხაზზე იყო გათხოვილი. ომის დროს მთელი ოჯახი რომ აყარეს, მათ დასაცავად თითიც არ გაუნძრევია. სამაგიეროდ, რაღაც სასწაულად გადარჩენილები თბილისში რომ ჩამოვიდნენ, სოფიკოს დედამ პირველი რაც ქნა ის იყო, რომ დას წერილი მისწერა, ბავშვები გზაში დამეღუპაო, გაემწარებინა უნდოდა. იმანაც პასუხი შემოუთვალა, მერე მე რაო. რას ჰქვია, რაო და ატყდა წერილების გაგზავნა-გამოგზავნა. აქეთ ერთი და არ ჩერდებოდა, იქით _ მეორე. ორი წლის წინ ქმრის ხელით საკუთარი `გარდაცვალებაც~ აცნობა და მერე უკვე სოფიკოს მამის სახელზე მოდიოდა წერილები, ჩემთვის დაგეჯერებინათ, ცოლიც ცოცხალი გეყოლებოდა და შვილებიცო. კიდევ კარგა ხანს გაერთობოდნენ, ყველასათვის მოულოდნელად აფხაზზე გათხოვილი დეიდა თავზე რომ არ დადგომოდათ. სოფიკო ხუთი ბავშვის სარეცხს რეცხავდა ეზოში, უცხო ქალმა ჭიშკრიდან მათი გვარი რომ დაიძახა. აიღო თავი ტაშტზე დახრილმა, ქაფიანი ხელებით გამოწია საკეტი, დედას ჰგავდა იმით იცნო დეიდა. _ აქ არ ცხოვრობს, მაგ გვარის არავინ, _ უთხრა ჩუმად. _ სიძეა ჩემი, გავიკითხე თბილისში და აქ მომასწავლეს. _ ამ სოფელში მაგ გვარის არა მგონია, ვინმე იყოს. _ ქვრივი კაცია, შვილებიც მკვდარი ჰყავს, დევნილია... _ ...? _ მენახა მინდოდა, ვიფიქრე... _ იქით სოფელში ხომ არ იქნება, გაღმა? დაფიქრდა ქალი, გადავალო, ჩაილაპარაკა. წყალი სთხოვა სოფიკოს. ერთ-ერთმა ბავშმა მოუტანა ჭიქით. _ ყველა შენია? _ ჩემია. _ ცხელა თქვენთან, ზღვაზე არ დაგყავს ხოლმე? _ აქ არ არის ზღვა. _ თუ დაიბრუნებთ აფხაზეთს, ჩამოდით ჩემთან, მარტო ვცხოვრობ დიდ სახლში, არ შემაწუხებთ. _ მადლობა! მისამართი დაუტოვა და გასვლისას წვრილად გამოკითხა, მეორე სოფელში რომელი გზა მიდიოდა. მიასწავლა სოფიკომ. სახლში რომ შევიდა, გათეთრებული იყო დედამისი, დაჯდა ესეც, მართლა მკვდრებს ჰგავდნენ იმ წუთას. ჩაიც აღარ დაულევიათ ისე დაიძინა ყველამ ცალ-ცალკე.
***
რაღა ქეთო ბებო და რაღა გაბრიელაო და მეორე სატკივარად გაბრიელა გამოუჩნდა იოსებას. მის ეზოსთან წანწალს მოუხშირა ბოლო დროს. მანამდე სოფელში ხმა დადიოდა, გაბრიელას სახლს ერთი ჯადო აგური აქვს, იმას თუ ცოტას ჩამოაფშვნი და წყალში გარეულს დალევ, დიდი კაცის გულს მოიგებო. ამის გამო იყო გაბრიელასთან მისული სტუმრები სკამზე დაჯდომის მაგიერ კედლებზე იყვნენ აკრულნი, ზურგით ამოწმებდნენ, რომელიმე აგური ხომ არ ყანყალებდა. მაგრამ გაბრიელასთან იმდენი აგური იყო მოფამფალებული, რომ იმის ფშვნით და სმით მთელ სოფელს ფაღარათი გაუჩნდა. გადაეკიდნენ და მიაჭიჭინდნენ, გვითხარი სად მალავ მაგ აგურსო, მაგრამ არ ამბობდა გაბრიელა არაფერს. ის კი შეამჩნიეს, იოსებას ეზოში რომ დაძვრებოდა ღამღამობით და გაჰყვნენ ერთხელაც უკან. აგურს არა, მაგრამ იოსებას გოგოსთან ჩახუტებულს მართლაც გადააწყდნენ ეზოში. ეძინათ ორივეს. ისე დაადგა ნახევარი სოფელი თავზე და ისე გაბრუნდა უკან, არაფერი გაუგიათ. ჰა, სად ჰქონია გაბრიელას აგურიო, ზანტად ჰკითხა ცოლმა ერთ-ერთ მაძიებელს, გვინ ღამე სახლში რომ მივიდა. _ გაბრიელას სად რა ჰქონია, ეგ იოსებას გოგოს უნდა ჰკითხო. _ იოსებას გოგო რა შუაშიაო ვითომ? _ იმისთანა შუაშია, რომ იმის იქით მამალი აღარ ყივის, _ ჩაიხითხითა ქმარმა, თავისკენ ჩამოიჩოჩა ნახევრადმძინარე ცოლი. მამალი ყიოდა_არ ყიოდა ერთია, მაგრამ გაბრიელა მართლა წერას იყო ატანილი. გადავიდოდა ყოველ ღამე თონის იქით და ეგრევე მოფარებულში უცდიდა იოსებას უმცროსი. ჩაკოცნიდა გოგო, ჩაეხვეოდა, გაბრიელ, პერანგი გაიძრე, ბიჭოო _ ჩასჩურჩულებდა ტკბილად, ტკბილად და დაუსვამდა მერე ხელს იმ უპერანგო ზურგზე. ხერხემალი აეწვებოდა ხოლმე გაბრიელას. გაისუსებოდნენ ქეთო ბებოს კატებივით. ნეტა, მართლა სადმე ახლოს იყოს ის აგური, დავფშვნიდი, დავლევდი, წმინდა გიორგის ვთხოვდი, თან წავეყვანეთო, ნატრობდა ხოლმე გაბრიელა, ნეტარებისგან ხმაწართმეული. მერე ხომ მოვკვდებოდით, _ ყოველ ჯერზე შეიცხადებდა იოსებას ქალი. მოვკვდებოდით არაა, _ იცინოდა გაბრიელა, ჩაიხუტებდა მამამისის თონესავით გახურებულ გოგოს და თვითონაც ისე შეეკვრებოდა სუნთქვა, თითქოს იონასავით ვეშაპის მუცელში იჯდა სამი დღე. ვინ თქვა, რიცხვი არა აქვს ვარსკვლავებსო, გადათვლილი ჰქონდათ მთელი ზეცა, სულ იცოდნენ, რომელი როდის ამოდიოდა, რომელი როდის ჩადიოდა. ზედ აცვიოდათ მომწყდარი ვარსკვლავები, ერთხელაც არ მოუფიქრებიათ, რამე ჩავუთქვათო...
***
ერთი მოზვერივით ცხვარი ჰყავდა იოსებას. ბავშვები იყვნენ მაშინ მისი გოგო-ბიჭი, ბატკანი რომ მოუყვანეს. დაკვლა ენანებოდა და იმხელა გახდა, შემთხვევით რომ წამოდებოდი, გადაგაყირავებდა. რაც თავი ახსოვდათ ბავშვებს ეს ცხვარიც სულ სადღაც ება ეზოში. ება და იცოხნებოდა, თორემ ცოტა თვალში გამოუხედავს შეიძლება ღრუბელიც ჰგონებოდა. რამდენი წლის იყო, აღარც ახსოვდათ უკვე. სოფელში იცინოდნენ კიდეც, თუ რჩევა გინდა, იოსებას ცხვართან უნდა მიხვიდე, მაგაზე უხუცესი აღარავინ დაიარებაო. საშველი რომ დააყენა და დაკლა იოსებამ, იმხელა ტყავი დარჩა ცხვარს, ერთი ხიდან მეორემდე გაჭიმეს გასაშრობად. ახლაც ამ ტყავს გამოიტანდა ხოლმე იოსებას გოგო, ხან ზედ იწვნენ და ხან ზედ ეფარათ, მაინც თავიდან ფეხებამდე წვდებოდა ორივეს. ფიქრობდა იოსებას გოგო. რაზე ფიქრობო, ჰკითხავდა გაბრიელა და ვერ პასუხობდა ვერასოდეს. გაბრიელაც სულ ზევით იყო აშტერებული. იწვა გულაღმა, იგრიხავდა თითზე მატყლს და ფიქრობდა, ფიქრობდა... თან თითქოს თავისი ნებით კი არა, ეს სოფელგადაძოვილი ბებერი ტყავი აიძულებდა ფიქრს. თითქოს კარნახობდა რაღაცას, ზრდიდა ორივეს, როგორც დღენაკლული ამირანი გამოზარდეს ხბოს ტყავში. ისედაც თავისებური ფიქრის იყო გაბრიელა, ხელახლა აწყობდა და ალაგებდა ქვეყანას. ღამეებს ჭოტივით უძალიანდებოდა, წამოყოფდა ხოლმე თავს ლოგინიდან და დაიძახებდა: აქა ვარ, აქააა... მიჩვეულები იყვნენ სოფელში მაგის წამოძახილებს. ღამეს აფრთხობდა ასე გაბრიელა, უღმერთოა ღამეო, იტყოდა ხოლმე. _ აი, ღმერთი ხომ სინათლეა, სინათლე მზისგან მოდის, ღამე და სიბნელე კი არაფრისგან, მიზეზი მაგას არა აქვს და დასაბამი. სხივმა რომ დილით ქათმები დააღვიძოს, იმხელა მზე ცაში გამოკიდებულა და ცეცხლი უკიდია, სიბნელელისთვის კი როდის რა გარჯილა სამყაროში. აბა სხვა რა იცი, მაგის გარდა წარმომავლობა არ ჰქონდეს და მაინც არსებობდეს, _ ასე ამბობდა ხოლმე გაბრიელა. ასე დააწყო თავის გუნებაში ღამის და დღის ამბავი. ეშინოდა თან ღამის, იმიტომ ეშინოდა, რომ მიხვდა, სადაც არაფერი არ არის იქ არის ღამე. რომ არ იყოს არაფერი, არც მზე, არც დედამიწა, არც ეს ცა, ზუსტად იოსებას ეზოს სიფართეზე როა გამოჭრილი და ღმერთო შენ მიშველე, ღმერთიც რომ არ იყოს, სიბნელე მაინც ხომ იქნება, აბა მაშინ იქნება სწორედ, უფსკერო და არაფრით განათებული, უზარმაზარ, არსად დაწყებულ და არსად დასრულებულ სივრცეში, უადამიანო, უყველაფრო, მთელ სიგძე-სიგანეზე გადაჭიმული უკუნეთი... წარმოიდგენდა ხოლმე ხანდახან ამას გაბრიელა და ეშინოდა, ჯოჯოხეთიც კი ჯობია ამას, იქ ხალხი მაინცაა და ეშმაკების თვალები მაინც ანათებსო. დაფიქრდებოდა ხოლმე და ამ დროს ისე შორეულად ეჩვენებოდა უამრავი და უსხეულო მზით განათებული სასუფეველი, რომ ლამისაა ეტირა უილაჯობისგან. ამიტომაც წამოვარდებოდა ხოლმე ბნელ ღამეში და აქა ვარო, აყრუებდა ქვეყანას. იცოდა, სანამ ერთი ციცინათელა მაინც დაფოფხავს და სანამ ჰაერი ადამიანის ხმას ატარებს, არ დაბნელდება. _ გაბრიელ, ბიჭოო... _ ჰა, რა იყო? _ მითხარი რამე, ღამის მეშინია. _ რისი გეშინია, ხომ გითხარი, არ არსებობს ღამე-მეთქი? _ რო ღამდება ხოლმე? _ ღამდება არა! დაიხვევდა ისევ ცხვრის მატყლს თითებზე, ახლა სხვა ფიქრი აეკრობოდა ხელისგულს. მეორე ცხოვრებას თელავდა იოსებას ვერძი. აბა, ვის გაუგია, ცხვარი თხუთმეტი წელი გებას ეზოში, შეეჩვია სიცოცხლეს.
***
იმ ხანობას იყო, ქეთო ბებო ჩავარდა ლოგინად. მეზობლებს მისი რკინა-ჟესტის ხმა შემოაკლდათ და შეაკითხეს სახლში. სააქაო პირი აღარ უჩანდა ქეთოს, თავის ხარა-ხურიანად იწვა და თვალებსღა ატრიალებდა საცოდავად. ცოტა რომ მოასულიერეს, ჯერ გაბრიელაო, ამოიხავლა. ჩაიქნიეს მეზობლებმა ხელი, ხან ერთი ყარაულობდა, ხან _ მეორე. სოფლის ექიმის ვარაუდით, სამ დღეზე მეტი არ უნდა ეცოცხლა ქეთოს, მაგრამ კაი ორი კვირის მერეც აცეცებდა თვალებს. ხანდახან მონდომებული წამოიწევდა, გაბრიელა ხომ არ მომკვდარაო, იკითხავდა. გაუქნევდნენ თავს და მიესვენებოდა ისევ კრუსუნით. უყურეს, უყურეს დედაკაცებმა და ძალიან რომ შეღონდნენ ქეთოს ღამის ქოთნების ზიდვით, გაიწეწეს თმები: _ ვაიმე, გაბრიელა მოუკლავს იოსებას, ვაიმეე... _ ვაიი... აბა, არ მოვკვდებიო, ბიჭოოო... _ .... ჯერ უნდოდ იყურებოდა ქეთო, მერე რომ მოუმატეს და მოუმატეს კივილს, წამოჯდა ისევ. _ მართლა ჩაძაღლდა? _ მართლააა... _ მორჩით ერთი ღნავილს, _ გაწყრა ქეთო და მერე საზეიმოდ დაასრულა. _ რახან გაბრიელა მოკვდა, სულ სიმღერით და ცეკვა-თამაშით დამმარხეთ. იცოდეთ, თუ არ გიმღერიათ, თქვენს შვილებს წავიყოლებ სათითაოდ. თქვენები შემეცოდება, ჩემი სამი დამიმარხავს?! და უკვე საბოლოოდ მიესვენა... ქეთოს დაკრძალვაზე ამბავი იყო, ხალხი პირდაფჩენილი დარჩა. აუგეს წესი, გაიდეს კუბო მხარზე და ჭიშკარში რომ გამოდიოდნენ, გაჩერდნენ ფეხარეულები. _ ჰა, ახლა ვინ დაიწყებს? _ დაიწყე, ქალო, შენ კარგი ხმა გაქვს. _ შენ დაიწყე, თუ კარგია. _ აღარ გადარჩებით, ჩამოგვაწყდა მხრები, _ კუბოს ქვეშიდან გამოიღრინა ერთმა. მეტი რაღა ჩარა იყო და დაიწყეს: `გადავალ, გადავფრინდებიიი ბახტრიონს გალავანზედააა”... თან დაიძრნენ კიდეც. კაი შორი იყო სასაფლაომდე, ისე შევიდნენ ეშხში, ერთმანეთს უჭრიდნენ შაირებს. სამ ხმაზე ნაკლებში არ უმღერიათ არც ერთი. ვიღაცას ქეთოს ტაშტი წამოეყოლებინა, ჩასატანებლად, გადმოაპირქვავა და დასცხო დიმპიტაური. ახლა ჩამოუარეს კიდეც წინ და უკან, ზოგი თავში მიხტოდა, ზოგმა ბოლოში ჩაბუქნა. სასაფლაოზე რომ მივიდნენ და კუბო დადეს, იმის ილაჯიც აღარ ჰქონდათ, ლურსმანი ჩაერჭოთ სახურავზე. პირდაპირ მოამხეს, მეორედ მოსვლისას უფრო იოლად ამოვაო... ზუსტად იმ დღეს იყო ვიღაც უცხოელი ჩამოვიდა სოფელში. კი არ ჩამოვიდა, გზა აერია უბედურს. იმ უღრანში ინგლისური აბა საიდან და სანამ ვინმეს რამე გააგებინა კი მოადგა ჯერ პროცესიას და მერე იოსებას თონეს. კაი დაღამებული იყო უკვე, სოფიკოს რომ შესჩიოდა, აზერბაიჯანში მივდივარ და მგონი კი დავიკარგეო. შემოიპატიჟა სოფიკომ სახლში, ღობის გადმოღმიდან რას გააგებინებდა საით არის აზერბაიჯანი. მოუტანა ჩაი, დაელაპარაკა. ენას არ აჩერებდა უცხოელი, გალაღდა ინგლისურის ბაიბურში მყოფის დანახვაზე. თან გაოცებული იყო, ანსამბლი შემხვდა გზაში, მაგრამ კუბო რაღად უნდოდათ ვერ გავიგეო. _ ეგ, ქეთო ბებო დავმარხეთ, _ გაიცინა სოფიკომ, გამოუცვალა სტუმარს თეფში. ჯერ პირი დააღო უცხოელმა. მერე გაიფიქრა, ალბათ ასეთი წესი აქვთ, მე ვინ მეკითხება, სადღაციდან ჩამოვხეტიალებულვარო... ისედაც რცხვენოდა, ორბილიკიან ქვეყანაში გზა რომ აერია ამხელა კაცს. _ რითი გარდაიცვალა ქალბატონი? _ იკითხა, რამე რომ ეკითხა იმიტომ. _ გაბრიელას სიკვდილის ამბავი რომ უთხრეს იმან მოკლა. _ გაბრიელა? _ გაბრიელა ჩემი მულის საყვარელია, მამამთილი ეძებს და ვერ პოულობს, სადღაცას იმალებიან ორივე. მკვდარი იმალებაო? მაინცდამაინც ცხელი არ იყო ჩაი, მაინც კინაღამ დაიხრჩო უცხო. ეს რა ქვეყანაში მოხვდა. რუკაზე თითქოს ყველაფერი წესრიგშია. გაივლი საბერძნეთს, თურქეთს, საქართველოს და ჩახვალ აზერბაიჯანში. არავის უთქვამს, თურქეთის საბაჟოს რომ გამოცდები, ეგრევე საიქიო იწყებაო, იჯდა ახლა პირგამეხებული. სოფიკო კი პირიქით გამხიარულდა გაბრიელასა და მულის გახსენებაზე. უნდა გენახათ იოსებამ რა ამბავი შექმნა, ისეთი მტვრის ბუღი დააყენა, სულ ყვავები და კაჭკაჭები დაქსოვა ჰაერშიო. მერე დაჯდა და იმასღა იძახდა, სადაც უნდათ იქ წასულან, მაგრამ ცხვრის ტყავი რომ აუწაპნავთ, უკან დააბრუნონო. ამ ტყავზე ბჟირდებოდა სწორედ სოფიკო: _ ან იმათ რას მიჰქონდათ კაი ოქროს საწმისივით, ან ეს რას არ ეშვება, მართლა საწმისს არ გამოვდევნებივართ ქართველები ასეთი თავის გადაკვლით. ახლა ის გაუკვირდა სტუმარს ქართველებს რატომ უნდა ედევნათ ოქროს საწმისისთვის. აუხსნა სოფიკომ, ჩვენი იყო, ის კოლხეთი ახლა ეს ქვეყანააო. ლამის გაბრაზდა უცხო, რაღა დროს ის ქვეყანა იყო, როდინდელ ამბავს ყვებოდა ეს გოგო. _ ის არის, ის. აქ არის, _ უმტკიცებდა სოფიკო, დაბეჯითებით უქნევდა თავს. _ რას ამბობთ, ქალბატონო, ის ქვეყანა ანტიკურ სამყაროში არსებობდა, აქ როგორ იქნება? _ თავისას იმეორებდა უცხოელი და ამ დროს უცებ დაფთხა სინათლე ოთახში. ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა. მოეჩვენა, რომ უკვე აღარ სუნთქავს, უკვე საკუთარ არსებასაც ვეღარ აღიქვამს... გავიდა წამი, ორი... წუთი და უცებ ამ განწირული სიშავის შუაგულში ვიღაცამ მთელი ხმით იღრიალა: _აქა ვაააარ!...
გამოქვეყნებულია `ჩვენს მწერლობაში`
|