|
2 აპრილი, 2008 რას დაჰპირდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს ბუქარესტის სამიტზე გამგზავრების წინ
ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე, გამგზავრების წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის სურვილი და სწრაფვა ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს და განსაზღვრეს, როგორც “ჩვენი ნავსაყუდელი”. რა შედეგებს მოგვიტანს სამიტი, ამაზე ბევრიც ითქვა და ბევრიც დაიწერა: ახლა უახლოესი დღეები გადაწყვეტს, არის თუ არა საქართველო მზად, ითანამშრომლოს და იმეგობროს მსოფლიოს იმ მოწინავე ქვეყნებთან, რომლებთან დაახლოებაც მთავარი ამოცანაა საქართველოს მუდმივი თავისუფლების, დაცულობისა და საზღვრების ურღვევობის უზრუნველსაყოფად.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ნაბიჯებს გადადგამს ნატო საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ბუქარესტის სამიტი საქართველოს ნატოსკენ წარმატებით სვლის მნიშვნელოვან დეკლარაციად გადაიქცევა.
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გაზეთ “კომერსანტის” მიერ შედგენილ მსოფლიოს სახელმწიფოთა ყველაზე ახალგაზრდა მეთაურების ტოპ-ათეულში შევიდა და, საგულისხმოა, რომ ამ რეიტინგში მხოლოდ ხალხისგან არჩეული ლიდერები არიან წარმოდგენილნი, დარწმუნებულია, ბუქარესტის სამიტის შედეგად საქართველოს მნიშვნელოვნად დაახლოებაში ნატო-სა და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. მას სჯერა, რომ ალიანსში სრულ გაწევრიანებას გაცილებით მეტი მუშაობა, ხანგრძლივი პროცესი და კიდევ არაერთი სამიტი დასჭირდება.
ბუქარესტში კი პრეზიდენტი მიდის იმ რწმენით, რომ საქართველოს ევროპაში დაბრუნება არა მხოლოდ გამოსავალია დღევანდელი მდგომარეობიდან, არამედ ქვეყნის ყველაზე ფუნდამენტური და ისტორიული ორიენტირი.
პრეზიდენტის თქმით, ბუქარესტის სამიტზე იგი შეეცდება ნატოს წევრი ქვეყნების დარწმუნებას იმაში, რომ საქართველო ნამდვილად აფასებს და შეთვისებული აქვს ნატოს წევრი სახელმწიფოების დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარული ფასეულობები და უკვე შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნატოს სხვადასხვა სახის ოპერაციებში ისევე, როგორც ამას დიდი წარმატებით ახორციელებს ერაყში. გარდა ამისა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა სამიტზე გამგზავრების წინ, საქართველოს მიზანი არ არის მხოლოდ ცალმხრივად ისარგებლოს ნატოს დაცვის სისტემებით, არამედ ჩვენ ავიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, სოლიდურად დავუდგეთ გვერდში მთელ ალიანსს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდა ატლანტისტთა სამიტზე სიტყვით გამოვა. 3 აპრილს კი დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა როგორც ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამუშაო ლანჩზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ნატო-ს არაწევრ ISAF-ის კონტრიბუტორ ქვეყნებთან შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ბუქარესტში გაემგზავრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, დეპუტატები კოტე გაბაშვილი და ნიკა რურუა.
სამიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს სახელით გამართულ კულტურულ ღონისძიებებსაც დაესწრება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი დღეს დაიწყება და 4 აპრილამდე გაგრძელდება.
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დღეს მეტად აქტუალურია და სასწრაფოდ გადაწყვეტას მოითხოვს.
“ნატოს წევრობა შექმნის ფუნდამენტურ გარანტიას საქართველოს ტერიტორიული ურღვევობისა და სტაბილურობისთვის - გარანტიას, რომელიც საქართველოში მოიზიდავს დიდ ეკონომიკურ ინტერესებს და დიდ საინვესტიციო კაპიტალს, რაც გამოიყვანს საქართველოს უმუშევრობის კოშმარიდან და შემოიტანს კეთილდღეობას ჩვენს ოჯახებში” - განაცხადა პრეზიდენტმა.
“მიხეილ სააკაშვილის თქმით ევროპული ეკონომიკის გავლენით უნდა დაარსდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქალაქები - ოჩამჩირე, სოხუმი, ფოთი, ბიჭვინთა და ქუთაისი. “ჩვენი წინაპრები მაშინდელი ევროპის ეკონომიკურ სისტემაში ცხოვრობდნენ და მათთან ერთად ევროპულ ფინანსურ სისტემაში მიმოქცევაში იყო ჩვენი პირველი ეროვნული ვალუტა - კოლხური თეთრი, რომელიც მთელ ევროპაში მოძრაობდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა და საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
“ჩვენ გადატანილი გვაქვს ომები და კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ომისაგან ქვეყნის დაცვა”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ნატო-სკენ და ევროპისკენ სწრაფვის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებს და აცხადებს, რომ შორს არ არის დღე, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორია ერთიანი და განუყოფელი საქართველოს შემადგენლობაში იქნება.
პრეზიდენტი თავის გამოსვლაში შეეხო რუსეთ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თემასაც, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ მოსახლეობისთვისაც მეტად საჭირბოროტოა. მისი თქმით, იგი შეეცდება აუხსნას პუტინს ამის შესახებ, რათა სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებასთან ერთად, თანამშრომლობით მოგვარდეს კონფლიქტები და უზრუველყოფილ იქნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში სრულად დაბრუნება.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციაა და საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლური, თანასწორი და პარტნიორული ურთიერთობის ქონა ქვეყნისა და ხალხის საერთო-ეროვნულ ინტერესში შედის.
“ამ ურთიერთობის დასამყარებლად, ამ ურთიერთობის გადასარჩენად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია... სანამ შესაძლებელია”,-განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა
თუ ბუქარესტის სამიტმა უზრუნველყო საქართველოს წარმომადგენლობის იმედიანი დაბრუნება თბილისში, ხელისუფლება უფრო დარწმუნდება თავის ძალაში და არჩევნებშიც უფრო თავდაჯერებულად მიიღებს მონაწილეობას. ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. მანამდე კი, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძალას არ დაზოგავს, რათა ბუქარესტიდან იმედგაცრუება არ ჩამოგვიტანოს.
|