|
ათი მცდარი მოსაზრება ალკოჰოლის შესახებ
მითი პირველი. ალკოჰოლი ადამიანს ათბობს. გავრცელებული თვალსაზრისით, სიცივის დროს ალკოჰოლის მიღება მისწრებაა. მართლაც, 50 გრამი არაყის ან კონიაკის მიღებების დროს ძარღვები ფართოვდება შინაგანი ორგანოები საკმარისს სისხლს იღებენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ზომაზე მეტს დალევს, იწყება უკუპროცესი. ალკოჰოლის მოჭარბებასთან ერთად იზრდება სისხლის მიმოქცევის სიჩქარეც. კანი წითლდება და ამ დროს ჩნდება სითბოს სასიამოვნო შეგრძნება. არადა ეს მცდარი და ძალიან საშიში შეგრძნებაა. სინამდვილეში ადამიანი კი არ თბება, არამედ სხეულის სითბოს გარესამყაროს გადასცემს და ენერგიას კარგავს. ორგანიზმი სწრაფად იწყებს გაციებას. ალკოჰოლისგან შეხურებულ ადამიანს კი ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა. ამიტომაც არის, რომ მთვრალი ადამიანები ცივ ამინდში ხშირად იღუპებიან.
მითი მეორე. ალკოჰოლი მადას აძლიერებს. თქმა არ უნდა, სპირტიანი, მაღალგრადუსიანი სასმელი მადას ნამდვილად აღვიძებს. ამისთვის 20-25 გრამი არაყის მიღებაც საკმარისია. იგი მოქმედებას მადის ცენტრზე ახდენს და ააქტიურებს. თუმცა ეს პროცესი სასმელის მიღებიდან თხუთმეტ წუთში იწყება. ამიტომაც უშუალოდ ჭამის წინ ალკოჰოლის მიღებას არანაირი აზრი არა აქვს. პირიქით, ეს მავნეც კი არის. სასმელი მშიერ კუჭზე აგრესიულად მოქმედებს. მატულობს მარილმჟავა და ამის შედეგად შეიძლება გასტრიტიც კი განვითარდეს.
მითი მესამე. ალკოჰოლი სტრესის მოხსნაში გვეხმარება. ძალიან ხშირად, დაღლილი ადამიანები ხასიათის გამოსწორებას ალკოჰოლის მიღებით ცდილობენ. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამას არასწორედ აკეთებენ. ერთი პატარა ჭიქა ღვინო მართლაც ხსნის დაძაბულობას და ხელს უწყობს ადამიანის განტვირთვას. უფრო დიდი დოზების მიღების შემთხვევაში, მოვლენები შესაძლოა ორგვარად განვითარდეს. ერთ შემთხვევაში, ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისას მატულობს დაღლილობა, ხასიათი მძიმდება, ჩნდება თავისებური დეპრესია, რომელიც შინაგანის გამოფიტულობის შეგრძნებას აღრმავებს. მეორე შემთხვევაში ადამიანს ეუფლება ალკოჰოლური ეიფორია, რომელიც გარდაუვალი დეპრესიით მთავრდება. დამეთანხმებით, რომ სტრესისგან განთავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია! თუ სტრესისგან თავის დასაღწევად მაინც ალკოჰოლის დახმარება გჭირდებათ, მიიღეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო.
მითი მეოთხე. ალკოჰოლი ადამიანის ქმედუნარიანობას ზრდის. ბევრი დარწმუნებულია, რომ მსუბუქი სიმთვრალის დროს, მათი შრომის ნაყოფიერება იზრდება. როგორც ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, მსუბუქი სიმთვრალის დროს ადამიანი გაცილებით უფრო სწრაფად აზროვნებს და მოქმედებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა სისწრაფე კი მატულობს, მაგრამ მატულობს ასევე მუშაობის დროს დაშვებული შეცდომებიც! ამ დროს ქვეითდება ყურადღება, უარესდება ანალიზის უნარი. ასე, რომ სიმთვრალის დროს სამუშაო სწრაფად და ხალისიანად შესრულდება, მაგრამ გამოფხიზლებისას გაკეთებულ საქმეში უამრავ შეცდომას აღმოაჩენთ!
მეხუთე მითი. ალკოჰოლი წნევას დაბლა წევს. ზოგიერთი ჰიპერტონიკი ფიქრობს, რომ ალკოჰოლი ძარღვებს აფართოებს და ამიტომაც წნევა დაბლა იწევს. ამ თვალსაზრისში არის მცირე ჭეშმარიტება. სასმელის მცირე დოზა სისხლძარღვებზე დაწოლას ამცირებს. თუმცა სპირტიანი სასმელის მიღების დროს გულისცემა იზრდება, რაც აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის წნევას. რაც უფრო ბევრია მიღებული სასმელის რაოდენობა, მით უფრო მეტი იქნება არტერიული წნევაც. ამიტომაც ალკოჰოლი კატეგორიულად არის აკრძალული ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის. ამის გარდა, ბევრი ალკოჰოლური სასმელი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც წნევას ზრდის.
მეექვსე მითი. ხარისხიანად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი უვნებელია. ნებისმიერი ალკოჰოლი ორგანიზმზე ტოქსიკურად მოქმედებს. რასაკვირველია უხარისხო სასმელი ორგანიზმზე უფრო დამანგრეველად მოქმედებს, ვიდრე ხარისხიანი. იაფასსიანი სასმელები არ გადიან სათანადო ფილტრაციას და მათში შემავალი ნივთიერებები აძლიერებენ მავნე, ტოქსიკურ ზემოქმედებებს. ცნობილი ფირმების მიერ დამზადებული სასმელების მიღების დროს რისკი კლებულობს, თუმცა მათი დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმისთვის მაინც ძალიან უარყოფითად აისახება.
მეშვიდე მითი. ალკოჰოლი გაციების საუკეთესო წამალია. გაციების დროს ადამიანები (განსაკუთრებით ქართველი მამაკაცები) არაყს სვამენ ხოლმე. ითვლება, რომ არაყი სიცხესაც შველის, სურდოსაც არჩენს და ყელის ტკივილსაც ამსუბუქებს. თანამედროვე მედიცინა ასეთ “სახალხო მკურნალობას” კატეგორიულად უარყოფს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლი ასუსტებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმი დაავადებას სათანადოდ ვეღარ ებრძვის. გარდა ამისა, სპირტი გაციებულ ყელზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს. დამტკიცებულია, რომ სასმელის მიღების შემდეგ ყელის ტკივილი ძლიერდება. თუმცა არის სასმელები, რომლის მცირე დოზით მიღება შესაძლებელია. მაგალითად თბილ წითელ ღვინოში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმის იმუნიტეტს აძლიერებს.
მერვე მითი. ლუდი ალკოჰოლი არ არის. ბევრი ადამიანი თვლის, რომ რადგან ლუდი მსუბუქი სასმელია, ჯანმრთელობას არ ვნებს. ეს არასწორი მოსაზრებაა. ლუდში ბევრი სპირტი არ არის, მაგრამ იგი მაინც ალკოჰოლურ სასმელად რჩება და როგორც ყველა ალკოჰოლურმა სასმელმა, ლუდმაც იცის მიჩვევა. ამ ბოლო დროს, ექიმები უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ლუდისადმი ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე. გარდა ამისა, დიდი ოდენობით ლუდის მიღება ძალიან ცუდად მოქმედებს გულსა და ღვიძლზე. ეს ორგანოები იწყებენ დეგრადაციას და გაცილებით უფრო ცუდად ფუნქციონირებენ. კატეგორიულად არ შეიძლება ყოველდღიურად ლუდის ლიტრობით სმა. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ძალიან უარყოფითად აისახება.
მეცხრე მითი. ალკოჰოლი კალორიებს არ შეიცავს. ეს საკითხი განსაკუთრებით დააინტერესებს, გახდომის მიზნით დიეტაზე მყოფ ქალბატონებს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ალკოჰოლი ძალიან დიდი ენერგეტიკული ღირებულების მატარებელია. რაც უფრო ძლიერია სასმელი, მით უფრო დიდია მისი ენერგეტიკული ღირებულება. ყველაზე აქტიურად არაყი ასუქებს. შედარებით მსუბუქი სასმელია ღვინო. თუმცა, ნებისმიერი სასმელი ძალიან კალორიულია. ამიტომაც გახდომის მსურველებმა ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.
მეათე მითი. სმის დროს ჭამა სასარგებლოა. სინამდვილეში ეს საჭმლის რაობაზეა დამოკიდებული. ცივი საკვები სპირტს სუსტად ანეიტრალებს. შესაბამისად მთელ ალკოჰოლს სისხლი შეიწოვს და ადამიანი ძალიან მალე დათვრება. ხოლო ცხელი და ქონიანი საჭმელი პირიქით, ორგანიზმს ხელს უშლის სპირტის ბოლომდე “ათვისებაში”. შესაბამისად, თუ არ გსურთ, რომ მალე დათვრეთ, ქეიფის დროს მიირთვით ცხელ-ცხელი ხაშლამები და ხაჭაპურები!
|