pikaso22 wrote:ციტატა:
ტანაყრილი, ფაფარაშლილი, ცეცხლოვანი ამორძალივით, გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული. აქაიქ, ხის ძირებთან შემორჩენილ თოვლს დაადგა გიჟმაჟმა თვალი და მთლიანად დაუპირა აორთქლება, აქაოდა ყოჩივარდები უნდა მიმოვაპნიო ირგვლივ და რაღა შენი დროაო. საღამოსპირზე, გურიაში თუკი სადმე ჩხარტა და შაშვია ყველა ერთად აჟღურტულდა.გადაიძრო თეთრი საბანი არემარემ და ხასხასა მწვანეში ჩაეფლო.არაკრაკდა ღელე, აშრიალდა ტყე, მუხლებში გაყინულმა სისხლმაც მდორედ იწყო მოძრაობა. მძიმედ წამოდგა ბუხუტი სკამიდან, მთელი დღის მიწასთან ნაომარს ძალა გამოცლოდა, ჭამის თავიც კი აღარ ჰქონდა დაღლილ-დაქანცულს. მდუმარედ მიუჯდა მაგიდას. უგემურად გაღეჭა ლუკმა და მჟავე სახით მიუბრუნდა მარგოს: -რაია აი ქალო, მარილი კოლოფიანა ჩააგდე ქვაბში?
ძაღლის ყეფამ დაფარა ჭიშკართან მდგარი სტუმრის ძახილი.
-გადაირია მარგო ძაღლი, გახედე გარეთ-გასძახა ბუხუტიმ ცოლს.
ორიოდე წუთში კარებში ილიკო იდგა და იღიმოდა.
-რავა ყოველ საღამოს უნდა გამომეცხადო კაი საყვარელივით, შენს უნახავი ვერ დევიძინებ ღამე თუ? შეეკითხა ბუხუტი ილიკოს.
-რავიცი, რავიცი, რავიცი-ჩაიბურტყუნა ილიკომ და მაგიდას მიუჯდა-თათბირი იყო დღეს და მიწის გადასახადმა მოიმატაო, ბრიგადირმა-გააგრძელა ილიკომ
-რატომ ვითომო?
-რატო და მაგ მიწას რო ბარავთო, ყველით და კვერცხითაა დაბეგრილი და უნდა გადაიხადოთო.
-კაცო! სამოცი წელია მაგ მიწას ვბარავ მე, და არც კვერცხი და არც ყველი არ შემხვედრია შით. ჭიაყელები თუ ჭამს რა ჩემი გადასახდელია- გაცხარდა ბუხუტი.
მარგომ თეფში და ჭიქა დაუდაგა სტუმარს და ოთახიდან გავიდა.
-ხო კიდო რაიო ბრიგადირმა-ჰკითხა ილიკოს ბუხუტიმ
-რაიოდა, ვისაც დაფნა აქ ჩასაბარებელი, განცხადება დაწეროსო, რო ვიცოდე წინასწარ, აბა მე რა ვიცი ვის რა ხე უდგას ეზოშიო.
-ხო, ხო არ იციან ბიჭო! რაფერის ქათამი რომელი ხის ძირში მოსკინტავს იგი იციან მაგენმა და დაფნა მაქ ეზოში თუ არა იგი არ იციან ხომ?-ჩაიცინა ბუხუტიმ
-წავალ ახლა მე -წამოდგა სკამიდან ილიკო და კარერბისკენ გაემართა.
-ან მოსლა რა იყო, ან წასლა რაა-გაიკვირვა ბუხუტიმ- ტყულა არ მოხვიდოდი შენ, დაგრჩა რაცხა უთქმელი.
-ხო ბუხუტი, ნადი მყავს ხვალ და ხელის წაკრა მინდა პაწა, საბარავი მაქ მოძალებული-დაპატიჟა ნადში ილიკომ ბუხუტი.
-მოვალ ილიკო მოვალ, თუ ავათრიე წელი დილაზე ზეთ. ჩემი მიწის ბარვისას არ მხდება კვერცხი და ყველი და შენსას გამიმართლოს იქნება-გაუცინა ბუხუტიმ ილიკოს და სკამიდან წამოდგა. სტუმარი ჭიშკართან მიაცილა.
-იყავი კაცო რას მომყობი, კი მივაკლოვ ჭიშკარს-გაიღრიჭა ილიკო.
-არა ილიკო დავრწმუნდე მინდა რომ გადაი გადაღმა და უკან არ მობრუნდები ამაღამ-უთხრა ბუხუტიმ და სახლისაკენ გამობრუნდა.
ძაღლის ყეფა და ქათმების კრიახი ერთმანეთში არეულიყო, რომელსაც მარგოს წყევლაც მიემატა- გამოიარა შე არგასახარებელო, შეგჭამა მგელმა, დამრჩი მოუწველავი ამაღამ, ფერდებჩაცვენილ ძროხას მიმართავდა მარგო.
ბუხუტი ახორთან დაგდებულ ჯირკზე ჩამოჯდა, ყალიონი გააბოლა, ირგვლივ მიმოატარა მზერა და ფიქრებში დაუწყო თვლა უკვე გალეულ სამოც წელს. თვალი შეავლო კუთხეში მიგდებულ წალდს მასთან ერთად რომ ბერდებოდა, პირიც მობლაგვებია უკვე,არც ნაჯახს და ხერხს ადგია კარგი დღე.... ეხ, ილევა წლები და მასთან ერთად ვილევი მეც-გაიფიქრა ბუხუტიმ
ზამთარს ძალიან არ უნდოდა დანებებოდა გიჟმაჟ გაზაფხულს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ღამეც აღარ ემორჩილებოდა და მოსვლას არ ჩქარობდა, ნელ-ნელა მოიპარებოდა ღამის ბინდი.ძილის ბურუსში ეხვეოდა მთელი სოფელი.ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები ლამაზი ხვალინდელი დღის გათენებას პირდებოდა სოფელს.

მგრად გართმევ ხელს კაცურად.მალედეც=sher=