|
8 აპრილი, 2008
წინასაარჩევნოდ ოპოზიციური ძალები გამარჯვების შანსს ერთიანობაში ხედავენ
დღეისათვის ოპოზიციამ დიდი ძალისხმევისა და მრავალი კონსულტაციის შემდეგ მოახერხა გაერთიანებულიყო. ეროვნული საბჭოს ლიდერები არ მალავენ, რომ გაერთიანება არ იყო მარტივი პროცესი. როგორც ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მათ დაძლიეს ყველა სიძნელე და დღეს ერთად არიან, რათა იბრძოლონ საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად, პოლიციური და საარჩევნო ტერორის დასამხობად. ეროვნულ საბჭოს, რომელმაც გაერთიანების დემონსტრირება გუშინ პარლამენტთან მოაწყო, დავით გამყრელიძე ოფიციალურად შეუერთდა. რამდენად წარმოსადგენი იყო ”მემარჯვენეების“ ეროვნულ საბჭოში გაერთიანება, ძნელი სათქმელია, რადგან სულ ცოტა ხნის წინ გამყრელიძე და გაჩეჩილაძე საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტები იყვნენ, და თანაც, ლევან გაჩეჩილაძე “ახლებს“ კონსტრუქციულ ოპოზიციას უწოდებდა. თუმცა თავად დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მან დაასრულა ხელისუფლებასთან კოსტრუქციული საუბარი. როგორც ამბობენ, გამყრელიძემ და ”ახლებმა“ შიმშილობით დაამტკიცეს ეროვნულ საბჭოსთან სოლიდარობა. მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ მათ ეშინიათ პარლამენტს გარეთ დარჩენის.
ის, რომ ამდენი სხვადასხვა იდეის, პლატფორმის, აზრისა და შეხედულების ლიდერთა ერთ რომელიმე საკითხზე ჩამოყალიბება ძნელია, გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც არ მალავენ. კახა კუკავას თქმით, 2003 წელს მათ არ ჰქონდათ ზნეობრივი მიზეზები, რომ გამდგარიყვნენ გვერდით და მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე ბანაკში ყოფილიყვნენ. დღეს კი ხელისუფლებასთან მათ ექნებათ ბრძოლა, რომელსაც აუცილებლად მოიგებენ. გაერთიანებული ოპოზოცია მმართველ პარტიას პირდება, რომ ისინი, ამჯერად, შეასრულებენ ხალხის დაკვეთას - ამ ხელისუფლების დამხობას.
“მრეწველებმა”, შესაძლოა, საარჩევნო ბლოკი “წინ, საქართველოსთან!” ერთად შექმნან. კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება.
“ტრადიციონალისტების” ლიდერი აკაკი ასათიანი ამ ეტაპზე ადასტურებს მხოლოდ გოჩა ჯოჯუას პარტია “ჩვენი საქართველოს”-თან ალიანსს. ასათიანის თქმით, შესაძლოა, ბლოკში კიდევ ერთი პარტიის გაერთიანების საკითხი გადაწყდეს...
განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს “რესპუბლიკელთა” მზადება არჩევნებისათვის და ისიც, რომ პარტია გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს ოპოზიციურ ფრთასთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ისეთი დიდი წარსულისა და გამოცდილების მქონე პარტიისათვის, როგორიც “რესპუბლიკური პარტიაა”, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დამოუკიდებლად მიღება უმჯობესია. დავით ზურაბიშვილის თქმით კი საპარლამენტო არჩევნებში ერთიანობა არ ნიშნავს ერთიან სიას და ეს ნამდვილად არ არის აუცილებელი. მისივე განცხადებით პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს გაშლილი, რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის საშუალება. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ, როდესაც ბევრი პარტია ერთად იკრიბება და ერთიანად გამოდის ბრძოლაში, ეს არ არის ნორმალური კრებული.
“რესპუბლიკელების” განცხადებით, მიღწევაა ისიც, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთად არ ტარდება, საარჩევნო კომისიები ყველა დონეზე ”ნაციონალებით“ აღარ არის დაკომპლექტებული და ა.შ. მათი თქმით, ის ხალხი, ვინც ხელისუფლების მთავარი იდეოლოგიურ გუნდი იყო და რომელთა მიზანიც ”ახალი ჯიშის ქართველების გამოყვანა“ იყო, აღარც ტელევიზიებში ჩანან და ვეღარც საპარლამენტო სიებში ხვდებიან. “ეს იყო უსერიოზულესი მიღწევები, რომელსაც სჭირდება განმტკიცება, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ტყუილად არ იყო ქუჩაში, ტყუილად არ მოხვდა რეზინის ტყვიები და გაზი ტყუილად არ ჩაუსუნთქავს“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ძნელი სათქმელია, რამდენად ჩაითვლება ეს ყოველივე ხელისუფლების მიღწევად. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი რომ ასე არ თვლის, ეს ცხადია.
გაერთიანებულ ოპოზიციაში არ ჩანან და, სავარაუდოდ, არც გამოჩნდებიან ”ლეიბორისტები“ და გიორგი თარგამაძის ”ქრისტიან-დემოკრატები“. შალვა ნათელაშვილის პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკვეთრია - მას არ სჯერა “ოპოზიციის ოპოზიციისა”. გიორგი თარგამაძე კი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილად არ საუბრობს ამის შესახებ.
გუშინ, ცნობილი გახდა გაერთიანებული ოპოზიციის სია, რომელიც ასე გამოიყურება: პირველი ნომერია ლევან გაჩეჩილაძე, მეორე - დავით გამყრელიძე, მესამე - კონსტანტინე გამსახურდია, მეოთხე - ზვიად ძიძიგური, მეხუთე - კობა დავითაშვილი, მეექვსე - ეკა ბესელია, მეშვიდე - გუბაზ სანიკიძე, მერვე - დიმიტრი ლორთქიფანიძე, (რომელიც სალომე ზურაბიშვილის პარტიის წევრია, რადგან სალომე ზურაბიშვილს, კანონმდებლობის თანახმად, არ აქვს უფლება კენჭი იყაროს, თუმცა საარჩევნო კამპანიაში ის აქტიურ მონაწილეობას მიიღებს). მეცხრე ადგილი - გოგა ხაინდრავა, მეათე - ჯონდი ბაღათურია, მეთერთმეტე - პაატა დავითაია, მეთორმეტე - გია თორთლაძე, მეცამეტე - გია ცაგარეიშვილი, მეთოთხმეტე - ფიქრია ჩიხრაძე, მეთხუთმეტე- დავით საგანელიძე, მეთექვსმეტე- კახა კუკავა, მეჩვიდმეტე - კოკა გუნცაძე და ა. შ. სია 150 კაციანია.
დღეს წარმოდგენილი გაერთიანებული ოპოზიცია თავისი ენთუზიაზმით, იმედებით, გაახლებული და შევსებული რიგებით, საკმაოდ შთამბეჭდავია. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ისიც კი თქვა, რომ ასეთი წარმომადგენლობა კლასიკური რომის სენატსაც კი შეშურდებოდაო. ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით ხალხი დაბნეულია და უიმედო. ზოგი კი პირიქით, ამბობს, რომ ხალხი დღეს ისეთი აქტიურია, როგორც არასდროს... სავარაუდოა, რომ ხალხი ისევ ისე მოიქცევა, როგორც აქამდე ჩატარებულ სხვა არჩევნებზე. მთავარი ის არის, რომ ამ ხალხს დაპირება ერთხელ მაინც აუსრულონ... თუ ხალხის შეკვეთა მართლაც იყო გაერთიანება, მაშინ ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი მოწონება, თუ სააკაშვილს მართლა ჰყავს მომხრეეები, ალბათ მიიღებს მათგან ხმებს. ამიტომ მთავარია, მოსახლეობამ ირწმუნოს, რომ არჩევნები საქართველოში შესაძლებელია სამართლიანი იყოს.
რეპორტაჟი მომზადებულია “ინტერპრესნიუსის” მასალების გამოყენებით
|