|
ძველ ბინაში ბინა გვქონდა დაქირავებული, ერთი წლის წინასწარ გადავიხადე. პირველად მიყვარდა გოგო ასე ძალიან, იმასაც ვუყვარდი. იმ ბინაში ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ მხოლოდ ექვსი თვე. მერე, როგორც ჩანს, მოგვბეზრდა ერთმანეთი... წამოვედი და ბინა დავუტოვე, თუმცა ვერ ვივიწყებდი, ძალიან ხშირად ვფიქრობდი მასზე... რომ გავიგე, ვიღაც ახალი კაცი ჰყავსო, სისხლმა ტვინში ამასხა. მაგ დროს ვიმალებოდი, პოლიცია მეძებდა მკვლელობაზე, მაგრამ მაინც ვერ შევძელი, რომ რაღაც არ მომემოქმედა. მაყუჩიანი იარაღი ვიშოვე და ძველი ბინისაკენ გავწიე. არ ვიცი რას ვაპირებდი... გასაღები მქონდა. წამოსვლის წინ, როცა დავშორდით, ჩემი გასაღები დავუტოვე და ალბათ არც უფიქრია, რომ მე კიდევ ერთი მექნებოდა. მესამე სართულზე ავირბინე. ვნერვიულობდი. არ ვიცი რა მინდოდა... კარები ფრთხილად გავაღე და შევედი. საძინებლიდან რაღაც ხმები მომესმა. მივხვდი რომ მარტო არ იყო. უფრო საშინლად გავმწარდი. ლოგინში იწვნენ და გაოგნებული სახეებით მიყურებდნენ. იარაღი ამოვიღე... ჯერ ბიჭს ვესროლე, მერე გოგოს, მერე ისევ ბიჭს და ბოლოს ისევ გოგოს. ორივე მოკვდა. კარი გარედან ჩავკეტე გასაღებით და წამოვედი.
* * * მოდით ჩემს ნამდვილ სახელს და გვარს არ გეტყვით. შეგიძლიათ უბრალოდ დვალი დამიძახოთ. ისე ზოგი კლიშასაც მეძახის. მოკლედ, როგორც გინდათ. ერთი თვის წინ 22 წელი შემისრულდა. დაბადების დღეს ციხეში შევხვდი. უკვე შვიდი თვეა რაც აქ ვზივარ. როგორც ჩემზე ამბობენ, სასტიკი სერიული მკვლელი ვარ... თუმცა ამას არ ვეთანხმები... მე უსასტიკესი ვარ...
უცნობი მეძინა. რაღაც ხმაურმა გამომაღვიძა. თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე. უეცრად ჩემი ტანსაცმლის კარადა გაიღო და იქიდან ვიღაც უცნობი გამოვიდა. გრძელთმიანი, წვერგაუპარსავი კაცი, შავებში გამოწყობილიყო, ხელში იარაღი ეჭირა. რაღა დასამალია და ცოტა არ იყოს შემეშინდა. თუმცა არაფერი შევიმჩნიე. უცნობმა კარადის კარი ღიად დატოვა და ოთახს ყურადღებით მოავლო თვალი. როგორც ჩანს, საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა, რადგანაც იარაღი ქამარზე მიმაგრებულ ბუდეში ჩაიდო და თითქოს გაეღიმა კიდეც. მერე მე გამომხედა, თავი დამიკრა, კარადაში შებრუნდა და კარი ფრთხილად მოიხურა. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიწექი გაკვირვებისაგან პირდაღებული და მერე, მგონი, ასევე ჩამეძინა. დილით ისღა მახსოვდა ბუნდოვნად, რომ ვიღაც იარაღიანი, წვეროსანი უცნობი მესიზმრა.
* * * თუმცა ამ შემთხვევამ ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. მაინც ბავშვი ვიყავი... არადა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მერე უარესები მომივიდა...
სახლის სახურავზე სახლის სახურავზე იდგა, ოთხსართულიანი სახლის. ქვემოთ უამრავი ხალხი ირეოდა, მთელი უბანი გარეთ იყო. მას არავინ იცნობდა, არავინ იცოდა, ვინ იყო და როგორ აღმოჩნდა ამ სახლის სახურავზე. ჩუმად იდგა, ხელები გაეშალა და თვალები დაეხუჭა. მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა გადმოვარდნამდე. ხალხი თანდათან მრავლდებოდა, მაგრამ ვერავინ ბედავდა ზემოთ ასვლას. არც პოლიციის გამოძახებაზე ფიქრობდნენ. იდგნენ და თითქოს ელოდებოდნენ რა მოხდებოდა. მეც იქ ვიყავი. მეც ველოდებოდი. უეცრად თვალები გაახილა, დაიხარა, თასმები შეიხსნა და ფეხსაცმელები გაიხადა. იქვე მიაწყო. მერე გასწორდა, ერთი ცისკენ აიხედა და ქვემოთ გადმოეშვა. მისი ფეხსაცმელები, მგონი, ახლაც სახურავზე აწყვია.
უცნაური ამბავი კუნაპეტი ღამე იდგა. ძმაკაცის დაბადების დღიდან მოვდიოდი. ტაქსი ვერ გავაჩერე და ფეხით გავუყევი გზას შინისაკენ. ქუჩაში არავინ იყო. სასტიკად ბნელოდა, მხოლოდ მთვარე თუ გამოანათებდა ხოლმე შიგადაშიგ ღრუბლებიდან. ცოტათი ციოდა კიდევაც. უეცრად ზემოდან რაღაც ჩამოვარდა და პირდაპირ ჩემ წინ დაეცა. ავიხედე, ხუთსართულიანი სახლის მხოლოდ ერთ ბინაში ბჟუტავდა მკრთალი სინათლე. მეორე სართულზე. ჯიბიდან სანთებელა ამოვიღე, ავანთე, დავიხარე და ახლადჩამოვარდნილ საგანს დავხედე. შიშისგან სუნთქვა შემეკრა... ეს მოჭრილი ხელი იყო. სისხლი წვეთავდა... ქვაფენილი წითლად შეღებილიყო. როგორც ჩანს, მთვარესაც აინტერესებდა რა ხდებოდა და ღრუბლებს ამოფარებული ჩუმად იჭყიტებოდა. სანამ ამ ხელს ვაკვირდებოდი, მეორე სართულიდან კიდევ რაღაც გადმოაგდეს. ეს მოჭრილი ფეხი გახლდათ. ამჯერად უკვე შუქი ეცემოდა და კარგად დავაკვირდი. ორი თითი აკლდა. ძალიან ავნერვიულდი და ავკანკალდი. ფეხები არ მემორჩილებოდნენ, რომ იქაურობას გავცლოდი. ამ დროს სადარბაზოდან ვიღაც კაცი გამოვიდა, მგონი შავები ეცვა. ვერც სახე გავარჩიე კარგად. ხელში მოზრდილი პარკი ეჭირა. პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. გაუნძრევლად ვიდექი ერთ ადგილზე და ვერაფერს ვაკეთებდი. რომ მომიახლოვდა დაიხარა, ჯერ მოჭრილი ფეხი აიღო, მერე ხელი და პარკში ჩაყარა. შემდეგ გამომხედა, ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიიტანა, რაც, ალბათ, იმას ნიშნავდა, ჩუმად იყავიო და ღამის სიბნელეში ჩაიკარგა. ერთ ხანს მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა და მერე ისიც მიწყდა. რამდენიმე წუთი ასე ვიდექი. თანდათან დავწყნარდი და სახლისაკენ განვაგრძე გზა. ჩემდა გასაკვირად, იმ ღამით ძალიან ტკბილად მეძინა და ფერად სიზმრებში ადამიანებს ვხედავდი, რომლებსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილები აკლდა
|