|
77 თერთმეტი წელი ვიცხოვრე ამ სახლში, თუმცა სახურავზე არასდროს ვყოფილვარ. პირველი რაც თვალში მომხვდა, ძველი, გახუნებული ფეხსაცმელები იყო. მაშინვე გამახსენდა, ვისაც დაეტოვებინა... თავის დროზე მასაც ისეთივე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, როგორიც იმ დღეს მე. მას გამოუვიდა. დარწმუნებული ვიყავი, მეც გამომივიდოდა. მე თვითონ ვიქნებოდი ჩემი უკანასკნელი მსხვერპლი და 77 მკვლელობით დავტოვებდი ამ ქვეყანას...
პირობა _ ძალიან გთხოვ რა, აი, პროსტა ძალიან, არავინ აღარ მოკლა რა. იმაზე ფიქრი აღარ შემიძლია, რომ შენ ვიღაცეებს კლავ. _ ცრემლები მოიწმინდა, _ ამის გამო მაინც ვერ დაგშორდები, იმიტომ, რომ ძაან მიყვარხარ, მაგრამ ეს ერთი რაღაც შემისრულე რა. მაშინ ერთად ვცხოვრობდით. მართლა გვიყვარდა ერთმანეთი. _ კარგი, _ ჯერ ბოლომდე არ მქონდა შეტოპილი, ვფიქრობდი, რომ შემეძლო შეჩერება. _ შენი გულისთვის მე ყველაფრს გავაკეთებ. ჩამეხუტა. _ მართლა? _ პირობას გაძლევ, არასდროს არავის აღარ მოვკლავ. _ მიყვარხარ, _ უფრო მაგრად ჩამეხუტა და მაკოცა. _ და კიდე იცი რაა, ეს ნივთი მოაშორე რა აქედან. იმ დილით რაღაც ნაჯახი ვიპოვე სახლში. მაგაზე მეუბნებოდა. მაგიდზე დამეტოვებინა შემთხვევით. _ ეეს? ამას საერთოდ გადავაგდებ! _ წამოვიყვირე, ნაჯახს დავავლე ხელი და პირდაპირ ფანჯრიდან გადავუშვი. გამაყრუებელი კივილის ხმა... ბედი არ მაქვს რა... ხო შეიძლებოდა ქვემოთ არავინ ყოფილიყო?! ვიღაც კაცი... ზურგში დაეცა. რაღა მაინცდამაინც ჩემი ფანჯრის ქვეშ დაიხარა ზონრის შესაკრავად და რაღა მაინცდამიანც იმ დროს?! არა, ნამდვილად არ მაქვს რა ბედი... ჩანგალი დილაადრიან ბიჭებმა გამაღვიძეს. მეძახდნენ, ჩხუბი გვაქვს და ჩამოდიო. უცბად ჩავიცვი, ხელ-პირი დავიბანე და ქვემოთ ჩავირბინე. სისწრაფეში დანას ვერ მივაგენი და ჩანგალი გავიყოლე თან. საქმე გავარჩიეთ და ჩხუბამდე აღარ მივიდა. მე ბიჭებს გამოვემშვიდობე და ჩემი შეყვარებულის სანახავად წავედი. მთელი დღე ეცალა და გადაწყვეტილი გვქონდა, საღამომდე ერთად ვყოფილიყავით. ბევრი ვიბოდიალეთ, რესტორანში ვისადილეთ და ბოლოს, როცა უკვე მზე ჩავიდა და მთვარემაც ამოყო თავი, მისი სახლისკენ გავუყევით გზას ნელ-ნელა, ფეხით. ის იყო უკვე მის ქუჩაზე შევუხვიეთ, რომ გვერდით ვიღაც ბიჭმა ჩაგვიარა. მოულოდნელად ჩემს შეყვარებულს ჩანთა გამოსტაცა ხელიდან და გაიქცა. ძალიან სწრაფად გარბოდა. მივხვდი, რომ ვერ დავეწეოდი. ჯიბეები მოვიჩხრიკე. იარაღი არ მქონდა წამოღებული, არც დანა. ერთადერთი, რაც ხელში მომხვდა, ჩანგალი იყო. დილას მერე ჯიბეში მედო. ამოვიღე და იმ ბიჭს ვესროლე. ბედად უეცრად უკან გამოიხედა და ჩანგალი პირდაპირ მარჯვენა თვალში მოხვდა. მგონი ქალაქის ყველა უბანში გაიგეს მისი ღრიალი... უგონოდ დაეცა ძირს. მე სასწრაფოდ მივუახლოვდი, ჩანთა ავიღე, შეყვარებულს ხელი გადავხვიე და გზა განვაგრძეთ. მერე, მახსოვს, ბებიაჩემი მთელ სახლში დაეძებდა, ახალ დანა-ჩანგლის კომპლექტს ერთი ჩანგალი აკლიაო.
მეოთხე ოთახი `ოთხი ოთახი~ ნანახი გაქვთ? მაგარი ფილმია ძაან. რაც იქ ხდება მეოთხე ოთახში, ტარანტინოს გადაღებული რომელიცაა, ფაქტიურად ჩვენც იგივე მოგვივიდა. ბაკურიანში ვიყავით ძმაკაცები. სასტუმროში. ჩვენი ოთახის ნომერი ოთხიანი გახლდათ, თუ არ ვცდები. საოცარი დამთხვევაა. ჰოდა, იმ დღეს მაგრად დავთვერით და ერეკლემ თქვა, მოდი რამე საკაიფო ვქნათო რა. მერე სანთებელა ამოიღო და ვინც ამას ათჯერ ზედიზედ აანთებს, ჩემ პორშეს ვჩუქნიო გამოაცხადა. მაშინვე `ოთხი ოთახი~ მომაგონდა. უეჭველი ამასაც იქიდან ახსოვდა. ოღონდ თუ ვერ აანთებს, მაშინ ნეკა თითი მოეჭრებაო. მე, გიომ და ნიკუშამ ჯერ ერთმანეთს გადავხედეთ, მერე ერეკლეს. მინდოდა პორშე და ჩემი ნეკა თითი დავიკიდე. სანთებელა გამოვართვი. ერეკლემ გრძელი დანა ამოიღო და ჩემ თითს დაადო. ავნერვიულდი, მაგრამ ბოლომდე დავიკიდე და დავიწყე. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა და... ათი. ბოლომდე გამიმართლა. ის სანთებელა ახლაც შენახული მაქვს, პორშე კი მალევე დავლეწე. მარშუტკა ციხეში ჯდომა მირჩევნია რა, მარშუტკაში ჯდომას. რაღაც საზიზღარი სუნი მაინც არ დგას. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც მიწევდა მარშუტკით მგზავრობა. იმ დღესაც სადღაც მივდიოდი. საერთოდ, როგორც წესი, ფულს არ ვიხდიდი ხოლმე. არც იმ დღეს გადავიხადე და პირდაპირ ჩავედი. უეცრად გავიგონე, რომ მძღოლმა შეიგინა. ვერ მოვითმინე. ჯიბიდან ორმოცდაათთეთრიანი ამოვიღე, ქამრიდან კი იარაღი. ხურდა ფული ავაგდე, იარაღი ზუსტად დავუმიზნე და გავისროლე. შუბლში მოხვდა. თავი საჭეზე ჩამოუვარდა. მელოტ კეფაზე, ყვითელი მონეტა მოჩანდა.
* * * არ ჯობდა ჩუმად ყოფილიყო? ვინმემ არ თქვას, რომ მე ვარ დამნაშავე ამ ამბავში. მარშუტკის მძღოლებო! ფრთხილად იყავით. უფრთხილდით ჩემნაირებს.
სისხლიანი საღამო უკვე ძალიან ღრმად შევტოპე. საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. იმ საღამოს ნიკუშასთან ვაპირებდი ასვლას ფეხბურთის საყურებლად. მანჩესტერი თამაშობდა. იქამდე კი ქუჩებში დავბოდიალობდი უაზროდ. მომშივდა. იქვე ერთი დიდი რესტორანი შევნიშნე და შესვლა გადავწყვიტე. შესასვლელში დაცვამ გამაჩერა. უნდა გაგჩხრიკოთო. არადა სამი სასროლი და ორი დანა მედო. უარი ვუთხარი. მაშინ აქ ვერ შემოხვალო. ძაან ნერვებზე ვიყავი და მოთმინების ძაფი წყდებოდა. მეთქი, გეუბნები არაფერი არ მაქვს და სიტყვაზე არ მენდობი-თქო და არაო, იმ ნაბიჭვარმა. ჰოდა, მაშინ, შენი დედაც მოვტყან-თქო. ამოვიღე და ვესროლე. მაგასაც, დაცვის სხვა წევრებსაც და ხალხსაც. თან ვიგინებოდი და თან ვისროდი. უმისამართოდ. ტყვიები რომ გათავდა სასროლებში, დანები ამოვიღე. ერთი ვიღაცას გავუყარე, ერთი ვისროლე და მერე მოვხიე. თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი. ცხოვრებაში არასდროს ჩამიდენია ასეთი უაზრობა. რამდენი უდანაშაულო ადამიანი მოვკალი. ასე სირბილით მივედი ნიკუშას სახლამდე. იქ ცოტა დავწყნარდი და ფეხბურთსაც ვუყურე...
77... ქვემოთ უამრავი ხალხი ირეოდა. მთელი უბანი გარეთ იყო. ბევრი, ალბათ, ვერავინ მცნობდა. უკვე დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც იქიდან გადავედი. ალბათ ხვდებოდნენ, რატომაც ვიდექი სახურავზე. ხელები გავშალე და სახე ნიავს შევუშვირე. ხალხი თანდათან მრავლდებოდა. ზემოთ ამოსვლას ვერავინ ბედავდა. იდგნენ და თითქოს ელოდებოდნენ რა მოხდებოდა. დავიხარე, თასმები შევიხსენი, ფეხსაცმელები გავიხადე და იქვე მივაწყვე. ძველი, გახუნებულების გვერდით. სირენები გამაყრუებლად კიოდნენ. ყველაფერი წამებში მოხდა. სახურავზეც მოესწროთ ამოსვლა. სასწრაფოდ მომვარდნენ, ძირს დამაგდეს და ხელბოკილები გამიკეთეს. მერე იყო სასამართლო, 127 წელი მომისაჯეს. მერე კი ციხე. ეჰ, ვერ მოვახერხე 77-ე...
* * * ციხეში წყნარად ვცხოვრობდი. არავინ მაწუხებდა და არც მე ვაწუხებდი ვინმეს. ასე რომ, იქ არავინ მომიკლავს. ძირითადად ვწერდი და ვკითხულობდი. პირველად სწორედ ციხეში დავიწყე ამ მოგონებების წერა. თითქმის ერთი წელი ვიჯექი, მერე კი გავიქეცი. რამდენიმე დღე ტყეში ვიმალებოდი. კინაღამ მომაგნეს, მაგრამ მოვახერხე თავის დაღწევა. ახლა სად ვარ, ვერ გეტყვით. აქ არაფერი მემუქრება, ვერავინ მიპოვის...
შემოდი ციხის ფორმა მეცვა. დაღლილობისა და შიმშილისაგან ფეხზე ძლივს ვიდექი. თან წვიმდა. მაღაზია რომ დავინახე, საოცრად გამიხარდა და სასწრაფოდ მისკენ წავედი. `შემოდი~ ეწერა საკმაოდ დიდ აბრაზე, ჭკვიანური სახელი იყო სასურსათო მაღაზიისათვის. შევედი. ყველაფერი იყიდებოდა, რაც მე მჭირდებოდა. დახლთან ორი კაცი იდგა. მამა-შვილს ჰგავდნენ. ორივემ ეჭვის თვალით გამომხედა. მივუახლოვდი. _ თუ შეიძლება ერთი ბოთლი შამპანური მომეცით, _ ვუთხარი ახალგაზრდას. შეტრიალდა, ერთ-ერთი თაროდან ბოთლი ჩამოიღო და გამომიწოდა. გამოვართვი და პირდაპირ თავში გავუქანე. უგონოდ დაეცა. მეორე, რომელიც წესით მამამისი უნდა ყოფილიყო, აკანკალებული მიყურებდა, თან ცდილობდა ქამრიდან იარაღი ამოეძვრინა. მაშინვე დანა ამოვიღე და ვესროლე. ყელში მოხვდა. რაღაც ქილებით სავსე თაროს შეეჯახა და შელეწა. ქამრიდან იარაღი ამოვაცალე და ვესროლე. ახალგაზრდა მგონი უკვე მკვდარი იყო, მაგრამ მასაც ვესროლე ყოველი შემთხვევისათვის. მაღაზია უპატრონოდ დარჩა, ჩემს ხელში... ყველაფრის აღება შემეძლო... ირგვლივ მიმოვიხედე და ის იყო, რაღაცას დავადგი თვალი, რომ უეცრად საშინელებას მივხვდი... ეს არ უნდა მექნა... 77-ს გადავაჭარბე...
* * * ასე რომ, ჩემთვის ახალი მიზანი დაისახა _ 777...
ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები 3
* * * თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში ბავშვი დაიბადა. ძალიან საყვარელი. როგორც ამბობენ იღიმოდა და საოცრად მეტყველი თვალებით იყურებოდა...
ბოლო წუთის მერე . გრძელი, თვალუწვდენელი დერეფანი. თეთრი კედლები, თეთრი იატაკი და თეთრი ჭერი. ძალიან თეთრი. ორივე მხარეს ჩამწკრივებული თეთრი კარებები. თეთრი სახელურებით...
ჩემი სიკვდილი ქალაქის ქუჩებში ვმოძრაობდი მანქანით. გვერდზე ნიკუშა მეჯდა. ჩვენი `მერსედესი~ ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდებოდა სხვებისაგან, მაგრამ მეორე შეხედვით, ალბათ, ბევრი არ მოიძებნებოდა ქალაქში მანქანა, რომლის საბარგულშიც დიდ პარკში გახვეული გვამი იდებოდა. მეძებდნენ. კი საიმედოდ ვიმალებოდი, მაგრამ, მაინც ნებისმიერ წუთში შეიძლება მომხდარიყო რაღაც გაუთვალისწინებელი და... მაინც მაგარი აპასნი ხალხია ძაღლობა. ციხეში დაბრუნება სასტიკად არ მინდოდა... ეს, მგონი, ერთადერთი და თანაც საუკეთესო გზა იყო თავის დასაღწევად... გვამი ერთი შეხედვით მე ვიყავი, მეორე და უფრო დაკვირვებული შეხედვით კი, გიორგი ჩალაძე (სახელი და გვარი მის საბუთებში ვნახე). საოცრად მგავდა, ფაქტიურად ჩემი ორეული იყო. ძალაინ დიდ ხანს ვეძებდით ვინმე ეგეთს და აი, საბოლოოდ ვიპოვეთ კიდეც. მოვკალი, სახეც დავუსერე ცოტათი. ალბათ, მეც ზუსტად ასეთი ვიქნებოდი მკვდარი. ჟაკეტის ჯიბეში ჩემი პასპორტი და საფულე ჩავუდე. მტკვარში ვუპირებდი გადაგდებას, პოლიცია იპოვიდა, ამოიცნობდა მასში სასტიკ სერიულ მკვლელს და მეც გარდაცვლილად ჩავითვლებოდი. ყველაფერი გეგმის მიხედვით შევასრულე, მერე კი ჩემს სამალავში შევიკეტე და რამდენიმე დღე საინფორმაციო გამოშვება არ გამომიტოვებია არცერთ არხზე. ბოლო-ბოლო, აი ეს მოვისმინე ერთ-ერთი ჟურნალისტისგან: _ დღეს მტკვარში იპოვეს გვამი, 20-25 წლის ახალგაზრდა კაცისა. იგი მოკლულია ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლის შედეგად, დასერილი აქვს სახეც. ჯიბეში აღმოაჩნდა რამდენიმე პირადი ნივთი, მათ შორის პასპორტიც. როგორც გაირკვა, ეს უნდა იყოს ყველასათვის კარგად ცნობილი სერიული მკვლელი, ზედმეტ სახელად დვალი, იგივე კლიშა, რომელსაც 70-ზე მეტი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, 127 წელი ჰქონდა მისჯილი სასამართლოს მიერ, რომელმაც გაქცევა მოახერხა ციხიდან და რომელიც მთელი ქვეყნის მაშტაბით იძებნებოდა... ახლა ის უკვე აღარ არის, ლეგენდარული სერიული მკვლელი სრულიად აღარ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ამიერიდან ჩვენს ქალაქში სიწყნარე დაისადგურებს... ბოლო სიტყვებზე ძალიან გამეცინა.
ბოლო წუთის მერე .. შავებში ვიყავი გამოწყობილი. ქამარში მიმაგრებულ ბუდეში, სასროლი მედო. ერთხანს გაკვირვებული დავდიოდი თეთრ დერეფანში, თუმცა, როცა დავრწმუნდი, რომ არც დასაწყისი უჩანდა და არც ბოლო, სადმე შესვლა გადავწყვიტე. ერთ-ერთ კარს მივუახლოვდი, ყოველი შემთხვევისთვის იარაღი ამოვიღე და სახელური ჩამოვწიე...
მივიწევ 777 - სკენ ზუსტად 699 ადამიანის მოკვლა მქონდა გადაწყვეტილი. იოლი ხომ არაა? 699... ეხუმრებით ამხელა ციფრს? აბა ერთი დაითვალეთ 699-მდე... მეც ვკლავდი და ვკლავდი... ზოგს როგორ და ზოგს როგორ... ზოგს რის გამო და ზოგს რის გამო, ზოგს სულაც უმიზეზოდ... თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა... ბოლო წუთის მერე ... საძინებელ ოთახს გავდა, ის კი საიდანაც მე შევედი, ტანსაცმლის კარადას. კარი ღიად დავტოვე, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და იქაურობას თვალი მოვავლე. პატარა ბიჭი იწვა ლოგინში, როგორც ჩანს, ჩემს შემოსვლაზე გამოეღვიძა. პირდაღებული მიცქერდა. ოთახში საინტერესო ვერაფერი შევნიშნე, აქ არაფერი მესაქმებოდა. იარაღი თავის ბუდეში ჩავაბრუნე და გამეღიმა, ერთი ამბავი გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან... მერე იმ ბიჭს გავხედე და კარადაში შევბრუნდი...
მათხოვარი ჩემ ძმაკაცს რაღაც საქმე ჰქონდა ბანკში და გავყევი. ის გადავიდა, მე კი მანქანაში დავრჩი. ფანჯარა ჩამოვწიე და ქუჩას დავუწყე თვალიერება. ერთ-ერთი შენობის კედლის ქვეშ მათხოვარი ჩამომჯდარიყო. დაახლოებით ჩემხელა ბიჭი. ბინძური, შავი ფეხები ერთმანთზე ჰქონდა გადადებული და თითქოს თვლემდა. უეცრად ორი ბიჭი მიუახლოვდა, კარგად გამოწყობილი, ქუჩისბიჭური გარეგნობის ახალგაზრდები იყვნენ. _ შეიძლება? _ ჰკითხა ერთ-ერთმა ირონიულად, დაიხარა და მათხოვრის წინ დაყრილი ხურდები მოკრიფა. იმან თავი ასწია და უკმაყოფილო, ცრემლიანი თვალებით ამოხედა. _ ჰა, რას გვიყურებ ბიჭო, _ დაუღრიალა მეორემ და მთელი ძალით გაუქანა მუშტი სახეში. ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. სასწრაფოდ გადმოვედი მანქანიდან, იარაღი ამოვიღე და მათკენ წავედი. დამინახეს, მიხვდნენ, რომ მაგარ შარში გაებნენ და სასწრაფოდ მოხიეს იქიდან. არ გავკიდებივარ. თითქოს გული მიგრძნობდა, კიდევ შევხვდებოდი სადმე. სახეგასისხლიანებულ ბიჭს ჩემი ცხვირსახოცი გადავუგდე და ბანკში შევედი. ას ლარიანი ათ თეთრიანებად გადავახურდავე და უკან გამოვბრუნდი. სულ იმ ბიჭს დავუყარე გარშემო. გაოცებული მიყურებდა. მერე ისევ მანქანაში ჩავჯექი და ძმაკაცს დაველოდე. ის ბიჭები, მათ ბედად, საბილიარდოში შემხვდნენ იმავე საღამოს. რაღაცაზე შარი მოვდე და ორივე მოვკალი ცემით. სულ ბილიარდის კიები და ბურთები ვურტყი. ნამდვილად ღირსები იყვნენ, ეგ მართლა მათხოვრები.
ბოლო წუთის მერე .... ისევ თეთრ დერეფანში ამოვყავი თავი. დაბნეული ვიყავი. არ ვიცოდი, რა მექნა. ნუთუ ყველა კარი ბავშვების საძინებლებში შედის... შეუძლებელი იყო. გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი და კიდევ ერთ კარებს მივუახლოვდი...
გზა თბილისისკენ 400 ცხენის ძალა აქვს, მშვენიერი სალონი და უკანაც საკმაოდ დიდი ადგილი ყველაფრისათვის... ქალაქში `ბეემვეთი~ ვმოძრაობდი, `ემპიატით~. იმ დღესაც მცხეთაში ვიყავი, გავათენე ბიჭებთან ერთად. უკანა გზაზე მაგარი მთვრალი დავჯექი რულზე. უკვე თენდებოდა. თბილისისკენ გამოვწიე. აზრზე არ ვიყავი, რა სიჩქარით მოვდიოდი. რამდენჯერმე რულზეც კი ჩამეძინა. უეცრად რაღაცას შევასკდი და მერე გადავუარე. დაახლოებით მივხვდი, რაც მოხდა, ვიღაცას დავეჯახე და ალბათ, მოვკალი კიდეც. არ გავჩერებულვარ. თხუტმეტ წუთში იგივე განმეორდა, კიდევ ვიღაც აღმოჩნდა ჩემი მანქანის ბორბლებ ქვეშ. რა ჩემი ბრალია, რას დადიოდნენ ასე ადრიანად გადასასვლელებზე?! თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული. ხომ იცით, თუ ორჯერ ზედიზედ მოგივა რამე, მესამესაც უნდა ელოდო. ეს მაშინაც გავიფიქრე და გადავწყვიტე მაქსიმალურად ფრთხილად ვყოფილიყავი, თუმცა... უკვე თითქმის სახლთან, სიჩქარეს ცოტათი მოვუმატე და სულ რაღაც წამით გამეფანტა ყურადღება... მოხუცი ქალი იყო... მანქანა გავაჩერე, გადმოვედი, კარგად დავაკვირდი და ბებიაჩემი აღმოჩნდა... მოდით წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას...
ბოლო წუთის მერე ..... სადაც აღმოვჩნდი, სულაც არ გავდა საძინებელს. საერთოდ სხვა რაღაც იყო... მისი აღწერის უფლება არ მაქვს... აქ არც კარგია და არც ცუდი... აქ მოხვედრას არავის გისურვებთ! მაინც შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი გამიმართლა. მგონი პირველად ცხოვრებაში. საერთოდ, მთავარია თეთრ დერეფანში გააკეთო სწორი არჩევანი... შეიძლებოდა უფრო საშინელ ადგილას მოვხვედრილიყავი, აქ იმის იმედი მაინც მაქვს, რომ კიდევ ერთ შანსს მომცემენ... მობილური ჩემთვის ვიჯექი ტოტალიზატორში. უცებ ვიღაც ტიპი მოდის და მეკითხება, ზარს ვერ გამაშვებინებო. კი-მეთქი. ამოვიღე ჩემი ახალი ტელეფონი და მივეცი. ეგრევე მოხია. გავეკიდე და დავიჭირე. სადარბაზოში შევათრიე და პირდაპირ ყბაში გავუყარე დანა. თან ვღრიალებდი, ესეთი რაღაც აღარასოდეს აღარ გააკეთო-თქო, თან ვურტყამდი. თავი რომ მოვთოკე, უკვე მკვდარი იყო. ამ ღრიალს რაღა აზრი ქონდა-თქო, გავიფიქრე, ტელეფონი ავიღე და წამოვედი. უკვე ტაქსში ვიჯექი, ჩემი დანა რომ გამახსენდა. ერთი კვირის წინ ჩამომიტანეს. ძალიან დამენანა ესე უაზროდ დაკარგვა. ვიღაც დამპალი ტიპის ყბაში ჩარჩა... ბოლოს წინა წუთი სასიკვდილოდ ვიყავი დაჭრილი. საავადმყოფოში გადამიყვანეს. ვხვდებოდი, რომ ვერ გადავრჩებოდი. არ მინდოდა ასე სიკვდილი... რეანიმაციის პალატაში ვიწექი ექიმებით გარშემორტყმული და თვალების გახელასაც კი ვერ ვახერხებდი წესიერად... თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა... გარეგნობა ძალიან შევიცვალე. თმები გავიზარდე და წვერიც მოვუშვი. უკვე თავისუფლად ვახერხებდი ქალაქში მოძრაობას. მაინც ვფრთხილობდი, მაგრამ ისე ძაან აღარ მეშინოდა. იმ დღეს, ერთ-ერთ რესტორანში ვიჯექი. ნიკუშასთან და ერეკლესთან ერთად. შეკვეთილი გვქონდა და ველოდებოდით. ჩვენი მაგიდა კარებთან იდგა ახლოს, კარებთან კი ორი შეიარაღებული მცველი იდგა. ყველას ჩხრეკდნენ ვინც კი შემოდიოდა. უეცრად შევნიშნე, რომ ვიღაც ბიჭს მათთან შელაპარაკება მოუვიდა. პატარა ბიჭი იყო, ოცი წლისაც არ იქნებოდა. საიდანღაც მეცნო... მეხსიერება დავძაბე... სახეზე კარგად დავაკვირდი და გამახსენდა... ნუთუ ის არი?.. დაუჯერებელი იყო, მაგრამ... ეს ის ყმაწვილი გახლდათ, ერთ მთვარიან ღამეს, ჩემს მიერ ფანჯრიდან გადმოყრილ მოჭრილ ხელს და ფეხს რომ უცქერდა გაოგნებული... მაშინ გავიფიქრე, იქნებ კიდევ ერთი სასახელო მკვლელი გაეზარდოს ჩვენს ქვეყანას-თქო და მგონი არც შევმცდარვარ... დაცვა მის გაჩხრეკვას მოითხოვდა, ის კი უარს ამბობდა. ხელი ქამრისკენ წაიღო... ჩემი ამბავი გამახსენდა... მეც ზუსტად ასე არ მომივიდა, იმ საღამოს, მერე თავის მოკვლას რომ ვაპირებდი და რომ დამიჭირეს... მივხვდი ახლა რაც მოხდებოდა... ნიკუშას და ერეკლეს ვუყვირე, დაწექით-თქო, მაგრამ უკვე გვიანი იყო... სროლა ატეხა... პირველი ნიკუშა დაიჭრა ფეხში, მეორე ერეკლე, ისიც ფეხში, ბოლოს კი მეც მომხვდა... ოღონდ გულთან ახლოს... მერე აღარაფერი მახსოვს რა მოხდა, რეანიმაციაში მოვედი გონს...
ბოლო წუთი მთელი ჩემი ცხოვრება დამიდგა თვალწინ. მეზობელი ლევანი, ფიზიკის მასწავლებელი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი ცურვაში, მოხუცი მემაწვნე, მარშუტკის მძღოლი, ბებიაჩემი... ერთადერთი გოგონა, რომელიც მიყვარდა და რომელიც მე თვითონ მოვკალი... კიდევ ბევრი რამე... მივხვდი, თუ რა მოკლე იყო ის გზა, რომელიც მე გავიარე და რა უაზრო... არადა, კიდევ რამდენი საინტერესო მკვლელობის ჩადენა შემეძლო... თვალები უკანასკნელად გავახილე და მოვკვდი...
ბოლო წუთის მერე ...... მომცეს კიდევ ერთი შანსი! თავიდან დავიბადები. პატარა არჩევანის საშუალებაც მქონდა... ერთი მშვენიერი ცოლ-ქმარი ავირჩიე... რამდენიმე საათში თავიდან დავიბადები და აღარაფერი მემახსოვრება...
* * * თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში ბავშვი დაიბადა. ძალიან საყვარელი. როგორც ამბობენ იღიმოდა და საოცრად მეტყველი თვალებით იყურებოდა... გოგონა იყო...
23 მარტი _ 20 მაისი მარტი, აპრილი, მაისი 2005
|