↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
"არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმ. გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა, უამბე ჩემი ნათხრობი, ვინც მომიკითხოს, ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა.

მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია, პიპა.

ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი - სარკინოზებს.

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა.

ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე.

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.

სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.

დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.

მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.

ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.

ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს".

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.

მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.

ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".

მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალები და ეუბნება უშიშარაისძეს:

"ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოზები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა".

გავიდა უშიშარაისძე, ვიღაც ახმახი დიაკონი გამოსძებნა სოფელში, როცა გიორგის სამყოფლოს მიეახლა, გამოექცა დიაკონს, სვეტს მიეყრდნო და ზლუქუნებდა ეს ვეება ვაჟკაცი ბნელში.

თავზე წამოადგა დიაკონი მომაკვდავს, ცალ ხელში დავითნი ეჭირა, ცალშიაც - ანთებული კელაპტარი და პუტუნებდა:

"ღმერთო, სულთა და ყოველთა ხორციელთაო, რადგან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასრთგუნე და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა ამის შენისასა (სახელი და გვარი გამოსტოვა, რადგან არც კი იცოდა, ვის უკითხავდა სულთათანას) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობაი, მწუხარებაი და სულთქმაი და ყოველნი ცოდვანი ამის მიერ ქმნილნი საქმითანი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა ხარ და სიმართლე შენი სიმართლეა საუკუნო და სიტყვა შენი ჭეშმარიტ."

გიორგი იწვა გულზე ხელდაკრეფილი, ხოლო ზემოტუჩი უტოკავდა ნელა, სულ ნელა, თითქოს ეჩურჩულებაო ვიღაცას.

წაიბუტბუტა:

"მომიცადე, დედა!"

პიპას ზლუქუნი შემოესმა გარედან, თვალი გაახილა, დიაკონი უშიშარაისძე ეგონა, ხოლო ანთებული კელაპტარი - ცეცხლისმფრქვეველი ხმალი. ეუბნეა:

"რა გატირებს, დამკარი, შე უღმერთო, ეგ ხმალი, ბარემ გათავდეს ეს ცხოვრება, პიპა".

ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები ამქვეყნად.

როცა ქუთაისში ასაფლავებდნენ მის ცხედარს, საშინელი წვირმა იყო და ქარი ჰქროდა.

პირველად ერთ მესაფლავეს წამოცდა სიმართლე მისი უთავჟამო და ბობოქარი ცხოვრების გამო.

როცა მოტირალები, დიდებულები და მოსეირენი წავიდ-წამოვიდნენ, მოხუცმა მესაფლავემ ეს უთხრა ახალგაზრდას:

"არც სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი".



კონსტანტინე გამსახურდია ,,დიდოსტატის მარჯვენა"-გიორგი მეფის სიკვდილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
HELLADOS
- ჯემალ, სკრიპკა!
- იანგული, ლაწირაკო!
- ჯემალ, ქამო!
- იანგული, წუწკო ბერძენო!
- ჯემალ, წირპლიანო!
- პატარების ყოჩო!
- ვირისთავო!
- ვირის მწყემსო!
- გოგოების მაჩალკა!
- ხულიგანო!
- თბილისელო ჰარიფო!
- შენი დედა ვატირე, იანგული!
- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!

●

სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული. ნაფოტივით თხელსა და ბეჭებგანიერს სწორი, ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი თვალები და მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. რომ იდგა, მუხლებამდე წვდებოდა უზარმაზარი ტორები. თოთხმეტი წლისა იყო. თავის ტოლ უბნის ბიჭებს შიშის ზარს სცემდა. საოცარი ჩხუბი იცოდა, ორ-სამ ბიჭს ერთად გაასილაქებდა, ხელს არ გაანძრევინებდა. კატასავით სწრაფი იყო, კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი. ზამთარ-ზაფხულ სატინის შავი ხალათით დადიოდა, მკერდგაღეღილი.

ვენეციის გზატკეცილზე ცხოვრობდა, მდინარე ჩალბაშის პირას, მამამისთან ერთად. დედა ისე პატარას გარდაცვლოდა, არც კი ახსოვდა. მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, ხელისგულისოდენა ბოსტნით. ერთი ძროხა ჰყავდათ, ერთიც ნაცრისფერი ჩოკინა. რძეს, მაწონს და მწვანილს ჰყიდდნენ მეზობლებში და სოხუმის ბაზარში, იანგული არსად არ სწავლობდა, მამამისს ეხმარებოდა მეურნეობაში და ხანდახან ვირსაც დაჰყვებოდა სავაჭროდ. დანაარჩენი დრო ქუჩაში იყო გადებული. რკინიგზის გადასასვლელთა იდგა ხოლმე, სკოლიდან დაბრუნებულ ბიჭებს ჯიბეებს უჩხრეკდა, ზოგს ძალით, ზოგს ნებით, თუთუნს, ხურდა ფულს, ბრჭყვიალა ნივთებს, ჯაჭვებს, ფერად ფანქრებს, კალმისტრებს ართმევდა, მეორე დღეს იმავე ნივთებს იმავე ბიჭებთან შეღავათიან ფასებში ჰყიდდა. მერე თავიანთსავე ფულზე ეთამაშებოდა, უგებდა, ჯიბეებგატენილი ბრუნდებოდა შინ.

ასე გრძელდებოდა ყოველდღე.

ამ თოთხმეტი წლის დიქტატორს ყურმოჭრილ მონებად ჰყავდა მთელი ვენეციის გზატკეცილის ბიჭები და მათ შორის ჩემი დეიდაშვილი კოკაც.

უბნის ყოჩი იყო იანგული.

ჩვენი ნაცნობობა 1938 წლის შემოდგომაზე დაიწყო. დეიდაჩემმა ნინამ, ობლობა რომ არ მეგრძნო, თბილისიდან ჩამოსული მეორე დღესვე მთელ სოხუმში სახელგანთქმულ მუსიკის მასწავლებელ ელენა მიხაილოვნა ნავდროდსკაიასთან მიმიყვანა და მუხლებში ჩაუვარდა:

- ობოლია, დედამისი ვიოლინოზე ატარებდა, უდედობა და ობლობა რომ არ იგრძნოს, უარს ნუ მეტყვით; სხვას რომ ახდევინებთ, ორი იმდენი გამომართვით, ოღონდ აიყვანეთო.

ნავროდსკაიამ ჯერ სმენა გამისინჯა, მერე ნოტების კითხვაში გამომცადა, თითებზე დამხედა, ნიკაპის ქვეშ ხელით კოჟრი მომისინჯა, ერთხანს იყოყმანა, შემდეგ მეორე ოთახში გავიდა. ვიოლინო გამოიტანა, სიმები მოუშალა და ააწყვეო, მითხრა. დეიდაჩემი შეშინებული მიყურებდა და, როდესაც ვიოლინო ავაწყვე, შვებით ამოისუნთქა.

- აბა, ახლა ბეთჰოვენის „ზაზუნა“ დაუკარი! - მითხრა ელენე მიხაილოვნამ, სავარძელში ჩაჯდა და მოსასმენად მოემზადა. ბეთჰოვენის ხსენებაზე დეიდაჩემს საქციელი წაუხდა.

- პატივცემულო ელენა მიხაილოვნა, იქნება სხვა, უფრო პატარა კომპოზიტორი გეკითხათ?! - სთხოვა ნავროდსკაიას და ცხვირსახოცით შუბლზე გამოცვარული ოფლი დაიმშრალა.

- როგორ, „ზაზუნას“ არ უკრავს? - ჰკითხა გაკვირვებულმა ნავროდსკაიამ დეიდას და წარბები აზიდა.

მე მივხვდი, რომ დადგა ის სანატრელი ჟამი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც საშუალება მეძლეოდა თავი დამეხსნა მუსიკის მონობის უღლისაგან, რომელშიც ექვსი წლისამ შემაბა დედაჩემმა და უმოწყალოდ მხედნიდა, საკმარისი იყო ახლა, ამ წუთში, მეთქვა ერთი მაგიური სიტყვა - „არა“, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ არ ვიცი დეიდაჩემის ტანჯულმა სახემ, ნავროდსკაიას გაკვირვებულმა გამოხედვამ, ცამეტი წლის ბავშვის განუზომელმა პატივმოყვარეობამ თუ ჩემთვის გაურკვეველმა კიდევ რაღაც ძალამ ხელში ამაღებინა ვიოლინოს ხემი და ოთახი „ზაზუნას“ მარტივი და განიალური მელოდიით აივსო.

როდესაც დაკვრა დავამთავრე, დეიდა ნინას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ნავროდსკაიას კი სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეფინა.

...და ელენა მიხაილოვნა ნავროდსკაიამ ამიყვანა.

როდესაც შინ ვბრუნდებოდით და რკინიგზის გადასასვლელს მივუახლოვდით, იანგული ქვაფენილზე იჯდა ფეხმორთხმული და კაკალს ამტვრევდა აგურის ნატეხით.

- გამარჯობათ, ნინა ივანოვნა! - მიესალმა იგი დეიდას, როცა ჩავუარეთ.

- გაგიმარჯოს! - მოკლედ უპასუხა დეიდამ.

- კოკა სადაა? - ჰკითხა იანგულიმ.

- კოკა შენსავით უსაქმო კი არ არის, სკოლაშია! - უპასუხა დეიდამ.

- ეგ ვინღაა?

- შენი საქმე არ არის! - თქვა დეიდა ნინამ და წინ გამიგდო.

იანგულიმ გაბმულად დაუსტვინა. ჩვენ გზა განვაგრძეთ.

- ეეე, სკრიპკა! - მომესმა უცებ. გაკვირვებულმა მოვიხედე.

იანგულის ცალი თვალი მოეჭუტა, კისერი მოეღრიცა, ენა გამოეყო და მარჯვენა ხელს მარცხენაზე ხერხივით ისობდა. მივხვდი, მე მაჯავრებდა ვიოლინოს დაკვრაში. ბრაზისგან გული ყელში მომებჯინა.

- მაიმუნო! - დავუძახე და მუშტი მოვუღერე.

- ხვალ გამოიარე, შეშა მაქვს დასახერხი! - მიპასუხა სიცილით.

- შენ არ მოიშალე ხულიგნობა? - უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი დედაჩემმა.

- ვინ არის? - ვკითხე მე.

- ბერძნის ბიჭია, იანგული, მამიმისს რძე დააქვს ჩვენთან. არ დაგინახო მაგასთან გავლილი, ხულიგანია, დღე და ღამე ქუჩაში გდია.

მე ისევ მოვიხედე უკან, იანგული დამტვრეულ კაკალს არჩევდა, თან გამომწვევად მიცინოდა.

●

მეცამეტე სკოლაში სიარული, რომელშიც დეიდაჩემმა მომაწყო, რკინიგზის ლიანდაგზე გავლით მიწევდა, ასე რომ ჩემი და იანგულის ყოველდღიური შეხვედრა თითქმის გარდაუვალი შეიქმნა.

დაახლოებით ერთი თვე ყურადღებას არ მაქცევდა. იდგა უბნის ბიჭებში და, როგორც ყოველთვის, კოჭობანას ან პაჟარობანას თამაშობდა.

ერთი კი იყო, როგორც კი თვალს მომკრავდა, იმავე წუთში, ჩემს დასანახავად, ვინმეს ან ქუდს ჩამოაფხატავდა თვალებზე, ან პანღურს ამოჰკრავდა, თან ირიბად გამომხედავდა.

მეც ისე ჩავუვლიდი, თითქოს ფეხებზე მეკიდა იანგულიცა და მისი მრევლიც. ისე კი ერთი სული მქონდა, ბიჭებში გავრეულიყავი და იანგულის მსგავსად მეც მეჩვენებინა ჩემი შნო და მარიფათი, მაგრამ ჯერ უბანში უცხო, უამხანაგო, უმეგობრო და უდამქაშო ვიყავი, გვერდით ჩემი უმცროსი დეიდაშვილის, კოკას გარდა არავინ მომდევდა, და ამიტომ მისვლას ვერ ვბედავდი, ერთს კი ვგრძნობდი, ჩვენი ურთიერთობა ლაღუმის პატრუქივით თანდათან იწვებოდა, პატარავდებოდა, ფისტონს უახლოვდებოდა, და ერთ მშვენიერი დღეს იფეთქებდა.

...და ზუსტად ერთი თვის თავზე ეს დღეც დადგა.

ელენა მიხაილოვნას მოწაფე ჰყავდა. მე მოსაცდელში ვიჯექი და ჩემს რიგს ველოდი.

მრგვალ მაგიდაზე აკვარიუმი იდგა და შიგ წყალმცენარეებსა, ლამაზ ნიჟარებსა და ქვებს შორის მარაოსავით ფარფლებგაშლილი ოქროს თევზები დასრიალებდნენ, თან პირს სასაცილოდ აფჩენდნენ და ჰაერის ბუშტებს უშვებდნენ. რატომღაც მომეჩვენა, რომ თევზებს სასტიკად შიოდათ და ამიტომ წრიალებდნენ. სასწრაფოდ ამოვიღე ჯიბიდან გაზეთში გახვეული შავი პურისა და ყველის ბუტერბროდი, წვრილწვრილად დავფშვენი და აკვარიუმში ჩავყარე, წყლის ზედაპირი შავი პურისა და ყველის ნაფხვენებით დაიფარა. თევზები ჯერ დაფრთხნენ, ქვებსა და ნიჟარებს ამოეფარნენ, შემდეგ, თითქოს მიხვდნენო ჩემს კეთილ განზრახვას, საფარიდან გამოცვივდნენ და გაშმაგებით შეესივნენ საჭმელს.

უზომო კმაყოფილებით ვუმზერდი ოქროს კორიანტელს. აკვარიუმი პატარა ოკეანესავით ღელავდა და ბობოქრობდა. თევზები თავდავიწყებით ტრიალებდნენ და ცეკვავდნენ. მერე თანდათან უკლეს თამაშს. აკვარიუმი დაწყნარდა და დამშვიდდა. ახლა მუცელდაბერილი და დამძიმებული ოქროს თევზები ზანტად დაცურავდნენ მინანქრის ნიჟარებსა და ქვებს შორის, რიგრიგობით მოდიოდნენ მინის კედელთან და თითქოს მადლობას მეუბნებიანო, კუდის ოდნავი მოძრაობით ტოკავდნენ ჩემს წინ, უცებ ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე უფრო დიდი იყო, გულაღმა ამოტრიალდა და ზურგზე დაიწყო ცურვა. გაკვირვებული მივჩერებოდი ამ უცნაურ სანახაობას. მალე სხვა თევზებმაც მიბაძეს. აკვარიუმი თითქოს თავდაყირა ამოატრიალესო, ახლა ყველა თევზი გულაღმა ცურავდა შიგ, თან გამალებით ამუშავებდნენ ლაყუჩებს... წყალში ხელი ჩავყავი და თეევზების წაღმა გადმობრუნება ვცადე, მაგრამ ამაოდ, ისინი კვლავ გულაღმა წვებოდნენ, შეშინებულმა სასწრაფოდ ამოვიღე ხელი წყლიდან. მივხვდი, რომ მოხდა რაღაც საშინელება. მალე აკვარიუმში სიცოცხლე ჩაკვდა. მოწამლული ოქროს თევზები უსულოდ ტივტივებდნენ წყლის ზედაპირზე. ტანში შიშის ჟრუანტელმა დამიარა, ვიოლინოს ბუდეს ხელი ვსტაცე და გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ უცებ კარი გაიღო და ოთახიდან ელენა მიხაილოვნა გამოვიდა. იგი ჩემზე ადრე მოსულ მოსწავლეს მოაცილებდა, თან რაღაც დარიგებას აძლევდა.

- შემოდი! - მითხრა მან, როდესაც მოწაფე გააცილა. მე გაშეშებული ვიდექი.

- შემოდი, შემოდი! - გამიმეორა მან, მხარზე ხელი დამადო და მსუბუქად მიბიძგა ოთახისკენ. ადგილიდან არ დავძრულვარ.

- გაკვეთილი არ იცი? - მკაცრად მკითხა ელენა მიხაილოვნამ და კვლავ რომ არ გავეცი ხმა, გაკვირვებულმა თვალი გააყოლა ჩემს გაშტერებულ მზერას... და მოხდა ის, რისი წარმოდგენაც მხოლოდ იქთიოლოგებს შეუძლიათ. მუხლმოკვეთილი ელენა მიხაილოვნა სავარძელში ჩაეშვა, ტუჩები გაულურჯდა და ხმის კანკალით მკითხა:

- Ты что наделал, паршивый мальчишка?!

- მე არ მეგონა, ელენა მიხაილოვნა, მე მხოლოდ შავი პური და ყველი ჩავუყარე...

- Отравил! - ამოიგმინა მან სასოწარკვეთით. მერე თავი ხელებში ჩარგო და შვილმოკლულივით აქვითინდა, მახსოვს, როგორ ვლუღლუღებდი, თავს ვიმართლებდი და ვცდილობდი, როგორმე დამემშვიდებინა მუსიკის მასწავლებელი, მაგრამ ყოველივე ამაო იყო... იგი ადგა, აკვარიუმთან მივიდა, სათითაოდ იღებდა წყლიდან უსულო თევზებს, ჰკოცნიდა, კვლავ აკვარიუმში აბრუნებდა, თან საოცარი სიტყვებით ეალერსებოდა.

- Милые мои, золотые, ненаглядные, отравили, убили вас.

მერე ჩემსკენ შემოტრიალდა, სახე შეშლილი ჰქონდა, ნიკაპი უკანკალებდა და თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი. უცებ გაშლილი ხელი მოიქნია და ისეთი სილა გამაწნა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ წავქცეულიყავი.

- Вон из моего дома, варвар. Чтоб твоей ноги не было больше здесь! Вон!

მე სილა და ცრემლი ერთად გადავყლაპე, ვიოლინო იღლიაში ამოვიჩარე და უხმოდ გამოვიხურე კარი.

თავზარდაცემული, შერცხვენილი და ცოცხალ-მკვდარი მოვაბიჯებდი სახლისაკენ.

რკინიგზის გადასასვლელთან იანგული და მისი დამქაშები პაჟარობანას თამაშობდნენ. გულმა მათკენ გამიწია. შინ მაინც არ მიმესვლებოდა. ბიჭებს რომ დავუახლოვდი, ფეხი ავითრიე, მერე განგებ გავჩერდი და დავიხარე, ვითომ ფეხსაცმლის თასმას ვისწორებდი.

- ეეე, სკრიპკა! - იანგულის ხმა ვიცანი. წელში გავიმართე და თვალებში შევხედე.

- რა გინდა? - ვკითხე.

- მოდი აქ! - მიმიხმო თითით.

- თუ საქმე გაქვს, თვითონ მოდი! - ვუთხარი. იანგულიმ გაკვირვებულმა გადახედა მასზე უფრო გაკვირვებულ ქვეშევრდომებს და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ.

- შენ არ იცი, მე ვინა ვარ? - მკითხა ამაყად.

- ვიცი! - ვუპასუხე მე.

- მერე, რომ გეძახი, რატომ არ მოდიხარ?

- შენ ვინა ხარ, მე რომ მეძახი? - ვუთხარი აგდებით და ყოველი შემთხვევისათვის ვიოლინო მიწაზე დავდე. იანგულიმ ისევ გაკვირვებით გახედა თავის ბიჭებს, რომლებსაც თამაშისათვის თავი დაენებებინათ და ჩვენს გარშემო წრე შეეკრათ.

- იანგული, ასწავლე, ვინცა ხარ! - დაუძახა ვიღაცამ წრიდან.

- მიდი, უთაქე, იანგული!

- ერთი შენებური სილა აჭამე!

- ჯერ ვნახოთ, რა ბიჭიც არის! - თქვა იანგულიმ და ლოყაზე ხელი მომითათუნა.

- ნუ ბანაობ! - ვუთხარი და თავი გავწიე.

- უყურე შენ?! - გაუკვირდა იანგულის.

- მიყურე! - ვუპასუხე მე.

- პაპიროსი! - ხელი გამომიწოდა უცებ იანგულიმ.

- არ ვეწევი!

- ფული!

- არ მაქვს!

- ჯიბეები ამოიტრიალე!

- შენ თვითონ ამოიტრიალე!

ბიჭებში ჩურჩული ატყდა, იანგული დაიბნა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ვიოლინოსკენ დაიხია.

- ხელი აიღე! - ვუთხარი მე და ვიოლინოსკენ წავიღე ხელი, მაგრამ იანგულიმ დამასწრო, ბუდე გახსნა, ვიოლინო ამოიღო, გამომიწოდა:

- მიდი, დაუკარი, ბიჭები გამირთე!

- არ ვუკრავ!

- მაშ, რას დაათრევ, მუქთა ვირი ხარ?

არაფერი ვუპასუხე, ვიოლინოსაკენ გავწიე, რომ გამომერთმია, იანგულიმ უკან გადადგა ნაბიჯი და ვიოლინო ზურგს უკან დამალა.

- პეტია, ფემა, კურლიკ, პანჩო, გენა, სკრიპკას ხმა გაგიგონიათ როდესმე? - ჰკითხა ბიჭებს. ბიჭებმა კვიცებივით დაიჭიხვინეს.

- მარტო რადიოში! - თქვა პეტიამ და ისევ დაიჭიხვინა.

- მიდი, იანგული, გაგვაგონე!

სხვაზე ადრე ჩემი ვიოლინოს ხმა მე გავიგონე: იანგულიმ იგი მსუბუქად მოიქნია და ბრტყლად დამამხო თავზე. - ზზრრრ, წკრრრ... - დაიკვნესა ვიოლინომ და შუაზე გადაიხსნა, ქვედა ნაწილი მოწყვეტილი მკლავივით დაეკიდა ზედას და ერთხანს კიდევ გამოსცემდა ამაზრზენ ხმას. ბიჭები მიწაზე გაგორდნენ. გული გამიჩერდა, სისხლი თავში ამივარდა და ყურები დამიგუბდა. აღარაფერი მესმოდა, ვხედავდი მხოლოდ მიწაზე გაგორებულ ბიჭებს, წელში გაწყვეტილ ვიოლინოს და იანგულის ოდნავ წინ გამოწეულ გამხდარ ყბას და უცებ, რაც ძალი და ღონე მქონდა, დავკარი ამ ყბას გაციებული მუშტი.

როდესაც კვლავ დამიბრუნდა სმენა და ცნობიერება, იანგული ქვაფნილზე იჯდა, გაკვირვებული მიმზერდა და ყბას მარჯვენა ხელით იზელდა. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. მე უხმოდ შევტრიალდი და შინ წავედი.

საღამოს დამტვრეული ვიოლინოცა და მისი ყუთიც ჩვენმა მეზობელმა და იანგულის მარჯვენა ხელმა, პეტიამ მოგვიტანა, შემოსასვლელთან დაყარა და გაიქცა.

დაიდაჩემმა ჯერ პეტია შეიცხადა, მერე ვიოლინო, მერე იანგული ალექსანდრიდი, მერე მე და სულ ბოლოს დედაჩემი.

ახლა რომ ვიხსენებ, დეიდაჩემი დაახლოებით ასე მოსთქვამდა:

- როგორ ხარ დაგვაჯული, ისე არგასაზრდელო პეტიაა... შენ და მემწვანილე მამაშენს რას გერჩით. თქვენ რა იცით ამ ვიოლინოს ფასი, სტრადივარიუსი და პაგანინი მხერხავები გგონიათ... იანგული ალექსანდრიდი მყავს მოსაკლავი, მაგრამ ვირის ყროყინზე გაზრდილ ჩოჩორს მუსიკის რა მოეთხოვებააა... ჩემს ოჯახში ჩამოსახლებული ეს ახალი ხულიგანი მყავს მოსაკლავიიიი... სულწაწყმედილო და უბედურო დაო ანიკო, მე ჩემი გაჭირვება არ მეყოფოდა, ეს ყაჩაღი რომ არ დაგეტოვებინა ჩემდა სამწყემსარად. ვაი, შენს დღეს და უი, ჩემს გაჩენას...

ამ დღეს დასრულდა ჩემი მუსიკალური ოდისეა და დაიწყო ახალი ერა ჩემს ცხოვრებაში - ბრძოლა არსებობისათვის.

●

მეორე დღეს იანგული და პეტია სკოლის ალაყაფთან დაგვხვდნენ მე და ჩემს დეიდაშვილ კოკას. ერთი კი შემიქანდა გული, მაგრამ ისე ჩავუარე ორივეს, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს.

- სკრიპკა! - ხმა პეტიასი იყო, მე გავჩერდი.

- უნდა გელაპარაკო! - მომიახლოვდა იანგული.

- რაზე?

- აქ უხერხულია! - თქვა მან და სკოლიდან გამოსულ ბავშვებს და მასწავლებლებს გახედა.

- აბა, სად? - ვკითხე მე.

- რკინიგზის გაღმა, ხიდის ქვეშ.

- სადაც გინდა! - ვუპასუხე და გავყევი.

იანგული წინ მიდიოდა! მერე მე და კოკა. პეტია უკან მოგვდევდა მოშორებით. ალბათ იმიტომ, რომ არ გავქცეულიყავით.

- დავიღუპეთ! - თქვა საქციელწამხდარმა კოკამ. კოკა ორი წლით პატარა იყო ჩემზე და არაერთხელ ჰქონდა ნაჭამი იანგულის ალიყური.

- ნუ გეშინია! - დავამშვიდე, თუმცა გულახდილად რომ ვთქვა, მეც მეშინოდა. რკინიგზის მიწაყრილზე რომ ვეშვებოდით, კოკამ გაქცევა დააპირა, მაჯაში ჩავავლე ხელი და რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვუჭირე.

- არ გაიქცე, ბიჭო, სირცხვილია!

- შენ არ იცი მაგის ამბავი, დაგვასიებს ორივეს, - ამოიკვნესა კოკამ.

- რა მოხდა მერე, ხომ არ მოგვკლავს, - ვუთხარი მე. კოკა დასაკლავად განწირული ხბოსავით გამომყვა.

იანგული რკინიგზის ხიდის ქვეშ დადგა. აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა. კაცის ჭაჭანება არ ჩანდა. ჩვენც გავჩერდით.

- აჰა, მოვედი, რა გინდა? - ვკითხე იანგულის. იანგულიმ თავი ჩაღუნა, ერთხანს ასე იყო, რაღაცას ფიქრობდა.

უცებ თავი ასწია.

- შენ გუშინ უბანში შემარცხვინე. ერთი დარტყმით დამსვი... არ ველოდი და იმიტომ დამსვი, პასუხი იმიტომ არ მიიღე, რომ ვერ ავდექი. მინდოდა ადგომა, მაგრამ ვერ ავდექი. - მისმა მშვიდმა და გულახდილმა ლაპარაკმა სულ გამაფუჭა. - მე ამ უბნის ყოჩი ვარ და ყოჩად დავრჩები... - განაგრძო მან.

- მე არ მინდა შენი უბნის ყოჩობა, თავი დამანებე! - გულწრფელად ვუთხარი მეც.

- შენ რომ ჩემზე დიდი იყო, დაგანებებდი, მაგრამ შენ ჩემზე ერთი წლით პატარა ხარ, ამიტომ ვერ დაგანებებ თავს. უბანში ორი ყოჩი არ შეიძლება, ან შენ უნდა იყო, ან მე...

- აკი გითხარი, არ მინდა ყოჩობა-მეთქი! - გავუმეორე.

- ეგრე არ გამოვა, უნდა ვიჩხუბოთ.

- ვიჩხუბოთ! - დავთანხმდი მე.

- პატიოსნად ვიჩხუბოთ! - თქვა იანგულიმ.

- პატიოსნად რას ჰქვია? - გამიკვირდა მე.

- არც პეტია, არც კოკა ჩხუბში არ უნდა ჩაერიონ. გონება არ იყოს, ქვა არ იყოს, წაქცეულის ცემა არ იყოს!

- ეგრე იყოს!

- თუ მოგერიე, ხვალ იმავე უბნის ბიჭებთან გცემ, რომლებთანაც დამსვი, მერე მოგეშვები! - გამაფრთხილა.

- ცემა მორევაზეა! - ვუთხარი მე.

არაფერი არ მიპასუხა, შავი სატინის ხალათი გაიხადა და მიწაზე დააგდო, რომ გაიხადა და შევხედე, გულმა რეჩხი მიყო: იმხელა გაშლილი მკერდი ჰქონდა, თან მარცხენა ძუძუს ზემოთ ლურჯი ლათინური ასოებით დასვირინგებული ჰქონდა სიტყვა HELLADOS, რომელმაც შემაკრთო უცებ.

იანგულიმ რაღაც უთხრა პეტიას ბერძნულად. პეტია შეყოყმანდა. იანგულიმ ბრძანება გაუმეორა. პეტიამ ორი დიდი ქვა ამოიღო ჯიბეებიდან და უხალისოდ გადაყარა. იანგულიმ ახლა კოკას შეხედა, კოკამ ცარიელი ჯიბეები ამოიტრიალა.

- დავიწყოთ! - თქვა იანგულიმ.

- დავიწყოთ! - ვთქვი მე და ჩანთა მიწაზე დავაგდე.

ჩხუბი ორ-სამ წუთს გაგრძელდა. მე შეკრული მუშტებით ვჩხუბობდი. იანგული გაშლილი ხელით. ჩემი დარტყმული ყრუ ხმას გამოსცემდა, მისი კი ქვეყანას აზანზარებდა: ისეთი ლაწალუწი გაუდიოდა ჩემს ყბებზე.

პეტია ბერძნული შეძახილებით ამხნევებდა იანგულის, კოკა კი ქართულად მკარნახობდა:

- თავი, თავი აჭამე, ჯემალ!

ვიცოდი, რომ ახლოს მისვლა და თავის ჭმევა იყო საჭირო, მაგრამ წელს ზემოთ გახდილს რამდენჯერაც წავავლე მკლავში ხელი, იმდენჯერ დამისხლტა ოფლით დაპოხილი, კიდევ ერთი სილა და ვიგრძენი, რომ ცხვირიდან სისხლი წამსკდა.

ვიდრე ცხვირიდან წამსკდარ სისხლს ვიხოცავდი, იანგულიმ კიდევ ერთი სილა მაჭამა და ზუსტად ისე დავჯექი მიწაზე, როგორც გუშინ იანგული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იანგულის გუშინ არ შეეძლო ადგომა, მე კი შემეძლო, მაგრამ ჩემს ადგომას ფასი აღარ ჰქონდა - ჩხუბი წაგებული იყო.

იანგულიმ ერთხანს მაცალა და რომ აღარ ავდექი, ხალათის ჩაცმა დაიწყო, და მე ისევ წავიკითხე მის მკერდზე ამოსვირინგებული HELLADOS.

- ხვალამდის! - მითხრა იანგულიმ და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, ზედა ტუჩი შესივებული ჰქონდა და მარჯვენა წარბი გახეთქილი.

- ხვალამდის! - ვუპასუხე და წამოვდექი.

იანგული და პეტია მიწაყრილზე ავიდნენ და რკინიგზის ლიანდაგს გაჰყვნენ. მე და კოკა ხიდის ქვეშ დავრჩით.

- არა უშავს, მაგასაც ბევრი მოხვდა! - დამამშვიდა კოკამ.

- სულერთია, ხვალ ვცემ! - ვთქი მე.

- ნეტავი სარკეში ჩაგახედა! - თქვა კოკამ.

- ძალიან ვარ დასიებული? - ვკითხე.

- ბულკივით! - მიპასუხა და თვალი ამარიდა.

- მაგის დედა ვატირე!

ამჯერად დაიდაჩემს არ შევუცხადებივარ. ცივი კომპრესები დამადო სახეზე. დილით კი იანგულის მამას, ხრისტოს, ზუსტად ისე დააფშვნა მაწვნის ქილა თავზე, როგორც იანგულიმ მე ვიოლინო და ციხეში ამოლპობას დაჰპირდა მის გათახსირებულ და ხულიგან შვილს საბჭოთა პიონერის ასე უღმერთოდ ცემისათვის.

●

მეორე დღეს სკოლაში არ წავსულვარ, ჭრილობებს ვიშუშებდი. მესამე დღეს რკინიგზის გადასასვლელი სავსე იყო უბნელი ბიჭებით. მე და კოკა რომ მივედით, სტვენით შეგვხვდნენ.

- სკრიპკა, გაზიარეს?

- სანამ აქ მოგკლავს, არ მოეშვები?!

- შენ აქ თბილისი ხომ არ გგონია?!

მთელმა ბირჟამ იცოდა უკვე ჩემი ცემის ამბავი.

ყველა აქ იყო იანგულის გარდა. არავისთვის ხმა არ გამიცია, ჩანთა ფილაქანზე დავაგდე, ზედ დავჯექი და იანგულის მოსვლას დაველოდე.

- იანგული მოდის! - დაიძახა უცებ ვიღაცამ.

- ახლა დაიწყება ცირკი! - თქვა მეორემ.

- გამარჯობათ! - თქვა საერთო სალამი იანგულიმ და მე რომ დამინახა ფილაქანზე ჩამომჯდარი, გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა.

- იანგული, თავისი ფეხით მოვიდა ბულკი, მიდი ერთი, შეჭამე! - უთხრა პეტიამ.

- კარაქს წაუსვამ, იანგული, თუ ხიზილალას?!

იანგულიმ ლაზღანდარებს ყურადღება არ მიაქცია, ტრიბუნივით ასწია ხელი, ბრბო დააწყნარა და ისტორიული სიტყვით მიმართა თავის ხალხს, ისე, როგორც ტომის ბელადებს სჩვევიათ ხოლმე.

- ბიჭებო! - დაიწყო მან. - ეს მე მოგმართავთ თქვენ, ვენეციის გზატკეცილის ტომის თავისუფალ შვილებს, მე, თქვენს მიერ არჩეული ბელადი, იანგული ალექსანდრიდი! თქვენს წინაშე დგანან მკრთალსახიანი თბილისელი ჰარიფი და მისი დეიდაშვილი, ჩვენი ტომის გამყიდველი და სამშობლოს მოღალატე, წკვინტლიანი კოკა. ამ მკრთალსახიან გადამთიელს, იმის ნაცვლად, რომ ესარგებლა ჩვენი სტუმართმოყვარეობით, დიდსულოვნებითა და სულგრძელებით, სურს მიისაკუთროს ჩვენი კურთხეული მიწა, ზღვა, მდინარე, ოქრო, ვერცხლი, საძოვარი და გაზონები...

- მორჩი ლაზღანდარობას! - შევაწყვეტინე სიტყვა. - უნდა მეჩხუბო!

იანგული შეჩერდა და თვალი თვალში გამიყარა.

- მე თქვენ გაჩვენებთ ახლა, როგორ კეთდება მკრთალსახიანებისაგან კატლეტი... - განაგრძო ისევ.

- ნუ მაიმუნობ, დავიწყოთ!

- შენ ეი, წკვინტლიანო, - მიუბრუნდა იგი კოკას, - წადი, სასწრაფოში დარეკე, უთხარი ხუთ წუთში მოვიდნენ და შენი დაინვალიდებული დეიდაშვილი წაიყვანონ! - ბიჭებში ხარხარი ატყდა.

- დღეს შენ მოგიწევს სასწრაფოთო წაყვანა. - ვუთხარი მე და ავდექი. ბიჭებმა წრე შეკრეს. იანგულიმ ისევ რაღაც უთხრა პეტიას ბერძნულად, პეტია შეიშმუშნა და ქამრის შეხსნა დაიწყო. განცვიფრებული ვუყურებდი პეტიას თითის სიმსხო ღვედის ქამარს - „ნუთუ ქამრით უნდა მცემოს?“ - გამიელვა თავში. პეტიამ ქამარი გადასცა იანგულის და ისევ წრეში ჩადგა. იანგულიმ ამაყად მიმოიხედა გარშემო და საჯაროდ განაცხადა:

- მე მკრთალსახიანს ორი ხელით არ ვეჩხუბები. იგი დღეს ცალი ხელით უნდა გაილახოს. პეტია, გამოდი და შემიკარი ხელი!

ბიჭებმა აღტაცების ყიჟინა გაისმა. მე ელდა მეცა. იანგულიმ გაჭიმული მარცხენა ხელი თეძოზე მიიდო. პეტია მოვიდა, ქამარი წელზე შემოარტყა, ისე რომ ის მარცხენა ხელი შიგ მოაყოლა, და რაც ძალი და ღონე მქონდა გაუკრა.

- ნუ არტისტობ, ხელი ამოიღე და ისე ვიჩხუბოთ! - ვუთხარი დაკარგული ხმით.

- მე შენთან ორი ხელით ჩხუბს არ ვიკადრებ, - თქვა იანგულიმ. ბიჭებს კვლავ აღტაცების ყიჟინა აღმოხდათ.

- მაშინ არ მინდა! - ვთქვი მე და ჩანთა ავიღე.

- გეშინია? - მკითხა იანგულიმ.

- კი არ მეშინია, არ მინდა. ხელი ამოიღე და ისედაც გცემ!

- მეჩხუბე, თორემ გცემ! - თქვა გაღიზიანებით იანგულიმ.

- მიდი, დასვი! - წამჩურჩულა კოკამ. მე ჯიუტად გავიქნიე თავი. მაშინ იანგული მომიახლოვდა და სილა გამაწნა. სახეზე ისე წამეკიდა ცეცხლი, თითქოს მდუღარე შემასხესო, მაგრამ ხელი არ შევუბრუნე. იანგულიმ მეორედ გამაწნა სილა, მერე მესამედ, შევატყვე, გამეტებით არ მირტყამდა, ეს უფრო გასილაქებას ჰგავდა, ვიდრე ჩხუბს. და მაინც რომ არ შევუბრუნე ხელი, იანგული გაჩერდა. მე შევტრიალდი და წრიდან გავედი, ბიჭები უხმოდ ჩამომეცალნენ.

- ეე, სკრიპკა! - მომესმა ზურგს უკან პეტიას ხმა, და უცებ გავიგონე გაშლილი ხელის საშინელი ლაწანი: ეს უკვე პეტიას ყბაზე გაღებული იანგულის ხელის ხმა იყო.

უკან არ მიმიხედავს, რადგან ვტიროდი და არ მინდოდა ბიჭებს ჩემი ცრემლი დაენახათ. ერთს კი მივხვდი - დღევანდელი ჩხუბი იანგულიმ წააგო.

●

მეორე დღეს, სისხამ დილით, ალექსანდრიდების ეზოს ჭიშკართან ვიდექი. ხრისტო ალექსანდრიდი ვირს კაზმავდა პატარა თავლსათან. იანგული ეხმარებოდა, რომ დამინახა, ვირი მიატოვა და ჭიშკარს მოადგა.

- საჩივლელად მოხვედი? - მკითხა მან და თვალი მამისკენ გააპარა. მამამისი ზურგშექცევით იდგა და ვერ მხედავდა.

- საჩხუბრად! - ვუპასუხე მე.

- ვინ არის? - დაუძახა მამამისმა, ისე რომ არ მოუხედავს.

- ამხანაგია ჩემი.

- იანგულის არ სცალია, ბაზარში მიდის! - მოიხედა ხრისტომ. უცებ მიცნო და გაუკვირდა: - შერიგდით?

- შევრიგდით! - ვუპასუხე მე.

- ეგრე არ ჯობია? ორივე კარგი ბიჭები ხართ! - გაუხარდა ხრისტოს და ეზოში შემიპატიჟა.

- მეჩქარება, - ვუპასუხე, მერე იანგულის მივუბრუნდი: - როდის დაბრუნდები ბაზრიდან?

- საღამოს!

- რკინიგზის ხიდის ქვეშ დაგელოდები! - ვუთხარი და წავედი.

●

საღამოს ხიდის ქვეშ ველოდი იანგულის. იგი მოვიდა. ხმა არ გაუცია ჩემთვის, ვირი ადამიების ღობეს მიაბა, ხალათი გაიხადა, ვირის კეხზე გადაჰკიდა და მე კვლავ წავიკითხე მის გაშლილ მკერდზე მაგიური სიტყვა HELLADOS.

დღეს ჩვენი ჩხუბის მოწმე მხოლოდ ვირი იყო.

ჩხუბი ამჯერად უფრო დიდხანს გაგრძელდა. პირველმა იანგულიმ დამარტყა, როგორც არ ვეცადე, მაგრამ მაინც დამასწრო. არ წავქცეულვარ, მხოლოდ წავიფორთხილე. მეორე რომ მომიქნია, თავი უკან გადავწიე და მისმა გაშლილმა ხელმა შხუილით ჩამიქროლა ცხვირწინ. მოქნეული, ისე ძლიერად იყო, იანგულიმ თავი ვერ შეიკავა, ინერციამ ოდნავ შეატრიალა და ახლა იგი გვერდულას იდგა ჩემს წინ, მისი ყბა ზუსტად ისე დაეკიდა ჰაერში, როგორც მაშინ, პირველი ჩხუბის დროს; და ვიდრე კვლავ შემოტრიალდებოდა, რაც ძალი და ღონე მქონდა, მუშტი ყბაში მოვდე. იანგული სახით სილაში ჩაემხო. ერთხანს გაუნძრევლად იდო. არ მეგონა, თუ ადგებოდა, მაგრამ უცებ წამოხტა და საოცარი სისწრაფით გამოქანდა ჩემსკენ. მისი გაშილილი ხელი და ჩემი მუშტი ერთდროულად მოხვდა მიზანს, მე დავრეტიანდი, ცალ მუხლზე დავიჩოქე და უნებურად სახეზე ხელები ავიფარე. ხელები რომ მოვიცილე და თვალი გავახილე, იანგული ზუსტად ისეთივე პოზაში იყო ჩაჩოქილი, როგორც მე, და გახეთქილი ტუჩიდან სისხლს იხოცავდა. ხელებზე დავიხედე და მივხვდი, რომ მეც მჟონავდა სისხლი ცხვირიდან. თავს ძალა დავატანე და წამოვდექი. წამოდგა იანგულიც.

დიდხანს ვუცქეროდით ერთმანეთს უხმოდ. მე მისი მძიმე და ღრმა სუნთქვა მესმოდა, ალბათ იმას - ჩემი. ყოველ წუთს ველოდი თავდასხმას. მაგრამ საოცარი ის იყო, ჩხუბის აღარც ხალისი მქონდა, აღარც სურვილი. რაღაც შინაგანი კმაყოფილება დამეუფლა. მივხვდი, რომ დღეიდან იანგული ვეღარასოდეს დამჩაგრავდა.

- გვეყოფა! - თქვა იანგულიმ და მკლავები ჩემოუშვა.

- გვეყოფა! - ვთქვი მეც და შვებით ამოვისუნთქე. ოღონდ ხვალ ბიჭებთან უნდა ვიჩხუბოთ! - დავაყოლე ყოველი შემთხვევისთვის.

- არ გინდა, ბიჭებს მე ვეტყვი, რომ მაგარი ხარ, ოღონდ ყოჩობას ვერ დაგითმობ. - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა მან.

- არც მინდა! - ვთქვი მე.

- თუ გინდა, მეორე ყოჩი იყავი! - შემომთავაზე მოადგილეობა.

- არ მინდა, შენ შენთვის, მე ჩემთვის! - ვიუარე ისევ, შემოვტრიალდი და წამოვედი.

- მოიცა! - მითხრა მან. მე გავჩერდი. - ასე არ ივარგებს. ყოველდღე ხომ არ ვიჩხუბებთ, მოდი ხვალიდან ვაგინოთ ერთმანეთს, ვინც აჯობებს, იმის იყოს!

- იმისი იყოს! - დავთანხმდი.

●

მეორე დღეს მე და იანგული კვლავ ბიჭების წრეში ვიდექით და უშვერი სიტყვებით ვამკობდით ერთმანეთს.

- ჯემალ, ვირისთავო!

- იანგული, ბერძენო მემწვანილე!

- თბილისელო სირისტიანო!

- ლაწირაკო!

- წვინტლიანო!

- ვირის მწყემსო!

- ჩოჩორო!

- მჟავე კიტრო!

- კამბოლა!

- ღორჯო!

- მედუზა!

- კრეტინო!

- პაგანინო!

სალანძღავი სიტყვების არსენალი შეუმჩნევლად შემომელია და გავჩერდი, იანგული მელოდებოდა, რადგან ჩემი ჯერი იყო.

- მიდი, თორემ წააგე! - იდაყვი გამკრა კოკამ.

- გამითავდა! - ვუთხარი მე.

- დედა შეაგინე! - შემახსენა მან.

- დედის გინება არ მოდის.

- „დედა ვატირე“ რა გინებაა?

- ეგ რუსულად არ ვიცი!

- ქართულად შეაგინე, ვერ გაიგებს! - არ მომეშვა კოკა და შემაცდინა.

- იანგული, შენი დედა ვატირე! - ვთქვი ქართულად და პასუხის მოლოდინში გული შემეკუმშა.

- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! - მიპასუხა იანგულიმ. მივხვდი, რომ ისიც დედას მაგინებდა, მაგრამ ისე ლამაზად ამბობდა, ავე-მარიასავით მეყურებოდა და გინება გავიმეორე:

- შენი დედა ვატირე, იანგული!

- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! - გაიმეორა მან სიმღერასავით.

●

ასე გრძელდებოდა მთელი ნახევარი წელიწადი, მერე ვნებები დაცხრა. მე და იანგულიმ გინებათა არსენალი თითო ყველაზე მნიშვნელოვან გინებამდე დავიყვანეთ და შეხვედრისას თითქოს ვესალმებოდით, ხელის აწევით გავძახოდით ერთმანეთს"

მე: - შენი დედა ვატირე, იანგული.

ის: - იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!

●

მზიანი დღე იყო. მე და კოკა სკოლიდან ვბრუნდებოდით. რკინიგზის გადასასვლელთან რომ მივედით, იანგული, როგორც ყოველთვის, უბნის ბიჭებს პაჟარობანას ეთამაშებოდა. დამინახა თუ არა, თამაშს თავი დაანება და ჩემსკენ წამოვიდა, არ დამასწროს-მეთქი და გინება გზაზე შევაგებე.

- იანგული, შენი დედა ვატირე! - იანგული მონუსხულივით შედგა და თვალებში შემომხედა. დიდხანს ველოდი პასუხს, მაგრამ იანგული ხმას არ იღებდა.

- შენი დედა ვატირე, იანგული! - გავიმეორე მე.

იანგულიმ თავი დახარა, შეტრიალდა და ასე თავდახრილი ნელი ნაბიჯით წავიდა. მე გაკვირვებული ვუქცეროდი სახლისაკენ მიმავალ იანგულის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
თავსაფრიანი დედაკაცი

წინასიტყვაობა
ვწერ შემთხვევით შეხვედრილის ამბავს.

თუ ოდესმე დანჟღრეული ომნიბუსით გიმოგზაურნიათ სამტრედიიდან მახლობელ სოფლებისაკენ, თქვენ, უეჭველია, დაინახავდით მესრის იქეთ, ეზოში, მოფუსფუსე, შავათ ჩაცმულ ქალს, რომელსაც თან დასდევდა ჭადის ნატეხით ხელში პაწია ბავში.

ახლა იქ რომ ჩავიარე, დადაკაცის უნახაობა დამაკლდა.

გამოვიკითხე, და აი ძიებამ ძველ მოგონებებთან ერთად რა აღმოაჩინა.

ნუ დამიწუნებთ! არ შემიძლია გრძნობა-გონება შევაჩერო დიდ პიროვნებებზე... ისინი აშლიან სულისშემხუთავ სურათაბეს... შემდეგ, ოდესმე, მათ აღმოუჩნდებათ მოციქული ვინმე მარკოზი და იოანე.

მე ვწერ თავსაფრიან დედაკაცზე.


1
ყველაფერი ჩატარდა ძველებურათ, სულ ძველებურათ, ისე როგორც ჩვენში წინათ ხდებოდა ყველგან, სადაც კი ჯვარს იწერდენ, ორმოცი წლის წინათ ხდებოდა ხშირათ, 20 წლის წინათ ზოგჯერ, 10 წლის წინათ იშვიათად, და ახლა კი შეუძლებელია.

გაძვრა-გამოძვრა მაჭანკალი.

ნამალევათ შორიდან დაანახვა ქალი; მოაწყო „ქალის ნახვა“ და მიაცემინა შარნა.

და მერე?

მერე ძმადეებმა სამჯერ შეუცვალეს ბეჭედი, თავს დაახურეს ოქროს კავებიანი გვირგვინი;

გავარდა დამბაჩა და მაჭახელა.

აჭიჭყინდა ზურნა.

მეფე-დედოფალს სუფრაზე, ცხვირის წინ, ულაგებდენ „თავზეგადასაგდებს“: პატარა სარკეს, მოოქრულ სათითურს, ძეწკვს, თითბრის ტაშტს, დანა-ჩანგალს, ვერცხლის მანეთიანებს და ათ შაურიანებს.

...ქვიჯასაც,

და განგებ მოწვეული სოფლის მწერალი სისწორით ადგენდა სიას...

სვეს,

იცეკვეს,

არა მარტო გოგო-ბიჭებმა,

მოხუცებულებმაც.

დაიშალენ სტუმრები.

აბღავლდენ დანაკლავ ადგილზე ძროხა და ხარი.

—

ეზოზე ჩოჩიალა ურემმა გადაიტანა ნაჭა, საბანი, ლები... ხორაგი.

გადავიდენ 60 მანეთით დატვირთული სიძე, მაყრები, რომ ახალ ადგილს

ეცეკვათ,

ესვათ,

არა მარტო გოგო-ბიჭებს,

არამედ მოხუცებულებსაც.

დასახლდენ, დაფუძნდენ.


2
კაი ნოგროს გამოდგენ:

სამი წელი -

სამჯერ გამოწეული მუცელი და შეზნექილი წელი;

სამჯერ ჭორფლი და მჟავე კიტრი;

ჩქარობდენ თითქოს!

—

სადედოფლო:

მაქვა და თითისტარი;

კეცი და ჩოგანი;

ლარი და საჩეჩელი;

პრასი და ოხრახუში;

მეწველი ძროხა;

კრავიანი ცხვარი;

გოჭებიანი ღორი;

თხას... თხას არ გაუშვებს: ნამყენ ხეხილით სავსე კარ-მიდამოს გადაღრღნიან!

ბატები სისინებენ და ამაოთ ეძებენ ტბას;

ქათმები ჩიტებივით დაფრენენ ტოტიდან ტოტზე.

ციცარი გასართობათ.

სავსე ოჯახი!

სამეფო:

ხარდანიანი ვენახი საკუთარ ეზოში;

სიმინდის მაღალი კალო - სამესამედოთ ნაბატონართან;

გაპრიალებული ნაჯახი სახელმწიფო ტყეში;

წელმაგარი კომლი!

3
ააშენა ღმერთმა ნადი - ბევრი ილაზღანდარეს, ზღაპრები თქვეს, იმღერეს, იცეკვეს, სვეს, დილას დაიშალენ; ერთი ცხვარი მოუნდათ და ერთი ჩაფი ღვინო, - ქალები იყო უმეტესი. მაგრამ ამოათავეს მთელი მოსავალი, წლის სარჩო სიმინდი გადაარჩინეს... ცალკე მთად სდგას ოქროსფერი ტაროები; პატარა ხროვათ ჰყრია დამპალი და ჭყინტი; ფუჩეჩი მოდებულია მთელ ეზოში.

ცოლი გოდრის ასაწევათ არ მიიხმარა: მოერიდა ახალ ნალოგინევს.

და თვით ეცა უძინარი:

კარგი სიმინდი - ნალიაში;

უვარგისი - ცხვენზე;

ფუჩეჩი - საბძელში.

მიეგდო ხის ძირში გასაოთებული, ოფლით გაღვითქული.

ადგა მთქნარებით - ისევ სამუშაოთ, მაგრამ...

ხან ოფლი, სიცხე, ბოდვა,

ხან სცივა, კანკალებს, სამი საბანი,

სიყვითლე!

- „რავა ვიფიქრებდი მე თვალდასავსები, უჟმური აყვა“...

ექიმი და მარჩიელი,

წამალი და შელოცვა.

ფეხშიშველი მოიარა გელათი და მოწამეთა, თან მიიტანა

მთელი ოჯახის წევრების სიგრძე თაფლის სანთელი.

„საშველი არ დაადგა“.

თმაგაშვებული ქალები...

ზარი...

ფლავი...

„განუტევე, უფალო, სული მონისა შენისა“.

სენმა და სიკვდილმა გაანიავა ოჯახი.

4
ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიანად წუღებამდის... წინდაც კი შავი... თუ გამოჩნდა, მეტისმეტათ ლილიან წყალში გავლებული საცვალი,

თეთრი შუბლი,

შავი მაყვალივით თვალები,

მზეზე გაშავებული ლოყები,

მოქნილი ცხვირი,

სისხლისფერი ტუჩები,

თეთრი, გრძელთითებიანი ხელები, ეტყობა ბევრს ვეღარ საქმიანობს, - იმატა ობლების მტერმა, იკლო მოყვარემ, და იგი დადის

პოლიციაში,

სასამართლოში,

მეზობლებთან,

მამასახლისთან,

თავმდაბალი,

საჩივრით,

მუდარით,

ისე რომ ვერ აჩერებს კედელი,

მარკა,

სიშორე, -

გადაიფრენს, იშოვის, გადივლის, გასცურავს, მიიფრენს,

თავისას კი მიაღწევს:

ბავშებს სამართალს მოუნახავს,

დახმარებას გამოითხოვს,

მაგრამ ოჯახს არ უმტყუნებს,

კერიას არ გააცივებს.

ბევრი ეარშიყებოდა... შორიდან

მაჭანკლებიც მოუგზავნეს.

- „როგორ უმტყუნო ობლებს?!“

იყო შემთხვევა.

არა პოეტმა გვიამბო:

„მასპინძელმა რიჟრაჟზე გაგვაღვიძა; გადვიხედე ფანჯარაში - ნადირობისთვის თენდებოდა: ცვარი ნაწვიმარივით ეყარა: ფოთოლი არ იძროდა, სანაქებო მეძებრები მოუთმენლათ წკმუტუნებდენ; დარჩეული მწევრები იზმორებოდენ.

გავსწიეთ.

სეირი მალე ვნახეთ. იყო გაბმული ყეფაც, მწევრების მოტოვებაც, შემდეგ მეძებრები მაჩვს წააწყდენ, და სოროს ვეღარ გააშორეს.

შინ ვბრუნდებოდი. ვიღაცის ღობეს მივადექი. შევჩერდი დასასვენებლათ.

ცვარი კიდევ ეყარა. მზეს ამოეწვერა, სხივს ნაზათ აპკურებდა ქოხს, ხეების წვერებს; ჩიტები ათასფრათ ჟღურტულობდენ...

შავად მოსილმა ქალმა უკან კარებში გამოიტანა ნაბადი, ეზოს მივარდნილ კუთხეში, ჩემს მახლობლათ, ბოსტანში, გაშალა და ფეხშიშველა, თმაგაშვებულმა დაიწყო ტირილი... მოთქმა.

წრფელათ, გულამომჯდარი ისეთ ნაზს სიტყვებს, ისეთის შვენიერის ხმით ამბობდა, რომ მესრის გადმოღმა მე ავტირდი, ტირილი ზლუქუნად გადამექცა... უეცრათ მე შემრცხვა... ქალი კი საჩქაროთ ადგა და თავის ნაბდიანათ სახლში მიიმალა“...

ბავშები დაზარდა.

ასწავლა ათასჯერ მეტი, ვიდრე შეეძლო.

ერთი ვაჟი მოანგარიშეა კოოპერატივში.

მეორე სასამართლოს მოხელეა...

დააცოლშვილა ორივე.

ჩამოისიძა სოფლის მასწავლებელი.

წელში გახრილი, ყავარჯენით ხელში გადადიოდა ერთისგან მეორესთან.

არსად იყო ზედმეტ სტუმრათ:

ბავშების მოვლა, ჭუკის წამალი.

მთრთოლვარე ხელებით, ამღვრეული თვალებით მოქსოვა წინდები, მიუტანა ბავშს.

ფეხი არ ჩაეტია.

- გაიხადე, ბები, ამას შენ ძამიას წაუღებ, შენ კი სხვას მოგიქსოვ.

ბავშის ტირილი.

დედამ სთხოვა:

- მიეცი, სულ ერთია, ოღონდ გაჩუმდეს...

- რათა, შვილო, ამას კოწიას წაუღებ... ბავშს ნუ გაანებივრებ...

ბავში უფრო ტირის.

- რა, დედა, შეგენანა განა ერთი წინდა?! გინდა მეორე შვილიც მოიმადლიერო!.. ნუთუ ამის საღირალ პატივს არ გცემთ?

წინდები ხელთ გავარდა.

სიტყვა არ ამოუღია.

შეისწორა თავსაფარი.

ქალიშვილმა შეამჩნია ქცევა და კიდევ დაუმატა:

- ტყუილს ვამბობ თუ?

ქალი ადგა, კალთები დაიბერტყა.

ბავში არ ცხრებოდა.

კაპასი შვილი:

- ნუ ტირი, ნუ ტირი, უკეთესს გიყიდი, რომ ბებიამ არ დაგამადლოს.

ქალი წავიდა უმიზნოთ; შემოუარა სახლს, რომელსაც შეალია თვალის ჩინი, სიცოცხლის ჟინი; ჩაჯდა ბოსტანში.

არავითარი აზრი, არავითარი ფიქრი, მხოლოდ სიტყვები:

„შეგენანა“, „მოიმადლიერო“, „საღირალი პატივი“.

გადავიდა მეზობლებში.

- რა დაგემართა, ბეჩა, სახე სახეს არ გიგავს?

- არაფერი, ჩემო ფოტინე, დამსიცხა უსათუოდ.

დაბრუნდა შინ.

ჭუკებს ჯამით დაუდგა ცომნარევი ჭინჭარი.

მიწვა.

გრძნობს თავის სიმძიმეს, ტანის სიმჩატეს.

არავითარი აზრი, არავითარი ფიქრი, მხოლოდ სიტყვები:

„შეგენანა“,

„მოიმადლიერო“ (თუ „მოინადირო“?..),

„საღირალი პატივი“...

და მოულოდნელათ მოკვეთილი, დასაბუთებული გადაწყვეტილება:

„აღარავისთვის ვარ საჭირო, სრულიად არავისთვის; ვარ სრულიად ზედმეტი... დიდი ხანია ჩემ კაცთან უნდა წავსულიყავი“...

და გაიხადა, მოიხსნა, მოაგროვა, ერთად ზანდუკში ჩაალაგა ყოველივე ხელსადები, ფასიანი, გამოსადეგი და კონკებში გახვეული, თითქმის საცვლების ამარა ჩუმათ გამოვიდა ნაჭირნახულევ ქოხიდან.

თითქო!. შემთხვევით ჩაუარა ქმრის საფლავს, დიდხანს არ შეჩერებულა, ერთი კი მიუჯდა, ხელი გადაუსვა ბალახში მიმალულ ქვას და მკაცრათ უთხრა:

- „ჰო, მოვალ, მოვალ... მოვალ, ჩემო ფილიპე“.

5
შვილებმა კარგა ხანს ვერ გაიგეს დედის გადაკარგვა: ერთს მეორესთან ეგონა.

გაიგეს - შეძრწუნდენ, შერცხვათ: „მოგვეჭრა თავი სოფელ-ქვეყანაში... რას იტყვიან, მოხუც დედას ვერ მოუარესო?!“

უნდოდათ საძებრათ წასვლა - ეძვირათ; უნდოდათ გაზეთებში გამოცხადება - „უარესათ მოგვეჭრება თავიო“.

ასე იცდიდენ.

დედას გულმა უგრძნო: „შვილები დამეჩაგრება, სახელი გაუტყდებათ“ და ჩამოთხოვილი ფულით დაზღვეული, მისი ნაკარნახევი, სხვისი დაწერილი, ბარათი გაგზავნა:

„საყვარელო შვილებო, ნუ მიწყენთ, სალოცავად წავედი, ნუ მეძებთ... შვილიშვილები დამიკოცნეთ, ჩემზე ნუ სწუხართ. მშვიდობით სამუდამოთ“.

ეს იყო თავსაფრიანი ქალის ერთი იშვიათი სიცრუეთაგანი.

ბარათი შესაფერისად გრძელი იყო.

შვილები დაწყნარდენ, გაუხარდათ, სხვებსაც აჩვენებდენ თავის გასამართლებლათ. კეთილსინდისიერათ გაიყვეს მცირე მემკვიდრეობა: რამდენიმე ვერცხლის ფული, აბრეშუმის თავსაფარი, ძვლისტარიანი ხანჯალი და სხვა...

6
მოკრძალებით მდგომ მათხოვარს ავარამ უთხრა:

- დედი, რას გვაწვალებ, თავს რათ იწამებ?

- რა ვქნა, შვილო, მე კი მინდა სიცოცხლე?!

- ა, მტკვარი და მისი ჯანი...

- უიმე, ჩემის ხელით სული როგორ წავიწყმინდო?!

და სწრაფად გაშორდა, როგორც კეთროვანს

7
გაზეთის ქრონიკაში ეწერა:

„ვაკის ჩიხში მილიციამ იპოვა მოხუცებული ქალის გვამი. აცვია დახეული შავი ხამი და ძველი წუღები; გულზე ჰკიდია თითბრის ჯვარი; მარჯვენა ხელის უსახელო თითზე აქვს ხმარებისაგან დალეული ნიშნობის ვერცხლის ბეჭედი, რომლის შინა გვერდზე ნახევრათ წაშლილი ასოებისაგან ჩვენ ამოვიკითხეთ (ვერ დავადასტურებთ!) „ფილიპე“.

უცნობის გვამი გადაგზავნილია...“

შვილებს ქრონიკიერის შენიშვნა, მგონი, არ წაუკითხავთ და არც არავის უამბნია მათთვის.

ყველაზე უფრო განათლებული და თან ყველაზე უფრო ტუტუცი, შვილი ზოგჯერ ბრძნულად შენიშნავს: „მოხუცებისაგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად, მაგალითად, გაჰყვება გზას და მიდის და მიდის... ამას ჩვენში „მხარის შეცვლას“ უძახიან, მეცნიერებმა კი „მანიაკალური მდგომარეობა“ უწოდეს.

დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.



ნიკო ლორთქიფანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნაპოლეონი

ნახევრად ღია კარებში იდგა იმპერატორი. მას სისხლივით წითელი პორფირი ეცვა. ხელში ვარდები, სისხლივით წითელი. იკივლეს ვარდებმა ჩემს დანახვაზე, როგორც ჩემმა ათასმა საყვარელმა, რომელთაც არაოდეს უნახავართ. იკივლეს ვარდებმა ჩემს დანახვაზე.
_ ვინ მოგცა სირ ეგ ვარდები? ვუთხარი ბონაპარტეს. ვინ მოგცა ამ შუა ზამთარში, ვარდები? როცა გარედ ყინავს და მონაზვნებივით შავი ყვავები დასტრიალებენ ქალაქს.
_ ეს ვარდები. ამბობდა იმპერატორი, ჩემმა საყვარლებმა მომიტანეს, სთქვა და კარი მთლად გააღო, ახლა მესმოდა თუ როგორ ხმაურობდენ მის პალატებში მისი ტიტველი საყვარლები.
_ ეს ერთი... მიმითითა მან ერთ ფერმკრთალ ვარდზე. ეს ყველაზე უკეთესი იყო, ხომ იცი რჩეულები ადრე კვდებიან. ეს ვარდიც მოკვდება მალე...
მე ბრაზით ავენთე, გამოვგლიჯე ხელიდან თაიგული იმპერატორს, გამოვიღე ის ვარდი და სახეში შემოვჰკარი.
_ გრცხვენოდეს სირ, გრცხვენოდეს, რომ რჩეულთა სიკვდილი შენც გჯერა.
_ ჯერ მე კაცი არ მინახავს, რომელსაც სიკვდილი არ სჯეოდეს. დიდება შენ რომელსაც სიკვდილი არ გჯერა. მან მოიხსნა პორფირი და გადამაცვა. მან მოიხსნა გვირგვინი და თავზე დამადგა. დიდება იმ კაცს, რომელსაც სიკვდილი არ სწამს.
მე კიდევ შემოვკარი ნაპოლონს მკვდარი ვარდი ცხვირ-პირში. გრცხვენოდეს, სირ, გრცხვენოდეს! ნაპოლეონი გაჩუმდა... თავი ძირს დაჰხარა.
_ აკი ამბობდი სირ: `ჯერ ტყვია არ ჩამოსხმულა რომელიც მომკლავსო.~
აკი ატყუებდი შენ ჯარს-კაცებს `მე სიკვდილის არ მეშინიაო~...
_ ჰო, მაგრამ... წაიბუტბუტა კორსიკელმა და სიტყვა გაუწყდა პირში.
_ჰო, მაგრამ... შენ არ იყავი ბერეზინაზე რომ მოჰკურცხლე, შენ არ იყავი ვატერლოოდან რომ გარბოდი დიაცივით...
_შენ დიდო კეისარო შენ, შენ! ახლა მესამეჯერ მივუტანე იმპერატორს მკვდარი ვარდი ცხვირთან. მინდოდა კიდევ შემომეკრა, მაგრამ შემეცოდა. შემეცოდა სიკვდილისგან დაშინებული ღმერთკაცი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Apr 2008
Posts14
კარმა5
OFFLINEPROFILE
ეუფ!! არ გეზარებათ ამდენი წერაა? =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
გურამ რჩეულიშვილი
ლამაზია გურჯის ქალი
წვიმა ისევ მოდიოდა. უფრო ჩამობნელდა. ნელა დაიძრნენ ლეკები. გამზა მარჯვე იყო, ოსმანიც, ალი არა.

აღა ბიი იყო მათი მეთაური.

ტყის პირას სახლი იდგა.

გამზა აივანზე აძვრა.

ოსმანიც, აღა ბიიც.

ალის ცხენები ეჭირა.

დილით უკვე კავკასიონს გადაცდნენ.

- ჩადორზე გადავიარეთ, - თქვა აღა ბიიმ და ხელები ალაჰისაკენ აღაპყრო. სხვებმა სახეები აწიეს:

- დიდ არს ალაჰი.

ხელები დაკავებული ჰქონდათ: ალის დატყვევებული მამა გაედო, ოსმანს და, გამზას თითონ თინათინ.

მთელი ღამე აწვალეს ტყვეებმა. მაინც დაიმორჩილეს. შეკრულებს თითებიდან სისხლი სდიოდათ, თავპირი დასიებული ჰქონდათ ცემისგან. თინათინ ინძრეოდა კიდევ. გამზას მაგრად ეჭირა.

- ოი, ალაჰ! - უცებ ამოხდა გამზას და ვენიდან გადმოჩქეფილ სისხლს პირი შეაშველა. თინათინმა ლეკის სისხლი გადმოაპურჭყა. გამზამ ხანჯალი გაიძრო; თინათინმა ნაბდიდან გამოყო თავი და შავი თვალები შეანათა.

- რაღას უცდი, - თქვა აღა ბიიმ. სხვებმაც დასტური მისცეს.

გამზა გაშეშდა, მერე ხანჯალი ჩააგო.

- რაღას უცდი, - გაიმეორა აღა ბიიმ.

- ლამაზია გურჯის ქალი! - თქვა გამზამ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გემების ჩრდილქვეშ

რეზო თაბუკაშვილი

ისინი საღამოობით გადიოდნენ პორტში საშოვარზე, კუკა და კოკა. ორნი მუშაობდნენ. „ზარის“ გაგორებას სთავაზობდნენ ქალაქიდან დაბრუნებულ შემთვრალ მეზღვაურებს. ბევრს ვერ უგებდნენ, დუქნებში სასმელებზე და ბორდელებში ბოზების სიაბანდ ამოკვნესებში დახარჯულ მეზღვაურებს წასაგებად ცოტაღა რჩებოდათ ჯიბეზე ფული. მათ ეგრევე ყვლეფდნენ კუკა და კოკა. იცოდნენ, აზრი არ ჰქონდა „ჩათრევების“ გაკეთებას, ისედაც ბოლომდე თამაშობდნენ ზღვაში თვეობით ნახეტიალები, ხმელეთს მომდგარი ბიჭები. ხშირად „დაზამასკებულები“ ვერცხლის პორტსიგარს ან შორეულ ქვეყანაში მყოფი თავიანთი გოგოებისთვის ნაყიდ ეგზოტიკურ სამკაულს ჩამოსულან ფსონში. რასაკვირველია, იმასაც აგებდნენ, რაც უმრავლეს შემთხვევაში არ მოსწონდათ და მაშინ კუკას და კოკას დასწრებაზე და გასწრებაზე უნდა ემოქმედათ, რადგან მეზღვაურები უმეტესად ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ და ყველას საკმაოდ გრძელპირიანი დანები უმძიმებდა ჯიბეებს. როგორც კი ასეთ პერსპექტივას იყნოსავდნენ, კუკა და კოკა პირველები გადადიოდნენ შეტევაზე და შემდეგ დოკების ლაბირინთებში უჩინარდებოდნენ.
რამდენიმეჯერ ისინიც დაბრუნდნენ დანადანარ¬ტყამები თავიანთ ფიცარშემოლეწილ ყოფილ სათევზაო გემზე, რომელიც სახლის მაგივრობას უწევდა მათ, მაგრამ უფრო ხშირად დოკებში ძირს დაყრილ, თეთრ უნიფორმაზე სისხლმოთხვრილ მეზღვაურებს ტოვებდნენ.
კამათელთან საქმე კუკას ჰქონდა. გამხდარი კუკა, მეზღვაურების აზარტის გასახურებლად, სულს უბერავდა კამათლიან მუშტს, შემდეგ მკერდზე ირტყამდა და წელში წინ გადახრილი ისროდა. გათამაშებული უკმაყოფილების გასამჟღავნებლად, მჭიდროდ შეკრულ გრძელ თითებს ისვამდა ზიგზაგად წასულ მარცხენა წარბზე. არადა, სკამზე ზანტად წამომჯდარს რომ ეტყორცნა, მაინც იმას დასვამდა, რაც სჭირდებოდა. აუცილებლობის დროს ბეშის შუა წერტილებში ვერცხლისწყალჩასხმულ კამათელსაც შემოაცურებდა თამაშში.
არ ვიყავი მართალი, როცა ვთქვი, ორნი მუშაობდნენ-მეთქი. მათ თან ახლდათ შავი კატა, სახელად ბაზი-ბაზი. სწორედ მისი საკმაოდ შემონახული ბეწვის ფერებისას აძვრენდა ხოლმე კუკა გაკეთებულ კამათელს მუქი პიჯაკის მარცხენა სახელოში ამოქსოვილი პატარა ჯიბიდან. სულ იქ ჰქონდა, ახლოდან არ იშორებდა.
საჭირო მომენტებში ბეჭებში გაშლილი, მოხეული კოკა ერთვებოდა საქმეში და რაიმე მიზეზით ყურადღება თავისკენ გადაჰქონდა. ის ყოველთვის ყველასგან ერთი ნაბიჯით უკან ან განზე იდგა, ექსტრემალური ვითარებისთვის პოზიციებს ირჩევდა და მასიური ყბის გვერდულად მოქცევით თამბაქოს ღეჭავდა. მრგვალი დაჭმუჭნილი კეპი სახიფათოდ მოღიმარ თვალებამდე ჰქონდა ჩამოფხატული. ამ კეპის დახმარებით „ცინკებს“ აძლევდა კუკას: კეპის მოხდა თამაშის შეწყვეტას ნიშნავდა, — მოსაგები აღარაფერი აქვთო, კეფისკენ გადაწევა — ფსონის გაზრდას და ა.შ.
ბაზი-ბაზი შორიახლოს დაიარებოდა და დაკვირვებით უთვალთვალებდა მოთამაშეებს, სანამ კუკა ნაპირზე ამოგდებული გემის გვერდზე კამათლის მისარტყმელად მოქნეულ, მაჯაში ამოძრავებულ ხელს წინ გაისროდა და შედეგის ცდაში რამდენიმე წამი წელში მოხრილი შეშდებოდა.
როცა უყისმათო დღე იყო და ვერავის გამოიჭერდნენ, კუკა ახალშემოსული ტურისტული გემების მგზავრებს სანაძლეოებს სთავაზობდა, რომ მათ შეკვეთილ ციფრს დასვამდა ჰაერში ატრიალებულ, ჟანგიან რკინას მიხეთქებულ და მიწაზე დაყრილ კამათელზე. ასრულებდა. ხანდახან ვინმე აზარტული მგზავრი გამოიდებდა თავს სათამაშოდ, გაუგებარი მიზეზით გათამამებულს რომ მიაჩნდა, მოიგებდა, რომ ფორტუნა მისკენ არის და საერთოდ კაი ძველი გამოცდილი ვინმეა. ხშირად წაგებისგან სახეალეწილებს და გაკვირვებულ-განაწყენებულებს ატირებული ბავშვები და გაბრაზებული ცოლები მიადგებოდნენ, რის გამოც კუკა და კოკა დისკომფორტს განიცდიდნენ. ბაზი-ბაზიც ასეთ შემთხვევაში უსიამოვნოდ აიბურძგლავდა ტანზე ბეწვს, ცხვირს დააცემინებდა და მოშორებით გადიოდა.
ზემოთ ნახსენები მათი ერთ დროს „სათევზაო“ გემი, ნავების და სხვა საცურაო ტრანსპორტის გამტაცებლე¬ბისგან იაფად ნაყიდი, პორტთან ახლოს იდგა. ფსკერზე ფესვებგადგმული და ნიჟარებით გვერდდამშვენებული, სქელი ბაწრით ჰქონდათ მიბმული წყლისკენ გადმოხრილი პალმის ძირზე. მოზრდილი ტალღების დროს ზღვა აქეთ-იქით არწევდა გემს, დაუმაგრებელ ნივთებს ბორტიდან ბორტამდე ათრევდა. კუკასთვის და კოკასთვის ეს არ ქმნიდა უხერხულობას, არც ერთს არ აწუხებდა ზღვის დაავადება. მხოლოდ ბაზი-ბაზის გაუჭირდა თავიდან, როცა პატარა, ლურჯთვალება, ბურთივით კნუტი მთვრალმა კოკამ მარკიორს მოუგო „პირამიდის“ თამაშში. რად უნდოდა ეს კატა? უბრალოდ, მის კნეინას მოეწონა დახლს უკან, ბოთლებს შორის თაროზე მოკალათებული კნუტი. საბილიარდოდან გამოსულმა კოკამ რატომღაც აგინა თავის ქალს და ცალ მუშტში დატეული ბაზი-ბაზი გემზე მოიყვანა. რამდენიმე დღე ყურადღებას არ აქცევდნენ პატარა ცხოველს, ეგონათ, თავისით გაიკვლევდა გზას და წავიდოდა, მაგრამ ის ასეთს არაფერს აპირებდა, საკმაოდ ჯიუტად და შეძლებისდაგვარად ხმამაღლა ითხოვდა გამოკვებას.
თავიდანვე მაწაკი ხასიათი აღმოაჩნდა ბაზი-ბაზის. სასადილოდ გაწყობილ მაგიდაზე ახტომის მცდელობისას ხშირად იქიდან მოშორებით მოტყორცნილმა შეუპოვრობით ბოლო-ბოლო მაინც მოიპოვა საკუთარი ადგილი კუკასა და კოკას სატრაპეზოზე, მაგრამ არ თავხედდებოდა, რასაც გადმოუღებდნენ, იმას სჯერდებოდა. აუჩქარებლად, თანამესუფრეების თვალიერებით შეექცეოდა საჭმელს.
თანდათან შეეჩვივნენ კუკა და კოკა პატარა ცხოველს. მისი ფრთხილი, სანადიროდ გამიზნული გადაადგილებები გემბანზე და ხმაურიანი „მიაუთი“ წინა თათებზე დაყრდნობით გაზმორებები არ აღიზიანებდა მათ.
იმ დღეს, სანამ კუკა ორივე ფეხში თითო ტყვიას მიიღებდა ვიღაც მაღალი ქერა ბიჭისგან, რომელსაც უცნაური სახელი — ხაინა ერქვა, ის ნავის ცხვირზე იწვა, ბაზი-ბაზის ცალი ხელით კისრის ქვეშ ეფერებოდა და ზღვას უყურებდა. დიდი იმედის მომტან ზღვას, როგორც ადრე ეგონა, მაგრამ იმედმა არცთუ ისე გაუმართლა, რაშიც ზღვა არ იყო დამნაშავე. ხშირად ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით მიდიოდა, ოღონდ გზადაგზა (ტალღებ-ტალღებ) ზღვა თავის შტრიხებს უმატებდა — მკვეთრს, მძაფრს და ბოლოს მიზანს მიღწეული კუკა აღმოაჩენდა, რომ სისრულეში მოყვანილი ჩანაფიქრი დიდი ვერაფერი შვება იყო. ზღვის მიერ დატოვებული იარები რჩებოდა მხოლოდ, რომლებიც ადრე თუ გვიან ყოველთვის ხორცდებოდა. მარილიანი წყალი აჩქარებდა ამ პროცესს.
სივრცეების ცქერით გართულ კუკას და მის თეძოს¬თან წამოგორებულ ბაზი-ბაზის არაკეთილხმოვნად ჩაესმოდათ ანძის ქვეშ მძინარე, თეთრ დაკონკილ იალქანში გახვეული კოკას ხვრინვა. ფერებით მინაბულმა ბაზიმ მისკენ გაიხედა და წყალში ჩავარდნილ ღრუბელს მიამსგავსა, რომელსაც ხედავდა ხოლმე შორს ზღვაში, ზღვა რომ შხამიანი მწვანე ხდებოდა, ისეთ ამინდში. ღრუბელმა წყალში გაწოვა იცოდა, კოკასგან განსხვავებით.
— მიდი, გააღვიძე, — ხელი წაჰკრა კუკამ ბაზის. ზანტი ნაბიჯით მიუახლოვდა კატა მძინარე კოკას, ზედ აახტა და მისი თავის სავარაუდო ადგილსამყოფელთან კისრის წაგრძელებით „კრუუ“ დაიკრუსუნა. კვლავ მოასწრო, გასცლოდა კოკას მოქნეულ ტორს, ერთხელაც ვერ მოარტყა. „დავახრჩობ ამ კუდიანს!“ — აბობოქრდა თეთრი იალქანი. გაღვიძება არ იყო კოკას საყვარელი გართობა. სიზმრული ტალღების შხეფების შეშრობას დრო სჭირდებოდა. ნაჭრიდან გამომძვრალი ჯერ კეპს დაიხურავს და მუხლებზე ხელებშემოჭდობილი იჯდება რამდენიმე ხანს, მერე წყალში გადაეშვება და ძილში განცდილი განწყობილების გახსენებას შეეცდება ცურვისას. ცურვისას კარგად ფიქრობ. სწორი სუნთქვისას „სწორი“ ფიქრები იკვლევენ შენამდე გზას. სიზმრებიდანაც საჭირო ფრაგმენტები და სურნელები ტივტივდება, იფილტრება ათასი ხარახურიდან და კარგი მოკარნახეა. ყველას ინდივიდუალური სუფლიორი ჰყავს. კოკას საკუთარის ჩურჩულიც ესმოდა.
მოაპობდა შემხვედრ ტალღებს კოკა, მოსმის შემდეგ გამოყოლილი აბლანდული, სხეულში უმისამართოდ მიმოფანტული შეგრძნებების დაფასოებას ცდილობდა. ერთი იყო — დიდ გუნდად შენიღბულიყო, ტვინს ბურუსად მოსდებოდა და ცნობისმოყვარეობის უჯრედებს ეხახუნებოდა. ჯერ მისი სახელი ვერ დაეკონკრეტებინა კოკას. ყველა ნასროლი ანკესი უმისამართო აღმოჩნდა. წვრილმანებს ვერ კიდებდა კაუჭს, უსხლტებოდნენ, არადა, ისინი არიან მთავრამდე მიმყვანები, ან თვითონ არიან მთავრები. დეტალებს, სწრაფად ცვალებად სურნელებს, ერთ მთლიან უფორმო მასად აღიქვამდა. რამდენიმეჯერ შეტოპა, სცადა ამ რძისფერ მასაში შევარდნა, მსგავსად აღმოსავლური ცხენისა, რომელსაც მზის ჩასვლისას თავდამძიმებული კანაფის ყანაში შეაგდებენ საჭენაოდ, რათა მერე გაოფლილს და აქაფებულს „პილცა“ ააფხიკონ ორთქლიანი ტყავიდან. ეს ნაღებია ხოლმე... დაარტყა ცხვირში წყალმა, სასუნთქი არხებიდან მოლეკულებად დაიფანტა ტვინის, გულ-მუცლის და სხეულის უჯრედოვან ქსოვილებს შორის. თვალებიდან ცრემლები წამოვიდა... შენიღბულ გუნდაში დრო დაბუდებულიყო, მოკლეჰორიზონტიანი, წრიულბრუნვადი, ხელგაშვე¬ბული დაჭიმული „ჟგუტი“. საიდან დაილექა მასში? კოკას დრო არ ადარდებდა. უნდა გრძნობდე, როდის რა გააკეთო, — მიაჩნდა მას. უკვირდა იმ ორი ხმამაღლა მოკამათე კაცის, გუშინ რომ ნახა ხიდზე შეჩერებული და ნერვიულად მოსაუბრე (ეტყობა, მათგან ჩარჩა). ერთი ამბობდა, დრო ფულიაო. მეორე — ფული მომეცით, დრო ვიყიდოო. ან ისეთი ყოფნა რად გინდა, რომ დრო „სჩოტჩიკზე“ ჩართო, ან ამ უზომოდ გაწელილ დროში რისი გაკეთება ვერ უნდა მოასწრო, რომ დამატებითი წუთები მოითხოვო?..
გემის ცხვირიდან ჩამოკონწიალებული თოკით ამოძვრა უკან. მძიმედ ახტა-დახტა, წყალი ჩამოიფერთხა და გასაშრობად თავის იალქანში გაეხვია. ბაზი და კუკა ისევ გემბანზე იწვნენ.
— გუშინ პორტში მითხრეს, მატერიკიდან სამხედრო გემებს აგზავნიანო, — ზურგს იმშრალებდა კოკა.
— ჰო, მეც გავიგე, — უპასუხა კუკამ.
— თუ ეგრეა, აქ აღარ დაიდგომება.
ბაზი საუბრით დიდად ვერ დაინტერესდა, კუკას ფეხებს გადაახტა და ქალაქში წავიდა სახეტიალოდ.
— საღამოს შვიდზე დოკებში იყავი, — მიაძახა კატას კუკამ.
— ჯერ დრო არის, — თქვა კოკამ...


კოკამ მთვარიან ღამეს გადააყვანინა დაჭრილი კუკა მეთევზეებს კუნძულზე ნაცნობ ქირურგთან. საიმედო ადგილია, არაერთხელ გამოცდილი. ნავი კანოეს ტიპისა იყო, გრძელი და ვიწრო. ერთი მეთევზე თავში იჯდა, მეორე ბოლოში, თითო ნიჩაბი ეჭირათ ხელში და ნავის სხვადასხვა მხარეს სამ-სამ მოსმას აკეთებდნენ, მერე მხარეებს ცვლიდნენ. მათ შორის კუკა იწვა. ციებ-ცხელება ტანჯავდა. მაღალი სიცხისგან კანი გამოუშრა, ღარებად დაუსკდა და წყალში დასველებული ხელისგულის შეხებისას გახურებული შუბლი ხრიოკ უდაბნოდ წარმოედგინა. ვეღარ ცნობდა საკუთარი შუბლის ლანდშაფტს. წითელ ბორცვიან უდაბნოდ ქცეულიყო ის, სადაც გიგანტი აქლემები დაიარებოდნენ და ქვეწარმავლები დასრიალებდნენ. უდაბნოში დასადგურებული ყრუ სიჩუმე შავი ციდან გრუხუნით წამოსულმა ვიღაცის ხმამ დაარღვია. მშრალი ქვიშა ქარბორბალად დაატრიალა... მეთევზეების ხმა იყო. ისინი ჩრდილოეთის კუნძულების შესახებ საუბრობდნენ, იმ ადგილების შესახებ, სადაც წლის უმეტესი ნაწილი თოვლი მეფობს და ოკეანემდე ჩამოღწეულ ტყვიისფერ ცაში მიუჩვეველი ყურისთვის შემზარავი კივილით დაფრინავენ დიდი თეთრი ფრინველები.
— შენ ნამყოფი ხარ ჩრდილოეთში? — ჰკითხა მეთევზემ კუკას.
კუკა ნამყოფია ჩრდილოეთის კუნძულებზე, ერთ ვაჭარს გაჰყვა ბეწვეულის ჩამოსატანად. იქაურობა თეთრი და მწვანე ფერის ლაქებად აგონდება და მუნჯი გოგოს, ევას, ამოტეხილ ყინულებში მოქცეული წყალივით მელნისფერი თვალების ფერად. ევა ერთ-ერთ კუნძულზე ნახა. ნაპირზე დაშვებულ ფრინველებს გაყინულ თევზებს აჭმევდა. მამამისი მათ გემზე იყო ამოსული. ხის ფეხი გემბანზე დაყრილ ქურქებზე ედგა, დაბლა დაშვებულ ხელში კრიალოსანს ათამაშებდა და ვაჭართან საუბრისას ხმამაღლა იცინოდა.
...თოფგადაკიდებული კაცი თავდახრილი მიდიოდა ღრმა თოვლში. სუნთქვისას ღრუბლების გუნდები ხრიალით გამოსდიოდა პირიდან. მის ტანსაცმელს ცეცხლის სუნი ასდიოდა... კაცმა იღრიალა, სისხლიანი ხელი წვერზე მოისვა, ზედ მიყინული თოვლი წითლად ჩამოდნა. თავისივე დაგებული ხაფანგი, დავიწყებული, არც ახსოვს როდის დანაღმული, ჩაჟანგული კბილების ღრჭიალით უმსხვრევდა ძვლებს მუხლს ქვემოთ... თოვლი ფომფლო და ფხვიერი იყო. მის ტანსაცმელს ჭრილობაზე აკრული ფიჭვებისა და ძირს ჩამოყრილი ფოთლების სუნი ასდიოდა... „ევა, არ დაიბნე“, — უთხრა სახლამდე მიღწეულმა თავის შვილს. ევა არ დაბნეულა. ბუხართან ახლოს, დაბალ საწოლზე მოთავსებულ მამას სპირტიანი სასმელი დაუდგა ბოთლით. თაროზე შემოლაგებული ქილებიდან გამხმარი ბალახები ხის თასში ჩაყარა მოზომვით და დაფქვა, მერე მოყვითალო სითხეში გააზავა, ერთმანეთში აურია, ნანადირევის საჩეხი გრძელი დანა ცეცხლზე გააცხელა. კაცმა დიდი ყლუპებით ჩაცალა ბოთლი. თვალები აემღვრა. ევამ ხის ნაფოტი ჩაუდო კბილებს შორის. გოგომ მუხლს ქვემოთ მოსხიპა მყესებზე დაკიდებული გაშავებული ფეხი...
ვაჭრობის დასრულებისას ევაც ამოვიდა გემზე. მამას ბეწვეულში გაცვლილი სანოვაგის ჩაზიდვაში ეხმარებოდა. მშობელთან საუბრისას ის არ იყენებდა მუნჯისთვის სპეციფიკურ ჟესტებს, სათქმელს ერთმანეთს თვალებში ჩახედვით უზიარებდნენ. მამა-შვილი კარგად ირჯებოდა. მეზღვაურებიც ეხმარებოდნენ. კუკას კაი ხნის მობეზრებული ჰქონდა ეს ცივი მხარეები, ყინულებისგან გემის ბორტების გაფხეკა და კუნძულზე მოხვედრისას ატეხილი გაცვლა-გამოცვლები. მზე და სითბო იხმობდა მას. გემბანზე გამოსული მოწყენილი აკვირდებოდა ფორიაქს. „კაი ყისმათზე უნადირია ამ ცალფეხას“... ჩასაზიდი კიდევ ბევრი იყო. ევა მძიმე ტომარას მიექაჩებოდა. კოკა დაეხმარა და ნაპირზე ჩაატანინა. ევამ მადლობის ნიშნად შეხედა. მას მარადიული სიმშვიდე ჰქონდა თვალებში. მაგ მიკარგული კუნძულიდან შორს, ათას ხათაბალაში მოხვედრილი კუკა ბევრჯერ დაბრუნებულა ამ მზერასთან და ყოველთვის მხნეობა და თანადგომა შეუგრძვნია. და ახლაც, ტორტმანით მცურავი ნავის ფსკერზე წოლისას, ევამ ჩააქრო მისი წითელი უდაბნოები.
— ახლა დინება წამოვა და გავყვეთ! — თქვა ისევ იმ მეთევზემ, რომელიც ჩრდილოეთით იყო დაინტერესე¬ბული.
„დინებას გაყვე“ — უარყოფითი მნიშვნელობით იხმარება ხშირად ნაპირზე. ნათქვამს აედევნა ფიქრებით კუკა.

* * *
კოკამ და ბაზი-ბაზიმ ამ ამბის მერე საცხოვრებელი მიატოვეს და ბებერ მევახშესთან, რომელთანაც დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, ქალაქის გარეუბანში გადაბარგდნენ. მევახშემ ზედმეტი გამოკითხვის გარეშე ზედა სართულზე ოთახი გამოუყო მათ. კოკა გააფრთხილა, კლიენტებთან არ გამოჩენი¬ლიყო — ათასი ჯურის ხალხი დაიარება აქ, ბაზიც რომ გამოკეტოს, უმჯობესია, რადგან მასაც ბევრი იცნობს.
კუკას გამოჯანმრთელების მოლოდინში კოკა და ბაზი ვიწრო, ზამბარებიან ლოგინზე კოტრიალით და ფანჯარაში ყურებით კლავდნენ დროს. კოკას ზანტი, აუჩქარებელი მოძრაობების შემხედვარე ბაზი მიხვდა, რომ ისიც კოკას მოძრაობის სიჩქარეზე უნდა გადაწყობილიყო, პორტიდან უკუსვლით გამავალი გემის ტემპი უნდა აეღო, რადგან, სავარაუდოდ, დიდხანს მოუწევდათ ჭერგაყვითლებულ ოთახში ყოფნა და ამ პატარა სივრცეში საჭირო იყო არმოსაწყენი საქმეების გამოძებნა, რაც ლოგინის ქვეშ ზამბარებზე თათების რტყმისგან გამოწვეული გაწელილი ბგერების სმენით და რაფაზე მზეს მიფიცხებით გამოიხატა. ბაზის არ ხიბლავდა იატაკზე და კედლებზე მრავლად მბობღავი მწერების წვალება-განადგურება და მათგან ჭუჭყიანი ლაქების დატოვება, როგორებიც ხშირად რჩებოდა კოკას ფეხის დადგმის, ხანდახან დარტყმის ადგილზე.
ფანჯარაში სამსართულიანი სახლი ჩანდა, გვერდითა ყრუ კედელზე ხარაჩოები ჰქონდა მიდგმული. ეს შენობა კოხტა რიტას ეკუთვნოდა. პირველ სართულზე საცეკვაო იყო გახსნილი, სადაც ზღვიდან გამორიყული თუ ზღვას გამოქცეული კაცები და ქალები იკრიბებოდნენ. მეორე და მესამე სართულებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
რიტას ჩახლეჩილი ხმა და ერთი ცუდი თვისება ჰქონდა — საუბრისას მოფერებით ლოყაზე გჩქმეტდა. მისი ცუდი მხარეების ჩამოთვლა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ კოკას სულ სხვა რამეები ახსენდებოდა რიტას¬თან დაკავშირებით. მოგონებებით გართულმა კოკამ გვერდით წამოგორებული ბაზის წაკრუსუნება დაცინ¬ვად მიიღო. რიტას მარჯვენა მკერდის ქვეშ იარა აქვს, თხელი-თხელი, რომელიც ძუძუს მომრგვალებას გაუყვება...
„კრუუ“ იყო ბაზი, და აღმოჩნდა ბაზი ლოგინის ქვეშ. რიტას თავისი შესაძლებლობებით თავისუფლად შეეძლო მდიდრულ რაიონში გადაბარგება, მაგრამ მან ღატაკ გარეუბანში არჩია დარჩენა, რომლის ქუჩებში უპატრონოდ გაიზარდა და გამოიბრძმედა. სანტიმენტები ნაკლებად აწუხებდა რიტას, უბრალოდ, აქ კარგად მოიკიდა ფეხი, რამდენიმე „პრესტიჟული დაწესებულება“ გახსნა და წარმატებით მართავდა მათ. რიტას ხელგაშლილობას ვერ დააბრალებდი: „მიდექი-მოდექი და უშველე თავს“, — ურისხდებოდა იგი მთხოვნელებს. მრისხანებაც როგორ უხდებოდა... ბაზი, ხმა! მოკლედ, იმ ერთადერთი ღამის გარდა, კოკას ხელმეორედ აღარაფერი გამოსვლია. არ ღირს გახსენება და ნერვების მოშლა, მაგრამ მოდი და ნუ გაიხსენებ, როდესაც დღეში რამდენიმეჯერ ხედავ ამ ქალს შენი ფანჯრიდან და მისი გემრიელად ვერშესწავლილი სხეული გიდგება თვალწინ. რიტა საცეკვაოს წინ გახსნილ კაფეში გამოდიოდა ხოლმე და ხარაჩოებზე მომუშავე გოგოს ძირს ჩამოსვლას და საჭმლის ჭამას სთხოვდა, სთხოვდა კი არა, ეჩხუბებოდა: „სულ არაფერს არ ჭამს ეს ბავშვი!“ ის გოგოზე ზრუნავდა. გოგოზე, რომელიც ხარაჩოზე ცხოვრობდა და ხატავდა. გოგოს ბიჭივით ჰქონდა შეჭრილი თმა, გახსნილი სამართებლის ფორმის ჭაღარა ლაქით კეფაზე. ის კედელზე ხატავდა. ხატავდა მზიან სივრცეში მფრინავ კაცებს, ქალებს, ვეშაპებს და მწვანე ბოთლებს. ბოთლები იქნებოდა ხუთლიტრიანები, კოკამ შორიდან ამგვარად გაზომა. გოგო ბევრს მუშაობდა. ხანდახან თუ ჩადიოდა კაფეში საჭმელად, ისიც, როგორც ვთქვი, რიტას დაჟინებული მოთხოვნით. რიტა საუკეთესო კერძებით და წითელი ღვინით უმასპინძლდებოდა მას, ხილს და თბილ ტანსაცმელს ხარაჩოზე უგზავნიდა მსახურის ხელით. კოკას არ გაჰკვირვებია რიტას ყურადღებიანობა უცხო ადამიანის მიმართ. ეტყობა, ეს გოგო უცნაური ღიმილით, კეფაზე ჭაღარით, მფრინავი ნახატით ან ვინ იცის რით, შეეხო რიტას მზიან მხარეებს.
გოგო იშვიათად წყვეტდა მუშაობას. მოსაწევად თუ ისვენებდა — ჩამოჯდებოდა ხარაჩოზე, გრძელ ფეხებს გადმოკიდებდა ძირს და აბოლებდა. დაბნელებისას იქვე შლიდა ლეიბს და ნაჭერგადაფარებული იძინებდა ზედ. მან მხოლოდ ერთხელ გამოხედა კოკას და ბაზის ფანჯარას. ხარაჩოზე იდგა და დაძინების წინ ბოლო ღერს ეწეოდა. რაფაზე გასაგრილებლად წამოწოლილ, სახურავებს შორის გაჩხერილ მთვარეს მიშტერებულ ბაზი-ბაზის და მის გვერდით სკამზე მჯდომ კოკას მოჰკრა თვალი. ცოტა ხანს უყურა, გაეღიმა, ხარაჩოს კიდესთან მივიდა, წყალში მხტომელივით გაშალა ხელები, ქუსლები შეაერთა, ცერებზე წამოიწია, მკლავები ყურებამდე მიიტანა, მერე წამოიძახა რაღაც და მოწყვეტით ჩაჯდა ცალ მუხლზე. სიგარეტი ისევ ხელში ეჭირა, ნაფაზი დაარტყა და ნამწვი მათი ფანჯრისკენ ტყორცნა.


— არ გახვიდე, დაგცხრილავს! — მითხრა ანეტამ. ლოგინზე წამომჯდარს საბანი ისე აქვს ტანზე მოხურული, რომ ცალი მკერდი უჩანს. იცის, მომწონს მისი ეს ნაწილი. სხვა ნაწილებიც მშვენიერი აქვს, მაგრამ მორჩა, ისედაც დიდხანს შევრჩი... „დაგცხრილავს“ მაზალო სიტყვაა. უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, მინახავს დაცხრილული. მართალია, ამჯერად სეტყვაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რა იცი, რა ჩააქსოვა ამ სიტყვებში შეურაცხყოფილმა ქალმა, რა ბნელი (შავი) სურვილებით დაამძიმა. ანეტა რკინის საწოლის მოაჯირს მიეყრდნო ბეჭით, ნაწყენ მზერას არ მაშორებს და ხშირ-ხშირად აფახულებს თვალებს. ჯერ იმედი აქვს, რომ შეიძლება არ წავიდე, გადავიფიქრო (ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე დღეში თვითონ წავა), მაგრამ სულ მალე ეს ფართოდ გაღებული ნაწყენ-გაკვირვებული თვალები ბოროტად დაეწკურება, ჭორფლიანი პატარა ცხვირი ბრაზისგან კიდევ უფრო აეპრიხება და ანეტა სეტყვის როლის შემსრულებელია ჩემივე ნაჩუქარი „ვალტერის“ მეშვეობით. სეტყვა იშვიათი ხილია ბუნებაში და რაღა მაინცდამაინც ახლა წამოვიდა, როდესაც გარეთ უნდა გავსულიყავი, აქაურობას მოვშორებოდი. ანეტასკენ არ გამიხედავს, ლოგინთან მოგორებული მაგიდიდან ბროწეული ავიღე და გასასვლელისკენ წავედი. მარცხენა ხელში მოქცეულ ბროწეულს ცერა თითით ვბეჟავდი, ისე, რომ კანი არ გამსკდარიყო. სხვა ბროწეულის კანი გასკდა კედელზე. ყუმბარასავით ჩამიქროლა თავთან და კარის გვერდით აფეთქდა.
გარეთ გამოსულს, არცთუ მცირეკალიბრიანი სეტყვა დამხვდა. ანეტას სახლის შორიახლო დავდექი ფართო აივნის ქვეშ და წინა კბილებით ბროწეულზე ატკეჩილი ადგილიდან წვენს პირში ვიწურავდი. აივნიდან ვიღაცამ სიგარეტის ნამწვავები გადმოყარა. გამახსენდა, ამ აივნის პატრონზე ანეტა ამბობდა: „არ უდგება“. „შენ რა იცი?“ „მთელმა უბანმა იცის, ცოლი მორალურად გამართლებულია და აშვერილი აქვს ფეხები“. „ალბათ, უფრო ფიზიკურად გამართლებული.“ „ფიზიკურადაც არა უშავს, ფეხებს ვგულისხმობ.“
უყვარს ანეტას ტლიკინი.
მოსმენაც იცის.
ბოლოს, რაღაცაზე აღრენილი ვბრაზობდი, რომ ისე არ ხდება ამბები, როგორც საჭიროა. „შენ რა, ღმერთზე კეთილი ხარ?“ — დამცინა. „შენ რა იცი ღმერთის?“ — გავხედე. „მე ღმერთი ვარ“, — სწრაფად და თავხედურად მიპასუხა. აბრეშუმის ღამის პერანგი ეცვა და დოინჯშემოყრილი ფანჯარაში აბოლებდა.
ანეტამ იცის ღმერთი. ყველამ იცის, თავისებურად. ლაზარეთში რომ აღმოვჩნდი ფერდგადახსნილი, გოგო იწვა ჩემ გვერდით. მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა, კეფაზე ბუმერანგის ფორმის ჭაღარა ლაქით. შიგადაშიგ აზრზე მოსული, კისერთან გატეხილი ღილით შეკრულ თეთრპერანგიან მის ზურგს ვხედავდი მხოლოდ. სახით ჩემკენ არ გადმობრუნებულა. ახალი გაკერილი ვიყავი და ცამეტი ნაკერი არ მაძლევდა საშუალებას, წამოწეულს მისთვის დამეხედა, უფრო სწორად — მიმეხედა. „ღმერთო, სად მიმყავხარ!.. ღმერთო, სად მიმყავხარ!“ — თქვა რამდენიმეჯერ. ის ღმერთს უფრთხილდებოდა. ვიცოდი, რასაც აპირებდა, მაგრამ მე თვითონ სად აღმოვჩნდებოდი, ჯერ გაურკვეველი იყო. ლაპარაკის ძალა არ მქონდა და მცირე ხნით ვბრუნდებოდი აქეთ. დიდხანს შევრჩი ამ კუნძულებზე და მაგის შედეგია ლაზარეთში მოხვედრა.
ანეტასთან ერთად ვიჯექი კაფეში, ზღვის პირას. „ყველა კაცს სჭირდება ბუნაგი“, — ამბობდა ანეტა. ეტყობა, მოუსვენრობას მატყობდა უკვე. „ღუზების ჩაშვების დრო არ უნდა ააცილო, თორემ მოგწყვეტს ნაპირს, შუა ზღვაში შეგითრევს და თავის ნებაზე გახეტიალებს“... ასეთ რამეებს ამბობდა. ანეტა ხშირად იცვლიდა შეხედულებებს. ერთი დღით ადრე მეჩხუბა, რომ თავშესაფრის ძებნაში, ეს ცხოვრება (ჩემი) უცბად გაილევა და საუკეთესო შემთხვევაში (თუ სიბერემდე მივაღწიე), აღარაფრის მაქნისი, ვინმეს დანაოჭებულ ძუძუებზე მოვისვენებ. ცუდი პერსპექტივა დამიხატა, მაგრამ მე გამეცინა — ქალებს ჩვენს ნავსაყუდელად თავიანთი მკერდი მიაჩნიათ ხოლმე, სადაც ჩვენ ვმშვიდ¬დებით და ზედმეტი ბრძოლებისგან ვთავისუფლდებით. „ჩვენ (ქალებს და კაცებს) სხვადასხვა რამის გვეშინია, — აგრძელებდა ანეტა, — ქალი შიშებთან ამყარებს კონტაქტს, კაცი კი ებრძვის და მოუგებელ ომში ეხვევა“... „არ გამეხსნა ასე! ნუ გეშინია, მე არ მოგბეზრდები!“ ამგვარი საუბრის დროს კაფეში ჯიბა გამოჩნდა. ხაინ, შენ გეძებო, მითხრა და ანეტასთან ბოდიშის მოხდით გვერდით გამიხმო. ჯიბას გემ „კიბორჩხალადან“ ვიცნობდი. უფროსობასთან უთანხმოების შემდეგ გავიქეცით იქიდან. ერთხანს ერთად ვიყავით, მერე ჩვენი გზები გაიყო. მივხვდი, რომ შარს გადაჰყროდა. ცალი თვალი დაძაბულად დაურბოდა, მეორეზე მარლა ჰქონდა აკრული. ერთ-ერთ ბარში ვიღაც ორ ყომარბაზთან, რომელთაც ერთნაირი სახელები ერქვათ, „მეტ-ნაკლები“ უთამაშია. მათ კიდევ კატა ახლდათ, მაგის შავი თარსი დედა, ვერა და ვერ მოაშორებინა იქიდან, ეს ჩვენთან ერთად არისო. შუა თამაშში ჯიბას კამათლის შემოწმება მოუთხოვია, კატის ფერების დროს რომ გამოაძვრინა გამხდარმა მოთამაშემ სახელოდან. მოგეჩვენაო, მიუგიათ მათ, რასაც შელაპარაკება და მერე ჩხუბი მოჰყოლია. ჯიბამ ვერც დაინახა, რომელმა მათგანმა დაუსვა დანა. ჯიბას თან გამოუცდელი ბავშვი ახლდა. შიშისგან არც განძრეულა... ჯიბას ღმერთი მის წინაშე მუდამ დამნაშავეა. რა? მეტის ღირსი არ არის ჯიბა, უფრო იღბლიანი, შეძლებული და ნაკლებნატანჯი რომ იყოს? ყველაფერი-ყველაფერი, მაგრამ ეს იარა სიფათზე ზედმეტი იყო. პასუხია მოსათხოვი და საერთოდ, ღმერთი თუ არ დაეხმარება (არც არასდროს იწუხებდა ამით თავს), ის თვითონ აიღებს ასაღებს, როგორც აკეთებს ბავშვობიდან. მოკლედ, მას რომ ახლდა, ის ბიჭი პორტში გადაყრია ყომარბაზებს და შეხვედრაზე შეთანხმებულან. ჯიბა მარტოა (იმ ბავშვს ხო არ წაიყვანს), თორე მე არ შემაწუხებდა. გაუგია, რომ კუნძულებზე ვარ და მომძებნა. მომიბოდიშა ბოლოს. უნდა გავყოლოდი. საღამოს შვიდზე დოკებში უნდა შევხვედროდით. ანეტა მაგიდასთან აღარ დამხვდა. ქაღალდის ნაგლეჯზე, რომელიც ლუდჩარჩენილი კათხის ქვეშ ამოედო, ეწერა: „შენ ღმერთები დაგცინებენ“... რას გულისხმობდა, არ ვიცი. იმ დღეს მთხარეს ფერდში დანა. მერე აღარ მიკითხავს...
საღებავაყრილ, ძირგახეულ გემთან შევხვდით ერთმანეთს. მე და ჯიბას ცოტა ადრე მისვლა და ცდა დაგვჭირდა. მალე ისინიც გამოჩნდნენ. ერთი მოხეული იყო, თივის ზვინივით, თამბაქოს ღეჭავდა ოთხკუთხედი ყბით, მეორე — თხელი და მაღალი, მარცხენა ხელს არ იღებდა მუქი პიჯაკის ჯიბიდან. ის შავი კატაც ჩვენ გარშემო დაიარებოდა. მათაც, თავიანთი კატის მსგავსი, ზანტი, მაგრამ მოზომილი მოძრაობები ჰქონდათ. ვხვდებოდი, რომ ჩემი ფრაზები მათი ყურადღების მიღმა რჩებოდა და პიჯაკის მარცხენა ჯიბეზე მქონდა გამახვილებული მზერა. მოხეული თავისი მეგობრისგან მარჯვნივ და ოდნავ უკან იდგა, კეფაზე გადაწეულ კეპს აწვალებდა. ჯიბა ზედმეტად დაძაბული იყო. თხელმა თვალები ცერად დახარა ძირს და ხელის ამოღება დააპირა. დავასწარი. ორივე ფეხი ცხრა ნომრის ტყვიებით დავუზიანე. ჯობდა, მოხეულისთვისაც გამენაწილებინა, — სწორედ მისგან მივიღე ნეკნებში. ჯიბას ჩემზე უფრო არ გაუმართლა, ფეხებში დაჭრილმა მოთამაშემ დავარდნისას მოასწრო ჯიბიდან გასროლა. ტყვია გულში მოხვდა ჯიბას.
სამ თვეზე მეტი ვიწექი ლაზარეთში. რომელიღაც სკოლის საავადმყოფოდ გადაკეთებულ სპორტულ დარბაზში. ხუთ მწკრივად ჩალაგებულ ხის ლოგინებზე სხვადასხვა სენით შეპყრობილი პაციენტები იწვნენ. ანეტა მივლიდა.
ერთ დილას ვერცხლისხაზიანი წითელი ლაქები დაცურავდნენ ლაზარეთში, ცალ-ცალკე, მიმობნეულად. შემდეგ მაჯის სისხო ნაკადად შეერთდნენ და ფანჯარაში გაფრინდნენ. ვენებგადაჭრილი გოგო პირგაკერილ ტომარაში ჰყავდათ უკვე მოთავსებული. მე მისი სახე ვერ დავინახე.
გამოჯანმრთელებულს არეულობა დამხვდა კუნძულებზე. მატერიკიდან გამოგზავნილი დიდი გემები მოსდგომოდნენ სანაპიროს — წესი და რიგი უნდა დავამყაროთ აქო. ცხოვრების სწორი გაგება უნდა გასწავლოთო, ისე, როგორც ადრე ცხოვრობდით, დრომოჭმულია და მცდარი, დაგვიჯერეთ და გაჩვენებთ არსებობის მართებულ გზებსო, მოუწოდებდნენ კუნძულის მობინადრეებს. უფრო კი აიძულებდნენ.
მე, პირველ რიგში, ორი ერთნაირსახელიანი მოთამაშე მოვიკითხე. რამდენიმე კვირის წინ გემზე ამსვლელებში დაუნახავთ პორტის მტვირთავებს. ერთი ყავარჯნებზე ყოფილა ამხედრებული. შავი თარსი კატაც თან ახლდათ.
სეტყვამ გადაიღო. თითქმის მოვედი. კოხტა რიტამ (ანეტას მეგობარი ქალია) მეთევზეებს უნდა შემახვედროს, რომლებიც კარგ ფასად, დიდი გემების გვერდის ავლით, აქედან გამიყვანენ, თორემ კუნძულებზე შემოსვლა და აქედან გასვლა წესისა და რიგის დამამყარებლებს აუკრძალავთ. აი, რიტას საცეკვაო დარბაზიც. მოხატული კედლით იცნობო, მფრინავი ბოთლები, ადამიანები, ვეშაპები, კაცი და კატა ფანჯარაში, არის დახატულიო. კარგი საღებავით დაუხატავთ, წვიმამ და სეტყვამ ვერ წაშალა, პირიქით, მოუხდა კიდეც. დაჩუტული ბროწეულის ქერქი ჯერ დაუმდნარ თეთრ ბურთულებზე დავაგდე და გუბეს გადავახტი.
საით მიმყავხარ, ღმერთო?!

სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
არ მეგონა თუ ჩემი ნიკი ვინმეს გაახსენებდა ამ მოთხრობას................

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
“ნემეცკი შჩოტი“
შოთა ჩანტლაძე
ელენე იყო 55 წლის ქვრივი. მის ერთადერთ ოთახში ბინადრობდა თვითონ და ორი მსუქანი კატა. იგი ქმრის პენსიით ცხოვრობდა და სხვა არავითარი შემოსავალი არ გააჩნდა. ამ სართულის ყველა ბინადარი ქალი ელენესთან იყრიდა თავს. ეს ხდებოდა საღამოს, როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ ისინი. იმართებოდა ლოტოს, ნარდისა და კარტის თამაში. იყო მხიარულება და სიცილი. ქალური აზარტი და მონდომება. თითქმის ყველა მათგანი მსუქანი იყო. თითქმის ყველა მათგანი სათვალეს ხმარობდა. მათი თქმით ახალგაზრდობაში ყველანი ლამაზები იყვნენ და ყველას შეუფერებელი ქმრები ყავდათ. ისინი ისხდნენ და თამაშობდნენ ლოტოს, კარტს და ნარდს. უფრო კი ნარდს. ისინი გვიან ღამემდე არ წყვეტდნენ თამაშს და თუ შეწყვეტდნენ, მაშინ იმართებოდა დავა მოგებულსა და წაგებულს შორის. ეს ზოგჯერ იქამდე მიდიოდა, რომ ისინი სიტყვის დასამტკიცებლად, ისევ ანახლებდნენ თამაშს. ამ დროს თამაშს მეტი ინტერესი ქონდა. თამაშობდა ორი. დანარჩენები დაძაბულად ადევნებდნენ თვალს, სათვალეები მისდევდა კამათლებს. კამათელი გორდებოდა გულიდან, კამათელი გორდებოდა გულში, კამათელი ტრიალებდა როგორც ბედი. კარნახის უფლება არავის არ ჰქონდა, მაგრამ დიდია ცდუნება აზარტის დემონის. — შაშის კარები ჩაკეტე, ისმოდა მითითება. — ასე მომიგებთ, აბა, რა იქნება, — იყო პასუხი. ხანდახან იმართებოდა ასეთი დავაც — შაში ჩარი იყო! — არა დუშაში! — არა შაში ჩარი! ასეთი დავის დროს ავტორიტეტული სიტყვა ეკუთვნოდა იმას, ვისაც თამაშის დროს სათვალეები არ სჭირდებოდა. მთავრდებოდა თამაში. წაგებულს სიცილს დააყრიდნენ. წაგებული წითლდებოდა და იმუქრებოდა, რომ მეორე დღეს სასტიკ რევანშს აიღებდა. ბოლოს ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც მსახურობდა, მოიფიქრებდა სახლში წასვლას, შემდეგ სხვებსაც გაახსენდებოდათ საკუთარი სახლი და იშლებოდნენ. ასე ხდებოდა ყოველდღე. სხვა ბინადრებს უკეთესი ბინა ჰქონდათ, ვიდრე ელენეს, მაგრამ თავმოყრა მაინც ელენეს ბინაზე ხდებოდა.

ამის მიზეზი არა მარტო ელენეს სტუმართმოყვარეობა და მოცლილობა იყო, არამედ ის აივანიც, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა და კიდევ ერთი რამ, რასაც პატარა მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს იყო საკონდიტრო ნაწარმთა ქარხანა. ეს ქარხანა, კვირა დღის გარდა, ყოველდღე საღამოს რვა სააათზე, ამაყად ყიოდა და ბოლთან ერთად ამოჰქონდა ტკბილ ნამცხვართა საამო სურნელება. ამ სანატრელი წუთების მოლოდინში ქალები თამაშით ირთობდნენ თავს. ხოლო როდესაც 8 საათი დაჰკრავდა, ისინი თავს ანებებდნენ თამაშს და გადიოდნენ აივანზე. ქარხანა დაიყივლებდა და ამ ყივილს თან ამოატანდა თავის ტკბილსურნელებით აღსავსე სულს. იღვრებოდა სურნელი. იღვრებოდა და აბრუებდა გარემოს. ასე გრძელდებოდა 5 წუთის განმავლობაში. ამ დროს ქალები ისხდნენ აივანზედა დუმდნენ. თვალმილულულნი იყნოსავდნენ ტკბილ ნამცხვართა საამო სურნელს. მხოლოდ იშვიათად თუ წაიჩურჩულებდა ვინმე: „ახ, რა კარგია“, ,,чудо, იფ, იფ,“ — დამთავრდებოდა თუ არა ტკბილი წუთები, ისინი კვლავ ოთახში იყრიდნენ თავს და აგრძელებდნენ თამაშს. ასე ხდებოდა ყოველდღე.

ერთ გრილსა და მშვიდ საღამოს, როდესაც ნამცხვართა სურნელებისაგან დამთვრალი ქალები ისევ ოთახში მოგროვდნენ, ვარვარა ნიკიფოროვნას იდეა დაებადა:

— იცით რა, ქალებო, მე ერთი იდეა დამებადა, შევაგროვოთ ფული და ,,ნემეცკი შჩოტით“ ტორტი ვიყიდოთ!

— მშვენიერი აზრია! — წამოიძახა ვერიჩკამ.

— გვეყო ამდენი ყნოსვა, ერთხელ გემოც გავსინჯოთ! — აღშფოთებით წარმოსთქვა ლიზამ.

— ვიყიდოთ, ვიყიდოთ! ოღონდ კარგი ხარისხის და ყველაზე დიდი. აი, ისეთი ზემელზე, გასტრონომში, რომ იყიდება, — თქვა ანიკომ.

— ბოლოს და ბოლოს, თითომ 10 მანეთიც რომ დადოს, მაინც ვიყიდით! — დაასრულა ვარვარა ნიკიფოროვნამ.

ამ იდეამ ყველა აღაფრთოვანა. მეზობლებმა გადაწყვიტეს მეორე დღეს ტორტი ეყიდათ და დრო გაეტარებინათ. იმ დღეს ისინი გვიან ღამემდე ტკბილეულობაზე ლაპარაკობდნენ. ყველა მათგანი ამჟღავნებდა თავისი პირის გემოს და სურვილებს. გამოითქვა აზრი, რომ ტკბილეულობის დამზადება სახლში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მისი საკონდიტროში შეძენა. ეს აზრი ერთხმად იქნა აღიარებული. ბოლოს ისინი დაიშალნენ და თან წაიღეს ტკბილი მოლოდინი მეორე დღისა. მეორე დღეს მეზობლებმა თავი მოიყარეს. იყო საზეიმო განწყობა და ზეიმი. ოთახი ბრწყინავდა სისუფთავისგან. მაგიდას ამშვენებდა ახლად გარეცხილ და გახამებულ სუფრაზე ვაზაში ჩასმული ყვავილების თაიგული. მაგიდაზე იდო პატარა თეფშები ტორტისათვის. მაგიდაზეიდო დიდი თეფში ტორტით. დიდ ტორტზე იყო წარწერა: „შემჭამე ძვირფასო“. როგორც ტორტის ყიდვის იდეა, ისე ეს წარწერაც ვარვარა ნიკიფოროვნას ეკუთვნოდა. ამ წარწერამ საერთო მოწონება და მხიარული სიცილი გამოიწვია.

— „შეგჭამ ძვირფასო“,— იხუმრა ელენემ.

ამან სიცილი უფრო გააძლიერა. დგებოდა სანატრელი წუთები. ყველაფერი მზად იყო. ყველანი მზად იყვნენ, მაგრამ ისინი ელენემ შეაჩერა. ყველანი გაკვირვებულნი იყვნენ და რაღაცას მოელოდნენ. ელენემ დინჯად გამოაღო ბუფეტის კარი და შემდეგ მოსხლეტით გამოიღო და ხელში აიტაცა პატარა გრაფინი.— „ნალივკა!“ ვაშა! — წამოიძახეს მეზობლებმა. „ნალივკა“ მაგიდაზე დადგეს და პატარა ჭიქებიც გამოიტანეს.

— ეხლა კი ნამდვილი ქეიფი იწყება! — აღფრთოვანებით წამოიძახა ვერიჩკამ. — მობრძანდით მაგიდასთან! — გაისმა ელენეს მოკლე და თავაზიანი ბრძანება. ყველანი მაგიდას შემოუსხდნენ.უეცრად სინათლე ჩაქრა... ბნელმა მოიცვა ტორტი, ,,ნალივკა“, ყვავილების თაიგული და მთელი ოთახი. ბნელმა მოიცვა მეზობლები. სიბნელეში მხოლოდ მათი სათვალეები ელავდნენ. — რა დროს სინათლის ჩაქრობა იყო! — გაბრაზებით წამოიძახა ვერიჩკამ.

— მოვიცადოთ, ჩქარა აინთება! — დააიმედა მეზობლები ანიკომ. ისინი იდგნენ და ელოდნენ სინათლეს. ისინი მიშტერებოდნენ ელნათურას დაძაბული თვალებით.

— ელენე, ერთი ,,სპიჩკა“ მონახე, ლამფა ავანთოთ, თორემ შეიძლება სინათლე გვიან მოვიდეს! — სთქვა ვარვარა ნიკიფოროვნამ.

— ლამფის შუქზე რა გემო აქვს ჭამას? — იწყინა ანიკომ, ელენე ასანთის ძებნას შეუდგა. კარგა ხანს ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. ახლა ვარვარა ნიკიფოროვნა გავიდა თავის ოთახში ასანთის მოსატანად. როდესაც ვარვარა ნიკიფოროვნა ასანთით ხელში უკან ბრუნდებოდა, უეცრად სინათლეც აინთო და ოთახიც განათდა.

— ჩემი სიკვდილი! — წამოიძახა ელენემ. ყველამ თვალები მაგიდისკენ გაისროლა. მაგიდაზე იდგა ორი მსუქანი კატა. იდგნენ ეს კატები და შესცქეროდნენ სურნელოვან ტორტს. ერთი მათგანი ძალიან შავი იყო, მეორე კი ძალიან ნაცრისფერი. მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, ისინი ტორტისადმი ერთნაირ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. შესცქეროდნენ მას გულმოდგინედ და რაღაცას უპირებდნენ. მათ კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდათ. მათი თვალები ბოროტად აღარ იყურებოდნენ. ისინი საამოდ იზმორებოდნენ და თვალებში უმანკოება და სათნოება ჩაღვროდათ. ისინი ვეფხვებს აღარ ბაძავდნენ. ისინი ნამდვილი კატები იყვნენ. ისინი ძალიან საყვარლები იყვნენ. ცხადია, მხოლოდ იმათთვის, ვისაც ეს ტორტი არ ეკუთვნოდა. ხოლო ქალები კი ბრაზისგან ხმას ვეღარ იღებდნენ და თუ არა ელექტროსადგურის გეგმაზომიერი მუშაობა, ჩვენი ფისუნები ამ ტორტს ბოლოს მოუღებდნენ და ჩვენი ამბავიც სხვა სახეს მიიღებდა.

თუმცა ტორტი უვნებელი იყო, მაგრამ გუნება მაინც წახდა. ქალები შემოუსხდნენ მაგიდას და შეუდგნენ ტორტის შევიწროებას. ვერც ვარვარა ნიკიფოროვნას ხალისიანმა სიცილმა და მახვილმა ხუმრობამ, ვერც ელენეს თავაზიანობამ ვერ დააბრუნა სუფრაზე გუნება. ტორტი საოცარი სიზუსტით იყო განაწილებული.წარწერა რომელიც ტორტზე თეთრი კრემით იყო გამოყვანილი, ტორტის ჭამის დროს განაწილდა შემდეგნაირად: ,,შე,“ ,,მჭამე“, ,,ძვირ“, ,,ფასო“. ვარვარა ნიკიფოროვნამ „ძვირზე“ და ,,ფასზე“ მარილიანი ხუმრობა გამოაბა და ბუნება ოდნავ გამოკეთდა სუფრაზე. ქალების, როგორც მოწყენას, ისე გამხიარულებას დიდი მიზეზი არ სჭირდება და გუნება თანდათან დაბრუნდა სუფრაზე. ამაში ცოტაოდენი როლი ,,ნალივკამაც“ შეასრულა. სიხარული მწვერვალზე ადიოდა, როდესაც მიხურულ კართან გაისმა გარეთ დარჩენილი კატების საცოდავი კნავილი. ეს ოთახის სევდაა. ამ სევდამ დაიბუდა ყველა მათგანში. ვიღაცამ ამოიოხრა, გუნება წახდა. კატები დადუმდნენ. ოთახის სევდა იშლებოდა მათ სხეულში თანდათან, მაგრამ ქალების როგორც მოწყენას ისე გამხიარულებას დიდი მიზეზი არ სჭირდებოდა და გუნება ისევ დაბრუნდა სუფრაზე. ბოლოს, ქალები მორჩნენ დროს ტარებას და მხიარული სიცილით გააჩაღეს კარტისა და ნარდის თამაში. თამაში არაჩვეულებრივად ცოცხალი და აზარტიანი იყო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Mar 2008
Posts8
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზიზიკორე მალადეც კარგად აუდიხართ წერას 5-ანი ყველაფერში!.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
გოდერძი ჩოხელი
მგელი
გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.

-სად? - ეკითხება ცოლი.

- მგელთან.

- გადაირიე კაცო?!

- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.

გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.

- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
გიორგი ლეონიძე
თამარ!

რა ტკბილი არიან სასასა ჩემსა სიტყვანი ჩემნი - ოდეს კრძალვით ვახსენებ შენს გვირგვინოსანს სახელს, ჰოი, თამარ!

გაზაფხულს ესწორე და ვარდებში განეწესე: ყირმიზის იაგუნდის გაღიმებით სამშობლო გამინათე! შენი სახე - საქართველოს სანთელია, თვალმშვენიერო! ვაი მე! ვაი მე! საქართველოსთვის მხიარული დღე ვერ მიპოვნია; შენც უდაბნოს ვარსკვლავივით გაიელვე ლურჯ უფსკრულში და ვგოდებთ, რომ კვლავ ვერ შევესწრებით სხივთა დღესასწაულს... ჩვენ ვიცით, რომ ორჯერ ვარსკვლავი ვერ გაგვინათებს! - და კვლავ შეგნატრით, განუმეორებელო მზევ, გაზაფხულის ღელის ყვავილო!

აჰა, სამშობლო ჩემი, როგორც ანგელოსი სუსტ-ფრთებიანი, უიმედოდ აწყდება წყვდიადს, მაგრამ შენი შორეული სახე თეთრ-ვარდიან ბრწყინვალებით უნათებს აღთქმულს გზა-ბილიკს!

მოუვალ გზისკენ წარსულთან სამშობლოს ვარსკვლავები; ბრწყინვა და შარავანდედი შეახუნდა საქართველოს მზეს... არ გაიშალა ჩვენთვის სხივთა მარაო და დღეს მტრის შვილდოსნისგან დაკოდილი ქართლოსიანი სასოებით მხოლოდ შენ შემოგძახის: თამარ! ჰოი, თამარ!

ჰყვავის და ჭკნება საუკუნე; ჰყვავის მწუხრი და განთიადი, ხოლო სახე შენი ჰგიებს, დაუმჭკნარო, ღიმილის ელვით ოქროცურვილო...

საუკუნეთა ბინდში, მხოლოდ შენ გპოვა ერის სალამურმა, მხოლოდ შენ მოგკრა თვალი საქართველოს დედამ!.. და გიხმობთ შველად, თამარ! ჰოი, თამარ! - ივერია იავარ იქმნა!

მეც ძაძით შევიმოსე გული; მე ღამის სიჩუმეში ვარ - ღამეში ჩამარხული და სიჩუმით ვახსენებ შენს სახელს. მე არ მაგიჟებს დროშების ჟღრიალი და შენი სახელის ხსენება საგმირო სიმღერაში, მე მხოლოდ ჩუმად გლოცულობ შენ!

მთვარის ნაპერწკლებით და ოქროს ძაფებით შენს მზიურს სახეს შავ ნისლებში ვქარგავ, ჰოი, თამარ!

მე მიხარიან რომ საქართველო შენის სახელით შეიმოსა; მე მიხარიან, რომ შენ ედედოფლე მას - უკვდავი მშვენიერება და სიხარული! - და კვლავ თაყვანსა გცემ, თამარ! შენით ჰსუნთქავს საქართველო!

გულს ვეღარ შემიზარავს ჩემს წინაშე აღმართული შავი აჩრდილი სიკვდილისა; უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე - უკვდავია, რადგანაც შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა.

ჰოი, თამარ!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
tekla79 wrote:
ციტატა:
გიორგი ლეონიძე
თამარ!

რა ტკბილი არიან სასასა ჩემსა სიტყვანი ჩემნი - ოდეს კრძალვით ვახსენებ შენს
გვირგვინოსანს სახელს, ჰოი, თამარ!

გაზაფხულს ესწორე და ვარდებში განეწესე: ყირმიზის იაგუნდის გაღიმებით
სამშობლო გამინათე! შენი სახე - საქართველოს სანთელია, თვალმშვენიერო!
ვაი მე! ვაი მე! საქართველოსთვის მხიარული დღე ვერ მიპოვნია;
შენც უდაბნოს ვარსკვლავივით გაიელვე ლურჯ უფსკრულში და ვგოდებთ,
რომ კვლავ ვერ შევესწრებით სხივთა დღესასწაულს... ჩვენ ვიცით, რომ ორჯერ
ვარსკვლავი ვერ გაგვინათებს! - და კვლავ შეგნატრით, განუმეორებელო მზევ,
გაზაფხულის ღელის ყვავილო!

აჰა, სამშობლო ჩემი, როგორც ანგელოსი სუსტ-ფრთებიანი, უიმედოდ აწყდება წყვდიადს,
მაგრამ შენი შორეული სახე თეთრ-ვარდიან ბრწყინვალებით უნათებს აღთქმულს გზა-ბილიკს!

მოუვალ გზისკენ წარსულთან სამშობლოს ვარსკვლავები; ბრწყინვა და შარავანდედი შეახუნდა საქართველოს მზეს... არ გაიშალა ჩვენთვის სხივთა მარაო და დღეს მტრის შვილდოსნისგან
დაკოდილი ქართლოსიანი სასოებით მხოლოდ შენ შემოგძახის: თამარ! ჰოი, თამარ!

ჰყვავის და ჭკნება საუკუნე; ჰყვავის მწუხრი და განთიადი, ხოლო სახე შენი ჰგიებს, დაუმჭკნარო, ღიმილის ელვით ოქროცურვილო...

საუკუნეთა ბინდში, მხოლოდ შენ გპოვა ერის სალამურმა, მხოლოდ შენ მოგკრა თვალი საქართველოს დედამ!.. და გიხმობთ შველად, თამარ! ჰოი, თამარ! - ივერია იავარ იქმნა!

მეც ძაძით შევიმოსე გული; მე ღამის სიჩუმეში ვარ - ღამეში ჩამარხული და სიჩუმით
ვახსენებ შენს სახელს. მე არ მაგიჟებს დროშების ჟღრიალი და შენი სახელის ხსენება
საგმირო სიმღერაში, მე მხოლოდ ჩუმად გლოცულობ შენ!

მთვარის ნაპერწკლებით და ოქროს ძაფებით შენს მზიურს სახეს შავ ნისლებში ვქარგავ,
ჰოი, თამარ!

მე მიხარიან რომ საქართველო შენის სახელით შეიმოსა; მე მიხარიან, რომ შენ ედედოფლე
მას - უკვდავი მშვენიერება და სიხარული! - და კვლავ თაყვანსა გცემ, თამარ!
შენით ჰსუნთქავს საქართველო!

გულს ვეღარ შემიზარავს ჩემს წინაშე აღმართული შავი აჩრდილი სიკვდილისა;
უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე - უკვდავია,

რადგანაც შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა.

ჰოი, თამარ!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
აკაკი წერეთელი
დათუნა გოცირიძე

რაჭველი აზნაური დათუნა გოციძიძე მის დროში განთქმული ვაჟკაცი იყო მთელ იმერეთში. ხმალს უქებდნენ და პირველობაც აგვირგვინებდა. სანამ საყვარელი დისწული, მისივე გაზრდილი, ივანე კვიტაშვილი არ წამოეზარდა. სახელოვანი მოწაფე გვერდში ამოუდგა სახელოვან მოძღვარს... რაღა სჯობია ამ ნეტარებას?!.. მაგრამ ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ჩამავალი მზე ამომავალ მზეს განზე უყურებსო“. თავმოყვარეობის სიხარბემ შური შეაპარა ორივეს და მათი გმირული ზენა-მოყვრობა საქვეყნო მტერ-მოყვრობად შეიცვალა. მაგრამ მაინც მათი ცალ-ყბა მეგობრობა სხვების ორ-ფეხ მოყვრობაზე უკეთესი იყო, სანამ ყმაწვილურმა, აშვებულმა თავხედობამ ხმალი არ შეურცხვინა დამჯდარ, დინჯ მოხუცებულობას.

დადიანმა მეფეს საარაკო ნებიერი მიუძღვნა. მეჯოგეები ძლივს იმაგრებდნენ გაგარეულებულ ოთხფეხს. მეფე გეგუთის სასახლეში ბრძანდებოდა აივანზე გადამჯდარი და თვალს ადევნებდა მოზვრის ურჩობას.

- ნეტავ თუ ვინმემ შეძლოს, რომ ერთი მოქნევით თავი გააგდებინოსო, - ბრძანა მეფემ.

- მაგას დათუნას მეტი ვერავინ მიჰბედავსო, - მოახსენა სარდალ-წერეთელმა.

- ვერც მისი დისწულიო? - იკითხეს კარისკაცებმა.

- ვერც ისაო, - გადასწყვიტეს ერთხმად და დაიბარეს დათუნა.

ამ ამბავმა გული მოუკლა ახალგაზრდა კვიტაშვილს, მაგრამ რაღას იტყოდა?

მეორე დილას გეგუთის მინდორზე სასახლის წინ შემოხაზეს წრე, შემოავლეს გალავანი და აუშვეს ნებიერი. პირუტყვმა რომ თავისუფლება იგრძნო, შეხტა და შეინავარდა, იწყო ბღუილი და ტორებ-რქებით ბდღვირი ააყენა.

- აბა, დათუნა, გვიჩვენე შენი ვაჟკაცობაო! - ბრძანა მეფემ.

შევიდა წრეში გოცირიძე. შემოხედა ნებიერმა, აიღო თავი, შემოაბდღიალა თვალები, შემოჰბღუილა და მიაშურა. დათუნა გაუხტა განზე, მოუმარჯვა ხმალი და სწყვიტა. წაიფორთხილა გაბრაზებულმა პირუტყვმა, ჯერ წაიჩოქა წინა მუხლებზე და მერე კი გადაგორდა. თავი ისევ კისერზე ება, მაგრამ კისრის ძვლები კი დასჩენჩხოდა.

გაუკვირდა ვაჟკაცს... დახედა ხმალს და ნახა, რომ პირი დაბეგვილი ჰქონდა: „ვინ გაბედა ჩემი ხმლის შერცხვენაო?“ - ჩაიდუდღუნა და გადისვა ულვაშებზე ხელი: - „ეს ულვაში ნუღა მსხმია, თუ ეს შევარჩინო ამის მქმნელსო!.. უნდა გამისწორდეს, ან ის, ან მეო!“

თურმე იმ წინა ღამეს დისწული მიპარვოდა მძინარე ბიძას, ამოეღო ხმალი ქარქაშით და დაებლაგვა პირი.

ვაჟკაცის სიტყვა გაუტეხელია!

ვერც მეფემ, ვერც ქუთათელ-გაენათელმა, ვერც მოძღვარმა და ვერც თანამესისხლხორცეებმა ვეღარ შეარიგეს მტერ-მოყვარე ბიძა-დისწული. ახალგაზრდა კვიტაშვილი იძულებული შეიქმნა დაეგდო რაჭის საზღვარი და გადმოსულიყო იმერეთში. საყვარელი დისწულისა და სასიქადულო გაზრდილის დაკარგვა ვეღარ აიტანა დათუნამ... ორგვარის გრძნობის ჭიდილი აღარ აძლევდა მოსვენებას... არ ემეტებოდა სასიკვდილოდ მტერი, მაგრამ იმავე დროს აღარ ეხერხებოდა აღარც ვაჟკაცური დაჩემების გატეხა და ულვაშების შერცხვენა, დანაღვლიანდა და გატყდა.

ბოლოს გადასწყვიტა: საამქვეყნოდ რაღა გამოსადეგი ვარო და განიზრახა: „ნიკოლოზ წმიდაში“ ბერად შესვლა, მაგრამ რადგანაც სასახლის ნებართვა და გენათელის თანხმობა საჭირო იყო, მიაშურა მეფეს ვარციხისკენ.

სწორედ იმ ხანებში დაღესტნიდან გადმოსული, განთქმული აღიფინა ბელადი მისი წუნკლებით აჯამეთის უტეხ ტყეში ბუდობდა და იმ გზით სიარული, თუ არ ჯარად, ტორო კაცისთვის საფრთხილო იყო. ვარციხისკენ მიმავალი მგზავრები საზოგადოდ სიფრთხილეს იჭერდნენ, შორის გზით უვლიდნენ, მაგრამ დათუნამ შიში არ იცოდა და პირდაპირ გადასჭრა აჯამეთი.

შუა გზა გავლილი ჰქონდა, რომ გზის პირად, პატარა მინდორში, ვიღაც მგზავრი დაინახა მიწოლილი ჩეროში: ფარღიალას თავი უნაგირზე მიედვა და ეძინა. მიუახლოვდა დათუნა, დახედა და შეკრთა... ივანე კვიტაშვილი გამოდგა, ხმალზე მოივლო ხელი, მაგრა, თითქოს შანთმა დასთუთქაო. უცბად უშვა ხელი და სთქვა გუნებაში: „ეს ხომ ქურდობა იქნება! გავაღვიძებ და ისე შევებრძვიო“. გადასწყვიტა, მაგრამ წინ მაინც ბიჯი აღარ წასდგა: „არც ეს ივარგებსო!“ - კიდევ გაიფიქრა. „ძალით გამოღვიძებული მის გუნებაზე ხომ არ იქნება და მაშინ მასზე უცბად მისვლა მაინც კიდევ ლაჩრობა იქნება. არა!.. ჯერ გამოიძინოს, ადგეს თავის თავად, იარაღი შემოირტყას და მაშინ გაუსწორდებით ერთმანეთსო, და მანამდის კი მეც მოვიცდი... სად წამივაო?!“ მიაბა ცხენი ბუჩქზე, მიდგა ტყის პირად, აქვე მუხის ძირში მიჯდა და ამოეფარა ხეს.

ბევრს ხანს არ გაუვლია, რომ აქვე მახლობლად ჟღურტული მოისმა. მიიხედა და დაინახა ჩასაფრებული ლეკები. ერთ მათგანს ამოეღო ნიშანში მძინარე მგზავრი. ვეფხივით მივარდა დათუნა და უტაცა ხელი ჩახმახ შეყენებულ თოფის პირს; დაიჭექა შაშხანამ, მარცხენა ხელი ძირს დაუშვა დათუნამ. გახვრეტილ ხელის გულში სისხლი მოჩქრიალებდა. მარჯვენა ხელით იძრო ხმალი და დასჭყივლა: „დამრჩით, წუნკლებოო!“

თოფის გასროლით დამფრთხალი მძინარი წამოვარდა ზეზე, იგდო ხელში იარაღი და მიაშურა იქითკენ, საიდანაც ქართული შემოესმა. გასცა ხმა და მიიჭრა. ერთს შემოხვეოდნენ გარს ლეკები ჯარად და ის ერთი ყველას იგერიებდა. მომხრე რომ დაინახეს ლეკებმა, დაფრთხნენ და გადაცვივდნენ!.. დარჩნენ მარტოდ პირისპირ ორი ქართველი, ერთმანეთის მოსისხლე მტრები... ბიძა და დისწული, დათუნა გოცირიძე და ივანე კვიტაშვილი! დიდხანს ხმა ვეღარ ამოიღეს, ბოლოს როგორც იქნა შეეკითხა ახალგაზრდა:

- შენა ხარ, ბიძაჩემო? აქ რას მოუყვანიხარ?..

- შენს სიგლახეს, - უპასუხა მოხუცმა: - ბედს ვაჟკაცობა მოუცია შენთვის, მაგრამ ღმერთს კი ჭკუა წაურთმევია... უადგილო ადგილას რომ ძილს მინდობიხარ, ხომ ღორივით გაგაგორებდნენ, მე რომ არ წამოგსწრებოდი და მტერს წინ არ გადავღობებოდიო.

ახალგაზრდა უსიტყვოდ დაეშვა მუხლის თავებზე და მოეხვია მოხუცს. მოხუცმა წამოაყენა, ჩაიკრა გულში და უთხრა: „შენ ჩემთან დამნაშავე ხარ და მე კი ქვეყნის წინაშე: სანამ გარეშე მტერი არ მოგვიგერიებია, შინაური მტრობა რჯულის უარისყოფაა და ორივეს ღმერთმა შეგვინდოსო!“

მისცეს მხარი მხარს, დაიძახეს: „მდევარიო!“ და ერთად გამოუდგნენ მტერს...

ნეტავ თუ ახლანდელი ქართველებიც ასე დასთმობდნენ პირად უსიამოვნებას და განხეთქილებას საზოგადო საქმისათვის?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
"ბატონო ჯუზეპე და დამსწრე საზოგადოებავ!
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მინდა გაცნობოთ, მგონი, მამლუქი კვდება... :(
არაფერს წერს, კომენტარებს აღარ აკეთებს და აღარც კითხულობს, არც მეილებზე პასუხობს... წარმოიდგინეთ, აღარც სვამს და ქალებშიც აღარ დადის...:(
არც სულეიმანასთან დადის და აღარც ზეინაბ-ხანუმი ახსოვს...:(
ზეინაბ - ხანუმი კი, თავის მხრივ , "მუცლის ცეკვას" უკუღმა, ანუ უკანალით ცეკვავს... (პროტესტის ნიშნად!) :(
ძალიან შავ, ეთიოპიელ ყავის ვაჭარს, მწუხარების ნიშნად, პავიანების კუჭში ნამყოფი ძვირადღირებული, ყავის მარცვლების მაგივრად, მაიმუნის განავალი ჩამოაქვს... ყავის მარცვალი აქედან თვითონ გამოარჩიეთ...მოხალეთ და თავში იხალეთ! (ბოდიში, დალიეთო...):(
არყის შუშა, შიშა, ხანუმების აბრეშუმის შარი-შური და შური- მური, ჰაშიში, ნარგილე და კანაფი - დაივიწყა მამლუქმა... კვდება ...
ვიზიარებ მწუხარებას, თენგო ბატონო, დიიიდიიი დანაკლისია...დიდი!...
ვაახ, ვერ შეეგუება სამყარო ამ დანაკლისს,ვერა! უჰჰ, მამლუქო, ეჰჰ!
დიდი მწუხარებით,
გიორგი მესხი"

"მამლუქს:
ბიჭო, მამლუქების იმედადღა რომ დავრჩით, მაინცდამაინც მაშინ მოგინდა ცხვირის ჩამოშვება? შენთვის უკანალით მაინც ცეკვავენ და განავლიან ყავას მაინც გასმევენ (თურმე) და აბა ჩვენ რაღა ვთქვათ, როცა... :)"
(ჯუზეპე)

ჩემო გიორგი, როგორც გავიგე, ამ დღებში მამლუქები ისევ პოპულარულები გამხდარან საქართველოში. "მაგათი დრო დამთავრდაო!" - ეგვიპტელებსაც ბევრჯერ ეგონათ ასე, მაგრამ , "ეგრე არ არი, თაყაო...!.."
ჰო, აღარ ვკვდები! და ამიტომაც მინდა ცოტა რამ მოგიყვე ჩემი დიდებული წარსულის შესახებ, ანუ მამლუქებზე. ყველამ კი არ იცის მამლუქები ვინ იყვნენ და რა გაუკეთებიათ!...

მამლუქი - არაბული სიტყვაა და "ნაყიდ თეთრ მონას" ნიშნავს.
ეგვიპტის აიუბიდების დინასტიის მმართველებმა, სამეფო კარის დასაცავად, ჩამოაყალიბეს მამლუქების გვარდია, რომლისათვისაც საგანგებოდ იყვნენ შერჩეულნი კავკასიური წარმოშობის, კერძოდ, თურქი, ქართველი და ჩერქეზი თეთრი მონები.
ეს მონები განსაკუთრებული სიმამაცითა და გამძლეობით, მებრძოლი, შეუპოვარი სულითა და ხასიათით გამოირჩეოდნენ. იმდენად ძლიერები იყვნენ, მონობა არ შეშვენოდათ,არც ეპუებოდნენ ! ამიტომაც 1250 წელს, მამლუქების გვარდიის მეთაურებმა აჯანყება მოაწყვეს, აიუბიდები ჩამოაგდეს და ხელისუფლება იგდეს ხელთ.
მამლუქების ორი დინსატიაა ცნობილი. "ბაჰრი "-(თურქი წარმოშობის) და "ბურჯი". ბაჰრი -არაბულად, "მდინარიდან ან ზღვიდან მოსულს"- ნიშნავს, "ბურჯი" კი, ეტყობა დამახინჯებული სიტყვა "გურჯ"-დან არის წარმოშობილი, ე.ი ქართველები.
"ბურჯები" ეგვიპტეს 1390-1517 წლამდე მართავდნენ. ქართველი მამლუქების რაოდენობა 9 ათასიდან 12 ათასამდე მერყეობდა. მათ სათავეში 24 უმდიდრესი ბეი ედგა - 24 მსხვილი ფეოდალი, რომლებსაც საუკეთესო მიწის ნაკვეთები, წარმოებები, საბაჟოები და დიდი შესაძლებლობები ჰქონდათ. მამლუქების მმართველობის დროს XIII-XIV საუკუნეებში, არნახულად აღორძინდა კულტურა, ხელოვნება, არქიტექტურა. ქვეყანა ყვაოდა. ეგვიპტე უძლეველი ქვეყანა გახდა.
XIII საუკუნეში, მამლუქებმა მონღოლების უძლეველი ურდოები დაამარცხეს. პალესტინიდან და სირიიდან ჯვაროსნები გაყარეს, დაამარხეს ეგვიპტეს დაუძინებელი მტერი, ისლამიტი-ასსასინები.
ამ დროის მანძილზე ეგვიპტეს ხუთი ცნობილი სულთანი მართავდა (სავარაუდოდ ქართული წარმოშობის. ამ ფაქტს არაბები საიდუმლოდ ინახავენ).
აქ, ქართველებს დღესაც უშლიან თავიანთი ადგილ- წარმოშობის ხსენებას. ძალიან,არ სიამოვნებთ როდესაც ამბობ - "გურჯი" ვარო, მათ დღემდე მწარედ ახსოვთ მამაცი ქართველი მამლუქები.
1516 წელს თურქი სულთანის "სელიმ I" ჯარმა, დაიპყრო ჯერ სირია, მერე ეგვიპტე და პალესტინა .
თურქებს, უნდოდათ მამლუქების ბატონობისათვის ეგვიპტეში ბოლო მოეღოთ , მაგრამ სიხარბემ სძლიათ. ფეოდალ მამლუქებს მიწები არ ჩამოართვეს, დაუტოვეს, ოღონდ აიძულებდნენ ქაიროს ფაშასათვის დიდი ხარკის გადახდას.
ოსმანური იმპერიის დაუძლურებამ XVII საუკუნის ბოლოს, მამლუქებს შესაძლებლობა მისცა დაებრუნებინათ ძველებური ძლევამოსილება და ისევ ეგვიპტის მართველები გამხდარიყვნენ. 1805 წელს ეგვიპტის ფაშა - მოჰამედ ალი ხდება. ცნობილი "ალი ფაშა", რომელმაც მამლუქებს ჯერ მიწები ჩამოართვა და მერე ძლიერი ბეები ამოუწყვიტა.
ამავე წლებში, ნაპოლეონ ბონაპარტე შედის ეგვიპტეში. მამლუქების დარჩენილი ნაწილი, მის არმიას უერთდება და ნაპოლეონის მხარეს იბრძვის. მერე კი, იძულებული ხდება ჯარს საფრანგეთში გაჰყვეს. ნაპოლეონი ხვდება რომ მამაცი, შეუპოვარი მამლუქები შეიძლება აჯანყდნენ, მის კეთილდღეობას საფრთხე შეუქმნან და მარსელში ჩასულებს, ფრანგები მამლუქებს გემებიდან ჩამოსვლის დროს, მუხანათურად ანადგურებენ... ეგვიპტეში დარჩენილების შთამომავლები, დღემდე ცხოვრობენ ქაიროს "მამლუქების" უბანში და მამლუქთა სასაფლაოზე...(ვცადე მათთან კონტაქტი, არაფერი იციან თავიანთ წარსულზე... სამწუხაროდ.)
აი ეს მინდოდა მომეყოლა შენთვის ჩემო გიორგი.
მახსოვს, პირველად, სულეიმანასთან რომ ვთქვი:" ქართველი ვარ -გურჯი", სულეიმანამ მაშინვე მკითხა , ის გურჯი ხომ არა, მამლუქები რომ იყვნენო?
-ჰო, მერე რა მოხდა-მეთქი?
მითხრა: "მე ძალიან მიყვარხარ, მაგრამ შეიძლება სხვებმა რომ გაიგონ, უსიამოვნება შეგვხვდეს ორივეს, მამლუქები აქ ძალიან არ უყვართო".
ხედავ, ძმაო , ვერ აიტანეს, რომ ვიღაცა გადამთიელმა თეთრ მონებმა, რამდენიმე საუკუნე მართეს "მზის შვილების" უძლეველი, ლეგენდარული, საიდუმლოთი და დიდებით მოსილი მარადიული ეგვიპტე... მამლუქებმა! ჩემ წინაპრებმა...
აბა, მითხარი მაქვს უფლება, მოვკვდე?!არა!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი