|
ანა კალანდაძე
გარდამოხდება სიცოცხლე დიდი ჩემს საუფლოში, მომაგებს იმედს... ვუგროვებ მინდვრის ველურ ყვავილებს: ჩემს სამადლობელს ვაუწყებ იმას.
___________________
ვაი, სიწმინდეს
ვაი, სიწმინდეს შელახულს დიდად, ვაი, ქებათა, რასაც თქვენ სცრიდით, ხატთა მათ, რომელთ ჩვეული რიდით და სასოებით უყრიდით მუხლსა! თურმე ღალატის ყვავილებს შლიდით, „რაინდნო“ - წმიდათწმიდასა ყიდდით, გულსავსეობდით ცარიელ გულსა! სატანის ხატად სახეს იცვლიდით! თქვენგან დასაცველს ვაი, სიწმინდეს!
________________________________
თქვი,არჯაკელო ხვიარა, ქსანზე ვინ ჩამოიარა? რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი და არა გამიგია რა. მეც სხვათა შორის ვიკითხე, სალაპარაკოდ კი არა.
_______________________________
მიახლოვდება ცის ლურჯი სული ლურჯი ნათელი მიახლოვდება და, აჰა, იხსნება სივრცე, სად ვარდისფერად გამითოვდება. და იკარგება ჩვენს ფეხქვეშ მიწა, თვალები ჩემი სხვა სხივთ იკრებენ და ჩვენ მივდივართ მაღლა, სულ მაღლა, აშოლტილ ხეებს ცისკენ მივყვებით. მიახლოვდება ცის ლურჯი სული
________________________________
ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით... საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან ვისურვე დავით... ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით... --ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“.... თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? --ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა...
_________________________________
ბოშა ქალი და რა ქალი?! ხელის გულით სატარები. რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები შეხედეს და შეუკურთხეს გამჩენი. მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის, ეტყვიან და ისიც ეტყვის ურიგოს ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური: -მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო! ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი, განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს? მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე.
_______________________________
ჯეჯილში ჩაიშრიალა თვალგახელილმა ყანამა, მთით მობერილმა ნიავმა, ნარგიზის იავნანამა ერთი პაწია ჩიორა მუხიდან მომესალამა ია განგებამ დახატა, თუ ფიროსმანის ყალამმა? ყაყაჩოს „ღვინო სალხინო“ როგორ არ შესვას ანამა?! „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა“.
_____________________
ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა, ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა, შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას, ლამაზს, ცისფერთოლიანსა. წამო ჩემთან! უკაცრავად, ვერ გაგყვები ცოლიანსა! –
ესალმება ფხოვის ტყეებს, ტყეებს მწვანე მოლიანსა, დაჯირას და უკადრისას, სატყრობელას ჭორიანსა არაგვისკენ გზას მიიკვლევს, გზას ძალიან შორიანსა
|