|
ოპოზიციის ლიდერები შემდგომი მოქმედების გაგმას ამუშავებენ
პარლამენტის წინ ამ დროისათვის პაუზაა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი შემდგომი მოქმედების გაგმას ამუშავებენ. მიტინგზე, ამ დროისთვის, რიგითი ადამიანები გამოდიან და საზოგადოებას მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ აქციაზე ხალხის რაოდენობა თანდათან მცირდება.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნურავინ წარმოიდგენს, რომ მხოლოდ ერთი მანიფესტაციით, ან ერთი მსვლელობით შესაძლებელია ამ ხელისუფლების შეცვლა. ამ ყველაფერს მუდმივი პროტესტი სჭირდება.
“ეს საპარლამენტო უმრავლესობა ვერ იმუშავებს. ისე არ მოხდება, როგორც მოხდა წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც ოპოზიციას გავლენა არანაირ გადაწყვეტილებაზე არ ჰქონდა და პრაქტიკულად, ჩვენ ვერ შევცვალეთ ვერაფერი პარლამენტის იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისი თქმით, ასეთ პარლამენტზე ოპოზიცია დღეს უკვე თანახმა აღარ არის და მანიფესტაციებისა თუ სხვა საპროტესტო აქციების გზით ფიქრობენ, რომ არსებული ვითარება შეიცვლება.
ოპოზიცია, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, “ვარდების რევულუციის” სცენარის გამეორებას არ გამორიცხავს.
“მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ოპოზიცია ელოდება 16:00 საათიან ცესკო-ს სხდომას და თუ ამ სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ოპოზიცია უკვე რეგიონებში გავა.
“რეგიონებში ხმების დათვლის შემდეგ დედაქალაქში ჩამოვა მთელი ქვეყნის მოსახლეობა, შეიკრიბება პარლამენტთან და იგივეს დავმართავთ ამათაც”,-აღნიშნა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 16.00 საათმდე არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიციის აქციაზე მისული საზოგადოების რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცის მწიფდება.
ხუხაშვილის განცხადებით, ხალხის რაოდენობა მიუთითებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რისკები, პრაქტიკულად, გაათმაგდა და ქვეყანამ ხელიდან გაუშვა პოლიტიკური პროცესების პარლამენტში განვითარების შანსი.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ საზოგადოების მხარდაჭერა იგრძნო, მოთხოვნები უფრო რადიკალური იქნება, ქვეყანას წინ მძიმე წელი ელის, რადგანაც აშკარაა, რომ ეს წელი ხელისუფლებასა დასაზოგადოების დაპირისპირების ნიშნით წარიმართება.
ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ბაგეზე ღიმილს ინარჩუნებს, მაგრამ ნათელია, რომ ხელისუფლება შეშფოთებულია, რის დასტურადაც ისიც საკმარისია, რომ ასეთი ხანმოკლე აღლუმი ალბათ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა.
ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიციის ლიდერების მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები მისთვის მოულოდნელი იყო. მისივე განცხადებით, ოპოზიციონერ ლიდერებს საკმაოდ კარგად იცნობს და მიაჩნია, რომ მათ მიერ გაკეთებული ანდიდასავლური განცხადებები ემოციური იყო და ანტიდასავლურ განცხადებებს ოპოზიციის პროგრამასთან საერთო არაფერი აქვს.
“ოპოზიციას აქვს უფლება, უსაყვედუროს საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, რადგან სწორედ დასავლეთის მონაწილეობით ჩატარდა საქართველოში ისეთი არჩევნები, რომლის შედგებსაც ოპოზიცია აპროტესტებს. საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი პირველი მხარადმჭერი იყო”,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
“ინტერპრესნიუსი”
|