|
სასამართლოს ფარული გადაწყვეტილებით პატარკაციშვილის ქონება ჯოზეფ ქეის გადაეცა
2008 წლის 14 მაისს, ქ.თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლის თანახმად ერთის მხრივ მოპასუხეებს – ბადრი პატარკაციშვილის მეუღლესა და შვილებს აეკრძალათ განახორციელონ რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი მოქმედებები სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ მოსარჩელე სოსო კაკიაშვილს მიენიჭა უფლება განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რასაც აუცილებლად ჩათვლის ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ქონებასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით ჯოზეფ ქეის (სოსო კაკიაშვილს) არამარტო ქონების მართვის, არამედ მისი გასხვისება-გაყიდვის უფლებაც მიენიჭა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის სასამართლოს არც ბიზნესმენის ოჯახისათვის და მისი ადვოკატებისათვის და დიდი ინტერესის მიუხედავად, არც ქართული საზოგადოებისათვის არ უცნობებია.
გადაწყვეტილების შესახებ ოჯახის წევრებმა სრულიად შემთხვევით, უცხოელი ჟურნალისტებისაგან და ინტერნეტ-საიტებიდან შეიტყვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის, ინა გუდავაძეს პრესსამსახურმა შემდეგი პრესრელიზი გაავრცელა: ,,ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებისათვის სრულიად შემთხვევით ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის 14 მაისს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარულად მიიღო გადაწყვეტილება, რომელის თანახმადაც ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეობა, მის შორეულ ნათესავს სოსო კაკიაშვილს (ამჟამად თავს უწოდებს ,,ლორდ,, ჯოზეფ ქეის) გადაეცა მმართველობაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა იმ სადაო დოკუმენტაციას, რომელიც კაკიაშვილის მტკიცებით გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბადრი პატარკაციშვილმა გადასცა მას და რომელიც, როგორც ყალბი, უკვე გასაჩივრდა ამერიკის სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილებით აღკვეთს ბიზნესმენის მეუღლისა და მისი შვილების ძალისხმევას, დაიცვან და განახორციელონ საკუთარი - როგორც ბადრი პატარკაციშვილის კანონიერი მემკვიდრეების უფლებები.
“ქეი ერთის მხრივ ირწმუნება, რომ მან უნდა მართოს ბადრის ქონება, როცა მეორეს მხრივ აცხადებს, რომ ზოგიერთი ცნობილი ბიზნეს აქტივი ბადრის კი არა, მხოლოდ მას ეკუთვნოდა. თავის დადგენილებით ქართულმა სასამართლომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე კაკიაშვილს მიანიჭა ყველა ის უფლება, რომელიც მაქსიმალურად შეიძლება მინიჭებოდა სასამართლო პროცესის საბოლოო დასრულების შემდეგ. Aამდენად, ქართულმა სასამართლომ წინასწარ განსაზღვრა არსებული დავის ბედი”, - აცხადებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატი ლაშა ბირკაია. “წარმოუდგენელია, რომ სასამართლომ საქმის ოფიციალური და ღია სასამართლო მოსმენის გარეშე ვინმეს გადასცეს ასეთი ფართო უფლებები, მითუფრო ასეთ სუსტსა და საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული დადგენილების ერთერთი მიზანი - დაბლოკოს ბადრის მეუღლისა და მისი შვილების ნებისმიერი პრეტენზია მემკვიდრეობაზე, კი წარმოადგენს მათ მოქალაქეობრივი უფლებების დარღვევას". ბადრი პატარკაციშვილმა კაკიაშვილი დაიქირავა ასისტენტად მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი მუშაობდა ნიუ-იორკში თავის საოჯახო სასურსათო ფარდულში. მოგვიანებით კაკიაშვილი ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენლის რანგში, რამოდენიმე ბიზნეს-პროექტში იწყებს მუშაობას. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ კაკიაშვილმა მომენტალურად უღალატა ამ ნდობას, განაცხადა, რომ ბადრის ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი მისი საკუთრებაა და შეეცადა ქართული სასამართლოს დახმარებით თავი ბიზნესმენის იმპერიის ერთპიროვნულ განმკარგველად წარმოეჩინა. ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე და შვილები აპროტესტებენ ამ ქმედებას როგორც ამერიკაში, რომლის მოქალაქეცაა სოსო კაკიაშვილი, ასევე ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესმენს საკუთრება გააჩნდა. კაკიაშვილმა ვერ შეძლო დაერწმუნებინა სხვა ქვეყნების დამოუკიდებელი სასამართლოები იმის საფუძვლიანობაში, რომ იგი უფლებამოსილია განკარგოს ბიზნესმენის ქონება. მან ძალზედ საეჭვო ვითარებაში მხოლოდ საქართველოში მოახერხა მოეპოვებინა კონტროლი აქ არსებულ აქტივებზე, მათ შორის ,,იმედი-კონტაქზე”, ,,ტექნო-მედიასა” და ტელე-რადიოკომპანია ,,იმედზე”.
ბიზნესმენის ოჯახის წევრები ამჟამად აწარმოებენ საკუთარ გამოძიებას კაკიაშვილის მოღვაწეობაზე მთელს მსოფლიოში და მის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თაობაზე უკვე არაერთი არსებითი მტკიცებულებაც შეაგროვეს.
კაკიაშვილის ხელთ არსებული დოკუმენტები, რომელსაც იგი არგუმენტებად იყენებს ქართულ სასამართლოშიმ, ძალზედ საეჭვოა: კაკიაშვილი აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა ამ დოკუმენტებზე ხელმოწერით მისცა მას სრული უფლებები საკუთარი აქტივებისა და ბიზნესის განკარგვაზე. მოწმეები კი, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის გვერდით იყვნენ ვითომდა დოკუმენტის შედგენის დღეს, იძლევიან ჩვენებას, რომ ასეთი რამ არ მომხდარა და არც შეიძლება მომხდარიყო. ასევე არ ჩატარებულა დოკუმენტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რადგან კაკიაშვილს ნიუ-იორკის სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, ჯერ არავისათვის წარუდგენია ორიგინალები. თვით საქართველოს სასამართლომაც კი ამ მეტად საეჭვო დოკუმენტების მხოლოდ არასრული ფოტოასლები მიიღო. სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების სასამართლოებისაგან განსხვავებით ქართული სასამართლოსათვის მისაღები აღმოჩნდა ჯერ დაუდასტურებული ,,მტკიცებულებანი,,.
კაკიაშვილი ასევე შეეცადა დაერწმუნებუნა ქართული სასამართლო იმაში, რომ ბადრი და ინა იმ პერიოდში, როდესაც ბიზნესმენი გარდაიცვალა, ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. ეს მისი მხრიდან კიდევ ერთი მიზანმიმართული მცდელობაა ეჭვქვეშ დააყენოს ბადრი პატარკაციშვილის მეუღლისა და მისი შვილების, როგორც კანონიერ მემკვიდრეთა უფლებები. “ეს ტყუილია”, – აცხადებს ბადრი პატარკაციშვილის დედა, ქალბატონი ნათელა პატარკაციშვილი. “რა თქმა უნდა, ბადრი და ინა დაქორწინებულნი იყვნენ მთელი 29 წლის განმავლობაში და არასდროს განქორწინებულან”. არც კაკიაშვილსა და არც თბილისის საქალაქო სასამართლოს არ ჩაუთვლია საჭიროდ სასამართლო პროცესის გამართვისა და შემდგომ მისი გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობებინა ინა გუდავაძესთვის, რათა მას არ ჰქონოდა საშუალება სასამართლო გადაწყვეტილებამდე საკუთარი პოზიცია საჯაროდ დაეფიქსირებინა. “ლაჩრული და ფარული მიმართვა სასამართლოსადმი კაკიაშვილის პიროვნებისათვის დამახასიათებელია. სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულება მის ქმედებას მხარს უჭერს”, – აცხადებს ქალბატონი ინა გუდავაძე.
ამჟამად საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის სასამართლო იძიებს კაკიაშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილის კომპანიებისა და აქტივების არაკანონიერი გზებით ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტებს. უახლოეს მომავალში გაიხსნება კიდევ რამდენიმე საქმე.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრების ინტერესებს იცავს როგორც იურისტების ჯგუფი ბრიტანეთის ყოფილი გენერალური პროკურორის ლორდი გოლდსმიტის ხელმძღვანელობით, ასევე საერთაშორისო ბიზნეს-კონსულტანტების საბჭო.
,,ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ ბადრის მიერ დანატოვარი და დავრწმუნდეთ იმაში, რომ თითოეული კანონიერი მემკვიდრე და ბიზნეს პარტნიორი მიიღებს ყოველივეს რაც სინამდვილეში უანდერძა მათ ჩემმა მეუღლემ”, – აცხადებს ინა გუდავაძე. “ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას როგორც კაკიაშვილის, ასევე იმ ნებისმიერის წინააღმდეგ, რომელიც მას ბინძური და არაკანონიერი ქმდებების განხორციელებაში ეხმარება”.
ინა გუდავაძის პრესსამსახური 2008 წლის 29 მაისი
|