იწყება დესპანის კონკურსები.
სანამ საკონკურსო თემას შემოგთავაზებთ, გაგაცნობთ კონკურსის წესებს.
პირველ რიგში, გთხოვთ ნუ გააკეთებთ ზედმეტ პოსტებს, წერეთ მხოლოდ საკონკურსო თემები. ყველა პოსტი რომელიც კონკურსს არ შეესაბამება წაიშლება. (პრეტენზიები, ნებისმიერ წაშლილ პოსტზე, არ განიხილება)
საკონკურსო თემას დასაწყისშივე ექნება მითითებული კონკურსის ვადა (ხანგრძლივობა). მოკლე მონახაზი, თუ რას ეხება კონკურსი და რა იქნება კონკურსში მონაწილეთა მოვალეობა.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი ფორუმელი და დესპანზე დარეგისტრირებული, ნებისმიერი პიროვნება.
გამარჯვებულის გამოსავლენად არ ჩატარდება ფორუმელთა კენჭისყრა. გამარჯვებულს გამოავლენს მხოლოდ ადმინისტრაცია.(მათი ვინაობა თქვენთვის ცნობილია
)
გამარჯვებულს სიურპრიზი ელოდება.
ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას
PEN-მარათონი თებერვლი
zvigeni
"ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა...."
-მამა შუქი როდის მოვა? ამოიოხრეს ბავშვებმა.
-რავი შვილებო აბა, როცა მოვა გავიგებთ, აგერ ნათურა გვეტყვის
ვაი, მაგათი სინსილა გაწყდა ერთ დღეს , გაკაპასდა დედაკაცი და სპირალ ჩახუჭულ ელექტრო ქურიდან ჯერ არ მოხარჩულ ლობიოს ჩახედა პატარა ალუმინის ქოთანში, ნიშნისცემით ამოხედეს ლობიოს კაკლებმა გადავრჩით მოხარჩვასა და დაჭყლეტვასო.
კაცმა სანთელს დაუწყო ძებნა სიბნელეში ხელების ფათურით, ბუხრის თავზე ეგულებოდა, მაგრამ ტრაექტორია ვერ გათვალა სიბნელეში და ნავთის ლამპას წაკრა ხელი, გადმოვარდა და კატას დაეფშვნა თავზე, კატამ ერთი ამოიკნავლა ბრაზიანმა და კატის ხმა დედაკაცის წყევლამ დაფარა: შენ დაგეფსო თვალები ამირან ერთადერთი ლამპაც გამიტეხე, გამოიხედე კაცო თვალებში!... ამირანმა კი თავის დანაშაული საქენერგოს გადააბარა და მადლიანად შეუკურთხა ენერგო მამებს. როგორც იქნა სანთელს მიაგნო მაგრამ ასანთი... მთელი სახლი დაირაზმა ასანთის საძებნელად და ნახევარი საათის უშედეგო ძებნის შემდეგ ამირანს გაახსენდა რომ ჯიბეში ქონდა ასანთი, თაროზე ჩუმად დადო და აიღო დიდი სიხარულით წამოიძახა.. აგერ ასანთიცო. სანთელმა ოთახი გაანათა. მერე ბუხარიც დაანთეს, პატარა მაგიდა დადგეს ბუხართან და ვახშამიც მზად იყო ცოტა ხნის შემდეგ.
-მამა მზეს რატომ არ ქრება? შეეკითხა პატარა
-მზე ჩვენთვის ამოდის შვილო.მზე მარტო ამგენის არაა, მზე ყველასია.
-ღამით რატომ ჩადის?
-იმიტომ რომ მოგვენატროს, თუ ყოველთვის იქნება ნათელი ქვეყანაზე ბნელს ვერ შევიცნობთ და ვერ დავაფასებთ ნათელს.
-მონატრება სიყვარულია?
-ჯერ მონატრებაა , შემდეგ ჩნდება სიყვარული, ვინც გიყვარს ის გენატრება ადამიანს. და ნატვრა რომ აგიხდება მერეა სიყვარული.
-ესეიგი მონატრება და სიყვარული ნათელია?
-კი, თუ დედა, მამა, დაიკო გიყვარს სიბნელის ნუ შეგეშინდება, შენს სულშია ნათელი და ოჯახშიც...
სანთელი ილეოდა და ყველა ემზადებოდა დასაძინებლად. ამირანმა კი ახედა ნათურას და გაიღიმა...
ვერ დაგვაბნელებენ, ჩვენთან მუდამ იქნება სინათლე.
maxsimasჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა...."
-ალბათ ისევ კაბელი გასკდა,თორე ჯერ არ ჩააქრობდნენ
-გასკდება,აბა რა იქნება რასაც ამირანის ცოლი დენს წვავს 100 კომლიან სოფელს 3 დღე ეყოფა
-მაგდენ ლაპარაკს გირჩევნია დვიჟოკი დაქოქო,თორე დამთავრდა"დიკაია როზა"
-შენმამ მზემ გაგიჭირდება გაგება.....არადა კაცმა რო გკითხოს მარტო მომაბეს უსმენ.
შეიკრიბებით ხვალე სოფლის თავკაცები და განიხილავთ დხევანდელ სერიას.
-რა სისულელეს როშავ ქალო?სულ გამოჩერჩეტდი ამ სიბერეში
-სანამ შენი სერიალი დამთავრდებოდეს მე ლამარასთან გადავალ დღეს ქალაქიდან ჩამოვიდა და ცხელ ამბებს ჩამოიტანდა.
-ხო მიდი გადადი გაიგე რა ამბებია ქვეყანაზე
11 საათი იქნებოდა ლამარა რომ შინ დაბრუნდა.რაჟიკო ისევ იმ ჯორკოზე დახვდა,ოხონდ ამჯერად სანთლის შუქზე ჩიბუხს აბოლებდა.
ვერც კი შეამჩნია თუ როგორ შემოვიდა ლამარა
pikaso22ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ, სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა, ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა.
-ხო მე რომ სადღეგრძელოს ვამბობ მაშინ უნდა ჩაქრეს შუქი-გააგრძელა ლაპარაკი დიმიტრიმ.
-ცოტა ნაკლები რომ გელაპარაკა ჩემო დიმიტრი, დალევასაც მოასწრებდი შუქის ჩაქრობამდე, და თუ კაცი ხარ გასწიე ეგ ჭიქა იქით, ჩემ და შენ პირს ვეღარ არჩევ?-გაცხარდა ილიკო
-დიმიტრი! შენს სკამზე დაჯექი ძამია, მე ნუ მიჯდები კალთაში, კაცი ვარ მეც და დალეული მაქ თან-ჩაიხითხითა ბუხუტიმ
-მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე- გამოსძახა ბუხუტის კუხნაში მოფუსფუსე მარგომ.
-ქალო დროზე მოიტანე ლამპა თუარა გაწმინდეს მაგიდა ამ ოხრებმა. ჩამოასხი ეგ ღვინო შალვა ბიძია-მიუბრუნდა სოფლის ვეტექიმს ბუხუტი.
-თუ კაცი ხარ ეგ ღვინო ჭიქაში დაასხი, ეგ ქათამი მკვდარია უკვე და მაგის გემოს მაინც ვერ გეიგებს და ნუ გვაჭმევ ამ აძმარებულ ქათამს, ძმრად ღვინოც გვეყოფა-ჩაიხითხითა ილიკომ.
-ვისააქ ბიჭო შენი დასაწუნი ღვინო-გაცეცხლდა მასპინძელი- თუ არ მოგწონს ნუ სვამ.
-გეიგეთ გუშინ ტარიელას ძაღლს ცუცა რო დოუკბენია?-დაძაბულობის განმუხტვა სცადა გერონტიმ-ამბობენ ცოფიანი იყოო.
-კი, ცოფიანი უნდა იყო ცუცასკენ რომ გეიწიო საკბენად, აბა ნორმალური მაგას გაეკარება?-გადაიხარხარა დიმიტრიმ
-ქალო მოგვიტანე ეგ ლამპა. ხო ხედავ არ აპირებს შუქი მოსვლას-შეევედრა ცოლს ბუხუტი.
"სწავლა სინათლეა უსწავლელობა სიბნელე"-ჩააბულბულა შალვამ.
-მასეა მაი ხომ? შენ რო ხარ ნასწავლი ექიმი იმიზა გაქ სახლი გადაბჟღვიალებული ხომ?-გასცინა ილიკომ.
-კაცო მე ვეტექიმი ვარ და არა ელექტროინჟინერი.
-რავა კაცო, ვინცხამ თქვა მაი ნასწავლი კაციო, ელექტროინჟინრებზე თქვა მარტო?-შეეკითხა ილიკო შალვას და თან საუბარი განაგრძო-სხვათაშორის პრეზიდენტი გამოვიდა გუშინ და თქვა გამრავლდით ქართველებოო. ხოდა იმიტომაც გვითიშავენ შუქს. არა შუქი, არა ტელევიზორი და რა გვაქ მეტი საქმე.
-კი მარა, რაფერ უნდა გავმრავლდეთ, როცა ლოგინში პალტოთი ვწვები?-დამცინავად იკითხა შალვამ
-ნეტა ერთი, შენდა რა მნიშვნელობა აქ პალტოთი დაწვები თუ უპალტოოთ-ჩაიცინა ილიკომ.
-კაცო რას გადამეკიდე, ჩემს მეტი საშაყირო ვერავინ ნახე?-გაბრაზდა შალვა.
-ეე, თუ არაა ი კაცი მართალი, ვინცხამ თქვა ნაცწავლულობა სინათლეაო-ფანჯრისკენ გაიშვირა თითი დიმიტრიმ-ლავრენტიას კი აქ სინათლე.
-ხო მარა ლავრენტიე არაა ელექტროინჟინერი,თუ არ ვცდები გამგებელია ხომ?
-გამგებელიცაა, ელექტროინჟინერიც, აგრონომიც და არქიფო სეთურიც-დააწია სიტყვა გერონტის შალვამ
-არ მინდა ბიძიკო მე შენი დახმარება-იწყინა გერონტიმ, მერე ისევ შალვას მიუბრუნდა- არქიფო სეთური ვინაა?
დაასხი თუ კაცი ხარ გაშრა ყელი, ხო დაასხი დროზე დაღამდა, დროა დავიშალოთ აწი-ახმაურდა სუფრა.
-დაშლილი ქი ვარ უკვე, აწი თუ ამაწყობს ვინმე თორე-ჩაიხითხითა ილიკომ.
-ილიკო, შენს აწყობას ახლის გაკეთება ჯობია და მგონია დედაშენი და მამაშენი ვეძებოთ ის დროა ახლა.
-არაა გერონტი მასე ადვილი ახლა ჩემი მშობლების მოძებნა. ამ წვიმებზე სასაფლაოს გორა ღვარცოფმა ჩეიტანა მდინარეში.და აი ჩვენი მიცვალებულები ჩარეცხა მალთაყვაში.
-ხოდა მაშინ ყველა უდროოთ ჩარეცხილის მოსაგონარი დავლიოთ ახლა-ფეხზე წამოდგა ბუხუტი.სუფრაც წამოიშალა. ბუხუტიმ მხარზე ხელი დაადო დიმიტრის და სიცილით უთხრა-შენ იჯექი დიმიტრი, შენი ამბავი რომ ვიცი მერე ისევლე კალთაში ჩამიჯდები, ახლა პაწა მეტი მაქ დალეული და ამ სიბერეში ნუ გამაკეთებიეფ ცოდვას.
-მარგო!-დიასახლისს გასძახა ბუხუტიმ- მაი ლამპა ჭიშკრისკენ წეიღე ქალო, იქნება გამოგყვეს რომელიმე. მერე სუფრის წევრებს მიუბრუნდა.რაფერც მოსვლით გამახარეთ, ისე წასვლით გამახარეთ.არაა შუქი მომსვლელი დღეს და გეეტიეთ გათენებამდე აქედან.
-მგონი გათენდა კიდეც-თქვა შალვამ-მამალმა იყივლა საცხა.
-მაი მამალიც თქვენსავითაა მეზობლის საქათმეში და იმიზა.
კაი ხო წავედით ეხლა, წავედით და სუფრაც ხმაურიანად წამოიშალა და სუფრის წევრთა ოთხეულიც ბანცალ-ბანცალით გაუდგა ჭისკრისკენ მიმავალ გზას.
-პალტოს ჩაცმა არ დაგავიწყდეს დაწოლის წინ!-მიაწია ხმა მიმავალ შალვას მასპინძელმა- და თუ ხალხი ხართ ერთმანეთს მოეჭიდეთ და მაგ ღობეს შეეშვით, ისედაც ძვილა დგას ფეხზე.
sosoias rusiჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ, სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა, ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა.
---აუფ, რავა ჩაგვიპაჭუნა თვალი ამ ოხერმა და გეიპარა, ისე რაფერ შეგვაჩვიეს ამ ამბავს, სინათლე რო არ ქრება მცხვენია უკვე, ასე მგონია ვაშავებ რამეს---თქვა ივანიჩმა და ვარადუით მიუბრუნდა ამბაკოვიჩს---რა თქვი შენ???
---რა ვთქვი ივანიჩ და მოსაგონარი, ტკბილად რომ გვახსენდება ისეთი, ისემც აგიხდეს ყველაფერი-ვერიჩკაააა, მეიტანე ახლა მაი დედალი აგერ პანაშვიდს რომ უხდი, თუ გამოვიძახო დამკრძალავი ბიურო?!-შეუკეთე შიშა ბუხარს ივანიჩ მორბენალი კადრივით დაგინახო მაინც იქნება და მიაფიცხე მაგი ჭადი ცოტა ცეხლს.
---- მაგენს ჩუუქრეს თვალები, რავარც ჩვენ ჩაგვაბნელეს ამაღამ—დეილოცა ვერიჩკა და სანთელი შემოდგა ტაბლაზე---ცეცხლი დალია შენმა პირმა და ნავთი მიაყოლა კიდო---გააგრძელა ლოცვა
---- რა გინდა ქალო კაძახთან, დალიოს უნდა აბა არ უნდა დალიოს??? თუ კაცი ხარ და მითუმეტეს მასპინძელი უნდა დალიო!!! თუ დეეძინება მერე და გაგიცდება ვნებიანი ღამე ვერიჩკა---კმაყოფილებით ჩაიხითხითა ივანიჩმა და გადახედა მასპინძელს
-----გაგიხმეს მაგი ენა შენ, რა მინდოდა ამ უვარგისთან, გავყოლოდი საკონსერვოს დირექტორს რომ მახევდა კალთას, ლოთი შემჩა ბოლოს ხელში
-----წაი ქალო ეგერ ხე დალოცე, მოსაჭრელია მაინც. მოი ახლა ჩვენს მერცხლებს, ჩვენს ბადიშებს გოუმარჯოს, ჩემს კუდრაჭებს კაი ხანია რომ არ გვინახია, მაგენიზა ვცოცხლობთ ჩვენ და...-სიტყვა ვეღარ დაამთავრა ამბაკოვიჩმა, ისე აუციცმციმდა კურცხალი თვალზე ივანიჩმა აარიდა მზერა და ორი სიტყვით დეილოცა
----შენ თუ იცი მაგი, რომ ერთი კაი დურგალი სამ გლახა ვექილს ჯობია?-განმუხტა სიტუაცია და ცაში აიყვანა მისი პროფესია ივანიჩმა- ხოდა ახლა, აგი ოდა რომ გვახურავს თავზე და არ გვაწვიმს და არ გვათოვს, ამის ამშენებლის ხსოვნა უნდა ითქვას აქანე! რა ჩამოგიყრია კაცო მაგი ყურები მალე ნახავ შენ ვირიშვილებს---ეს თქვა და გადაუშვა ხახაში სამოცდახუთ გრადუსიანი ჭაჭა.
--- ცხოვრებაა ახლა აგი? ბადიშებს რომ ვერ ნახავ ორი წელი??? ივანიჩ, აგერ ა, პატარა ჯანჯუხაა ათი წყვილი და ვაშლის ჩირი, რომ ჩახვალ ხვალ ქალაქში ქი გოუტანე ბაღნებს პირს გეისველებენ და აკოცე შუბლზე ორივეს, მოუკვდეთ მაგათ ბაბუა...
ივანიჩმა უსიტყვოდ მოიგდო ხურჯინი ზურგზე და კრიჭაშეკრული დატოვა ოთახი, რაცხა კი ჩაიბურდღუნა ამ ცხოვრებისო სანამ კარს მოიხურავდა და გევიდა შარაზე.
nananoჭიქა ხელში Hქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში,მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში.უმთვარო ღამე იყო.გაუვალი,შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ,ყველაფერი გაჩუმდა,ყველაფერი გადაიკარგა.
-ფუ,ხომ ვამბობდი,ბოლომდე გემოს არ ჩაგატანინებენ მეთქი,გამოსავალი ერთია,უნდა მიხვიდე ლოგინამდე მშვიდობით და დაიძინო.
-ხოდა დავწვეთ
საბანი კარგად ამოიკეცა,სიცივეს რომ არ შეეღწია საწოლში და ფშვინვაც მაშინვე ამოუშვა.
მე ცოტა ხანი ვიწრიალე,ვიბორიალე ფიქრებში,და ძილმა მაინც თავისი გაიტანა...
-ვაიმე,ლია,მართლაც რა ლამაზი ყოფილა აქ საბერძნეთში,არასოდეს ვიფიქრებდი თუ ასე ადვილად მოვიყრიდით თავს ერთად.
-გოგოებო ლაპარაკის დრო არ გვაქვს,სადაცაა ნეთოია და გურანდა მოვლენ.
-ისე რა კარგად გამოგვივიდა არა,ჰგონიათ ჩამოვლენ მხოლოდ თვითონ ,ის კი არ იციან რომ ყველანი აქ დავხვდებით
-ხოდა მოდით,ერთად დავტრიალდეთ,ეს გოჭი და ხაჭაპურები ამ დღისთვის შემოვინახე.
-ბავშვები სად არიან?კითხულობს დორადო
სანაპიროზე დასეირნობენ ერთად ათინათი,მარი და ქეთი .მანჩოს,ლულუს და ბუბუსუნას ბაიებს დიდი მზრუნველობით დასტრიალებდნენ.
-აცადე,რას კითხულობ,მაინც მალე მოარბენინებენ უკან და მაშინ ხომ დაიჯერებთ რომ ნამდვილი აკიმი მყავს,ამბობს მანჩო
-ნახეთ ხათითა და ჩე მოვიდნენ
ოვაციები ჩვენს ახალ წყვილს ეძღვნება.ხათითამ ყველას სათითაოდ დაგვანახა მარჯვენა ხელზე რგოლის ბეჭედი.ტაშით დავაჯილდოვეთ დესპანელი წყვილი
-მოდით,მივუსხდეთ მაგიდას და საცაა ისინიც მოვლენ
-ხოდა,მეგობრებო,როგორც ამ სუფრის თამადა,მინდა დასაწყისშივე გაგაფრთხილოთ,აქ პოლიტიკას ადგილი არ ექნება ამბობს ზვიგენი,კეთილად იკრიჭება და აგრძEლებს....მიშას გაუმარჯოოს!
-მე მაინც შალიკო მირჩევნია,გადახედა მაიკომ ზვიგენს
ყველას გულიანად გაგვეცინა
-თამადა მართალია,ვინც სუფრაზე წესრიგს დაარღვევს იძულებული ვიქნები,სიწყნარისკენ მოვუწოდო,გამოიყენა მოდერატორის უფლება ჩემ
-ღვინის ჩამოსხმა ჩემზე იყოს,ქვე შენი ჭირიმე,გაიბადრა ფოცხვერი,ეს ის ხვანჭკარაა,ნანანომ,შარლოტამ და ქაშმა უჩვენოდ რომ მიირთვეს,კიდე კარგი ბევრი ვერ მოახერხეს
-Qეთა ბოშო,გადადე ეგ წიგნი,მაგის კითხვას მერეც მოესწრები და მოჩოჩდი ახლოს,კარამელკა შენც გეხება
-ახლავე ჩემო კარგებო,ერთი ლექსი დავწერე ექსპრომტად და მინდა წაგიკითხოთ,პასუხობს კარამელკა
-შემდეგი შეკრება აუცილებლად ამერიკაში გვექნება,იღიმება ანა-თეკლა
-არა,აჯობებდა გერმანიაში,ნინიკარასთან ან ჩვენთან საფრანგეთში,გაიპრანჭა თიკა.
ლია დაფაცფაცებს სტუმრებს,ლამაზი,წითელი დესპანური შლაპა მოხდენილად დაუფარებია და თან შამპანიურს წრუპავს,მის სიხარულს საზღვარი არ აქვს,ხუმრობა ხომ არ არის,თავი მოგვიYარა ყველას ერთად
-პიკასო,კისერი წაიგრძელა სოსოიას რუსმა,მოდი ახლა ჩვენ ამათ გურული კრიმანჭულის მადლი ვაგრძნობინოთ,
-მაგნოლიამ ბაზის გადახედა თვალი ჩაუკრა და ყველა სმენად ვიქეცით...
ვიღაც მაღვიძებს.თვალი გავახილე,ჩემი ქმარი თავს დამდგომია
-რა კმაყოფი სახე გაქვს,გეტყობა კაი სიზმარი ნახე.
....ავდექი და კომპიუტერს მივაშურე.დესპანი ჩავრთე.მთელ გვერდზე დიდი ასოებით განცხადება იყო გაკეთებული:
დესპანი არასოდეს გაითიშება.პატივისცემით ლეონარდო და დავინჩი.
ეჰ,კაი სიზმარი კაია,ახდენილი კაი სიზმარი მთლად უკეთესი...
პ.ს.ლიასთან სტუმრად აქ ჩამოთვლილების გარდა სხვა დესპანელებიც იყვნენ........
*qeta*"ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა..ცისფერი ეკრანიც გაშავდა და კაცი სრულიად მარტო დარჩა...არ უყვარდა ეს ბნელი ღამეები, გადაჩვეოდა უკვე .სიბნელს თვალი შეაჩვია და ოთახში მიმოიხედა, ჩაეღიმა .მოგონებები აცეტდნენ მის გონებაში.ღამე იყო მაშინ,როცა პირველად გაიცნო "ის" ,მასთან სტუმრად მოსულ მეგობარს მოყოლილი ნათესავი.პირველივე დანახვისთანავე იგრძნო როგორ დააყარეს ბუსუსებმა ციებიანივით მთელ ტანზე , როგორ აუძგერდა გული და გაეთიშა გონება . ისხდნენ ტელევიზორს უყურებდნენ,არ ახსოვს რა გადაცემა იყო, ისე,ახსოვს კი არა, არც მაშინ იცოდა მგონი,გაუაზრებლად იჯდა ეკრანის წინ და ჩუმ ჩუმად აპარებდა თვალს ქალისკენ. უცბად შუქი ჩაქრა და ირგვლივ ჩამობნელდა, ქალი შეკრთა,უნებლიედ მიეკრა კაცს და მთრთოლვარე ხმით იკითხა:
- მალე მოვა???
- არა მგონია, სამაგიეროდ აი იქ - ფანჯრის მინებისკენ გაახედა - მთელი ღამე იქნება მთვარე-ჩაჩურჩულა.
-ჯერ რომ არაა???
-ამოვა!!!
-მართლა???- გაეხარდა ქალს
-ხო, მართლა, თუ ფარდებს არ დავხურავთ და ის ციცქნა ღრუბლები ცაზე რომ მიფრინავენ ერთად არ შეიყრებიან!!! -უთხრა ქალს. მისი ხელი თავის ხელში მოიქცია და ფრთხილად და შეუმჩნევლად მოეფერა.
-იქნება არ შეიყარონ, გარეთ ქარია...შეკრთა , მაგრამ ხელის განთავისუფლება არ სცადა ქალმა
-ხო, თუ ასე გაანათებს, ის წვრილ-წვრილი ვარსკვლავებიც აღარ გამოჩნდებიან, ეხლა რომ ცაზე თავმომწონედ კიაფობენ...
- ეგ ცუდია , მე მიყვარს ვარსკვლავების ყურება... ყველა ადამიანს თავისი ვარსკვლავი აქვსო ამბობენ, გჯერა???
- კი მჯერა და აი ის ორი ვარსკვლავი ცაზე რომ მოჩანს ერთმანეთის გვერდით მოკიაფე ჩვენია...
- ჩვენი??ჩემი და შენი???
- კი ჩემი და შენი..
- უი, რა ახლოს ყოფილან ერთმანეთთან-ღიმილი შეეპარა ხმაში...რა ლამაზია არა???
მაგრამ კაცი ვეღარ არჩევდა ვინ უფრო ლამაზი იყო, ქალი მის გვერდით თუ ცაზე მოკიაფე მისი ვარსკვალავი .უზომოდ ბედნიერი იყო და სურდა მარადისობად ქცეულიყო, მის სახლში დაბერებულიყო ეს ბედნიერების წამი... შუქი მალე მოვიდა...რაზე ჩურჩულებდით თქვენო, ღიმილნარევი იჭვით იკითხეს მეგობრებმა.
-არც არაფერზე, ვარსკვლავებს ვითვლიდითო-სიწითლემ შეუფარკლა ღაწვები...თან რა გეჩქარებოდაო, ნაადრევად მოსულ შუქს შეუკურთხა გულში...
ისევ გაეღიმა, ფიქრებიდან გამოერკვა,ხელში შერჩენილი ჭიქა გვერდით გაწია და ხელისფათურით დაუწყო ძებნა მაგიდაზე დადებულ მობილურს, გაშვებულ ზარს გააყოლა გული.
- გისმენთ--სულში სითბოდ ჩაეღვარა გაგონილი ხმა
- როგორ ხარ???
- მომენატრე სიხარულო!!!
- ვიცი, მეც მომენატრეთ...ბავშვმა დაიძინა???
- კი ძინავს და ძილში იღიმება,ალბათ შენ გხედავს სიზმრად ...
- მაგ ღიმილზე აკოცე...
- ვაიმე,როგორი აუტანელია უშენობა იცი????
- ვიცი,ხვალ მოვდივარ, არ იტრო კარგი?!ჩვენი ვარსკვლავები მოძებნე ცაზე..
ყურმილი გათიშა , სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და მოგონენებს დაუყვა ისევ...წინ გრძელი და ბნელი ღამე ელოდა, მოსაგონარი კი მშობლიუირ სახლში ბევრი ჰქონდა, ბევრზე-ბევრი...აქ ხომ თითოულ ნივთს თავისი ,მისთვის კარგად ნაცნობი ისტორია ჰქონდა..."
bubusunaჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ჩაქრა ნათურა , ჯერ მათ ოთახში, მერე,ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო, გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა....
-აუუუუ, ისევ წავიდა,-აღმოხდა ყველას ერთდროულად.
-არ ინერვიულოდ ,ჩემო კარგებო,..მაიკო,- გამომძახა მამაჩემმა თამადის ჩვეული ტონით,-სანთლები სუფრაზე! და ისევ სტუმრებს მიუბრუნდა და მრავალჟამიერი წამოიწყო...
ისე მართლა როგორ უხდება სანთლები სუფრას...
-სად ხარ მაიკო?-ჩამესმა მობილურში საშკას ხმა.
-მცხეთაში, სტუმრები გვყავს,..რა იყო, მოხდა რამე?...რა ხმა გაქვს?
-მეგონა თბილისში იყავი...კარგი, კარგი...
-რა მოხდა აღარ იტყვი?!
- დაჭრილია,.. ძალიან მძიმეა .., დღეს მერვე ოპერაციაა, დახოცილები ვართ. ვიცი გუშინდელი ნამორიგევები ხარ, მაგრამ მაინც დაგირეკე...მეგონა აქ იყავი და მოგვეხმარებოდი...
-რა პრობლემაა?! ათ წუთში მანდ ვარ, დაიწყეთ და მეც მოვალ.
-მაი...
საშკას აღარ ვაცადე სიტყვის დამთავრება.დედაჩემი მოვძებნე სამზარეულოში,-მივდივარ მეთქი ,მივახალე და პიჯაკს დავუწყე ძებნა.
-ამ უშუქობამ ხომ წაიღო ტვინი..
-სად მიდიხარ, რა მოხდა?-დამედევნა დედა.
-ბიჭებს უჭირთ,-გავძახე და მანქანა დავქოქე.
-ბიჭად უნდა გამჩენოდი,ბიჭად!შენ რომ იცი, ისე გიჟივით არ იარო,გთხოვ,-მომაძახა და სახლში შებრუნდა.
გაზაფხულის ღამე იყო. თავბრუსდამხვევი სურნელი იდგა გარშემო.ფანჯარა ჩამოვწიე.გრილი ნიავი მესიამოვნა და უფრო მოვფხიზლდი.სიგარეტს მოვუკიდე. ვიგრძენი,როგორ ამივსო კვამლმა ფილტვები. -აბა, ჭკუა მაქვს ახლა მეე?! ამისთანა ჰაერია და მე რას ვაკვლევინებ თავს?!-ნეტა რა ხდება? გუშინაც უამრავი ოპერაცია იყო, საგიჟეთია პირდაპირ...ვერ მოინელა თბილისმა ომი...ნეტა როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ღმერთო, ამოვწყდებით ქართველები და ის იქნება....
-60/35-ზეა, წნევა ეცემა,-საოპერაციოს კარებში ჩამესმა ანესთეზიოლოგის ხმა.
-მაი, გენაცვალე, ძმა ხარ...სისხლდენაა, ქსოვილები გაჟღენთილია სისხლით და ვერაფერს ვპოულობთ,-მომაძახა საშკამ და მარლის ახალი ტამპონი გამოსტაცა ექთანს.
ხუთ წუთში უკვე ინსტრუმენტი მეჭირა და კისრის ქსოვილებს ვათავისუფლებდი.
-რა მოხდა? ვინ არის იცით?
-არ ვიცი, ახალგაზრდა კაცია..
-ლალი ,ზაჟიმი ,ჩქარა , მგონი ვიპოვნე,-ვიყვირე ისეთი ხმით საშკა შეხტა,-აზრზე ხარ ,ზუსტად საძილე არტერიის ბიფურკაციის ადგილზეა სისხლდენა, არ გინდა გაარტყა?!...
- საშკა, მიჭირავს,მიდი კერე...
-მაი, მაგარი ხარ..
-მიდი, მიდი, მაგარი კი არა ცოტა დასვენებული ვარ, თქვე საწყლებო, დახოცილები ხართ,ან კი საერთოდ იყურებით თვალებიდან?
-ვკარგავთ,...45/20...ვკარგავთ...
-ძალიან ბევრი სისხლი აქვს დაკარგული...
-იცით,რომელი ჯგუფი აქვს?
-პირველი დადებითი, მაგრამ სისხლი არ არის,-ჩაიბურტყუნა საშკამ.
-სისხლი გვჭირდება, დაუძახეთ პატრონებს, სასწრაფოდ იშოვნონ,-ვუთხარი სანიტარს, რომელიც ისტერიულად ისრესდა ხელებს.
-მაია ექიმო, არავინ არ ახლავს ამ საცოდავს, თავის მანქანაში დაუჭრიათ და თვითონვე მოვიდა...
-მანქანით?!
-ჰო, ისეთი კარგი ბიჭია,არაფრით "უტკა"არ დამადგმევინა, მცხვენია,თქვენი ვერ მოვშარდავო, გაგონილა ასეთი ადამიანის მოკვლა?...
-ქეთო, მორჩი წუწუნს-გამწარდა საშკა,-მეოთხეზე ჩადი, იქნებ ფირცხელამ იშოვნოს სისხლი...
-ვკარგავთ...წნევას ვეღარ ვზომავ...
-მე მაქვს პირველი დადებითი, ჰეპატიტი კი მაქვს გადატანილი, მაგრამ რა ვქნა, ახლა ამის სიცოცხლე ჰეპატიტზე მნიშვნელოვანია..გააქვს ყველაფერი სისხლი რომ ამიღო?-მივუბრუნდი ანესთეზიოლოგს,
-მოიცადე, იქნებ ფირცხალამ იშოვოს სადმე..
-ამის დრო აღარ არის, მიდი ლიკა.
-რამდენი აგიღო,0,5 ლიტრა?
-თუ გინდა 700მლ მე არაფერი მომივა, გავუძლებ...
ხელთათმანები და ხალათი გავიხადე და მაჯა გავითავისუფლე...შავი სისხლი ბლანტად ჩაუყვა სადინარს...კონტეინერი ივსებოდა, მე ვგრძნობდი,როგორ ვიცლებოდი, როგორ თავისუფლდებოდა ჩემი სისხლძარღვები, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, რომელსაც სისუსტე მოჰყვა...
-მაიკო, როგორ წნევას ატარებ?-მკითხა ლიკამ, რომელიც გაოცებული მისჩერებოდა ჩემს მეორე მკლავზე დამაგრებულ წნევის აპარატს.
-90/60
-რაა? გიპოტონიკი ხარ? მე კიდევ 600მლ უკვე აგიღე, მოხსენი-მიუბრუნდა ექთანს.
-არა, მოიცადე, შეიძლება ეს 100მლ ის 100 მლ-ია რომელმაც ეგ უნდა გადაარჩინოს, ამიღე კიდე...
-საშკა, უთხარი, -მიუბრუნდა ლიკა საშკას, რომელიც გამწარებული კერავდა და თან გიოს რაღაცაზე ეჯუჯღუნებოდა.-
-აუღე რამდენსაც გეუბნება, ხომ იცი გიჟია და მაინც აგაღებინებს,აუღე...
...ვეღარ ავდექი, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და აღარ მინდოდა ჩემი ცუდად გახდომით ისედაც დაძაბული სიტუაცია უფრო დამეძაბა.
-კოფეინი გამიკეთე რა, ვითხარი ლიკას და თვალები დავხუჭე.
-ხომ გეუბნებოდი, ახლა რომელ ერთს მოგიაროთ?
-მიდი, მიდი, გამიკეთე...
-ვაიმე შუქი-ერთდროულად აღმოხდა სუყველას.-ქეთო, მიდი ფანრები მოიტანე, დატენილი იქნება.
-წარმოგიდგენია, ამ საწყალს არც ამაში აქვს ბედი.. წაიკვნესა ქეთომ.
-გეყოფა, მიდი,-დაუყვირა საშკამ და მე მომიბრუნდა,-როგორ ხარ?
-მაგრად, ახლავე მოვდივარ...აუუუ, რა მწარეა, ეს კოფეინია თუ შხამი?
-დამშვიდდი,იწექი, უშენოდაც დავამთავრებთ.და მერე კონიაკსაც ჩაგარტყმევინებთ, მაგარი კარგი კონიაკი მოგვიტანეს.
-საკაცეზე წოლა რა კარგია საოპერაციოში არა?არ იცი საით გაგაქანებენ:საოპერაციო მაგიდისკენ,რეანიმაციისკენ, პალატისკენ თუ მორგისკენ....
-კიდე ხუმრობის ხასიათზე ხარ, ამდენი სისხლი გამოგწურეთ? წნევა როგორია, -იკითხა საშკამ.
-ვისას კითხულობ, მაიასას თუ პაციენტისას, ისე დიდად არ განსხვავდება, მაიას65/40, პაციენტს65/40 მაგარია არა?
-გადასარევად ვარ,მოვდივარ,-ვთქვი და საკაცედან ჩამოვხტი,- აი, ხომ ხედავთ...მინდოდა მეთქვა-რა მაგარი ვარ მეთქი, მაგრამ
უცებ სული შემეხუთა,ყურები ჯერ დამიგუბდა, მერე წივილი დაიწყო, ცივმა ოფლმა დამასხა და...სადღაც გავქანდი...ენით გამოუთქმელი სიმსუბუქე ვიგრძენი,სხეულს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ვგრძნობდი რაღაცას....ეს არ ვიცი რა იყო.., ეს იყო სიამოვნება...ჰო, სიამოვნება და კიდევ რაღაც სხვა,რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა, ეს იყო რაღაც...ნეტარებაზე დიდი და ძლიერი...ალბათ სულის თავისუფლება..ალბათ ამ წუთში თუ წამში ჩემი სული სხეულს მოსცილდა და გალაღდა...
საშინელი სიმძიმე ვიგრძენი, ყველაფერი მტკიოდა, ლოყა საშინლად მეწვოდა,თვალებს ვერ ვახელდი, რაღაც წებოვანი მიმძიმებდა ქუთუთოს.-მაიკო, მაი,-ჩამესმა საშკას ხმა. ცალი თვალი როგორც იქნა გავახილე...
-ცოცხალი ხარ? -გამეღიმა. -რა მჭირს?-ამოვიბლუკუნე და ისევ დავხუჭე თვალი.
-დაუჯერებელი და გიჟი რომ ხარ ის გჭირს,-დამიბღვირა საშკამ-დააწვინეთ საკაცეზე და ამას რომ მოვრჩები მაგას გავკერავ...
-ვის გაკერავ?-ამოვილუღლუღე და თვალი გავახილე.
-ვის და შენ, რომ დაეცი საკაცეს ჩამოარტყი საფეთქელი და გვეგონა აღარ იყავი,..მე თუ კიდევ გაგიჟება მინდოდა დღეს...
-ბოდიში, საშ, არ მინდოდა-გულით შემეცოდა საშკა და ჩემი თავიც და ცრემლები წამომივიდა..
-რა გატირებს, სულელო?-საფენი დამადო გიომ და ჩამეხუტა,-ისე კი შეგვაშინე...
-დიდი ხანია ასე ვარ?
-15-20 წუთი,მომაძახა ლიკამ, რომელიც ჩემს და პაციენტს შორის გაქაფული დარბოდა.
-ეგ როგორ არის?
-მაგრად, გადავრჩით...10 წუთი დამრჩა აქ და შენც მოგხედავ.-სიყვარულით შემომხედა საშკამ და თვალი ჩამიკრა.
ძილი მომერია..სადღაც ბუნდოვნად მესმოდა საშკას და გიოს ხმები. ისე გამკერეს არაფერი გამიგია,ტკივილის შეგრძნება დავკარგე.
-დამაძინეთ, რა,-ვთხოვე და მოვიკუნტე.
-დოქტორ, ვას კუდა ოტვესწი? ვ რეანიმაციუ, ვ პალატუ ილი...აღარ დაამთავრა საშკამ.
-კუდა ხოტიტე, ტოლკო ნე ვ მორგ.....
bazi2002"ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა...." სიბნელეს ნაჩვევმა იოლად მიაგნო ფანჯარას, გადაწია ფარდა და რომ ,დაინახა როგორც მდინარის გამოღმა ისე გაღმა სოფელი უკუნეთში ჩაფლული, გინება აღარ დაამთავრა, ხასიათი გამოუკეთდა, იფიქრა, მარტო მე არ ვარო და ცოლს და ბავშვებსგასძახა:
-გადავრჩით! მეგონა ეს თრანსფორმატორიც გადაიწვა და ისევ ახალი გვექნებოდა საყიდელი .
სანთლის ძებნას აზრი არ ქონდა. ბავშვებს ჩაი უკვე დაელიათ და ლოგინებისკენ მიიზლაზნებოდნენ ისედაც.მიხოც დაწვა . სიბრაზემ ისევ მოუარა, გაახსენდა, რომ დღესაც ვერ ნახავდა ფეხბურთის ნახევარფინალს. ღამემ და სიბნელემ თავისი გაიტანა და ცოტა ხანში სიბნელესთან ერთად სისმშვიდემაც დაისადგურა.