ჭეშმარიტება
ათასჯერ მიგასაკლავებენ,
ათასჯერ სამართებლით დაგკლავენ.
საჯაროდ მიგასაფლავებენ,
საჩქაროდ ფაციფუცით დაგფლავენ.
მწუხარედ გოროხებს დასწვდებიან,
წესი არისო და, მოგაყრიან,
აღაპშიც სუფრისთავს დასხდებიან
და ცრემლებს
ყალბ ცრემლებს, მოგაღვრიან.
მაგრამ რის მკვდარი და რა ცხედარი, -
სამარხი ყლორტებით გაგიჭრია, -
გაიხედავენ და, რას ხედავენ:
ამაყად ფრთები გაგიშლია!
საკუთარ საფლავზე ამოსულხარ
და, რაკი საფლავში წოლილხარ,
უკორძო, უხინჯო გამოსულხარ,
კორდის ჭადარივით სწორი ხარ!
ზეცისკენ შუბივით წამახული,
მწარე ხარ, მაგრამ მოწყალეც ხარ,
ათასჯერ ღალატით დამარხული,
ათას მეერთედ ცოცხალი ხარ!
შენი ნაფოტისგან გამოთლილი
ეს ჩანგიც ჯიუტად ენამწარობს...
სკარაბაუსი მოგიკვდეს!
სკარაბაუსი გენაცვალოს!

