მონატრებული სამშობლო
აფუსფუსებულია დედაბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებენ...
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მოაგორებს.
სამშობლო სიცოცხლის საგალობელს მღერის...
ფანჯარასთან სანდომიანი მოხუცი დგას და შორეულ წარსულს იხსენებს:
ზამთრის ერთ უთოვლო,მოწყენილ დღეს დაბალი ხის ტოტებზე უამრავი ჩიტუნა მიყუჟულიყო,
სციოდათ, შიოდათ, მაგრამ გაფრენა არც უფიქრიათ...
არ ჭიკჭიკებდნენ,ისხდნენ და სულგანაბულნი უსმენდნენ საოცარი მუსიკის ჰანგებს...
მელოდია და სიტყვები უცხო იყო, მათთვის უცნობი, მაგრამ საოცრად ლამაზი,ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი...
იქ კი, შიგნით...
თემურ წიკლაური დედამისის ცისფერ თვალებს იფიცავდა...
მანანა თოდაძე ამაღლებულ სიყვარულზე ყვებოდა...
ნუგზარ კვაშალი უნიღბობას უჩიოდა...
ყვითელაშვილი გიტარას ატირებდა,
ოთახში მონატრებული სამშობლო მღეროდა...
