რაგბი : საქართველო- იტალია 25:3
კიდევ ერთხელ გაახარა მთელი საქართველო ჩვენმა მორაგბეთა ნაკრებმა. ქართველმა ბორჯღალოსნებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ერთა თასის მე-3 ტურში იტალიის ა ნაკრები დასცეს 25:3 და კვლავ დაამტკიცეს, რომ ქართულ რაგბის სათანადო ყურადღების მიქცევის შემთხვევაში უდიდესი მომავალი გააჩნია.
იტალია ის გუნდია, რომელიც მსოფლიო სარაგბო ელიტის თორმეტეულში შედის და მიუხედავად იმისა, რომ ქართველებთან პაექრობისას ძირითადი ნაკრების ყველა წევრი არ გამოუყვანიათ, საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა გამოუვიდათ. მათ ფონზე ბორჯღალოსნებმა თითქმის მთლიანად სარეზერვო გუნდი გამოიყვანეს და ბარაქალა მათ ვაჟკაცობას, ისე დაალილავ-დაალელოეს მრისხანე ფავორიტი, რომ გონს მოსვლაც არ აცალეს! ქართველები დებიუტშივე დაწინაურდნენ და მატჩი ბოლომდე ისე მიიყვანეს, რომ ბოღმისაგან გავეშებული იტალიელებისთვის შანსი არ მიუციათ. ერთი ლელო, მეორე, მესამე... კაცნაკლული გუნდით დაცვაში გაძლება, ელვისებური შეტევა, ფეხით «გადაკიდება», ნახტომში დამიწება, გარდასახვები, ვაჟკაცური ჯახი...
რაგბისთვის გულიანი თამაში უცხო არ არის, მაგრამ ის თავგამეტება, შემართება და დაუოკებელი ჟინი, რაც ქართული რაგბის უახლოესი რეზერვის სახით ვიხილეთ, გვაფიქრებინებს, რომ შორს აღარ არის ის დრო, როდესაც სულ მცირე, აპენინელთა ნაკრებს ჩავენაცვლებით მსოფლიო რაგბის ლომებთან ჭიდილში. მთავარია ხელისუფლებამ ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს ქართველ ბორჯღალოსნებს და ლაპარაკი მართლაც საქმედ აქციოს: სტადიონები - სათამაშო და სავარჯიშო, აღდგენითი საშუალებები, ბავშვთა რაგბის ხელშეწყობა და მატერიალურთან ერთად მორალური თანადგომა - ეს ის აუცილებელი კომპონენტებია, რომლის მოგვარების შემთხვევაში ქართული რაგბი მწვერვალებს უნდა შესწვდეს. დანარჩენს ეს გულანთებული ბიჭები მწვანე მინდორზე თავად გააკეთებენ, მათთვის ხომ ეროვნული ღირსება - უპირობოდაც უმთავრესია!
საქართველო გამარჯვებას ზეიმობს=ae=
