|
სიყვარულის სიმფონია
აფუსფუსებულა დედა ბუნება. დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებდნენ. ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღები უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს
ტყის შუაგულში პატარა ტაფობია, ისეთი გაცისკროვნებული და გადაჭრელებული ნაირფერი ყვავილებით,რომ უდაბნოს ოაზისი გეგონებათ. მზეს, ჩვენი პლანეტის ამ კეთილ მანათობელს, ისე გაუთბია მდელო,რომ რაც კი ყვავილი არსებობს, მინდვრისა თუ ბაღისა, ყველას აქ მოუყრიათ თავი. აბა იმათი მორთულობა ხომ ერთ სანახაობად ღირს. ფერად-ფერად კაბებში გამოწყობილი ღიღილოები, გვირილები, ვარდები, ყაყაჩოები, ვარდკაჭაჭები ერთმანეთს ეცილებიან სილამაზეში,ხოლო იმათ ჩრდილს მოფარებული იები, ნაზად აფახულებენ ლურჯ-ლურჯ თვალებს და ენძელებს სიყვარულზე ეჩურჩულებიან.სადაც ამდენი ყვავილია, რა თქმა უნდა იქ ფუტკარს და პეპელას რა გამოლევს? გამწარებული ფუტკრები, ყვავილებს მკერდში უძვრებიან, თითქოს და რძესო, ნექტარს წოვენ და ყურთან უბზუიან: რა ტკბილი ხარ გოგოოოოოო, შენნაირი ტკბილი არცერთი არ არის, ატყუებენ თითოეულ მათგანს. პეპლები კი, თავაზიანი ჯელტმენებივით თავს დაჰფარფატებენ ფუტკრისგან აცრემლებულ ყვავილებს და საკინძეს უსწორებენ, ნაზი ფრთებით ეალერსებიან, სიყვარულის ბალადას უამბობენ ვარდისა და ბულბულის შესახებ. დღეს მაინც განსაკუთრებული დღე აქვთ. ყვავილები ზეიმობენ ქორწილს ყოჩივარდაანთ მზეჭაბუკასა და ყაყაჩოაანთ მზექალასი.მუხის ფოთლებზე დაწერილი, ლამაზად გაფორმებული ქორწილის მოსაწვევები გუშინ დაარიგეს კალიებმა.მზარეულ ბაბუაწვერებს თეთრ- თეთრი ქუდები ლამაზად მოურგიათ და გაწამაწიაში არიან.სამზადისიც დამთავრდა, სტუმრებიც უკვე შეიკრიბა,არ სჩანდა მხოლოდ ეკალი.ყვავილებმა არ მოიწვიეს, იუკადრისეს,იკბინებაო, ეგ რა ყვავილიაო, მაგრამ მთავარი მიზეზი ეკლის არდაპატიჟებისა მაინც სხვა იყო. საბრალო ეკალს უიმედოდ შეყვარებოდა მზექალა და გაუნელებელ ცეცხლში იყო გახვეული. ეს ამბავი მზეჭაბუკას ყურამდეც მისულიყო. ამ არეულობაში და ხალხმრავლობაში ეკალი ჩუმად შემოპარულიყო, ნეფე-პატარძლის მაგიდის გვერდით ბალახებში შემალულიყო და იქედან ადევნებდა თვალ ყურს ქორწილს, თან ცრემლისგან იღვრებოდა. გაისმა საქორწილო მარში: დადადადადდააააააააააააააააააააააა. მეფე პატარძალიც მობრძანდება. მათ ნახვას არაფერი სჯობს. ლამაზად თმებდავარცხნილი მზეჭაბუკა და წითელ კაბაში მორთული მზექალა წარუდგნენ საზოგადოებას.ორთავეს, მინდვრის ყვავილებით მოწნული გვირგვინები ეკეთათ თავზე.მინდვრის ყვავილებითვე მოწნულ ცისარტყელაც ფორმის მაგიდასთან დასხდნენ ახლად შეუღლებულნი. დედოფალს სიმორცხვით ლოყები ალეწვოდა, ხოლო სიყვარულით დამწვარი მზეჭაბუკა სიოს უშვერდა გულმკერდს, გასაგრილებლად. დროდა დრო ნაზად გადაიხრებოდა მისი ტურფასკენ და კიდევ ერთხელ შეახსენებდა სიყვარულზე, რაზედაც მზექალას ღაწვებს კიდევ უფრო ემატებოდათ სიწითლე. თამადამ ნეფე- პატარძლის სადღეგრძელო უზარმაზარი ყანწით ბოლომდე დაცალა. მერიქიფე სამყურებმა სასმისების შევსება დაიწყეს.
ყველა ახლად შეუღლებულებს შეჰხაროდა, მთელი ტყე ზეიმობდა ყვავილთა ქორწილს. ტყეში სიყვარულის სიმფონია ჟღერდა, ჟღერდა კი არა გუგუნებდა.
თიკო ნახე! ნახე რა ყვავილებია ამ ტაფობზეეეეეე. ეხლავე საუკეთესო თაიგულს დაგიკრეფ.რომელი ყვავილი გიყვარს ჩემო სიცოცხლევ?- გაისმა ადამიანის ხმა. მექორწილეებმა ხმა გაკმიდეს და გაინაბნენ. სოსო ყაყაჩოებს არაფერი მირჩევნია,იყო თიკოს პასუხი. ეხლავე ძვირფასო! ყაყაჩოებს დაგიკრეფ!
მექორწილეები გარინდებული უსმენდნენ შეყვარებული ადამიანების დიალოგს და შიშით აფუსფუსდნენ. მე მომკრიფე, არა მე მომკრიფე, არა მე მომკრიფე, ეხვეწებოდნენ ვაჟს და თითქოს ნიავმა დაუბერაო მთელი ტანით იდრიკებოდნენ მზექალას მხარეზე რომ დაემალათ პატარძალი. ვაჟმა უცებ შენიშნა ყაყაჩო და მისკენ გაეშურა. მზეჭაბუკს სისხლი გაეყინა ძარღვებში.მთელი ტანით გადაიხარა და მზექალას მოეხვია, სადაც შენ იქ მეცაო უჩურჩულებდა ყურში შიშისაგან აცახცახებულ შეყვარებულს. თიკო ნახე, ყოჩივარდ და ყაყაჩო როგორ ჩახვევიან ერთმანეთს?- რა ლამაზები არიან!- ეხლავე ორთავეს მოგიკრეფ. არაააააააააააააა, გუგუნებდნენ სრუმრები. არაააააააააააააააააააააა! მძიმედ ამოიხვნეშა და ცრემლიანი თვალები მოიწმინდა ეკალმა. სასიკვდილოდ არ მემეტებიან, იყვნენ ბედნიერნი. სოსომ ხელი გაიშვირა ყვავილების მოსაკრეფად მაგრამ გამწარებულმა შეჰყვირა და უკან გაბრუნდა. წავიდა? რა მოხდა? ჯერ ჩურჩულებდნენ სტუმრები, ხოლო ცოტა ხანში კი ყველას დაავიწყდა ეს საშიშროება და ისევ აჟრიამულდნენ. ყვავილთა ქორწილს ზეიმობდა მთელი ტყე.ისევ ჰქუხდა სიყვარულის სიმფონია. გაკვირტული ტირიფების ტოტებზე შემომსხდარი ბეღურები საამურად ჟღურტულებდნენ,ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლებოდა. მღვრიე ტალღები უზარმაზარ ლოდებს მიაგორებდა და მათი ხმაური ლიტავრების ხმასავით ერწყმოდა სიყვარულის სიმფონიას. ცრემლებით თვალებდანამულ ჭინჭრის გარდა არავის შეუმჩნევია მზექალას ფერხთით ბალახებში შემალული თავწატეხილი ეკალი.
|