|
წიგნი ტარიელისა ინდოეთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
463 წიგნი დავწერე: „მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხლთეს, თუცა მათ ეცა ზიანად; ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად, და მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან –ტყვიანად“.
464 „რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, და მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.
465 „ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია, და ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.
466 „ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა; და მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.
467 „ მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით, და დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით“.
468 „რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე, და ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე.
469 „მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: და „შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?“
470 „მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა“. რამაზს უბრძანებს: «იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა, და მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა“.
471 „ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლა ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია. მერემე ყველანი დამოსა იგი და მისი ხასია, და შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.
472 „ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა; მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერმან შემანანა. თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!“ და წავიდა და ყველა კაი მისი თანა წაიტანა.
473 „მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია, ებრძანა: «შენგან გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, და არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია“.
474 „შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, მშვენებითა მსგავსი მზისა; და გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!
475 „იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: «ომით მოსრული ტარეილ საჭვრეტად სასურველია, მან განანათლოს ჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია: და რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.
476 «აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული; რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული, და გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული“.
477 „მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა; და აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.
478 „ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, და ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, -- მათრლად არს, არ კატაბანი.
479 „რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა, და შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.
480 „მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, და მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
481 „ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება; და მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება“.
482 „ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა. პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა. მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა“. და თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
483 „შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა; ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა, და არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა.
484 „მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა. არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, და რა უამია პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა?!
485 „დააგდეს მღერა მუტრიფთა, «სულეთო!“ თავი ხარიან, მიბრძანეს: «შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან; ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან, და მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!
486 „აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით,---ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, და თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან“.
487 „მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყვანი ვეც და დავლოცე დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი, და რა გასცნეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი.
488 „კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, და ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
489 „ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. და მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა“.
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა
490 მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია; და მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია.
491 “მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის ცემისად; ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, და ვჰკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?
492 “მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არ სათნებია, დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, და აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.
493 “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა, და არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.
494 “ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა; და შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!
495 “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო, და რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.
496 “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს; რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს, და ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.
ტარიელის ტირილი და დაბნედა
497 აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქვა: „მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!“ იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, და პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.
498 ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა; და კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.
499 ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია , ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; და თქვა: „ცოცხალვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლნი ხვრიტნა“.
500 ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, და დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.
501 ავთანდილს უთხრა: „ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, და მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!
502 „ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, და იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა“.
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად
503 მივუწერე: „მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი; ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი, და სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?
504 „მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, და რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე!?
505 „განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე, და სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!“
506 „ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა; მაგრა შევჰკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა, და ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა“.
რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
507 დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა; ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, და რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.
508 „მიბრძანეს თუ: „ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, დაცაგვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, და ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამათზედან წაგვითვლია.
509 „აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, და არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ“.
510 „ვთქვი: „თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, და სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების“.
511 „დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: „ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქმნელია!“ მეფემან ბრძანა: „ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, და თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ რომელია“.
512 „რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, და ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი –და-მო კრთებოდა.
513 „დედოფალმან თქვა: „ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი?“ შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რათგან თვით იყო მნდომელი! და მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.
514 „გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას შინა შვილისა მთხოელი; შესთვალეს: „გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი, და თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი“.
515 „კაცი მოვიდ;, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: „მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა, და თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!“
516 „კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დაჰვედრეს თუ: „ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად“. მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად, და გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად“. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
517 მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მომართვა, ეწერა: „ვინ სჩან ალვისა ტანისად, და ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად“.
518 „შევჯე, წავე, ბაღჩას მივე, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით; ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, და დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.
519 „იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა. ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, და ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.
520 „ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა, და გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.
521 „იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი; მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, და ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.
522 „ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული, და მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.
523 „მიბრძანა: „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა; მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენამცა ცისა!“ და ვჰკადრე: „რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?“
524 „ვთქვი: „პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?“ კვლაცა მითხრა: „რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა? და დიცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა!
525 „შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, და ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება!
526 „გახსოვს, ოდეს „ჰაი“ ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუესა ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს, და რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!
527 „ამას ვჰბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვჰლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთახარ მოსაცეთსა, და აზრნი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა!
528 „ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო; თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“ და ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქნა, აჰ-ყო.
529 თქვა: „რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად. აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალვარ, რად ვარ რეტად? და ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!
530 „შევჰხედე, ვნახე სასთუმალს მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე, ავდეგ, მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვჰკადრე თუ: „მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე, და რათგან არ მომკალ, პასუხი ერთიღა გკადრო მე ბარე.
531 „რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია“; თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია; და მან მიბრძანა: „რაცა იცი, თქვიო“, თავი დამიქნია.
532 „კვლაცა ვჰკადრე: „მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?! და მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!
533 „ მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; და თავსა ვუთხარ, მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.
534 „მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა, არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა! ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა, და ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა!
535 „ვთქვი: „ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო“; თავსა ვუთხარ: „ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო! მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, და ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!“
536 „ სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. და მიბრძანა თუ: „ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!
537 „არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა, და მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“.
538 „მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული; ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული; ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ ღირსებული; და მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი, ამითა გზებული.
539 „მიბრძანა თუ: „გონიერი, ხამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, და შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს.
540 „კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, და ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“.
541 „მე ვჰკადრე: „ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა; რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა; უჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: და ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა არ-სახმარობა“.
542 „მიბრძანა თუ: „ხამს დიაცი დიაცურად, საქმე დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს, სიძე მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად, და ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
543 „ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო“ მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, და სისხლი კაცისა უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!
544 „იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა; ჰკადრე თუ: „სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, და არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!“
545 „ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა, და ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა“.
546 „ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა, და მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შემოჭდომა, შემოხვევა.
547 „ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯერ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, და მერმე წასვლა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი“.
ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
549 მოვიდა კაცი: „სასიძო მოვაო“ , მოსვლა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, და მიბრძანა, ახლოს მიმისვა, „მოდიო“ , თავი დახარა.
550 „მიბრძანა: „ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია; კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, და უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია“ .
551 „მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; და მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
552 „ მეფემან ბრძანა: „მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია, და შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახვისად ყმანია“ .
553 „მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე ჰგვანდა არ აღვსებისა, შეიქმნა გასვლა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, და დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად დას-დასებისა.
554 „მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა; შინა წამოვე მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: და „ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა“ .
555 „ცხენისაგან არ გარდავჰხე, წავე ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: „ცრემლსა რასა ჰმილდი?“ მითხრა: „შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი, და გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავვაქილდი!“
556 „შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შეჭრმით მჯდომარე; მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: „რასა სდგა, დღე გიჩანს წინ საომარე; და ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?“
557 „ მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუ ვჰყივლე: „აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!“ და შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.
558 „ასსა ვუბრძანე მონასა: „საომრად დაემზადენით“ . შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შევე, სასიძო ვითა წვა, ზარმც-ა თქმად ენით, და უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით.
559 „კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე, და ცხენსა შევჯდე, წამოცავე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
560 „ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი. წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, და მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი.
561 „კაცი გავგზავნენ, ვაცნობე ყოველგან ლაშქარსა ყველასა: „აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა“ . არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, და ჩემი რა ცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა.
562 „ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად; ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ: „ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, და ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?
563 „ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, და დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!“
564 „მე შევუთვალე: „მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა, მაგრა თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა, და მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.
565 „იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა–საჯდომია! ერთი და მე ვარ მემკვიდრე; ყველაი თქვენ მოგხდომია, ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; და სამარლით ტახტი უჩემოლ არავის მისახდომია!
566 „ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ–მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? და სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?!
567 „შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე, ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, და სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე“ .
ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯნის დაკარგვისა
567 ესე კაცნი გამეგზავვნეს, გონებასა გავეშმაგე. რომმე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვავგე, და მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.
568 „გამოჩენდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე, და აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე.
569 „იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით ვუხმე: „რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?“ მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა; და მითხრა: „ღმერთმა სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა!“
570 „ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: „რაშიგან ვართ? თქვი მართალი!“ კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი, დიდხანს სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, და მკერდსა წითლად უღებავდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.
571 „მერმე მითხრა: „მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე! მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, და დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე“.
572 „მიამბო: „ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივრადა, შენ დაგიზახნა: „მიხმეთო“, ხმა-მაღლა გახმამყივრადა, და მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.
573 „ჰკადრეს: აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან. მეფე ბრძანებს: „ვიცი, ვიცი; მეტად კარგად შემიგნიან; მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, და რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.
574 „აწ თავმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა; მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა; მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? და თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო, მისად პატიჟად მზად ეს-ა“.
575 „მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის; ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, და მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.
576 „დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: „თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან“; მან ეგრე თქვა: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან, და ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან“.
577 „პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს; შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს. დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს; და „ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს!
578 „როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე, ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე! და აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!“
579 „ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა; მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, და ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა
580 „რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, და მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.
581 „მან უთხრა: „წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; წმინდისა წყალი ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია“, მათ გაეხარნეს, ხმა მაღლად იყივლეს: „იპი, იპია“. და ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.
582 „ზღვათაკე გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა“. და დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.
583 „რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!“ და საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.
584 „ მე ვუთხარ: „დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი რალია?
|