|
საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება! თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე,თეთრი,მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი.თვალებჩანისლული და თავდავიწყებაში მთვლემარე.ნელა,ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვადისფერი პაწია თითი შვილის-შვილისა,უცაცუნებს ბებოას სახეზე.თვალწინ მიდგებიან: საათები,საათები,ეკლესიის გუმბათებზე,საათები დიდი ქალაქის მოედნებზე,საათები,ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან,როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები! ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა! ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში,მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ.რეკავენ,თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც,დიდი ქალაქის ბნელ ქუცებში. დარეკავს ერთხელ,ორჯერ,სამჯერ...აჟღარუნდება მორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელლი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს,სანდლები ფეხზე წამოიცვეს,ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვლელად. საათები ბინის კედლებზე,საათები მოედნებზე,საათები რკინიგზის სადგურებზე,საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭისკრებზე,რეკავენ,რეკავენ,ზარითა და ზათქით,მიასვენებენ მზე გადასულ დროს;რომელიც ყველაფერს გავრთმევს,ყველაფერს თან წაიღებს,რაც აქამდის გვიგრძვნია,ყველაფერს,რაც გვყვარებია და შეგვძულებია.ჩვენს დიდი სიყვარულსა და ჩვენს ნუგეშს,ჩვენს დიდ სიხარულსა და პატარა ბედნიერებას,ჩვენს დარდსა და ჩვენს გულის ჭირს,ჩვენს ღიმილსა და ჩვენს ცრემლებს.ყველაფერს,ყველაფერს თან წაიღებენ საათები,საათები ჩვენი ბინის კედლებზე,საათები ქალაქის მოედნებზე,საათები სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრებზე...
კონსტანტინე გამსახურდია
|